შეხტომა: რას გვეუბნება ძაღლი ამ ქმედებით?

გააზიარე:

ძაღლები ხშირად ახტებიან ერთმანეთს უკნიდან. შეხტომისა და თანმხლები სპეციფიკური მოძრაობების ობიექტად შეიძლება პატრონის ფეხი ან დიდი ზომის რბილი სათამაშოც იქცეს. ბევრი ამას დომინირების ან გამრავლების ინსტიქტს მიაწერს.

რა ხდება სინამდვილეში?

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ შეხტომა ნორმალური ქცევაა. წინა თათებით წინ მდგომი ძაღლის სხეულზე შეხტომა და სპეციფიკური მოძრაობები არც დომინაციის სურვილს გამოხატავს და არც სქესობრივ ლტოლვას. ასეთი ქცევა ლეკვებში ჯერ კიდევ სქესობრივ მომწიფებამდე შეინიშნება. მეტიც: კასტრირებული ძაღლებიც კი იქცევიან ასე. შეხტომა მხოლოდ მაშინაა საყურადღებო, თუ ძაღლი ხშირად ირჩევს ობიექტად პატრონს (ოჯახის წევრს) ან სეირნობისას თამაშზე მეტად ამითაა დაკავებული.

კონტექსტი მნიშვნელოვანია

თუ ეს პრობლემა თქვენთვის ნაცნობია, უნდა დააკვირდეთ, როდის და რა ვითარებაში იქცევა ასე ძაღლი. კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ საქმეში სპეციალისტის – კინოლოგის ჩარევა მოგიწიათ, მისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდება.

საზოგადოდ, შეხტომა ემოციური აგზნების, სტრესის, დაბნეულობის ნიშანია. მსგავსი ქმედებეა ახასიათებთ ძაღლებს, რომლებსაც ქცევისა და ემოციების კონტროლი არ შეუძლიათ.

სპეციალისტები შენიშნავენ, რომ უკონტროლო ქცევა, მათ შორის შეხტომა, ყველაზე ხშირად მაშინ შეინიშნება, როდესაც ძაღლი დიდხანს წესების გარეშე ეთამაშება პატრონს ან სხვა ძაღლებს. მისთვის ეს ემოციური დუღილის დაოკების ხერხია, ჩვენთვის კი დისკომფორტის წყარო.

როგორ დავამშვიდოთ ძაღლი და აღვკვეთოთ არასასურველი ქმედება?

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავსაჯოთ ცუგა! ისედაც აგზნებული ძაღლისთვის სასჯელი დამატებითი სტრესია. საუკეთესო გამოსავალი ყურადღების გადატანა და დასასვენებლად გაშვებაა. თუ გარეთ ხართ, გადაიყვანეთ ძაღლი "წესების დაცვით" თამაშზე (აუცილებელია, დასწავლილი გქონდეთ საბაზისო ბრძანებები), მოაშორეთ სათამაშო მოედანს და სხვა ძაღლებს. შეიძლება, მსუბუქად გაუწყრეთ ან აკრძალვითი ბრძანება მისცეთ. თუ ამან არ გაჭრა, მისი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანოთ.

ყურადღების გადატანის შემდეგ იზრუნეთ იმაზე, რომ ძაღლმა მოისვენოს, წყალი დალიოს, წათვლიმოს ან უბრალოდ დაჯდეს`დაწვეს და მოდუნდეს.

დაუშვებელია ასეთ დროს:

. სიცილი;

. ძაღლის შეგულიანება;

. საბლის მოქაჩვით ან სხვა ძალადობრივი მეთოდით ძაღლის გარიდება.

თუ ხშირად ეჯახებით ამ პრობლემას, ე.ი. სათანადო დროს არ უთმობთ ძაღლის აღზრდას. ამ შემთხვევაში აუცილებელია, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ:

. სოციალიზაციის სავარჯიშოები;

. ემოციების კონტროლის სავარჯიშოები;

. საბაზისო წვრთნის ელემენტები – მარტივი ბრძანებების დასწავლა.

დაბოლოს, ეცადეთ, ძაღლმა სეირნობისას საკმარისი ენერგია დახარჯოს. ამაზე ზრუნვა კი პატრონის მოვალეობაა.

ნინო ლომიძე

გააზიარე: