გატეხილი გულის სინდრომი

გააზიარე:

დიდი ხანია დადგენილია, რომ სულიერ წონასწორობას გულის ჯანმრთელობასთან პირდაპირი კავშირი აქვს. გატეხილი გულის სინდრომი სწორედ ძლიერი სტრესის ფონზე ვითარდება, ამიტომ მას სტრესული კარდიომიოპათიის სახელითაც იცნობენ.  ის პირველად იაპონიაში  აღწერეს 1990 წელს. სასიხარულო კი ის არის, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში პაციენტების უმრავლესობა გულის დაზიანების გარეშე გამოჯანმრთელდება.

რა არის და როგორ ვლინდება

გატეხილი გულის სინდრომს ტაკოცუბოს კარდიომიოპათიასაც უწოდებენ. ეს ტერმინი იაპონური წარმოშობისაა და ასეთი ისტორია აქვს: გულის შეკუმშვის დროს გამოზნექილი პარკუჭი ემსგავსება ტაკო-ცუბოს – ქოთანს, რომლითაც იაპონელი მეთევზეები რვაფეხებს იჭერენ. სინდრომი ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს. საინტერესოა, რომ შემთხვევათა 90%-ზე მეტი 58-დან 75 წლამდე ასაკის ქალებთან არის აღრიცხული – ვარაუდობენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ესტროგენის დონის დაქვეითების გამო გული უფრო მოწყვლადი ხდება ჭარბი ადრენალინის მავნე ეფექტების მიმართ. სხვა რისკფაქტორებად მიიჩნევა შფოთვა, დეპრესია და ნევროლოგიური დაავადებები.

გატეხილი გულის სინდრომის დროს მარცხენა პარკუჭი – გულის მთავარი მტუმბავი საკანი  – დროებით დიდდება, სუსტდება და ადრინდელივით ეფექტურად ვეღარ იკუმშება, მაშინ როდესაც გულის დანარჩენი ნაწილი ჩვეულებისამებრ ან კიდევ უფრო მეტი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. ასეთი ცვლილებების განვითარება მოსალოდნელია ძლიერი სტრესის ფონზე, როგორსაც იწვევს, მაგალითად, საყვარელი ადამიანის ავადმყოფობა ან უეცარი გარდაცვალება, კონფლიქტი, შიში, უბედური  შემთხვევა ან ბუნებრივი კატასტროფა, სიტყვით საჯაროდ გამოსვლა და სასიხარულო ამბის გამო ემოციების მოზღვავებაც კი. ათიდან სამი პაციენტი კი სიმპტომების გაჩენას ვერაფერს უკავშირებს.

სტრესული კარდიომიოპათიის ნიშნები ინფარქტისას ჰგავს. კვლევების თანახმად, იმ ქალების დაახლოებით 5%-ს, რომლებთანაც ინფარქტს ვარაუდობენ, სინამდვილეში სწორედ აღნიშნული პათოლოგია უდასტურდება.

სტრესული კარდიომიოპათიის ყველაზე ტიპობრივი სიმპტომებია ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის უკმარისობა, რაც რეაქციაა სტრესული ჰორმონების სიჭარბეზე. ისინი შესაძლოა აღმოცენდეს ემოციური ან ფიზიკური სტრესის შემდეგ – რამდენიმე წუთში ან რამდენიმე საათში.

გატეხილი გულის სინდრომს ზოგჯერ თან ახლავს არითმია – გულის რიტმის დარღვევა – ან კარდიოგენური შოკი: უეცრად დასუსტებული გული ვეღარ ახერხებს ორგანიზმის საჭიროებისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვას და თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, შესაძლოა, ავადმყოფობა არასახარბიელო შედეგით დასრულდეს.

გატეხილი გულის სინდრომი უმეტესად იკურნება – დაახლოებით ერთ თვეში პაციენტთა უმრავლესობა სავსებით გამოჯანმრთელდება. მცირეა მისი განმეორების საფრთხეც.

გატეხილი გულის სინდრომი შესაძლოა გართულდეს ფილტვებში სითხის დაგროვებით, დაბალი არტერიული წნევით, ჰიპოტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით.

რა იწვევს

გატეხილი გულის სინდრომის უშუალო მიზეზი უცნობია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გულის დაზიანებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს სტრესული ჰორმონების, კერძოდ, ადრენალინის დიდი რაოდენობით გამოყოფა, რაც  ბიძგს აძლევს გულის კუნთის უჯრედებში ან გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში ისეთი ცვლილებების განვითარებას, რომლებიც მარცხენა პარკუჭს შეკუმშვაში უშლის ხელს და დროებით არღვევს გულის მტუმბავ ფუნქციას.

როგორ სვამენ დიაგნოზს

გატეხილი გულის სინდრომი დროს ელექტროკარდიოგრაფია ზოგჯერ ისეთივე ცვლილებებს ავლენს, როგორიც ინფარქტისთვის არის დამახასიათებელი. ამის შემდეგ ტარდება გამოსახვითი და სხვა ტიპის კვლევები ინფარქტის გამოსარიცხავად. სისხლის ანალიზი არ ავლენს გულის დაზიანების ნიშნებს.

ექოკარდიოგრაფიულად ან სხვა გამოსახვითი მეთოდების გამოყენებით ამოწმებენ, გადიდებული ხომ არ არის გული ან ხომ არ აქვს გატეხილი გულის სინდრომისთვის დამახასიათებელი უჩვეულო ფორმა. ამასთან ერთად, ჩანს გულის მარცხენა პარკუჭის უჩვეულო მოძრაობაც.

ზოგჯერ კორონარულ ანგიოგრაფიას მიმართავენ. ეს არის კვლევა, რომელიც სპეციალური საღებავისა და რენტგენის სხივების გამოყენებით ტარდება და კორონარული არტერიების შიგნით არსებულ მდგომარეობაზე იძლევა წარმოდგენას. გატეხილი გულის სინდრომის დროს კორონარული არტერიები დახშული არ არის, მაშინ როდესაც მათი დახშობა ინფარქტის ყველაზე ხშირი მიზეზია.

სტრესული კარდიომიოპათიის დადასტურების შემთხვევაში გულის მდგომარეობას, წესისამებრ, ერთი თვის შემდეგ ამოწმებენ ექოკარდიოგრაფიით.

როგორ მკურნალობენ

გატეხილი გულის სინდრომის სტანდარტული მკურნალობა შემუშავებული არ არის. ტაქტიკა ემყარება სიმპტომების სიმძიმეს და გართულებების არსებობა-არარსებობას, მაგალითად, ითვალისწინებენ, აქვს თუ არა პაციენტს დაბალი არტერიული წნევა ან ფილტვებში სითხე. კლინიცისტები ხშირად რეკომენდაციას უწევენ გულის უკმარისობის სამკურნალო სტანდარტულ მედიკამენტებს: ბეტა-ბლოკერებს, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენების ინჰიბიტორებს და შარდმდენ საშუალებებს, რათა შეაცირონ გულზე დატვირთვა და შემდგომი შეტევა თავიდან აიცილონ. ქირურგიულ ჩარევას ასეთ დროს არ მიმართავენ.

გრძელვადიანი მკურნალობის შესახებ მცირერიცხოვანი მონაცემების მიუხედავად,  ადრენალინის ან სტრესის სხვა ჰორმონების ეფექტების შესამცირებლად და გატეხილი გულის სინდრომის ხელახალი განვითარების თავიდან ასაცილებლად ბეტა-ბლოკერების მიღება შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. სასურველია სტრესის (ფიზიკურის, ემოციურის) შემცირებაც – მან შესაძლოა გამშვები როლი შეასრულოს ამ მდგომარეობის განვითარებაში.

ღონისძიებები, რომლებიც ემოციურ სტრესს ამცირებს და ამით გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თავიდან გვაცილებს გატეხილი გულის სინდრომის განვითარების რისკს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: