შხაპის წესები - რა გვეშლება შხაპის მიღებისას
გააზიარე:
ხანგრძლივი და დაძაბული დღის შემდეგ მოსადუნებლად – ცხელი შხაპი, დილაობით კი – გრილი გამოსაფხიზლებლად. ასეთია ჩვენი ყოველდღიური რუტინა. თითქოსდა მარტივი ჰიგიენური პროცედურაა, მაგრამ თურმე შეიძლება, ამ დროსაც შეგვეშალოს რაღაც და კანი და თმა დავიზიანოთ.
მოდი, ვნახოთ, რას გვირჩევენ დერმატოლოგები, რა უნდა გავითვალისწინოთ შხაპის მიღებისას.
იდეალური ტემპერატურა
სამედიცინო თვალსაზრისით, შხაპისთვის იდეალური ტემპერატურა 32-დან 37 გრადუსამდეა. წყლის ტემპერატურა საგრძნობლად არ უნდა აღემატებოდეს სხეულისას.
მეტისმეტად ცხელი შხაპი კანს აზიანებს – ჩამორეცხავს მის დამცავ ლიპიდური შრეს, ანადგურებს კანის ფლორას და კანის უჯრედებში მეტაბოლურ პროცესებს ანელებს.
ასე რომ, ცხელი შხაპი კანს არა მხოლოდ აშრობს, არამედ უფრო დაუცველსაც ხდის ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ. შედეგად ვითარდება კანის ინფექციები, სიწითლე, ქავილი, ეგზემაც კი... ცხელ შხაპს განსაკუთრებით უნდა ერიდონ ისინი, ვისაც აკნე ან როზაცეა აქვს.
სიხშირე
კანის დაცვის საუკეთესო გზა მისი დაზოგვა, ზედმეტი სტრესისგან თავის არიდებაა, რადგან კანის ზედა ფენა ძალიან მგრძნობიარეა. კანის მიკრობიომა, რომელიც სოკოებისა და ბაქტერიებისგან შედგება, ბუნებრივ ბარიერს ქმნის და გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებას ამცირებს, შხაპის ყოველდღიური და არასწორი მიღებისას კი ეს ფარი შესაძლოა ძლიერ დაზიანდეს. შედეგიც არ დააყოვნებს: გაღიზიანება, ინფიცირება, მუწუკები.
სამედიცინო თვალსაზრისით, შხაპის მიღება მიზანშეწონილია ყოველ მეორე დღეს, თუ მეტისმეტად არ ოფლიანდებით ან განსაკუთრებულ გარემოში არ გიწევთ ყოფნა, მაგრამ იღლიები, გენიტალიები და ფეხები სასურველია ყოველდღე დაიბანოთ. თუ ყოველდღიურ შხაპს ამჯობინებთ, ეცადეთ, მისი ხანგრძლივობა შეამციროთ. ყოველდღე ნურც დასაბან საშუალებებს გამოიყენებთ.
ხანგრძლივობა
შხაპის ქვეშ დიდხანს დგომა სასიამოვნოა, მაგრამ სასარგებლო ნამდვილად არ არის. ერთი მხრივ, ხანგრძლივი შხაპი კანს აშრობს, მეორე მხრივ, წყლისა და ენერგიის ხარჯიც იზრდება. ნუ დარჩებით შხაპის ქვეშ 10 წუთზე მეტხანს.
დაიწყეთ თმით
ვინაიდან თმას შედარებით მეტი მოვლა სჭირდება, უმჯობესია, შხაპის მიღება თმის დაბანით დაიწყოთ. ვიდრე ტანს დაიბანთ, თმის ბალზამი და ნიღაბი მოასწრებს თავისი ეფექტის გამოვლენას და თმის ოპტიმალურად დატენიანებას. თუ მოვლის საშუალებებს მალევე ჩამოიბანთ, თმა შესაძლოა უსიცოცხლო და გამომშრალი დარჩეს.
ხშირი და ინტენსიური ბანა არც თმას უხდება – შესაძლოა, მისი სტრუქტურა დააზიანოს, თმა გამოშრეს და გახუნდეს.
ექსპერტები გვირჩევენ, თმა კვირაში ორ-სამჯერ დავიბანოთ და შამპუნიც ზომიერად გამოვიყენოთ. ნუ აიქაფებთ მთლიან თმას, საკმარისია შამპუნი მხოლოდ თმის ძირებში შეიზილოთ, ძლიერ ხეხვასაც მოერიდეთ. ჩამობანისას კი შამპუნი თმის ბოლოებს ნაზად გაასუფთავებს.
ინტიმური ჰიგიენა
ცხელი წყალი, უხეში ღრუბელი და ქიმიური დასაბანი საშუალებები არღვევს საშოს ბუნებრივად დაბალანსებულ გარემოს, არასწორმა და ჭარბმა ინტიმურმა ჰიგიენამ კი შესაძლოა ხელი შეუწყოს სოკოვანი დაავადების განვითარებას, გაზარდოს შარდის ბუშტის ინფექციის რისკი, გამოიწვიოს კანის ქრონიკული გაღიზიანება.
ექსპერტები გვირჩევენ, ინტიმური ადგილები დღეში ერთხელ დაიბანოთ, დასაბანად კი ნელთბილი წყალი და ნეიტრალური PH-ის (4,5-5,5) მქონე საპონი გამოიყენოთ ყოველგვარი არომატიზატორის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულებაც: წინიდან უკან, რათა ანუსის მიდამოში მობინადრე ბაქტერიები საშოში არ მოხვდნენ და ინფექცია არ გამოიწვიონ.
მგრძნობიარეა თავად ანუსის მიდამოც. ქავილი და გაღიზიანება თავიდან რომ აიცილოთ, მის დასაბანადაც ნელთბილი წყალი და ცოტაოდენი დასაბანი საშუალება გამოიყენეთ.
ფეხები
არ დაგავიწყდეთ ფეხების საფუძვლიანად დაბანა. ბევრს ჰგონია, რომ რაკი შხაპის მიღების დროს ფეხები ისედაც წყალშია, სპეციალური დაბანა აღარ სჭირდება. ეს შეცდომაა. ფეხები ყვლაზე მეტად ჭუჭყიანდება, ოფლიანდება, ამიტომ აუცილებლად უნდა დაიბანოთ გელით ან საპნით. არ დაგავიწყდეთ თითებშუა მიდამოები, სადაც ადვილად ჩნდება სოკო.
დასაბანი ღრუბელი
თუ შხაპის დროს ღრუბელს ან ნეჭას იყენებთ, ბოლოს აუცილებლად უნდა გარეცხოთ, უმჯობესია, მაღალი ტემპერატურის წყალში. მნიშვნელოვანია მათი სწორად გაშრობაც: ეცადეთ, ჰაერზე გააშროთ, რადგან ბაქტერიები და სოკოები ნესტიან გარემოში კარგად მრავლდებიან.
კარგი იქნება, თუ სახეხს 3-4 კვირაში ერთხელ გამოცვლით.
გელი
კანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გელის ტიპი. გელების უმეტესობას აქვს ტუტოვანი PH (8-11). ასეთი გელი, ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების შემხვევაში, ანადგურებს კანის დამცავ მჟავოვან ბარიერს და ყოველგვარი მიკრობისთვის იდეალურ ნიადაგს ქმნის.
არც ისეთი გელის გამოყენებაა სასურველი, რომელიც ძლიერ ქაფდება. ასეთი საშუალებები ჭარბად შეიცავს ტენზიდებს – ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს წყალში ცხიმის გახსნას. მისი ხანგრძლივი გამოყენება კანს აშრობს და აუხეშებს. არც ანტიბაქტერიული საპნით ბანაა რეკომენდებული, თუ ის ექიმმა არ დაგინიშნათ.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს. მათ უნდა გამოიყენონ მხოლოდ დერმატოლოგიურად გამოცდილი, ჰიპოალერგენული, ნეიტრალური PH-ის მქონე შხაპის გელები, რომლებიც ნაზად, გამოშრობის გარეშე ასუფთავებს კანს.
გამწმენდ ეფექტს არც გელის ჭარბი გამოყენება ზრდის, პირიქით, აშრობს კანს და აჩენს ნახეთქებს, ამიტომ გელი ზომიერად მოიხმარეთ კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ.
ცივი და ცხელი შხაპის მონაცვლეობა
ცივი და ცხელი შხაპის მონაცვლეობას სამედიცინო თვალსაზრისით მრავალი დადებითი ეფექტი აქვს: ასტიმულირებს შემაერთებელ ქსოვილს კანის ღრმა ფენებში, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას, რითაც აუმჯობესებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს, საუკეთესოა მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აწუხებს.
როგორ ჩავიტაროთ
თბილი და ცივი წყლის ინტერვალები შეიძლება ერთ წუთამდეც გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, წყალი არც მეტისმეტად ცხელი იყოს და არც მეტისმეტად ცივი, ანუ არ იყოს 18 გრადუსზე დაბალი და 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის.
დაიწყეთ ცხელი წყლით ტერფებიდან და ნელ-ნელა მხრებისკენ ამოუყევით, შემდეგ იმავე თანმიმდევრობით შეცვალეთ ცივი წყალი. მიზანი ტემპერატურათა სხვაობის შედეგად სისხლძარღვების შეკუმშვა (ცივი შხაპი) და კვლავ გაფართოებაა (თბილი შხაპი). ეს პროცედურა ძალიან ეფექტურია ვენური უკმარისობის დროს.
შხაპის შემდეგ
შხაპის შემდეგ კანი დასტრესილი და უფრო მგრძნობიარეა. უფრო მეტად რომ არ გააღიზიანოთ, ნუ გაიხეხავთ პირსახოცით, მხოლოდ მიდებით შეიშრეთ. ნურც დატენიანება დაგეზარებათ – ლოსიონი დაამშვიდებს კანს. ოღონდ შეარჩიეთ ის თქვენი კანის ტიპის შესაბამისად.
ჯილდა გაჩეჩილაძე