გადაჭარბებული მზრუნველობის შესახებ

გააზიარე:

ზომიერება ყველაფერში აუცილებელია. Gამონაკლისი არც ბავშვის აღზრდაა, რომელსაც ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც სხვა, მნიშვნელოვან წამოწყებებს. სათქმელად მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, იმდენი გაუთვალისწინებელი რამ იჩენს ხოლმე თავს, რომ ყველაზე მომზადებული მშობელიც კი ზოგჯერ გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება. ყველაფერს ვერ გათვლი და ყველაფერი ყოველთვის ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვსურს.

ყველა ადამიანს, მათ შორის – ბავშვსაც, სჭირდება თავისუფლების შეგრძნება. მშობელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაართვას შვილს თავისუფლების ის წილი, რაც ლაღი ბავშვობისთვისაა აუცილებელი. გადაჭარბებულ მზრუნველობას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ბავშვის მენტალური განვითარებისთვის, იმისთვის, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ის მომავალში, ექნება თუ არა საკუთარი თავის რწმენა, ეცოდინება თუ არა ადამიანებთან კომუნიკაცია, დაისახავს თუ არა მიზნებს და ეცდება თუ არა მათ დამოუკიდებლად მიღწევას. ამიტომ, სანამ ზედმეტი მოგივათ, ისწავლეთ, როგორ არ გადააჭარბოთ და შეინარჩუნოთ წონასწორობა ბავშვთან ურთიერთობაში.

გააცნობიერეთ განსხვავება გონივრულ და უგუნურ რისკებს შორის

მშობლის მთავარი ამოცანა ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. იმის გასარკვევად, ნამდვილად მის უსაფრთხოებაზე ზრუნავთ თუ ზღუდავთ მას, საუკეთესო მაგალითი ველოსიპედით სეირნობაა. როდესაც ბავშვს ველოსიპედით სასეირნოდ უშვებთ, ეს, თავისთავად, სარისკოა, მაგრამ მსგავსი რისკები საჭიროა. მაგრამ თუ ბავშვს ღამით, ბნელ ქუჩაზე, ჩაფხუტის გარეშე მოუნდა გასეირნება, ეს უკვე სარისკო ქმედებაა და, რა თქმა უნდა, უარის თქმა ნორმალურია. ყოველთვის აუხსენით ბავშვს, რატომ ეუბნებით უარს, აუხსენით, რა საფრთხე ემუქრება და საკუთარ გადაწყვეტილებასაც კარგად დაუფიქრდით.

გააცანით უსაფრთხოების წესები

თუ გეშინიათ, რომ ბავშვი სათამაშო მოედანზე ხიფათს მოიწევს, წინასწარ გააცანით იქ ქცევის წესები (მაგალითად, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ქვიშის ან ქვიშიანი ხელის პირში ჩადება არ შეიძლება), ასწავლეთ, როგორ გამოიყენოს ნიჩაბი, იყავით მის შორიახლოს და თვალი ადევნეთ მის თამაშს. ასე ისიც თავისუფლად იგრძნობს თავს და თქვენც მშვიდად იქნებით, წესებს კი თანდათან უკეთ და უკეთ დაიმახსოვრებს. არ მოაკლოთ პატარას მსგავსი სიამოვნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი შიშის გამო.

თუ ბავშვი უკვე იმხელაა, რომ შეუძლია სკოლის ავტობუსამდე დამოუკიდებლად მისვლა, მაგრამ გაშინებთ მისი ქუჩაში მარტო სიარულის წარმოდგენა, უპირველეს ყოვლისა, გათვალეთ რისკები. უწევს მას ქუჩის გადაჭრა? თუ კი – იცის ქუჩაზე გადასვლის წესები? იცის, რომ ქუჩის გადაკვეთისას აუცილებლად უნდა მოიხსნას ყურსასმენები? ასწავლეთ უსაფრთხოების ყველა წესი და ისე გაუშვით შინიდან. ეს მისი ზრდა-განვითარების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ვერსად გაექცევით.

მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას

დამოუკიდებელი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ბავშვები ყოველგვარ სიტუაციას უკეთ ართმევენ თავს. გამოუმუშავეთ ბავშვს სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავების უნარი. ნუ ჩაულაგებთ ჩანთას, მაგრამ შეახსენეთ, თუ ხედავთ, რომ ავიწყდება; ნუ დაულაგებთ ოთახს და აულაგებთ საწოლს, თუ ხვდებით, რომ ამ საქმეს თვითონაც გაართმევს თავს. ერთი სიტყვით, არასოდეს გააკეთოთ მის მაგივრად ის, რისი გაკეთებაც თავადვე შეუძლია. ეს ეხება როგორც ერთი-ორი წლის პატარას, ისე მოზარდსაც.

გახსოვდეთ, რომ დამოუკიდებლობას მიჩვეული ადამიანი რთულ სიტუაციაში მარტო აღმოჩენისას უფრო სხარტ და ლოგიკურ გამოსავალს პოულობს, არ ჰყვება პანიკას, არ იბნევა. ბავშვს თუ ამ თვისებებს პატარაობიდანვე გამოუმუშავებთ, თქვენც უფრო მშვიდად იქნებით და ისიც ასე თუ ისე მომზადებული შეხვდება ცხოვრების უსიამოვნო სიურპრიზებს.

ნუ დათრგუნავთ ბავშვს თქვენი შიშებით

ბავშვმა უნდა იცოდეს, მისი რომელი ქმედება რა საფრთხის შემცველია, უნდა აცნობიერებდეს, რა შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, შუქნიშნის წითელ შუქზე გზაზე გადარბენას, ველოსიპედზე ჩაფხუტის გარეშე დაჯდომას, უცხო ადამიანის გაყოლას – ეს რეალური საფრთხეებია, რომელთა შესახებაც ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.

იმავდროულად, აუცილებლად აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ თქვენი არარელევანტური შიშები ბავშვს არ გადასდოთ. კარგად დაფიქრდით, რამდენად რეალურია ის, რისიც გეშინიათ? მოუტანს თუ არა ბავშვს რაიმე სიკეთეს ამის ცოდნა? მაგალითად, თუ მისი კლასი კარვებით ტყეში ღამის გასათევად მიდის, ლოგიკურია, რომ ამ დროს მშობელს ათასი საშიში სცენარი მოსდის თავში. ხომ შეიძლება, ბავშვებს ვინმე ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დაესხას თავს, ან გარეული მხეცი გამოვარდეს ტყიდან, ან მდინარის ნაპირზე ფეხი დაუცურდეს და წყალმა წაიღოს? ასეთი შიშების არსებობა ნორმალურია, მაგრამ არ ღირს ბავშვისთვის მათი გაზიარება და, მით უმეტეს, მისი შინ გამოკეტვა მაშინ, როდესაც მისი მეგობრები ერთად მხიარული დროის გასატარებლად ემზადებიან. აუცილებლად დარწმუნდით, რომ ის აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც ლაშქრობისას ელის, მზად არის ფიზიკურად, სათანადოდაა აღჭურვილი და თავგადასავლების საძიებლად გაუშვით, თავად კი დამშვიდდით, პერიოდულად (და არა ყოველ წუთს) დაურეკეთ და მოიკითხეთ. ღაც მთავარია, იფიქრეთ იმაზე, რომ ასეთი თავგადასავლები მას დამოუკიდებელ, საკუთარ თავში დარწმუნებულ პიროვნებად აქცევს და ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად ამზადებს.

ლიკა ქათაბაძე

გააზიარე: