სქესობრივი ურთიერთობა მშობიარობის შემდეგ

გააზიარე:

ორსულობა და მშობიარობა ქალის ორგანიზმში უამრავ ცვლილებას იწვევს. უძილობა, გადაღლა და ჰორმონული ძვრები სქესობრივი ცხოვრების ხასიათზე უარყოფითად აისახება. რატომ იკლებს ფიზიკური ურთიერთობისადმი ინტერესი და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ მამუკა ნემსაძეს მივმართეთ.

– მშობიარობის შემდეგ, ჰორმონული ცვლილებების შედეგად, საშოს კედლის ქსოვილები თხელდება და უფრო მგრძნობიარე ხდება. საშო, საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი ნელ-ნელა უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. ლოგინობის ხანაში, ძუძუთი კვების პერიოდში, ლიბიდო (სქესობრივი ლტოლვა) ქვეითდება. მოკლედ, ქალის სხეულს მშობიარობის შემდეგ ფორმაში დასაბრუნებლად განსაზღვრული დრო სჭირდება.

სქესობრივი ურთიერთობის განახლებისთვის მკაცრად განსაზღვრული ვადები არ არსებობს. ექიმების რეკომენდაციით, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში სქესობრივი ცხოვრების აღდგენა სასურველია ბავშვის დაბადებიდან არა უმცირეს 6 კვირის შემდეგ. ფიზიკური კონდიციის აღდგენასთან ერთად ქალი ოჯახის ახალ წევრს, ძილის დეფიციტს და ცხოვრების წესის ცვლილებებსაც უნდა შეეგუოს.

ლოდინის პერიოდი ხანგრძლივდება, თუ მშობიარობისას მოხდა შორისის ჩახევა ან ჩატარდა მისი ჩაჭრა – ეპიზიოტომია.

სქესობრივი ცხოვრების ნაადრევმა აღდგენამ შესაძლოა სისხლდენა და საშვილოსნოს ინფექცია გამოიწვიოს.

– რა გავლენას ახდენს მშობიარობა სქესობრივ ცხოვრებაზე?

– მშობიარობის შემდეგ სქესობრივი შეგრძნებები  იცვლება. ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ქალების 83%-ს პირველი მშობიარობიდან სამი თვის განმავლობაშიც კი შეიძლება სექსუალური პრობლემები ჰქონდეს.

სქესობრივი ცხოვრების განახლებას ხელს უშლის:

* საშოს სიმშრალე;

* საშოს კედლების გათხელება;

* საშოს ქსოვილების ელასტიკურობის დაქვეითება;

* შორისის ჩახევა ან ეპიზიოტომია;

* სისხლდენა;

* ტკივილი;

* კუნთების მოდუნება;

* სისუსტე;

* საშოს ლორწოვანის გაღიზიანება;

* ლიბიდოს დაქვეითება.

ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციისა და ნორმალური სქესობრივი ცხოვრების აღგენის პროცესში. ბავშვის დაბადების შემდეგ, პირველსავე დღეებში, ესტროგენების (ქალის ძირითადი სასქესო ჰორმონების) დონე ორსულობამდელს უბრუნდება. ესტროგენები საშოს ლორწოვანის ბუნებრივ სისველეს უზრუნველყოფს, ხოლო მათი დონის დაქვეითება საშოს სიმშრალის მომატებას უწყობს ხელს. ქსოვილების სიმშრალე, თავის მხრივ, სქესობრივი აქტის დროს გაღიზიანებას, სიწითლეს, სისხლდენას და ინფექციას განაპირობებს.

ბუნებრივი მშობიარობა დროებით აფართოებს საშოს, მისი ტონუსისა და შეკუმშვის ძალის აღსადგენად კი დროა საჭირო. თუ მშობიარობის დროს მოხდა შორისის ჩახევა ან ჩატარდა ეპიზიოტომია, კუნთთა შეკუმშვის ძალის აღდგენა მეტ დროს მოითხოვს.

მცადრია მოსაზრება, თითქოს საკეისრო კვეთის შემდეგ საშოსმიერი შეგრძნებები არ სუსტდება. მშობიარობის შემდგომი ჰორმონული უკმარისობა იმავე გავლენას ახდენს საშოზე (სიმშრალე და ლორწოვანი გარსის გათხელება). ასე რომ, სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტი საკეისროგადატანილ ქალებსაც აქვთ. გასათვალისწინებელია ჭრილობაც, რომლის სრულყოფილად შეხორცებას დრო სჭირდება.

მშობიარობის გავლენა ლიბიდოზე

– ნაყოფის განვითარებაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გავლენს ახდენს ქალის სასქესო ჰორმონები – ესტროგენები და პროგესტერონი. აღმოჩნდა, რომ სქესობრივ მოტივაციაზე მათი ზემოქმედებაც შეუცვლელი ყოფილა. ორსულობის განმავლობაში ჰორმონების დონე ყოველდღიურად იმატებს, ხოლო მშობიარობის შემდეგ მკვეთრად იკლებს. ეს ნიშნავს, რომ პირველი რამდენიმე კვირა სქესობრივი ლტოლვა დაქვეითებულია, რათა ქალის ორგანიზმს აღდგენის საშუალება მიეცეს. ექიმის რჩევით, ამ პერიოდში ქალების უმეტესობა თავს იკავებს სქესობრივი ცხოვრების განახლებისგან.

ძუძუთი კვება უფრო მეტად აყოვნებს ლიბიდოს აღდგენის პროცესს, რადგან ამ დროს სისხლში ესტროგენების დონე დაბალი რჩება. ჰორმონის დამატებით, მედიკამენტის სახით მიღება უარყოფით გავლენას ახდენს რძის გამომუშავებაზე. დაუბრუნდება თუ არა ჰორმონები ნორმას ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ, ლიბიდოს აღდგენაც დაიწყება.

მომდევნო ორსულობა

– საშიშია თუ არა დაორსულება მშობიარობის შემდგომ პირველსავე წელს?

– მოკლე ხანში ხელმეორედ დაორსულება ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის ანომალიების განვითარების რისკს. სასურველია, ორსულობათა შორის გონივრული ინტერვალი დავიცვათ. ავტორიტეტული სამეანო-გინეკოლოგიური ასოციაციების მიერ რეკომენდებული ოპტიმალური შუალედი 12 თვეა, თუმცა ზოგი 18-თვიან ინტერვალსაც გვთავაზობს.

რა თქმა უნდა, ქალის პირადი ექიმი, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაცილებით სწორ და პაციენტზე უფრო მეტად მორგებულ რეკომენდაციებს გასცემს.

თუ ქალი ძუძუს არ აწოვებს ჩვილს, პირველი ოვულაცია (საკვერცხიდან მწიფე კვერცხუჯრედის გადმოსვლა) შესაძლოა 6 კვირაში ან უფრო ადრეც კი მოხდეს. თუ ახალშობილი ძუძუთი კვებაზეა, პირველი 6 თვის განმავლობაში დედის ჰორმონული გარემო მოქმედებს როგორც ბუნებრივი კონტრაცეპტივი. მისი ეფექტიანობა თითქმის 98%-ია, თუ:

  • მშობიარობის შემდეგ 6 თვეზე ნაკლებია გასული;
  • ქალი ჯერ კიდევ აგრძელებს ბავშვის ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას;
  • მენსტრუალური ციკლი ჯერ არ აღდგენილა.

თუმცაღა ოთხიდან მხოლოდ ერთი ქალი იყენებს ლაქტაციური ამენორეის მეთოდს ზედმიწევნით სწორად. უზუსტობები ზრდის დაორსულების შანსს, ამიტომ, თუ წყვილი ჯერ არ გეგმავს მომდევნო ორსულობას, სასურველია, სქესობრივი ურთიერთობის განახლების წინ კომფორტული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება შეირჩეს.

ყველაზე მისაღებად მიიჩნევა ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივები (მაგალითად, კონდომები). ასევე მისაღებია იმპლანტების ან საშვილოსნოშიდა საშუალებების (ე.წ. სპირალის) გამოყენება, თუმცა ჰორმონული ტიპის კონტრაცეპტივები ლაქტაციაზეც მოქმედებს. გასათვალისწინებელია თრომბწარმოქმნის საშიშროებაც. ნებისმიერ შემთხვევაში, კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევაში ექიმი უნდა ჩაერთოს.

ანორგაზმია

– რა არის ანორგაზმია?

– ანორგაზმია, დაუკმაყოფილებლობის განცდა, ორგაზმის ინტენსივობისა და სიხშირის მნიშვნელოვანი დაქვეითებაა, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში.

ორგაზმი რთული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესია, ამიტომ ანორგაზმიას, როგორც წესი, მხოლოდ ერთი მიზეზი არ აქვს, უმეტესად გარემოებათა ერთობლიობით არის გამოწვეული. ორგაზმის სიხშირისა და ინტენსივობის დაქვეითების, ასევე სქესობრივი სიახლოვის სურვილის დაკარგვის ძირითად მიზეზად მიიჩნევა სტრესი.

ანორგაზმიის სხვა მიზეზებია:

* ქრონიკული დაავადება, მაგალითად, დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება;

* გინეკოლოგიური ოპერაცია;

* ფსიქოლოგიური პრობლემები: შფოთვა, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა, სხეულის ფორმებთან დაკავშირებული კომპლექსი, გადატანილი ტრავმით ან ძალადობით განპირობებული შიშები;

* ურთიერთობის პრობლემები – გადაუჭრელი კონფლიქტები, პარტნიორისადმი ნდობის დაკარგვა, ღალატი – შეუძლებელს ხდის სქესობრივ სიასხლოვეს და სიამოვნების განცდას. კომუნიკაციის დეფიციტი, რაც ხელს უშლის პარტნიორების მიერ სქესობრივი მოთხოვნილებების ურთიერთგანხილვას, ასევე შეიძლება ანორგაზმიის მიზეზად იქცეს;

* ალკოჰოლის, თამბაქოს, არალეგალური პრეპარატების მოხმარება – ეს ნივთიერებები გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევაზე;

* ზოგიერთი მედიკამენტი – არსებობს წამლები, რომელთა გვერდითი მოქმედება ლიბიდოს დაქვეითებაა. ასეთი პრეპარატებით მკუირნალობას გავლენას ახდენს ორგაზმზეც. ასეთებია დეპრესიის სამკურნალო, ფსიქოტროპული, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები;

* ასაკი – პრემენოპაუზა და მენმოპაუზა, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ესტროგენების დონეზე, შესაბამისად, ამ პერიოდში სქესობრივი შეგრძნებებიც ნელ-ნელა სუსტდება.

რამდენიმე რჩევა

– მშობიარობის შემდეგ საშოდან სისხლიანი გამონადენის ალაგებისას ქალის ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის მზად, იმავე ინტენსივობით განაახლოს სქესობრივი ცხოვრება, როგორიც ორსულობამდე ჰქონდა. ამიტომ იმოქმედეთ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. დაიწყეთ სიახლოვისთვის განკუთვნილი ინტიმური აქტივობებით, მაგალითად, მასაჟი.

* მეტი დრო დაუთმეთ ეროტიკულ ალერსს. ამ დროს საშოში ბუნებრივი ლუბრიკანტი გამომუშავდება.

* გამოიყენეთ ლუბრიკანტი. სანამ ჰორმონების პროდუქცია პირვანდელ დონეს დაუბრუნდება, დისკომფორტის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალზე დამზადებული ლუბრიკანტები. ზეთზე დამზადებულმა შესაძლოა კონდომი დააზიანოს და საშოს ლორწოვანიც გააღიზიანოს.

* შეასრულეთ კეგელის ვარჯიშები. ეს ვარჯიშები მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსის აღსადგენად არის განკუთვნილი. კარგია მშობიარობის შემდგომი შარდის შუკავებლობის კორექციისთვისაც. მენჯის ფსკერის კუნთების გამაგრება საშოსმიერ შეგრძნებებსაც აუმჯობესებს.

* გამონახეთ დრო ინტიმური სიახლოვისთვის. როდესაც სახლში ახალშობილია, წყვილს აღარ აქვს სპონტანური ქცევის საშუალება. ერთი მხრივ, ინტიმური სიახლოვე საქმიანი შეხვედრა არ არის, მისი დაგეგმვა ძნელია. მეორე მხრივ, სწორად შედგენილი გრაფიკის პირობებში ნაკლებად გაღიზიანდებით და მეტად იქნებით მომზადებული სიახლოვისათვის.

* ესაუბრეთ ერთმანეთს თქვენს შეგრძნებებსა და სურვილებზე. მშობიარობის შემდეგ სექსი განსხვავებულია, რაც ამაღელვებელიცაა და სახალისოც, მაგრამ მხილიდ იმ პირობით, რომ გულახდილად ესაუბრებით პარტნიორს იმაზე, რა განიჭებთ სიამოვნებას ამჯერად და რა – არა. ეს დაგეხმარებათ, კვლავ დატკბეთ სქესობრივი სიახლოვით და დისკომფორტი თავიდან აირიდოთ.

თუ სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ ტკივილს გრძნობთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. მტკივნეული სექსი (დისპარეუნია) შესაძლოა რომელიმე პათოლოგიური მდგომარეობის გამოხატულება იყოს.

მარი მარღანია

გააზიარე: