როგორ გავუმკლავდეთ შემოდგომის სევდას

გააზიარე:

ალბათ ყველას გახსოვთ ბავშვობაში ნასწავლი იგავი: მამა სთხოვს შვილს, რვეულში ჩაიწეროს წელიწადის დროებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მერე კი ეკითხება, რომელი დრო ურჩევნია და ბიჭს უჭირს ერთის გამორჩევა, რადგან ოთხივე ერთნაირად ეძვირფასება.

მართლაც, წელიწადის ყოველ დროს თავისი ღირსება აქვს და თავისი განწყობა ახლავს. ზაფხული მზესა და სითბოსთან ასოცირდება, ზამთარი – თოვლსა და გრძელ ღამეებთან, გაზაფხულს ბუნების გაღვიძება გვამცნობს, შემოდგომა კი ფერადი, ნაყოფიერი, გრილი და... სევდიანია.

შემოდგომის სევდას არაერთი მიზეზი აქვს: შვებულების დასრულება, კვლავ ყოველდღიურ რუტინაში ჩაბმა, ცრიატი, წვიმიანი დღეები... ამიტომ შემოდგომა ბევრს არ უყვარს. თუ თქვენც ერთი მათგანი ბრძანდებით, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები – ვინ იცის, განწყობაც შეგეცვალოთ და დამოკიდებულებაც.

წვიმის აკომპანემენტი

შემოდგომის წვიმიან დღეებს ძალიან უხდება თბილი ჩაი და კითხვა. ეს საუკეთესო დროა დიდი ხნის წინ სამომავლოდ გადადებული წიგნების საკითხავად. ჭრელი პლედი, წვიმის აკომპანემენტი, სურნელოვანი ჩაი და საინტერესო წიგნი საქმიანი და დამღლელი დღის მშვენიერი დასასრული იქნება.

სამოსი განწყობისთვის

ოქტომბერი დემისეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამომზეურების დროცაა. გადმოალაგეთ გარდერობი, “გამოაღვიძეთ” თითქმის უკვე მივიწყებული თხელი პალტოები და დახურული ფეხსაცმელები და უახლოეს სკვერში “გაასეირნეთ”. კიდევ უფრო გაგახალისებთ ახალი, მხიარული ფერის აქსესუარები: ქუდი, ხელთათმანები, შარფი, ქოლგა...

უკან, ბავშვობაში

მართალია, ბუნება მუდამ მშვენიერია, მაგრამ შემოდგომის ფერებად მოელვარე ტყეებს მაინც ვერაფერი შეედრება. გამონახეთ დრო და გაისეირნეთ ქალაქგარეთ, მოაწყვეთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, თან გაიყოლეთ ბურთი, ფრისბი, ბადმინტონი ან უბრალოდ იარეთ შრაშუნა ფოთლების ხალიჩაზე, სანამ გვიანი შემოდგომა მათ ტალახიან მასად აქცევდეს, მოუსმინეთ და მიბაძეთ ჩიტების ჭიკჭიკს, ჩაუშვით ფოთლების “ნავები” რუებსა და ნაკადულებში, ითამაშეთ დამალობანა, დაჭერობანა, წრეში ბურთი, ერთი სიტყვით, ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდით, რათა მთელი კვირის სამყოფი ენერგიით დაიმუხტოთ.

გეგმური რევიზია

საშემოდგომო გეგმების ნუსხაში სახლის გენერალური დალაგებაც ჩართეთ. გამოალაგეთ ყველა კარადა, დაახარისხეთ ნივთები, გამოუსადეგარი გადაყარეთ, ჯერ კიდევ გამოსადეგი, თუ აღარ გჭირდებათ, გააჩუქეთ. აუცილებლად მოიძებნება ვინმე, ვისაც ის თქვენზე მეტად გამოადგება.

საჭირო ნივთები, რომლებიც გაზაფხულამდე აღარ დაგჭირდებათ, შეინახეთ კარადის ზედა თაროებზე ან სხვა სათავსებში, რათა ხელი არ შეგიშალოთ. წესრიგიც დამყარდება და ზედმეტი ნივთებისგან დაცლილ სახლში უფრო თავისუფლადაც ისუნთქებთ.

ჰერბარიუმი

ახალი ჰობი, ახალი თავშესაქცევი, თავისუფალი დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარება ფასდაუდებელი გამოცდილებაა. შემოდგომისთვის ერთ-ერთ ყველაზე შესაფერის საქმიანობად შეიძლება ჰერბარიუმის გაკეთება მივიჩნიოთ. საგანგებოდ შერჩეული და შეგროვებული გამხმარი მცენარეების კოლექცია მშვენიერიცაა და შემეცნებითიც.

მცენარების შესაგროვებლად უქარო და უნალექო დღე შეარჩიეთ. ეგზემპლარები სპეციალურ ალბომში ჩააწებეთ ან ჩარჩოებში ჩასვით და კედლებზე ჩამოკიდეთ.

თუ ქსოვა და ქარგვა გეხერხებათ, უამრავი ისეთი ნივთის დამზადება შეიძლება, რომლებიც ინტერიერს გაალამაზებს და მყუდროებას შემატებს.

ბეჭდვის დროა

ციფრულმა ტექნოლოგიებმა სურათების ბეჭდვის საჭიროება თითქმის აღმოფხვრა. რამდენი ლამაზი კადრი რჩება ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანზე... შეარჩიეთ ზაფხულში გადაღებული მხიარული, ლამაზი ფოტოები, რომლებიც საუკეთესო წუთებს გახსენებთ, დააბეჭდვინეთ, ჩასვით ჩარჩოში და სხვადასხვა ოთახში ჩამოკიდეთ.

მოემზადეთ გრძელი ზამთრისთვის

შემოდგომაზე აურაცხელი ხილი და ბოსტნეულია. მურაბების, ჯემების, კომპოტების კეთება და ზამთრისთვის შენახვა, შესაძლოა, აღარ იყოს ისეთი აქტუალური, როგორც წინათ, მაგრამ რა გვიშლის ხელს, გემრიელი და ვიტამინებით მდიდარი ხილ-ბოსტნეული გავყინოთ და საზამთროდ გადავინახოთ? თუ სწორად გაალღობთ, არც არომატი, არც სასარგებლო თვისებები არ დაეკარგება.

ნინო ლომიძე

გააზიარე: