განმავითარებელი თამაშები

გააზიარე:

როდესაც პატარები იწყებენ ფერებისა და ფორმების ცნობას, ნახატების, სახეების გარჩევას, სიარულს, ისინი ხვდებიან სრულიად განსხვავებულ სამყაროში, რომელიც სავსეა ახალი გამოწვევებით. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანი უნარების წახალისება მშობლებს მრავალნაირი აქტივობით შეუძლიათ.

ბავშვის განვითარებაში “რატომ” კითხვის ეტაპის დადგომას მშობელი ნებისყოფით, სწორი პასუხებითა და საპასუხო კითხვებით შეიარაღებული უნდა შეხვდეს. სწორი კითხვები ცნობისმოყვარეობას სწორ მიმართულებას მისცემს.

წარმოსახვითი თამაში

წარმოსახვითი თამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. მისი მეშვეობით საკუთარ გონებაში არსებულ სამყაროს პატარა რეალურ სამყაროსთან აკავშირებს. იწყებს საგნების, სიმბოლოების და მათი გამოყენების სწორი გზების ძიებას და თანდათან ფანტაზიაზე დაყრდნობით ქმნის რაღაც ახალს.

გადმოალაგეთ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი, ქაღალდის ფურცლები, კუბები, სათამაშოები, ბალიშები, მუყაოს ყუთები... სთხოვეთ ბავშვს, აღგიწეროთ ეს საგნები, დაასახელოს, რით განსხვავდებიან და რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს.

დახარისხება და კატეგორიზაცია

მიეცით ბავშვს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ნივთები და სთხოვეთ, ფერის, ფორმისა და ზომის მიხედვით დაახარისხოს.

სარეცხის დახარისხების დროს დაიხმარეთ ბავშვი თეთრისა და ფერადის გადარჩევაში.

მიეცით პატარას ორი ყუთი და სთხოვეთ, ცხოველები ერთ ყუთში მოათავსოს, ხოლო კუბიკები – მეორეში.

მიეცით სხვადასხვა ზომის ფერადი ბურთულები და სთხოვეთ, დიდი ბურთულები ერთ ყუთში ჩაყაროს, ხოლო პატარები – მეორეში.

დახარისხება შესანიშნავი აქტივობაა, რომელიც აზროვნების განვითარებასთან ერთად კონცენტრაციისა და მეხსიერების გავარჯიშებასაც უწყობს ხელს.

კითხვების ყულაბა

შვილთან ყოველდღიური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარეა. არ დაიზაროთ მის კითხვებზე პასუხის გაცემა.

თუ თამაშის დროს ბავშვმა ფუმფულა სათამაშო ძაღლს პლედი გადააფარა, ჰკითხეთ: “რას აკეთებს ძაღლი? სცივა? ავად ხომ არ არის? ძაღლს უხარია, რომ გათბა?” ადროვეთ ფიქრი, ყურადღებით მოუსმინეთ მის პასუხებს. განავრცეთ თამაშის სცენარი მასთან ერთად, აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ და გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა. ეს თავდაჯერებას შემატებს და თავადაც ეცდება, საკუთარი ძალებით თავისთვის სასურველი მიმართულება მისცეს თამაშს.

ყოველდღიური რუტინის დროს დაუსვით ბავშვს კითხვები იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებსაც ასრულებს. ჰკითხეთ, რას ჭამს და სთხოვეთ, გამოხატოს ემოცია, რომელსაც ჰგვრის ეს საკვები. მაგალითად: “აწიე ცერი, თუ ბროკოლი მოგწონს”; “მოწყენილი სახე მიიღე, თუ უგემურია”. ამგვარად ბავშვი გაიაზრებს თავის ყოველ მოქმედებას ამა თუ იმ მომენტში და მიღებულ გამოცდილებას. ეს, თავის მხრივ, დაეხმარება მის ტვინს, რეგულარულად გადაამუშაოს მიღებული ინფორმაცია, შექმნას ასოციაციები და გამოიტანოს დასკვნები დაკვირვების საფუძველზე.

