როგორ მოვუაროთ დაზიანებულ ფრჩხილებს
გააზიარე:
გეცოდინებათ, რამდენი რამ ახდენს გავლენას ფრჩხილების სიჯანსაღეზე. თუ შილაკი გიყვართ, გამოცდილი გექნებათ ცუდად მოხსნილი შილაკის სიმწარე. ან იქნებ მცენარეების გახარება გიტაცებთ, მაგრამ არ იცით, როგორ მოიშოროთ ფრჩხილებში ჩამჯდარი მიწა?
დაზიანებული ფრჩხილის აღდგენა არც ისე ადვილია. გაგიზიარებთ ექსპერტთა რჩევებს იმის შესახებ, როგორ მოუაროთ დაზიანებულ ფრჩხილებს და რა პროცედურებია საჭირო მათ აღსადგენად.
გამოიყენეთ კუტიკულის ზეთი
ვიტამინებით გაჯერებული კუტიკულის ზეთი ფრჩხილების მოსავლელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წაისვით, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კარგად შეიზილეთ დამატენიანებელი ხელის საცხი. ზეთი ფრჩხილებს ვიტამინებით გამოკვებავს, ხოლო საცხი ტენს შეუნარჩუნებს. ტენის დაკარგვა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ფრჩხილი სიჯანსაღეს კარგავს. რეგულარული დატენიანებით კუტიკულის სიჯანსაღეს შეინარჩუნებთ, ხოლო ჯანსაღი კუტიკულა ჯანსაღი ფრჩხილების საწინდარია.
სასურველია, ზეთი შეიცავდეს E ვიტამინს, ქოქოსის ზეთს ან ჟოჟობას ექსტრაქტს, რადგან ეს ინგრედიენტები განსაკუთრებით კარგად აღწევს ფრჩხილში. წაისვით მსუბუქი მასაჟით, დაელოდეთ 1-2 წუთი და ხელის საცხი გადაისვით. მომდევნო 20 წუთის განმავლობაში ხელებს ნუ დაიბანთ.
გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთში ფრჩხილების ჩალბობა ფრჩხილების დატენიანების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იაფი მეთოდია. ყოველდღიურად 10-15 წუთით ჩაალბეთ ფრჩხილები ოთახის ტემპერატურის ზეითუნის ზეთში. ის იდეალურად ატენიანებს ფრჩხილებს. თუ კანის სიმშრალე გაწუხებთ, იგივე პროცედურა ხელის მტევნებსა და ტერფებზეც ჩაიტარეთ.
დაიწყეთ ბიოტინის მიღება
ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანამატია თმის, ფრჩხილებისა და კანის სიჯანსაღისთვის. თუ ფრჩხილები დასუსტდა და მტვრევადი გახდა, შეგიძლიათ, მათ დასახმარებლად ბიოტინის მიღება დაიწყოთ. რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე. შეგიძლიათ, მიიღოთ როგორც მხოლოდ ბიოტინი, ისე მულტივიტამინების კომპლექსიც, რომელშიც ბიოტინიც შედის. არ დაგავიწყდეთ, ფრჩხილს ძირიდან ბოლომდე გასაზრდელად სამი თვე სჭირდება, ამიტომ ნუ დაელოდებით ბიოტინისგან მეყსეულ შედეგს. მოთმინებით დაელოდეთ და შედეგიც არ დააყოვნებს.
ბიოტინს შეგიძლიათ მიახმაროთ ფრჩხილის დამატენიანებელი პროცედურებიც, რაც უფრო უკეთეს შედეგს მოგცემთ.
ჩაიტარეთ კერატინით მკურნალობის პროცედურა
კერატინის პროცედურა თმისთვის უფრო პოპულარულია, თუმცა ფრჩხილებისთვისაც აქტიურად გამოიყენება და საკმაოდ შედეგიანიცაა, როდესაც შელაკის არასწორი მოხსნის გამო ზიანდება ფრჩხილის ფირფიტა.
კერატინი ნატურალური პროტეინია, რომელიც ამაგრებს ფრჩხილებს და მათ ზედაპირს აქერცვლისა და მტვრევისგან იცავს.
კერატინის პროცედურა სალონში ტარდება. განსაკუთრებით უხდება აქერცლილ, გათხელებულ ფრჩხილებს. შეარჩიეთ სანდო სალონი, სადაც ყველა სანიტარული ნორმა დაცულია. თუ ფრჩხილი მეტისმეტადაა დაზიანებული, შესაძლოა, პროცედურის გამეორებაც მოგიწიოთ, მაგრამ შედეგს პირველსავე დღეს შეამჩნევთ.
დაიხმარეთ კოლაგენი
კოლაგენი კანის დაბერებას უშლის ხელს. ის აუცილებელია კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ფრჩხილები კანის დანამატია, ასე რომ, კოლაგენი მათ გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.
არსებობს კოლაგენის შემცველი ფრჩხილის ლაქიც, – სხვადასხვა ფერისა, – რომელიც არა მხოლოდ აჯანსაღებს ფრჩხილს, არამედ დეფექტებსაც ძალიან კარგად ნიღბავს.
გაიკეთეთ მასაჟი და ფრთხილად გაიქლიბეთ
დაზიანებული ფრჩხილის ზედაპირი სამ დღეში ერთხელ გადაიქლიბეთ, ოღონდ აუცილებლად სპეციალური რბილი, ფრჩხილის ზედაპირისთვის განკუთვნილი ქლიბით.
ძალიან ნელა, ზეწოლის გარეშე გაიქლიბეთ აქერცლილი ზედაპირი, მერე კი წაისვით და ნაზი მასაჟით შეიზილეთ ფრჩხილში ის სამკურნალო საშუალება, რომელსაც ხმარობთ.
სწორად მოიშორეთ ლაქი და გელ-ლაქი
შელაკისა და გელ-ლაქის არასწორი ტექნიკით მოხსნა ძალიან აზიანებს ფრჩხილს. თუ სპეციალისტმა ზედმეტად აგაფხიკათ ფრჩხილის ფირფიტა, დიდი ალბათობით, ტკივილს იგრძნობთ, ფრჩხილი გავარდისფრდება და სიფრიფანა გახდება. ამას რამდენიმე არასწორად ჩატარებული პროცედურა იწვევს, ამიტომ კარგად დააკვირდით, რომ სპეციალისტმა ეს შეცდომა არ დაუშვას.
თუ ფრჩხილიდან ლაქის მოსაშორებლად აცეტონს იყენებთ, ამ შემთხვევაშიც სიფრთხილე გმართებთ. ძლიერ კონცენტრირებული აცეტონი ფრჩხილებს აშრობს და მტვრევადს ხდის. აცეტონი დამარბილებელში უნდა იყოს გაზავებული.
თუ უკვე შეიძინეთ მაღალი კონცენტრაციის აცეტონი, შეგიძლიათ, ცალკე დამარბილებელიც იყიდოთ და ბამბის დისკო ორივე მათგანში დაასველოთ ფრჩხილიდან ლაქის მოსაშორებლად.
გამოიყენეთ ხელთათმანები
თუ სახლის დალაგებისას ხელთათმანებს არ იცვამთ, დროა, ჩვევა შეიცვალოთ. ჭურჭლის ხელით რეცხვისას აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები, რადგან სარეცხი საშუალება, ღრუბელი, სახეხი მავთული აზიანებს ფრჩხილებს. ქიმიური საწმენდი საშუალებები, რომლებსაც კედლების, აბაზანის გასახეხად, ავეჯის გასასუფთავებლად ვიყენებთ, დიდ ზიანს აყენებს კანს (ფრჩხილებსაც), ამიტომ ერიდეთ მათთან პირდაპირ კონტაქტს, ხოლო შეხებისას აუცილებლად გეცვათ რეზინის ხელთათმანები.
ფრჩხილის წვერით ნუ ააფხეკთ მიმხმარ საგნებს.
რეზინის ხელთათმანის გამოყენების შემდეგ აუცილებლად დაიტენიანეთ ხელები და მათთან ერთად – ფრჩხილები.
გაითვალისწინეთ: თუნდაც თქვენს ფრჩხილებს ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს და დაზიანების არანაირი ნიშანი არ ეტყობოდეს, თუ შილაკის, დაგრძელების, გელლაკის პროცედურებს რეგულარულად იტარებთ, მაინც სასურველია, განსაზღვრული ინტერვალებით, მაგალითად, ორ თვეში ერთხელ, შეისვენოთ ამ პროცედურებისგან და ჩაიტაროთ ან გამაჯანსაღებელი მკურნალობა კერატინით, ან უბრალოდ ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, კარგად დაიტენიანოთ ფრჩხილები.
ლიკა ქათამაძე