გარიყულობის სინდრომი
გააზიარე:
ბავშვები უფროსებზე სწრაფად ახერხებენ უცხო გარემოსთან ადაპტირებას და გაცილებით მედეგები არიან სტრესის მიმართ. მართალია, თავდაპირველად სტრესზე მწვავე რეაქციით (ტირილი, ყვირილი) პასუხობენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველი რეაქცია გაივლის, მალევე ერგებიან გარემოს, საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობენ და ცხოვრებას აგრძელებენ.
უმეტესად ასეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება, ტრავმული მოვლენები ღრმა კვალს აჩნევს ბავშვის ფსიქიკას. სწორედ ტრავმის შემდეგ ვითარდება იშვიათი პროგრესირებადი სინდრომი, რომელსაც გარიყულობის სინდრომი უწოდეს.
გარიყულობის სინდრომი მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღებას იპყრობს. პირველად ის 1990 წელს შვედეთში აღწერეს. 2005 წლისთვის მისი უკვე 424 შემთხვევა იყო აღწერილი.
სინდრომი გვხვდება 7-დან 19 წლამდე ასაკის ლტოლვილ ბავშვებთან, გოგონებთანაც და ბიჭებთანაც, თუმცა ბიჭებთან ჭარბობს. ბავშვები კომურ მდგომარეობაში (ცნობიერების ღრმა დარღვევა, გარეგან გამღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქციის მკვეთრი შესუსტება ან სრული დაკარგვა) გადადიან, ღრმად იძინებენ და თვეებს, ზოგჯერ კი წლებსაც ატარებენ ასე.
რისი ბრალია
თავდაპირველად მეცნიერთა აზრი ორად გაიყო. ნაწილს მიაჩნდა, რომ ეს იყო ერთგვარი ჰიბერნაცია (ზამთრის ძილი, სასიცოცხლო პროცესების დროებითი ღრმა დათრგუნვა) აუტანელი რეალობის საპასუხოდ. მათი თქმით, ლტოლვილ ბავშვებს ოჯახებთან ერთად გამუდმებით უწევდათ ადგილიდან ადგილზე გადასვლა, დაუსრულებელი ლოდინი მოქალაქის სტატუსის მისაღებად, სიღარიბესთან ჭიდილი... ბავშვების უმეტესობა ომის შემდეგ განადგურებულ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივის წინაშე იდგა. ზოგიერთი საათობით იჯდა საიმიგრაციო განყოფილებებში. ვერც სასამართლო პროცესებზე დასწრებას არიდებდნენ თავს. ყველაფერი ეს ძლიერ ტრავმას აყენებდა მათ ფსიქიკას. ამ გაუსაძლისი რეალობისგან თავის დასაღწევად ბავშვები სოციუმისგან იზოლირებას ირჩევდნენ და “ღრმად დაძინებას” ამჯობინებდნენ. ნაწილი კი ფიქრობდა, რომ ეს იყო მშობლების მიერ დადგმული სპექტაკლი, რათა მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეობა მოეპოვებინათ. მათი აზრით, მშობლები ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლების მისაღებად ბავშვებს ფარულად ასმევდნენ საძილე მედიკამენტებს, რომლებიც იწვევდა სტუპორულ (ადამიანი უგონოდაა, თუმცა თვალის გახელით რეაგირებს ტკივილზე, ხმაურსა და სინათლეზე) ან კომურ მდგომარეობას. სამედიცინო დახმარების აუცილებლობის გამო ასეთ ოჯახებს მართლაც აძლევდნენ შვედეთში ცხოვრების უფლებას. ამ მოვლენას მედიცინაში მიუნჰაუზენის სინდრომს უწოდებენ: ადამიანი ხელოვნურად იწვევს ამა თუ იმ დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. თუმცა ეს მოსაზრება მალევე უარყვეს, ვინაიდან ანალიზებმა შარდსა და სისხლში ვერ გამოავლინა ვერავითარი მედიკამენტის კვალი. საბოლოოდ მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ გარიყულობის სინდრომი ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი იყო, მაგრამ რა მექანიზმით ვითარდებოდა ან რატომ ვლინდებოდა მხოლოდ შვედეთში ლტოლვილ ბავშვებთან, გაურკვეველი დარჩა. ეს საკითხი დღემდე ბურუსით არის მოცული.
როგორ ვლინდება
სინდრომი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეპარება ბავშვს. იწყება გაღიზიანებადობით, აგრესიით, დეპრესიის მსგავსი ნიშნებით. ბავშვები სოციუმისგან იზოლირდებიან, სკოლაში სიარულზე, თამაშზე, სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ყოველგვარი ძალდატანება აგრესიას იწვევს. სინდრომის პროგრესირებასთან ერთად ბავშვები წყვეტენ ლაპარაკს, იკეტებიან საწოლ ოთახში, უარს ამბობენ წყალსა და საჭმელზე. ტერმინალურ სტადიაში კი უგონო, ღრმა ძილის ან კომურ მდგომარეობაში გადადიან, არ რეაგირებენ არავითარ გამღიზიანებელზე, თვით ტკივილზეც კი. აღნიშნულ სტადიაზე მათ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, ინტრავენური გადასხმები და ზონდით კვება, რათა სითხის ნაკლებობის, არასრულფასოვანი კვებისა და უმოძრაობის გამო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა არ განუვითარდეთ.
რით დავეხმაროთ
გარიყულობის სინდრომის მკურნალობაზე ფიქრიც კი ზედმეტია, სანამ მიზეზებზე ესოდენ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს, თუმცა სინდრომის ტერმინალური სტადია, კომური მდგომარეობა, ნამდვილად მოითხოვს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, მუდმივ მეთვალყურეობას და სასიცოცხლო მონაცემების (პულსი, წნევა, ჟანგბადის დონე სისხლში) მონიტორინგს. ვინაიდან ბავშვები ამ მდგომარეობაში ვერ ახერხებენ საკვებისა და სითხის მიღებას, დეჰიდრატაციის (სითხის დეფიციტი ორგანიზმში) თავიდან ასაცილებლად წყალს და საკვებს მათ ნაზოგასტრალური ზონდით აწვდიან (ეს არის წვრილი მილი, რომელიც ცხვირიდან იდგმება კუჭში და მეპერსონალს პაციენტის კვების საშუალებას აძლევს). საჭირო ვიტამინებს და მედიკამენტებსაც ინტრავენურად (ვენაში ჩადგმული კათეტერის მეშვეობით) იღებენ.
გარდა ამისა, გარიყულობის სინდრომის მქონე ბავშვებს ტერმინალურ სტადიაში სჭირდებათ მუდმივი ვარჯიში, რათა ხანგრძლივი უმოძრაობის გამო კუნთებმა ატროფია არ განიცადოს. სწორედ ფიზიოთერაპიის საშუალებით ხდება სახსრების მოძრაობის შენარჩუნება, რათა პაციენტი გამოღვიძების შემდეგ უმტკივნეულოდ დაუბრუნდეს რეალობას.
დასასრული
ერთ მშვენიერ დღეს სინდრომი ისევე უცაბედად სრულდება, როგორც დაიწყო, ბავშვები ისე იღვიძებენ და რეალობას უბრუნდებიან, ვითომც არაფერი მომხდარაო. კომიდან გამოსვლის შემდეგ ისინი სხვადასხვა ისტორიას ჰყვებიან. ერთი გოგონა აღწერს, რომ ნახა საოცარი სიზმარი, საიდანაც გამოღვიძება არ უნდოდა, რვა წლის ბიჭი კი საპირისპიროს ამბობს: “მინისკედლებიან ყუთში ვიწექი, ოკეანის ფსკერზე. ყოველი ხმის ამოღება, ამოსუნთქვაც კი თითქოს შუშას ბზარს უჩენდა. მეშინოდა, მეგონა, მინა დაიმსხვრეოდა და დავიხრჩობოდი”.
გამოძახილი კულტურაში
იდუმალ სინდრომს დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა შვეიცარელმა კინორეჟისორმა დეა ჯინოვჩიმ. “გაიღვიძე მარსზე” (“Wake up on Mars”) – ასეთი სათაური აქვს ფილმს, რომელიც შვედეთში მცხოვრები კოსოვოდან დევნილი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ამ ოჯახის ორი ქალიშვილი გარიყულობის სინდრომის ტერმინალურ სტადიაში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ჯინოვიჩს გადაღების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2017 წელს The New Yorker-ში გამოქვეყნებული სტატია წაიკითხა გარიყულობის სინდრომის შესახებ.
თამთა კაპანაძე