სწორი კვება თამაშით

სწორი კვება იმ ფაქტორთაგანია, რომლებიც საფუძვლად უდევს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ-ემოციურ განვითარებას. სწორი კვება თქვენი შვილის ყოველდღიური რუტინის ნაწილი უნდა იყოს. საკვები, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ფოსფოლიპიდები, ფოლიუმის მჟავა, AღA, DHA, რკინა, აუცილებლად უნდა შედიოდეს ბავშვის რაციონში.

შესთავაზეთ პატარას ხილი და ბოსტნეული ხალისიანი ინტონაციით, ღიმილით, ინტერესის აღმძვრელი რეპლიკით: “მმ... ვის უნდა ეს ლოყაწითელი ვაშლი?” ამგვარად ბავშვს დადებითი დამოკიდებულება გაუჩნდება საკვების მიმართ.

მიეცით არჩევანის საშუალებაც. მაგალითად, თუ გინდათ, ავოკადო გაასინჯოთ, შესთავაზეთ ერთი ნაჭერი ჩანგლით, მეორე – კოვზით. დაე, თვითონ გადაწყვიტოს, რომელი გამოგართვათ.

თანმიმდევრობა

ამ ტიპის თამაშები ბავშვს დავალების სწორად გაგებას და შესრულებას ასწავლის.

ამ თამაშისთვის რამდენიმე სათამაშო დაგჭირდებათ. მაგალითად, ფუმფულა კურდღელი, ფუმფულა სპილო, მანქანა, თოჯინა და ყვითელი კუბი. მიეცით ბავშვს ინსტრუქცია: “ააწყვე მატარებელი ყველა სათამაშოს გამოყენებით, მაგრამ პირველი დადე ბორბლებიანი სათამაშო, დიდყურებიანი სათამაშო მოათავსე მანქანის გვერდით, ბოლოს კი ყვითელი სათამაშო დადე”.

ზოგადი აქტივობები

ისეთი მარტივი ყოველდღიური აქტივობებიც კი, როგორიცაა ერთად სიმღერა, ცეკვა, ხატვა, კითხვა, ბავშვის განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.

ჩართეთ და მასთან ერთად იმღერეთ მისი საყვარელი მელოდიები. სთხოვეთ, შეძლებისდაგვარად აჰყვეს სიმღერის ტექსტს. ასე ვერბალური უნარებიც განუვითარდება და კარგადაც გაერთობით.

მუსიკას სხეულიც ააყოლეთ. იცეკვეთ, ირბინეთ. ბავშვი ენერგიასაც დახარჯავს და ფიზიკური განვითარების გზაზეც დიდ ნაბიჯს გადადგამთ.

ხატეთ ერთად. მიეცით ბავშვს პატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური უსაფრთხო პასტელები ან ფანქრები, სუფთა ფურცელი და გზა გაუკვალეთ მის წარმოსახვას. შეგიძლიათ სთხოვოთ, თქვენი დახატული გაიმეოროს – ეს დაკვირვების და კონცენტრაციის უნარს გაუვარჯიშებს.

მიეცით საშუალება, გაეცნოს გარემოს. ათამაშეთ ქვიშაში, ჩააცვით ბოტები, რომ ნაწვიმარ გუბეებში ხტუნაობით გული იჯეროს. ამგვარად ის ახალ ტექსტურებს, ახალ შეგრძნებებს გაეცნობა.

უკითხეთ ბევრი, ინტონაციით და მიმიკით განასახიერეთ სხვადასხვა პერსონაჟი. კითხვა ადამიანისთვის ნებისმიერ ასაკში ემოციური საზრდოა. წაუკითხეთ საყვარელი წიგნი იმდენჯერ,  რამდეჯერაც გთხოვთ, სანამ არ მობეზრდება. ნუ დაგავიწყდებათ, თავადაც რა ხშირად უსმენთ საყვარელ მელოდიას ან უყურებთ საყვარელ ფილმს. ნუ მოაკლებთ პატარას ამ სიამოვნებას.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: