სამაგიდო თამაშების მაგია

გააზიარე:

თუ ოჯახურ შეკრებაზე ბავშვთან ერთად სამაგიდო თამაშით თავის შექცევას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ ოჯახის წევრების დაახლოებასა და გართობასთან ერთად ბავშვებს კიდევ ერთ კარგ საქმეს უკეთებთ. სამაგიდო თამაშები მას აჩვევს წაგების უმტკივნეულოდ გადატანას, ასწავლის გუნდურ მუშაობას, უვითარებს მოთმინებისა და კონცენტრაციის უნარებს და მის გონებრივ განვითარებასაც უწყობს ხელს.

სამაგიდო თამაშები ბავშვს სიახლეების ათვისებაში ეხმარება

ყველაზე მარტივი სამაგიდო თამაშებიც კი, რომლებიც გულისხმობს ფერების ამოცნობას და დასახელებას, კამათელზე რიცხვების ამოკითხვას და დასახელებას და ა.შ., პატარას უამრავ სასარგებლო უნარს უვითარებს. ამასთან ერთად, როდესაც ბავშვი ელის საკუთარ რიგს, ის მოთმინებას და წესების დაცვას სწავლობს.

სამაგიდო თამაშები მოზრდილი ბავშვების გონებასაც ავარჯიშებს

შედარებით მოზრდილი ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის განკუთვნილი სამაგიდო თამაშები, განსაკუთრებით - სტრატეგიული, ძალიან კარგად ავარჯიშებს გონებას. ბავშვები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, დაგეგმვას, ორგანიზებას და ივითარებენ სტრესულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარს.

დღეს ბავშვები ადვილად ხდებიან გაჯეტებზე დამოკიდებულნი. შედეგად მათი გონება ზარმაცდება, ათასი უსარგებლო ინფორმაციის გაუანალიზებლად მიღებას ეჩვევა. სამაგიდო თამაშები კი გონებას ავარჯიშებს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

სამაგიდო თამაშები ხელს უწყობს ენობრივი უნარების განვითარებას

სასკოლო ასაკის ბავშვებს ხშირად უჭირთ აზრის ჩამოყალიბება და გამოთქმა. სამაგიდო თამაშები მათ ამ უნარის სახალისო ფორმით განმტკიცებაშიც ეხმარება. პერსონაჟების სახელებისა თუ ტოპონიმების დამახსოვრებისა და წარმოთქმისას ისინი მეხსიერებასაც ივარჯიშებენ და ლექსიკონსაც იმდიდრებენ, ამასთანავე, უცხო სიტყვების წარმოთქმის კომპლექსი ეხსნებათ და ამბის თანმიმდევრობით თხრობაც უადვილდებათ.

ბევრი სამაგიდო თამაშის დროს ბავშვებს უწევთ დამახსოვრება, რომელმა პერსონაჟმა როდის სად რა გააკეთა, ამ ყველაფრის თხრობა, საკუთარი აზრის გადმოცემა და პოზიციის დასაბუთება. ეს ყველაფერი ავითარებს მსჯელობისა და არგუმენტირების უნარებს და საკუთარი თავის რწმენასაც განამტკიცებს.

სამაგიდო თამაშები ავითარებს კონცენტრაციის უნარს

კონცენტრაცია ბავშვების ერთ-ერთი სუსტი წერტილია. მათ მალე ბეზრდებათ ერთი და იმავე საქმიანობით დიდხანს თავის შექცევა. სამაგიდო თამაშები ამ უნარის განვითარებაზეც დიდ გავლენას ახდენს. როცა თამაშში მთელი ოჯახია ჩართული, არავითარი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობს და ყველა ინტერესით ელის თამაშის დასრულებას და გამარჯვებულის გამოვლენას, ბავშვს კონცენტრაციის უნარი უვითარდება, სწავლობს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას და ამით სიამოვნების მიღებას.

