მრავალი საქმის ერთდროულად კეთების საფასური

გააზიარე:

კვირა საღამოა და სევდას ვგრძნობ. არადა, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, არ მინდა, უქმეები დამთავრდეს, მახსენდება, რამდენი საქმე მაქვს მომავალ კვირას. როგორც მჩვევია, რამდენიმე საქმეს ერთდროულად მოვკიდებ ხელს, რადგან ერთზე კონცენტრირება მალე მბეზრდება. გარდა ამისა, გარემო მოითხოვს, ერთსა და იმავე დროში ორი-სამი რამ გაკეთდეს. ვამაყობ კიდეც ამ ჩემი ნიჭით, დღის განმავლობაში სულ სხვადასხვა ტიპის, სირთულისა და შინაარსის საქმეებს ვაკეთებ და თუ შემიძლია – ორ-სამს ერთდროულად. შედეგად კვირის ბოლოს გამოფიტვამდე ვიღლები.

რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა?

მულტიტასკინგი

მულტიტასკინგი გულისხმობს:

* ორ ან მეტ ამოცანაზე ერთდროულად მუშაობას;

* ამოცანიდან ამოცანაზე გადართვას;

* ბევრი ამოცანის სწრაფად და ერთიმეორის მიყოლებით შესრულებას.

როდესაც ფსიქოლოგებმა ამ მოვლენის შესწავლა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტვინი იმაზე ნაკლები წარმატებით უმკლავდება რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებას, ვიდრე გვგონია. ოდნავ ზედმეტი გადატვირთვა და გონება ვეღარ უძლებს – ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უხარისხოდ კეთდება, თანაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

რატომ კლავს მულტიტასკინგი პროდუქტიულობას?

საქმე ის არის, რომ ამ დროს ტვინს გამუდმებით უხდება ყურადღების მომართვა, შემდეგ – გაწყვეტა, სხვა საქმიანობაზე გადატანა და მასზე მომართვა, რამდენიმე წუთში კი კვლავ გაწყვეტა, პირველ ამოცანასთან დაბრუნება და მასზე ფოკუსირება. შედეგად:

1. რთულდება ფოკუსის შენარჩუნება

ის, ვინც მიჩვეულია ერთდროულად რამდენიმე ან ერთიმეორის მიყოლებით ბევრი საქმის კეთებას, უფრო ნაკლებად ფოკუსირდება თითოეულზე, ვიდრე ის, ვინც მთელ ყურადღებას ერთ ამოცანას უთმობს. ასეთი ადამიანები გამოიმუშავებენ ყურადღების გაწყვეტა-გადატანის უნარს, რომლის უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ მათ მაშინაც კი უჭირთ ყურადღების დიდხანს ფოკუსირება, როდესაც მხოლოდ ერთ ამოცანას უსხედან.

2. ნელდება ტემპი

მართალია, პირიქით გვგონია, მაგრამ სინამდვილეში მულტიტასკინგის დროს უფრო ნელა ვმუშაობთ. ერთი ამოცანიდან მეორეზე, მეორიდან მესამეზე გადასართავად, მერე კი ისევ პირველთან დასაბრუნებლად დრო გვჭირდება.

ყურადღების აქეთ-იქით გადატანა ავტომატური ქცევების მოშლასაც უწყობს ხელს. როდესაც ერთ, უკვე ნაცნობ ამოცანას ვუსხედვართ, ხშირად ავტოპილოტზე ვმუშაობთ და უკვე გავლილ პროცესებს უფრო სწრაფად გავდივართ. როდესაც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას ვასრულებთ და გამუდმებით გვჭირდება ყურადღების ხელახლა მომართვა, ავტოპილოტის რეჟიმში ყოფნა არ გამოდის – ერთი ამოცანიდან მეორეზე ყურადღების ყოველი გადატანისას მთელ პროცესს თავიდან ვიწყებთ. შედეგად საერთო ჯამში უფრო მეტი დრო გვეხარჯება, ვიდრე მაშინ დაგვეხარჯებოდა, თითოეული ამოცანა ცალ-ცალკე რომ დაგვემუშავებინა.

3. ხელი ეშლება უმაღლესი შემეცნებითი ფუნქციების განხორციელებას

უმაღლესი შემეცნებითი ფუნქციები მოიცავს პროცესებს, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ, როდის და რა თანმიმდევრობით სრულდება თითოეული საქმიანობის შემადგენელი ამოცანები. ეს პროცესები ორ ეტაპს მოიცავს: პირველია მიზნის დასახვა, მეორე – წესების აქტივაცია: წინა მიზნის მისაღწევი წესებიდან გამოსვლა და ახალი მიზნის მისაღწევზე გადართვა.

მაგალითად, სამშაბათ დილას ორი ამოცანა მიდგას წინ: ბავშვის სკოლისთვის მომზადება და ლექციისთვის მომზადება, რომელსაც მოგვიანებით ვკითხულობ. პირველი ამოცანისთვის ჩემი ტვინი ისახავს მიზანს: გავაღვიძო ბავშვი, მოვუმზადო საუზმე, თვალყური ვადევნო, რომ შესაფერისად ჩაიცვას, ხელ-პირი დაიბანოს, კბილები გაიხეხოს, ჭამოს, მერე კი ერთად გავიდეთ სახლიდან (ამ დროს მეც ჩაცმული უნდა ვიყო). ყოველივე ეს დროის მცირე მონაკვეთში უნდა მოხერხდეს, რაც ნიშნავს სწრაფ მოქმედებას, ბავშვისთვის ინსტრუქციების მიწოდებას, დროის კონტროლს და ა.შ.  თუ პარალელურად (მაგალითად, სანამ ბავშვი კბილებს იხეხავს) ლექციის მომზადებას ვცდი, მომიწევს ერთ ადგილზე ჯდომა, რამდენიმე დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება, აუცილებელი ინფორმაციის ცალკე ფაილში თავმოყრა და სტუდენტებისთვის საინტერესო ფორმატში გადატანა. ეს ამოცანა მოითხოვს ენერგიის განსხვავებულ დონეს, ყურადღების სიღრმისეულ ფოკუსირებას, წაკითხულის ანალიზს, ხოლო განწყობა უფრო საქმიანი და ნაკლებად პიროვნულია. ის ენაც კი, რომელსაც ბავშვთან ურთიერთობისთვის ვიყენებ, სრულიად განსხვავდება იმ ენისგან, რომელიც ლექციის მოსამზადებლადაა საჭირო. შესაბამისად, იმისთვის, რომ 5 წუთი დავუთმო ერთი სლაიდის მომზადებას, ჩემმა ტვინმა საკმაოდ დიდი სამუშაო უნდა შეასრულოს, რათა წესების სრულიად ახალი წყობა მიიღოს.

ამ ეტაპების გავლას სულ რამდენიმე წამი სჭირდება, მაგრამ თუ ადამიანი გამუდმებით ასეთ რეჟიმში იმყოფება, გადასართველ-გადმოსართველად მეტი და მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევს.

4. ვუშვებთ მეტ შეცდომას

კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვაკეთებთ, მეტ შეცდომას ვუშვებთ. ეს შესაძლოა გავლენას არ ახდენდეს ისეთი ამოცანების შესრულებაზე, როგორიც არის, მაგალითად, ტანსაცმლის დახარისხება ფილმის ყურებისას, მაგრამ პრობლემური ხდება ისეთი საქმიანობის დროს, სადაც შეცდომის დაშვება სახიფათოა – მაგალითად, მანქანის მართვისას ტელეფონით საუბრის პარალელურად.

როგორ მოვიშოროთ მულტიტასკინგის ჩვევა?

თუ ამჩნევთ, რომ მრავალი საქმის ერთდროულად კეთების ჩვევა თქვენი საქმიანობის ხარისხზე უარყოფითად აისახება, საბოლოო ჯამში ყველაფრის გასაკეთებლად მეტი დრო გეხარჯებათ, იღლებით, იფიტებით და უამრავ შეცდომას უშვებთ, აჯობებს, ებრძოლოთ მულტიტასკინგის ჩვევას და თქვენი საქმიანობის ორგანიზება სხვაგვარად მოახდინოთ.

დასაწყისისთვის შესაძლოა შემდეგი რჩევები გამოგადგეთ:

* ერთდროულად მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირდით. თუ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება გარდაუვალია, ეცადეთ, აქედან ერთი უფრო ავტომატური აირჩიოთ, მაგალითად, ჭურჭლის თაროებზე შეწყობა ავტომატური საქმიანობაა და შეიძლება შევუხამოთ კერძის მომზადებას, რაც დაფიქრებას მოითხოვს.

* გამოიყენეთ 20 წუთის წესი – რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების ნაცვლად ეცადეთ, თითოეულს სრული 20 წუთი დაუთმოთ.

* გამოყავით დრო განსაზღვრული აქტივობებისთვის – თუ, მაგალითად, ყოველ წამს ფოსტის (ან უარესი – სოციალური მედიის მესიჯების) შემოწმება გინდებათ, რაც ამოცანაზე კონცენტრირების საშუალებას არ გაძლევთ, გამოყავით დრო, რომელსაც შეტყობინებების გახსნას დაუთმობთ, მაგალითად, დილის 10 დან 10.30-მდე, შემდეგ – 12.30 დან 13.00-მდე და ა.შ.

* მოიწყვეთ გარემო ისე, რომ ყურადღების გადატანის ნაკლები საფუძველი გქონდეთ. გამოურთეთ ხმა ტელეფონს, მიხურეთ ფანჯარა, მოშორდით ტელევიზორს, გათიშეთ ფონური მუსიკა... ერთხელ მოზრდილი ნაშრომი მქონდა სათარგმნი და ვინაიდან სოციალური ქსელი ჩემთვის დიდი გამრთობია, ორი კვირით საერთოდ წავშალე ფეისბუქის აპლიკაცია, ხოლო ტექსტური შეტყობინებების სიგნალს ხმა გავუთიშე. მხოლოდ ოჯახის წევრების ზარებს ვპასუხობდი და ისინიც გაფრთხილებული მყავდა: თუ საქმე მოიცდიდა, მხოლოდ განსაზღვრულ საათებში დაერეკათ.

* შეიტანეთ ყოველდღიურ რუტინაში სუნთქვითი ვარჯიში, გაცნობიერების სავარჯიშოები, აქ და ამჟამად ყოფნის სავარჯიშოები, იოგა, მედიტაცია, რომლებიც დამოუკიდებლადაც შეიძლება ავითვისოთ და რომლებიც გვეხმარება, დავიბრუნოთ კონცენტრაციის უნარი, ყურადღება ერთი ამოცანისკენ მივმართოთ, მუდამ მომართულნი ვიყოთ, ნაცვლად იმისა, რომ ვადის მიწურულს ფაცხაფუცხით ვაგვარებდეთ გადაუდებელ საქმეებს.

მახსოვს ერთი კლიენტი, რომელიც ბარში მუშაობდა და სამუშაოს დაწყებიდან ორ კვირაში გადაწვის პირას მივიდა. აღმოჩნდა, რომ ერთდროულად ორ-სამ შეკვეთაზე მუშაობდა და იმავდროულად კიდევ ორ-სამ შეკვეთაზე ფიქრობდა. როდესაც ადამიანს ერთდროულად ათი შეკვეთა მისდის, ერთი შეხედვით, ეფექტიანია ერთდროულად რამდენიმეს შესრულება და რამე ავტომატური საქმიანობის (მაგალითად, ჭიქების გაპრიალების) პარალელურად მომავალი შეკვეთის შესრულების გეგმაზე ფიქრი. სინამდვილეში კი ეს ქმნის დაძაბულ სამუშაო ატმოსფეროს, სადაც ადამიანი მუდამ შფოთვის რეჟიმშია. რაც მთავარია, ყოველ კოქტეილზე რიგრიგობით კონცენტრირებისას მათ მომზადებაზე ჯამში ნაკლები დრო იხარჯება, ვიდრე სამივეს ერთდროულად კეთებისას.

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მულტიტასკინგი ქალებისთვის უფროა დამახასიათებელი. ჩვენ ხშირად ვცდილობთ, შევათავსოთ სახლის საქმე და პროფესიული საქმიანობა, მუდამ გვიწევს ყურადღების განაწილება ოჯახის წევრებს შორის, არ გვაქვს დასვენების, ენერგიის დაზოგვის ფუფუნება. ამავე დროს, ქალებს მეტად ემუქრებათ გადაწვა, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია, გადავხედოთ ჩვენი საქმიანობის სტილს, იმას, როგორ ვაორგანიზებთ შესასრულებელ ამოცანებს და დავაკვირდეთ, სინამდვილეში ნაკლებად ნაყოფიერად ხომ არ ვმუშაობთ, ვიდრე გვგონია, ხოლო თუ პროდუქტიულობას ვინარჩუნებთ, – ვასრულებთ მრავალ ამოცანას მოკლე დროში,  – რის ხარჯზე ხდება ეს. ხომ არ ჯობია, მეტი დრო დავუთმოთ დაგეგმვას, გონება ყურადღების გადართვა-გადმორთვით არ გადავტვირთოთ, გამოვუყოთ განსაზღვრულ საქმეებს განსაზღვრული დრო და ვეცადოთ, უფრო გაცნობიერებულად მივყვეთ დღის რუტინას, ვიდრე მუდამ დაქანცულებმა გავაგრძელოთ ისე მოქცევა, როგორც აქამდე ვიქცეოდით, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ვართ მიჩვეულები?

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: