როცა ბავშვს სახლი ენატრება

გააზიარე:

ჰომეროსის “ოდისეის” პირველ წიგნში გმირ ოდისევსს სამშობლოს მონატრება ტანჯავს. ათასობით წლის შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს, სახლის მონატრება, იგივე ნოსტალგია, ჯარისკაცების გარდაცვალების მიზეზიც კი გამხდარა.

ნოსტალგია ყოველთვის თან სდევს ადამიანს: საზაფხულო ბანაკში მყოფ პატარას ენატრება სახლი და ოჯახი, საზღვარგარეთ წასულ სტუდენტს – მშობლიური ქალაქი, თავისი ოთახი, მეგობრები... ნოსტალგიას განიცდიან ზრდასრული ადამიანებიც, რომლებსაც საკუთარი ნებით ან ცხოვრებისეული გარემოებების გამო სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში უწევთ ცხოვრება.
სახლის მონატრება XXI საუკუნეშიც აქტუალურია და ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მას ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიები. ამერიკის პედიატრთა აკადემიის დასკვნის თანახმად, მშობლებთან ყოველდღიური კონტაქტი კიდევ უფრო უმძაფრებს სახლიდან შორს მყოფ ბავშვს მონატრების გრძნობას. მშობლები ცდილობენ, სოციალური ქსელის მეშვეობით მუდამ კონტაქტზე იყვნენ შვილთან, რის გამოც ბავშვს უფრო მეტად უძნელდება ახალ გარემოსა და ხალხთან შეგუება.
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი აღნიშნავს, რომ კოლეჯში საკმაოდ ხშირად მიდიან ისეთი სტუდენტები, რომლებსაც მანამდე არასოდეს გაუტარებიათ დრო ოჯახისგან განცალკევებით. ასეთ სტუდენტებს განსაკუთრებით უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება და ყველაზე მძაფრად განიცდიან ოჯახთან განშორებას.
კრისტოფერ თერბერი ბავშვთა ფსიქოლოგია, რომელიც იკვლევს ნოსტალგიას კოლეჯებში, ბანაკებსა და სკოლა-პანსიონებში. თავის კვლევებზე დაყრდნობით მან გამოავლინა სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ბავშვებს მონატრების გრძნობას უმწვავებს. ესენია: ხასიათი, წარსული გამოცდილება და მშობლების დამოკიდებულება.

  • ხასიათი

ამ შემთხვევაში საქმე მარტივადაა, უბრალოდ, ერთი ტიპის ადამიანები ადვილად ეგუებიან სიახლეებს, მეორე ტიპისებს კი ამისთვის უფრო მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდებათ.

წარსული გამოცდილება
რაც უფრო მცირე ასაკიდან მივაჩვევთ ბავშვს, რომ ყველგან მშობელზე არ იყოს მიწებებული, მივაჩვევთ სხვა ადგილას, მაგალითად, ბებია-ბაბუის სახლში დარჩენას, მით უფრო გაუადვილდება მას მომავალში ბაღთან, სკოლასა თუ უნივერსიტეტთან ადაპტაცია, მით უმეტეს, თუ სახლიდან შორს მოუწია გამგზავრება.
თერბერი ამბობს, რომ სტუდენტები, რომლებიც არასოდეს მოშორებიან ოჯახს, უფრო მწვავედ განიცდიან განშორებას, ვიდრე ისინი, რომლებიც მიჩვეულნი არიან ახლობლების გარეშე ყოფნას.

  • მშობლების დამოკიდებულება

ნოსტალგიის ხელშემწყობი მესამე ფაქტორი, როგორც უკვე აღვნიშნე, მშობლების დამოკიდებულებაა, კერძოდ, მათი შფოთვა, რომელიც თან სდევს შვილთან განშორებას. რა თქმა უნდა, არც ერთი მშობელი ამას განზრახ არ აკეთებს, მაგრამ ისინი ხშირად ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი საქციელით ბავშვს ამბივალენტურ გრძნობებს უჩენენ, რაც მათ რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აგდებს.
წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: დედა ბანაკში გზავნის შვილს, გამოთხოვებისას მაგრად ეხუტება და ეუბნება: “აბა, შენ იცი, საყვარელო, კარგად გაერთე, მე კი არ ვიცი, რა მეშველება უშენოდ”. ემოციის ამ ფორმით გამოხატვით ის შფოთვას აღუძრავს შვილს. თერბერი გვირჩევს, ნაცვლად ამისა, ვუთხრათ ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს და გვინდა, საუკეთესო დრო გაატაროს ბანაკში, ხოლო როდესაც დაბრუნდება, ერთმანეთს მოუყვებით, ვინ უფრო საინტერესო საქმიანობით იყო დაკავებული ამ ხნის განმავლობაში. ასე ბავშვი აღარ იდარდებს იმაზე, რომ სანამ ის ბანაკში ერთობა, გულმოკლული დედა სახლში ზის და მისი მონატრებისგან ცრემლად იღვრება; პირიქით, ეცოდინება, რომ ზოგჯერ საყვარელი ადამიანები გარკვეული ხნით შორდებიან ერთმანეთს და ცალ-ცალკე ჩვეულ რიტმში აგრძელებენ ცხოვრებას, ხოლო შეხვედრისას საუკეთესო შთაბეჭდილებებს და ახალ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.

  • სიმპტომები

საზაფხულო ბანაკის მედპუნქტში მწერების მიერ დაკბენილ ბევრ პატარას შეხვდებით. ბევრს მუხლები აქვს გადატყავებული, სხვები კი მცენარეებს დაუსუსხავთ. მაგრამ, ამასთანავე, აქ ნახავთ ისეთ ბავშვებსაც, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ფიზიკური ტრავმა არ მიუღიათ, ცუდად არიან და ექიმის ყურადღებას ითხოვენ. ეს ნოსტალგიის ერთ-ერთი პირველი სიმპტომია.
შფოთვასთან ერთად ნოსტალგია შესაძლოა დეზორიენტაციით ან აგრესიითაც გამოიხატოს, ამიტომ აუცილებელია, ბავშვთან მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რათა ამ სიმპტომებს მიღმა მიმალული ნოსტალგია ამოიცნონ.

  • როგორ დავეხმაროთ

ფსიქოლოგების აზრით, მოკლე და საგანზე ორიენტირებული დიალოგი ამ დროს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე გრძელი, ჭკუისდამრიგებლური საუბარი. უპირველეს ყოვლისა, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც განიცდის, სავსებით ნორმალურია. შემდეგ, სასურველია, შევთავაზოთ შეგუების სტრატეგიები (სახლში წერილის მიწერა, ახალ აქტივობაში ჩართვა), რომლებიც ყურადღებას გადაატანინებს ან შვებას მოჰგვრის, ბოლოს კი აუცილებლად შევუთანხმდეთ, რომ ეცდება, აჰყვეს სხვა თანატოლებს და, სახლის მონატრების მიუხედავად, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში.

  • მშობლის როლი

აუცილებელია, განშორებამდე მშობელმა ბავშვს კარგად აუხსნას ნოსტალგიის არსი, მოამზადოს მისთვის. მაგალითად, დატოვეთ ბავშვი უქმეებზე ბებია-ბაბუასთან ან მეგობართან და ამ ხნის განმავლობაში ნუ იქნებით მასთან მუდმივ კონტაქტზე. ეს მას მოამზადებს მომავალში უფრო ხანგრძლივი განშორებისთვის და თავად მშობელიც უკეთ დაინახავს, მზად არის თუ არა მისი შვილი, ოჯახისგან მოშორებით იცხოვროს.


ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ყველაზე უარესი, რისი გაკეთებაც ამ დროს შეუძლია მშობელს, არის შეთანხმება ბავშვთან, რომ თუ ახალ ადგილას არ მოეწონა, დაუყოვნებლივ წამოიყვანს შინ.
კრისტოფერ თერბერი აღნიშნავს, რომ მშობლები ძალიან ხშირად უშვებენ ამ შეცდომას. ახალ ადგილას დარჩენისას ბავშვს, ბუნებრივია, უჩნდება კითხვა: “რომ არ მომეწონოს და მომენატროთ?” როდესაც გულაჩუყებული მშობელი ჰპირდება, რომ ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ წამოიყვანს ბანაკიდან თუ სხვა ადგილიდან, მისი სიტყვების ქვეტექსტს ბავშვი ასე შიფრავს: “მე საერთოდ არ მჯერა, რომ ახალ სიტუაციასთან შეგუებას და სახლის მონატრების ამ სავსებით ნორმალურ გრძნობასთან გამკლავებას შეძლებ”.


მსგავსი შეთანხმება მშობელს ორი არჩევანის წინაშე აყენებს, რომელთაგან ორივე განწირულია. თუ ბავშვს დაძახებისთანავე მიაკითხავთ და სახლში წამოიყვანთ, ის დაკარგავს პირველივე შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, სხვა თანატოლებთან ერთად გაუმკლავდეს ამ გრძნობას, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გაჩნდება მის ცხოვრებაში, ხოლო თუ არ მიაკითხავთ, სიტყვას გატეხთ, რაც მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა.


ფსიქოლოგები გვირჩევენ, ასეთ დროს ბავშვთან ერთად მოვიფიქროთ ნოსტალგიასთან გამკლავების ალტერნატიული გზები. მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, თავის თავში უნდა გადალახოს შვილთან განშორებით გამოწვეული სევდა და მღელვარება ისე, რომ ბავშვმა მსუბუქ მონატრებაზე მეტი ვერაფერი შეატყოს მას, მერე კი შვილსაც დაეხმაროს ამ გრძნობასთან გამკლავებაში.
საბოლოოდ, მშობლებმაც და ბავშვებმაც უნდა გავიაზროთ, რომ ცოტა ხნით ერთმანეთისგან განშორება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავს აუცილებლად ცუდად უნდა ვგრძნობდეთ. პირიქით, მონატრება, რომელსაც ამ დროს განვიცდით, უდიდესი დედაშვილური`მამაშვილური სიყვარულის გამოხატულებად უნდა მივიღოთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: