თამთა მელაშვილი: ქალებზე გიყვებით
გააზიარე:
ბავშვობა
ამბობენ, მწერალს თუ ბავშვობიდანვე არ შეხვდა სირთულეები, თუ განცდებით, ტრაგედიებით არ იცხოვრა და სათქმელი არ დაუგროვდა, ვერც სიტყვა ექნება წყლიანიო, თუმცა თამთა მელაშვილს მშვიდი და ლამაზი ბავშვობა ჰქონდა. ამბროლაურში დიდ, ხმაურიან ოჯახში იზრდებოდა ძმასა და ორ დასთან ერთად. ჰყავდა მშობლები და ბებიები. როგორც თავად ამბობს, ორივე – საოცრად ეფექტური ქალი. აი, ისეთი, ერთხელ რომ შეხვდები და ელვარე შთაბეჭდილებას მოახდენს, მეხსიერებას დიდხანს შემორჩება, ძნელად დაივიწყებ.
– მათი დარიგებები ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში ჩემდა უნებურად ამომიტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში. კარგად მყოფი ყოველთვის კარგია, საქმე ის არის, სახე მაშინ შეინარჩუნო, როცა გიჭირსო, მითხრა ერთხელ მამის დედამ ელენე ქევანიშვილმა, რომელიც საშუალო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა… ბევრს დღემდე ახსოვს როგორც პედაგოგი, ჩემთვის კი ის ძლიერი, ძალიან ძლიერი ქალის სახეც იყო.
ასეთი ქალების გარემოცვაში გაზრდილ მწერალს რაზე უნდა მოეყოლა, თუ არა ქალებზე.
წერდა ბავშვობიდან – პატარ-პატარა მოთხრობებს თავის ტოლ გოგონებზე, მათ დარდსა თუ სიხარულზე, ოცნებებზე, იმ ცხოვრებაზე, რომელიც ოთხმოცდაათიანების დასაწყისში გვქონდა ან არ გვქონდა და გვინდოდა. თავის ჩანაწერებს მეგობარს, კლასელს და თანამოაზრეს ეკა ქევანიშვილს უკითხავდა. ეს ერთადერთი ნათელი სხივი იყო ჩვენს თინეიჯერობაშიო, ამბობს. მერე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ცხოვრებას სულ სხვა რიტმი და ფერი მიეცა.
– თექვსმეტი წლის ასაკში არჩეული პროფესია ხშირად ის აღმოჩნდება ხოლმე, რაც სინამდვილეში არ გვინდოდა. სტუდენტობის წლები ჩემთვის ძიების პერიოდი იყო, თუმცა ლიტერატურის გარეშე, ამიტომ მუდმივად მქონდა სიცარიელის შეგრძნება.
თავისუფალი სივრცე
ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გერმანიაში წავიდა ოპერად. ასე ბევრი ახალგაზრდა მიდიოდა მაშინ საზღვარგარეთ და იქ სწავლას აგრძელებდა, თუმცა თამთასთვის ეს უფრო თავგადასავალი იყო. პაუზის შემდეგ ლიტერატურას მოულოდნელად დაუბრუნდა:
– გერმანიაში ვცხოვრობდი, როდესაც აღმოვაჩინე ლიტერატურული ვებ-პორტალი ლიტერატურა.გე. ეს სწორედ ის სივრცე იყო, რომელიც ძალიან მაკლდა. დღეს ვფიქრობ, რომ მისმა არსებობამ განაპირობა ჩემი საქართველოში დაბრუნება. სისხლსავსე ცხოვრება ჩქეფდა, იყო შეხვედრები, განხილვები, ურთიერთგაზიარება, ბევრი საინტერესო ავტორი განსხვავებული ხედვით – ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. ამ პორტალის აქტიური წევრები დღემდე ჩანან ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.
პორტალზე მისი დებიუტი მოთხრობა “ერთი და ორით” შედგა. მერე სხვა პატარ-პატარა ნაწარმოებებიც გამოაქვეყნა.
თამთას პირველმა რომანმა, “გათვლამ”, საუკეთესო დებიუტისთვის ლიტერატურული პრემია “საბა” და გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის ეროვნული პრემია მოიპოვა. “გათვლას” მოჰყვა “აღმოსავლეთით” და “შაშვი შაშვი მაყვალი”, რომელმაც მეორე “საბა” მოუტანა ავტორს.
– საბჭოთა პერიოდში ლიტერატურულ სივრცეში ქალები მხოლოდ მწერალთა კავშირის გავლით ხვდებოდნენ, რომელიც გამორჩეულად პატრიარქალური სტრუქტურა იყო. ამის გამოც არის, რომ გასული საუკუნიდან ერთი-ორი ქართველი ქალი მწერალი თუ გაგვახსენდება. როდესაც წერა დავიწყე, ეს ინსტიტუტი აღარ არსებობდა. ის თავისუფალმა სივრცემ – ინტერნეტმა ჩაანაცვლა, სადაც არც რედაქტორის წნეხის ქვეშ გვიწევდა გავლა და არც ტექსტის ბეჭდვაზე მისი თანხმობის მიღება, რამაც ძალიან დაგვაახლოვა მკითხველთან. ასე რომ, მე როგორც ქალ მწერალს ხელოვნურად შექმნილი სირთულეების გადალახვა აღარ დამჭირვებია, თუმცა კულტურული ბარიერები დღემდე არსებობს. მაგალითად, კაცებს ხანდახან უბრალოდ უჭირთ შენი აღიარება – მარტო იმიტომ, რომ ქალი ხარ.
სქესთა თანასწორობა მისი ნაწარმოებების ერთ-ერთი თემაცაა. მაგისტრის ხარისხიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერის კვლევებში მიიღო. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთი კავკასიის რეგიონული ბიუროს სტიპენდიანტიც გახდა. თითქმის ათი წელი მიწვეული ლექტორის რანგში ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
მთავარი თემა
– მთელი ცხოვრება საკუთარი თავის ძიებაა. ყველა ასაკს თავისი სირთულეები აქვს და დაგროვილი ცოდნის, გამოცდილების, ნაფიქრის კვალდაკვალ იცვლება ჩვენი აღქმაც, ხედვის კუთხეც. მე შეგრძნებების ადამიანი ვარ და მოვლენებს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ემოციით ვხვდები, ვიღებ, განვიცდი... ეს ჩემს ტექსტებშიც ჩანს: თავდაპირველად თინეიჯერებზე ვწერდი, მემატებოდა წლები და ჩემი პერსონაჟებიც ჩემთან ერთად იზრდებოდნენ, ბოლო რომანში კი ასაკს გავუსწარი კიდეც... ქალი მწერლის მიერ ქალზე ნაამბობი იმითაც არის საინტერესო, რომ მსოფლიო ლიტერატურაში, ისევე როგორც ქართულში, უმეტესად კაცის თვალით დანახული ქალები ჩანან, მამაკაცების წარმოდგენა კი ხშირად ძალიან შორს არის რეალობისგან.
დედობა
როცა წერს, ურჩევნია, შინ მარტო იყოს – სამუშაოდ სიმშვიდე სჭირდება, ამიტომ დილით ადრე დგება, როცა ყველას სძინავს, და მკითხველთან საუბარს იწყებს. თუმცა ამ რიტუალისთვის ბოლო ხანს უფრო და უფრო იშვიათად იცლის – დედობამ მთლიანად მოიცვა.
– ბევრ ქალს ჰგონია, რომ ორმოცი წლის შემდეგ ცხოვრება სრულდება, მე კი ორმოცდაორი წლისა გავხდი დედა და ვფიქრობ, რომ ეს დამღლელი, მაგრამ საინტერესო გამოცდილებაა.
არ მაქვს განცდა, რომ ცხოვრება უჩემოდ მიდის. პირიქით, ყოველი წუთის ბოლომდე შეგრძნება, ყოველი წამით ბოლომდე ტკბობა მინდა.
აღფრთოვანების უნარი ყველას არ მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე. რაღაცამ რომ აგანთოს, გაგახალისოს, გაგახაროს, ცოტა ბავშვად უნდა დარჩე. მიხარია, რომ მე ეს უნარი არ დამიკარგავს. ალბათ, სწორედ მისი წყალობით მოდის შთაგონება, რომელიც მწერალს მწერლად აქცევს.
თამარ ციბალაშვილი