როგორ შევარჩიოთ საუთოო მაგიდა
გააზიარე:
სწორად შერჩეული საუთოო მაგიდა შრომას შეგიმსუბუქებთ და დროს დაგიზოგავთ. სტატიაში თავი მოვუყარეთ ინფორმაციას, რომელიც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.
საუთოო მაგიდები სხვადასხვა სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. ზოგიერთს დამატებითი ფუნქციებიც აქვს.
სიგრძე, სიგანე, სიმაღლე
საუთოო მაგიდის გადაადგილება, გაშლა და აკეცვა, სავარაუდოდ, თვითონვე მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, მისი გაბარიტები სწორად გათვალოთ.
უპირველეს ყოვლისა, გაზომეთ საუთოო მაგიდა დაკეცილი და გაარკვიეთ, დაეტევა თუ არა იქ, სადაც მის შენახვას აპირებთ.
მაგიდის სტანდარტულ სიგრძედ 130-150 სმ ითვლება, სიგანედ – 35-40 სმ. ფართო სამუშაო ზედაპირი, რა თქმა უნდა, მოხერხებულია ფარდების, სუფრების, თეთრეულის უთოობისას, მაგრამ დიდი მაგიდა ძნელი გადასატანია და სათავსოშიც დიდ ადგილს იკავებს.
მტკიცე და მოქნილი კონსტრუქცია
ბევრი დიასახლისი მსუბუქ კონსტრუქციას ირჩევს, რომ ადვილად დაძრას, მაგრამ გაითვალისწინეთ: საუთოო მაგიდა, პირველ რიგში, მყარი და გამძლე უნდა იყოს.
ხის კარკასი არაპრაქტიკულია, რადგან მძიმეა. გარდა ამისა, ხის მაგიდის სამუშაო ზედაპირი არამდგრადია ორთქლისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ – დეფორმირდება და დროთა განმავლობაში იშლება.
რკინის კარკასი უფრო გამძლეა, თუმცა უფრო მძიმეც. თუ მაინც რკინისკარკასიანი მაგიდის შეძენას დააპირებთ, გირჩევთ, უჟანგავი ან მოქრომული ლითონისა შეარჩიოთ და არა შეღებილი ან მოჭიქული (მომინანქრებული) – ასეთი ზედაპირი შეიძლება გაიკაწროს, ამოტყდეს და საუთოო მაგიდამ პეწი დაკარგოს, თუმცა კარკასი დიდხანს არ გამოვა მწყობრიდან.
მყარად რომ იდგას იატაკზე, გაშლილი მაგიდის ფეხებს შორის მანძილი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე მისი სამუშაო ზედაპირის სიგანე.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხებს იატაკის დასაცავად რეზინის ან სხვა რბილი მასალის დაბოლოებები ჰქონდეს.
მაგიდის სიმაღლე იოლად უნდა რეგულირდებოდეს, რადგან შესაძლოა, ფეხზე დგომით დაიღალოთ და სკამზე მოინდომოთ ჩამოჯდომა. ამასთან, სიმაღლე საიმედოდ უნდა ფიქსირდებოდეს.
სიმაღლის საფიქსაციო “მცურავი” მექანიზმი ზოგჯერ მწყობრიდან გამოდის. მცურავ მექანიზმს, როგორც წესი, კბილანებიანი შიგნითა ფენა აქვს, რომელიც შეიძლება მოცვდეს ან გატყდეს, თუმცა თუ მაგიდა ხარისხიანია, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება.
საფეხურიანი მექანიზმი უფრო საიმედოა. მისი ნაკლი ის გახლავთ, რომ მაგიდა მხოლოდ განსაზღვრულ სიმაღლეზე იშლება, ამიტომ შეძენამდე აუცილებლად გაშალეთ და შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა მისი სიმაღლე თქვენსას.
სანდო მექანიზმი
ყურადღება მიაქციეთ, რა მექანიზმია გამოყენებული კარკასზე დეტალების მისამაგრებლად. ფართოთავიანი ლითონის ღეროები, მოქლონები, დროთა განმავლობაში ცვდება და მაგიდა სიმყარეს კარგავს, ჭრიალებს და დროდადრო შეზეთვაც კი სჭირდება.
ჭანჭიკებით დაკავშირებული დეტალებიც შეიძლება მოირყეს, თუმცა მათი მოჭერა შესაძლებელია.
თანამედროვე მოდელების დეტალები უმეტესად შედუღებულია. ასე შეკრული მექანიზმი მყარი და გამძლეა.
სამუშაო ზედაპირი
ზედაპირი შეიძლება იყოს ხის, ლითონის, ბადისებრი ლითონის, თერმოპლასტიკური მასალის.
ხის ზედაპირი, როგორც უკვე გითხარით, ნესტის მიმართ არამდგრადია.
რკინის ზედაპირი წარმოადგენს ნასვრეტებიანი ლითონის თხელ ფენას, რომელიც მაღალ ტემპერატურასაც კარგად უძლებს და არც ადვილად დეფორმირდება. ასეთი მაგიდა წლობით მოგემსახურებათ.
რკინის ბადისებრ ზედაპირს ვენტილაციის კარგი შესაძლებლობა აქვს და ოდნავ დრეკადია, რაც უთოობისას დამატებით კომფორტს ქმნის.
თერმოპლასტი ლითონთან შედარებით მსუბუქიცაა და საკმაოდ გამძლეც, თუმცა მისი ფასი თითქმის ორჯერ აღემატება ჩვეულებრივი ლითონისზედაპირიანი მაგიდის ფასს.
მაგიდის ზედაპირს სირბილისთვის ღრუბლით ფარავენ. შედარებით ძვირიან მოდელებში მის ნაცვლად შესაძლოა ნესტგამძლე სინტეპონი იყოს გამოყენებული.
ყურადღება მიაქციეთ ქსოვილს, რომელიც რბილ ფენაზეა გადაკრული. ბამბა საუთოო მაგიდის არც ისე მაღალ ხარისხზე მეტყველებს. სამუშაო ზედაპირისთვის არც ტილოა სასურველი – ნაზი სტრუქტურის პერანგებისა და ბლუზების გაუთოება გაგიჭირდებათ. სასურველია, სამუშაო ზედაპირზე გადაკრული იყოს ოდნავ რბილი, ნესტგამძლე, სინთეტიკური, ტემპერატურის მიმართ მაღალი მდგრადობით გამორჩეული ქსოვილი – ეს საქმეს ერთიორად გაგიადვილებთ.
იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რამდენად მჭიდროდ ეკვრის ქსოვილი სამუშაო ზედაპირს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მაგიდის ზედაპირზე გადასაკრავი ქსოვილი უნდა იხსნებოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი გარეცხვა შეძლოთ. სასურველია, მაგიდას სათადარიგო გადასაკრავიც მოჰყვეს.
დამატებითი დეტალები
უთო მყარად უნდა იდგას სადგარზე. სასურველია, ოდნავ დამრეცად, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უთოების უმრავლესობას ორთქლის გამოშვების ფუნქცია ერთვება. ცალკე სადგარი უთოს გადმოვარდნისა და დაზიანებისგან იცავს, ამასთან, სამუშაო ზედაპირს არ იკავებს და საუთოოდ მეტი ფართობი რჩება.
უთოს სადგარი, როგორც წესი, ლითონისგან მზადდება, თუმცა უახლეს მოდელებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ტეფლონისა და თერმოპლასტის ზედაპირებს.
Inox glissee უჟანგავი ფოლადია, რომელიც ხშირად გამოიყენება სადგარის მასალად. მას მაღალი წნევით ამუშავებენ, რაც გამძლეობასა და სიმტკიცეს მატებს, ამიტომ თითქმის არ იკაწრება და არ ტყდება.
Cera glissee ალუმინის მსუბუქი ფირფიტაა, რომელიც მყარი მინანქრით არის დაფარული, იოლად იწმინდება და მაღალ ტემპერატურაზეა გათვლილი, ამიტომ იდეალურად მიესადაგება უთოს ძირს.
ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა მაგიდას როზეტი უთოს შესაერთებლად.
გასათვალისწინებელია კაბელის სიგრძეც: გრძელი კაბელი საშუალებას მოგცემთ, დამაგრძელებლის გარეშე აუთოოთ და მაგიდა თქვენთვის სასურველ ადგილას დადგათ.
ზამბარიანი ბურთულით დამაგრებული ელექტროსადენი (Flexsogelenk) უთოობის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს: ასეთი სადენი ავტომატურად იკეცება, ამიტომ მუდმივად მოჭიმულია, შესაბამისად, უთოობაში ხელს არ შეგიშლით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეტალია პატარა დაფა, რომელიც სახელოების, მანჟეტების, შარვლის ტოტებისა და ტანსაცმლის სხვა ძნელად მისადგომი ნაწილების გასაუთოებლადაა საჭირო. სასურველია, ის უთოს სადგართან იყოს ახლოს. ზოგ მოდელს დაფა ეხსნება და საუთოო ზედაპირის ორივე მხარეს უმაგრდება. ასეთი მოდელი ძალიან მოხერხებულია ცაციებისთვის.
ზოგიერთ თანამედროვე მოდელს სანამავისთვის განკუთვნილი პატარა სადგამიც აქვს. შესაძლოა, ჰქონდეს თხელი ლითონის თაროც, რომელზეც დაუთოებულ, დაკეცილ ნივთებს დააწყობთ. ზოგი მოდელი ტანსაცმლის საკიდითაც კია აღჭურვილი. შესაძლოა, ის არცთუ ისე მნიშვნელოვან დეტალად მიიჩნიოთ, თუმცა გაუთოებული სამოსი გარდერობში მოთავსებამდე უნდა გაგრილდეს, რომ არ დაიჭმუჭნოს და არ დანესტიანდეს, ასე რომ, საუთოო მაგიდაზე საკიდი ზოგჯერ ძალიან მოხერხებულია.
აქვე უნდა ითქვას, რომ დამატებითი დეტალები, თუმცაღა უფრო მოხერხებულს ხდის უთოობის პროცესს, ამძიმებს კიდეც კონსტრუქციას და მოწყობილობის ფასსაც ერთიორად ზრდის, ამიტომ თავად გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის – დამატებითი ფუნქციები თუ სიმსუბუქე და კომპაქტურობა.
თამარ ციბალაშვილი