რა საჭიროა მანგანუმი
გააზიარე:
კიდევ ერთი ელემენტი, ურომლისოდაც სასიცოცხლო პროცესები ჩვენს ორგანიზმში სრულყოფილად ვერ წარიმართება, მანგანუმია. მის გარეშე დაირღვევა უჯრედების ენერგეტიკული ბალანსი, საფრთხე დაემუქრება ძვლების სიმტკიცეს, არ იარსებებს დოფამინი – ბედნიერების ჰორმონი.
იმის შესახებ, რატომ არის მანგანუმი ასეთი მნიშვნელოვანი და როდის გვემუქრება მისი დეფიციტი, "ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი თეა ლომიძე გვესაუბრა.
რას აკეთებს
– რა როლს ასრულებს მანგანუმი ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებაში?
– მანგანუმი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმს მისი უმნიშვნელო რაოდენობა სჭირდება, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამასთან, ჩვენი ორგანიზმი ამ ელემენტს ვერ წარმოქმნის – ის რეგულარულად უნდა მივიღოთ საკვებიდან.
ადამიანის სხეული (თუ ავიღებთ საშუალო წონას – 70 კგ-ს) დაახლოებით 12 მგ მანგანუმს შეიცავს. რომლის 40 პროცენტი ძვლებშია, დანარჩენი კი – ღვიძლში, თირკმელებსა და პანკრეასში.
მანგანუმის 90%-ზე მეტი ნაღვლით გამოიყოფა, დანარჩენი – შარდით.
მანგანუმი მხოლოდ ფერმენტების გააქტიურებაში კი არ მონაწილეობს, არამედ თვითონვეა მრავალი ფერმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ფერმენტები ცილებია, რომლებიც ხელს უწყობს ან აჩქარებს ქიმიური რეაქციების მიმდინარეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მანგანუმის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ბევრი მეტაბოლური პროცესის წარმართვა, მათ შორის – სისხლში შაქრის რეგულირება, ასევე – სქესობრივი ჰორმონების, ჯანსაღი ძვლების, მტკიცე შემაერთებელი ქსოვილის ფორმირება, ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობა.
– კერძოდ, რომელი ბიოქიმიური პროცესები დაზარალდება მანგანუმის ადეკვატური ოდენობის გარეშე?
– * შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის – ძვლისა და ხრტილის წარმოქმნა;
* ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლა;
* შარდოვანას წარმოქმნა;
* ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოება;
* სასქესო ჰორმონების წარმოება;
* სისხლის შედედება;
* მელანინისა და დოფამინის წარმოება;
* გლუკოზის ფორმირება;
* უჯრედების ენერგიით მომარაგება.
მანგანუმი ააქტიურებს უამრავ ფერმენტს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს – უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს. ასეთია, მაგალითად, სუპეროქსიდდისმუტაზა.
აღსანიშნავია მანგანუმის კავშირი ვიტამინებთან, განსაკუთრებით – B1–სა და C–სთან. ის ააქტიურებს ფერმენტ კარბოქსილაზას, რომლის შემადგენლობაშიც შედის B1. ამასთან, აუცილებელია B12 ვიტამინის ასათვისებლადაც – ასრულებს კატალიზატორის როლს.
მანგანუმზე დამოკიდებული ფერმენტები აუცილებელია ჰისტამინის დასაშლელად (ეს ის ნივთიერებაა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ალერგიის სიმპტომების განვითარებაში), ხელს უწყობს კოლაგენის ფორმირებას, მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების გააქტიურებაში (ნეიროტრანსმიტერები გახლავთ მოლეკულები, რომლებიც ნერვული იმპულსის გავრცელებას უზრუნველყოფს).
სად ვიპოვოთ
– რომელ საკვებშია საკმარისი ოდენობის მანგანუმი?
– მანგანუმის ძირითადი წყარო მცენარეული საკვებია. განსაკუთრებით მდიდარია:
- მარცვლეული – ხორბალი, ჭვავი, შვრია, ფეტვი, ბრინჯი;
- პარკოსნები – ბარდა, ლობიო, ოსპი, სოია;
- სელის თესლი და სხვა თესლეული;
- თხილეული;
- მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული – პრასი, ისპანახი და სხვა;
- კენკრა, განსაკუთრებით – მოცვი;
- ქლიავის ჩირი.
მანგანუმის მდიდარი წყაროა ყავა – 100 მლ სასმელში 50-80 მკგ ეს ელემენტია. ხორცის პროდუქტებიდან გამოირჩევა საქონლის ღვიძლი (0,33 მგ`100მგ), ღორის ღვიძლი (0,31 მგ`100გ) და ქათმის ღვიძლი (0,29 მგ`100გ).
მცირე რაოდენობით მანგანუმს შეიცავს სასმელი წყალიც – 1-დან 100 მკგ`ლ–მდე.
კერძის მომზადებისას, ხანგრძლივი ხარშვისა და შუშვის შედეგად, ინგრედიენტებში მანგანუმის შემცველობა დაახლოებით მეოთხედით მცირდება.
100 გრამ პროდუქტში მანგანუმის შემცველობა დაახლოებით ასეთია:
მაჩვენებლები შესაძლოა რამდენადმე განსხვავებული იყოს ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.
რა უშლის ხელს
– რაზეა დამოკიდებული მანგანუმის ბიოშეღწევადობა?
– სხვადასხვა საკვებში არსებული მანგანუმის ბიოშეღწევადობა 5%-დან 60%-მდე ვარირებს. ის საკვებში შემავალი სხვა ნივთიერებების ტიპსა და ოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მანგანუმის შეწოვას ხელს უშლის კალციუმი, სპილენძი, ფოსფატი, რკინა (დიდი დოზები), ცელულოზა, ფიტატები, ოქსალატები, ტანინები, ამიტომ ერიდეთ ამ ნივთიერებებითა და მანგანუმით მდიდარი საკვების ერთდროულად მიღებას.
მანგანუმის ბიოშეღწევადობას ასევე ამცირებს ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ანტიბიოტიკები და საფაღარათო საშუალებები.
რა უწყობს ხელს
– მანგანუმის ათვისებას ხელს უწყობს: თუთია; ამინმჟავა ჰისტიდინი, რომელიც გვხვდება პარმეზანსა და მწვანე ლობიოში; ციტრატები, რომლებსაც ციტრუსები შეიცავს.
– შესაძლებელია თუ არა სადღეღამისო ნორმის საკვებით მიღება?
– მანგანუმი სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, დღემდე არ არის განსაზღვრული მისი სადღეღამისო ნორმა. ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (European Food Safety Authority, EFSA) თანახმად, 15 წლიდან რეკომენდებულია დღეში 3 მგ-მდე მანგანუმი (ორსულებისა და მეძუძური დედებისთვისაც), 14 წლამდე კი მისი სავარაუდო ნორმა, ასაკის მიხედვით, 0,5-დან 2 მგ-მდე მერყეობს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის:
დაბადებიდან 6 თვემდე – 0.003 მგ
7 თვიდან წლამდე – 0.6 მგ
1-დან 3 წლამდე – 1.2 მგ
4-დან 8 წლამდე – 1,5 მგ
9-დან 13 წლამდე 1,9 მგ
14-დან 18 წლამდე – 2.2 მგ
19 წლიდან:
- მამაკაცები – 2.3 მგ
- ქალები – 1.8 მგ
- ორსულები – 2 მგ
- მეძუძური დედები – 2,6 მგ
მანგანუმზე მოთხოვნა იზრდება, თუ:
*ჭარბად იღებთ დამუშავებულ ნახშირწყლებს, მაგალითად, თეთრი ფქვილის ნაწარმს;
* ხშირად მიირთმევთ ფასტფუდს;
* გაქვთ სტრესი;
* ჭარბად იღებთ ალკოჰოლს;
* იღებთ რკინის დანამატებს;
* გაქვთ ფსიქიკური აშლილობა.
სამწუხაროდ, ორგანიზმი ვერ ითვისებს მთელ იმ მანგანუმს, რომელსაც საკვებიდან იღებს. მიუხედავად ამისა, დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებით თავისუფლად შეიძლება მისი დღიური ნორმის მიღება.
დეფიციტი
– რა სიმპტომებით ვლინდება მანგანუმის დეფიციტი?
– მანგანუმის ბალანსის დარღვევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ენდოკრინულ სისტემაზე, კანზე, ძვლებსა და ხრტილებზე, იმუნურ სისტემაზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. დეფიციტის სიმპტომებია:
* სისხლის შედედების დარღვევა;
* შემაერთებელი ქსოვილის, ძვლისა და ხრტილის სტრუქტურის დარღვევა;
* თმის დეპიგმენტაცია;
* ანტისხეულების გამომუშავების დაქვეითება;
* კუნთოვან უჯრედებში ნერვული სიგნალების გადაცემის დარღვევა;
* სქესობრივი ჰორმონების წარმოების დაქვეითება;
* ზრდის შეფერხება;
* რეპროდუქციის უნარის დაქვეითება;
* იმუნოდეფიციტი;
* შინაგანი მოუსვენრობა და შფოთვა;
* დაღლილობა;
* ფსიქიკური დარღვევები.
ძვლების სტრუქტურულ პრობლემებთან ერთად მანგანუმის ნაკლებობამ ბავშვებში შესაძლოა ზრდის დარღვევაც გამოიწვიოს.
მანგანუმის ძლიერი დეფიციტი იშვიათია. მცირე ნაკლებობა, რომელიც შესაძლოა ძლიერშიც გადაიზარდოს, უმეტესად იმ ადამიანებთან გვხვდება, რომლებიც იკვებებიან უმთავრესად პურ–ფუნთუშეულით, ცომეულით, ფასტფუდით ან ჭარბად მიირთმევენ შაქარს. საკვების გადამუშავებისას, როგორც გითხარით, მანგანუმის თითქმის მეოთხედი იკარგება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ორგანიზმი საკვებიდან მანგანუმის მხოლოდ ნაწილს ითვისებს, დეფიციტის საფრთხე ნამდვილად არსებობს.
მანგანუმის ნაკლებობა ზოგჯერ თან ახლავს ოსტეოპოროზს, ართრიტს, ათეროსკლეროზს, შაქრიანი დიაბეტს, ეპილეფსიას.
დეფიციტმა ასევე შესაძლოა თავი იჩინოს პრემენსტრუალური სინდრომის დროს.
სიჭარბე
– რა იწვევს და რა მიგვანიშნებს მანგანუმის სიჭარბეზე?
– დიდი რაოდენობით მანგანუმი ტოქსიკურია. ამ ელემენტით ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოიწვიოს მანგანუმის ოქსიდის მტვრის ჭარბად ჩასუნთქვამ. რისკჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც მანგანუმის მომპოვებელ ან გადამამუშავებელ დაწესებულებებში (მაღაროებში, მეტალურგიულ ქარხნებში) მუშაობენ. მანგანუმით ქრონიკული მოწამვლის კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას, ჩვეულებრივ, რამდენიმე წელი სჭირდება.
საკვებით მანგანუმის ნორმის გადაჭარბება თითქმის შეუძლებელია. სიჭარბე შესაძლოა გამოიწვიოს საკვებდანამატების დიდი დოზით ხანგრძლივმა მიღებამ. ამ დროს გამომყოფი ორგანოები, ნაღველი და თირკმელები, ამ ელემენტის გამოდევნას ვეღარ ასწრებენ. ჭარბი მანგანუმი აზიანებს ნერვულ უჯრედებს თავის ტვინის განსაზღვრულ უბნებში.
მანგანუმით მოწამვლის შესაძლო სიმპტომებია:
* აგრესიული ქცევა;
* გადაჭარბებული აგზნებადობა;
* საჭმლის მონელების დარღვევა;
* კოორდინაციის უნარის დაქვეითება;
* მაღალი არტერიული წნევა;
* სწავლის უნარის დაქვეითება;
* რესპირატორული პრობლემები.
მანგანუმის სიჭარბე ასევე მოქმედებს ფილტვებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ღვძილსა და ნაღვლის ბუშტზე, იწვევს ალერგიულ და მუტაგენურ ეფექტს.
ადამიანისთვის ტოქსიკურია დღეში 40 მგ მანგანუმი. ლეტალური დოზა დადგენილი არ არის.
– როგორ განისაზღვრება ორგანიზმში მანგანუმის დონე?
– მას, წესისამებრ, ადგენენ სისხლის ან შარდის სპეციალური ანალიზით. მონაცემების მიღება შესაძლებელია თმის ან ფრჩხილების ანალიზითაც.
დანამატები
– რას გვეტყვით მანგანუმის დანამატების შესახებ?
– ვინაიდან მანგანუმი ბევრ მეტაბოლურ პროცესში მონაწილეობს, მისი დანამატების სარეკლამო დაპირებებიც მრავალფეროვანია: ამაღლებს განწყობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ზრდის ნაყოფიერებას... იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ მანგანუმის დანამატებს მივიღებთ, წამალი აღარ დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, ასე არ არის. დაავადების სიმპტომების შემსუბუქება ან მისგან განკურნება ამ დანამატებს არ შეუძლია, ეს მედიკამენტების საქმეა. დიეტური დანამატები მხოლოდ კვების ნაკლებობის კომპენსაციას ემსახურება.
რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მანგანუმის გადაჭარბებულ მიღებას, ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
მანგანუმის შემცველი საკვებდანამატები რეკომენდებულია მხოლოდ ამ ელემენტის დეფიციტის დროს და ისინი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა. სხვაგვარად ეს დანამატები ვერავითარ სარგებლობას ვერ მოგვიტანს.
სხვადასხვა ნაერთის – მაგალითად, ასკორბატის, კარბონატის, ციტრატის, სულფატის – სახით მანგანუმს პოლივიტამინური დანამატებიც შეიცავს, ამიტომ ნებისმიერი დანამატის მიღებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
***
მენიუს ნიმუში მანგანუმის დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
საუზმე: 50 გ შვრიის ფაფა (უშაქროდ) ცოცხალი ხილით ან კენკრით (ჟოლოთი, მოცვით, მოცხარით, ბანანით)
სადილი: ერთი ულუფა ბარდის წვნიანი ან ჭარხლის წვნიანი სტაფილოსთან, ხახვთან, ნიორთან, ოხრახუშთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად, ერთი ულუფა მოხარშული ბრინჯი (უმჯობესია ყავისფერი) საქონლის ხორცით ან ქათმის ღვიძლით, მწვანეფოთლოვანი სალათა სოიის სოუსით.
ან
ერთი ულუფა ბოსტნეულის (ბროკოლი, ბადრიჯანი, ბარდა, სიმინდის მარცვლები, პომიდორი) გასპაჩო, ერთი ნაჭერი მთლიანი ჭვავის პური, ტოფუ
ხემსი: ნიგოზი, ნუში, თხილი ან არაქისი
ვახშამი: ერთი ულუფა წიწიბურა, ბოსტნეულის ან ხილის სალათა
ძილის წინ – ერთი ჭიქა პიტნის ან ბარამბოს ჩაი
ჯილდა გაჩეჩილაძე