ამიტომ ბავშვებთან ერთად სამაგიდო თამაშით თავის შექცევისას ეცადეთ, არ გადაერთოთ ტელეფონზე, არ ჩართოთ ტელევიზორი ფონად, თქვენს საოჯახო თუ სამსახურებრივ საქმეებზე არ ისაუბროთ, რადგან თუ ბავშვმა დაინახა, რომ უფროსებს ინტერესი გაუნელდათ და სათანადო ყურადღებით აღარ ეკიდებიან თამაშს, თვითონაც დაკარგავს ინტერესს და თამაშის ბოლომდე მიყვანას აღარ მოისურვებს.

სამაგიდო თამაშები ბავშვს გუნდური მუშაობის მნიშვნელობას აჩვენებს

სამაგიდო თამაშების დახმარებით ბავშვი სწავლობს, რომ წაგებაც ცხოვრების ისეთივე მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია, როგორიც მოგება და, იმავდროულად, ხედავს, გუნდური მუშაობით რამდენის მიღწევაა შესაძლებელი; სწავლობს, რომ თუ რაღაც მარტოს არ გამოგდის, უფროსი დის თუ ძმის, მეგობრის, მშობლის დახმარებით გამოგივა და პირიქით, თუ შენს გუნდის წევრს უჭირს, შენ უნდა დაეხმარო - ერთობლივი ძალებით მიზანს უფრო მალე მიაღწევთ.

სამაგიდო თამაშები ტაიმ-აუტის კარგი ალტერნატივაა

ტაიმ-აუტი ფსიქოლოგიაში მიღებული პრაქტიკაა: როდესაც მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა ისე იძაბება, რომ ერთი მათგანი ემოციებს ვეღარ თოკავს, ის რამდენიმე წუთით სხვა ოთახში განმარტოვდება.

ამ მეთოდის ერთ-ერთ ალტერნატივად ფსიქოლოგები სწორედ სამაგიდო თამაშებს გვთავაზობენ. დაძაბულ სიტუაციაში საქმის ერთად კეთება, წარმატებისა თუ წარუმატებლობის გაზიარება კარგად განმუხტავს სიტუაციას.

სამაგიდო თამაშები ბავშვს შფოთვის დაძლევაში ეხმარება

ბავშვებს, რომლებსაც თანატოლებთან ურთიერთობა უჭირთ, სამაგიდო თამაშები შფოთვის დაძლევაში ეხმარებათ. მათი მეშვეობით ბავშვი უფრო ადვილად ამყარებს კომუნიკაციას, რადგან იცის, რომ თამაშს წესები აქვს, უსიამოვნო სიურპრიზებს არ ელის და გაცილებით ღიად ურთიერთობს სხვა მოთამაშეებთან.

სამაგიდო თამაშები ბავშვს წაგებას ასწავლის

ალბათ ბევრჯერ შესწრებიხართ, რომ თამაშის დროს უფროსები ბავშვს განგებ უთმობენ და მოგების საშუალებას აძლევენ, რათა იმედგაცრუება და გულისტკენა თავიდან ააცილონ. ეს შეცდომაა. ბავშვმა მცირე ასაკიდანვე უნდა იცოდეს, რომ ცხოვრებაში დროდადრო წაგება გარდაუვალია და ამით გამოწვეულ ემოციებთან გამკლავება შეეძლოს. პირველი მაგალითი მისთვის თავად მშობელია. დაანახეთ ბავშვს, რომ წაგება ჩვეულებრივ ამბად მიგაჩნიათ და არა ტრაგედიად, მაგრამ არ ნებდებით და ყველაფერს აკეთებთ მოგებისთვის. ბავშვი თანდათან მიხვდება, რომ წაგებით ის არავის თვალში არ მცირდება და არაფერი აკლდება.

ბავშვი, რომელმაც წაგება იცის, არ დასცინის სხვა წაგებულებს, არ უფრთხის ახალ გამოწვევებს და არ აქვს კომპლექსი, რომელიც ხშირად უშლის ხელს ადამიანს სირთულეებთან შეჭიდებაში, ახალი გამოცდილების მიღებიასა და ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: