ეთერზეთები თმის სიჯანსაღისთვის
გააზიარე:
ეთერზეთები მცენარეებისგან მიიღება მათი დისტილაციის ან აორთქლების გზით. ისინი უმთავრესად არომატულობის წყალობითაა ცნობილი, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებასაც შეიცავს.
სასარგებლო თვისებების სიმრავლისა და გვერდითი ეფექტების სიმცირის გამო ეთერზეთები ფართოდ გამოიყენება ალტერნატიულ მედიცინასა და ჰომეოპათიაში.
თმის გაჯანსაღების უნარი მათი ერთ-ერთი სასარგებლო თვისებაა. სხვადასხვა ეთერზეთს სხვადასხვა ეფექტის მოხდენა შეუძლია თმაზე, ზრდით დაწყებული, ბზინვარებისა და ძალის მინიჭებით დამთავრებული.
ლავანდა
ლავანდის ეთერზეთი აჩქარებს თმის ზრდას. ამასთან, აქვს ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებებიც, რითაც ხელს უწყობს თავის კანის გაჯანსაღებას.
შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი სამ სუფრის კოვზ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს და წაისვით თავის კანზე. ათი წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-3-ჯერ შეიძლება. შედეგად ჯანსაღ თავის კანს და სწრაფად მზარდ ჯანსაღ თმას მიიღებთ (თუ რაიმე პრობლემა არ გაქვთ, რომელსაც მხოლოდ ლავანდის ეთერზეთი ვერ მოაგვარებს).
პიტნა
პიტნის ეთერზეთი წიწკნის და გაგრილების შეგრძნებას იწვევს. ის აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და, ამის კვალობაზე, თმის ზრდას. ცდებმა აჩვენა, რომ პიტნის ეთერზეთს შეუძლია გაზარდოს თმის ფოლიკულების რაოდენობაც.
შეურიეთ ორი წვეთი პიტნის ეთერზეთი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთს, შეიზილეთ თავის კანში და 5 წუთი გაიჩერეთ, მერე კი შამპუნით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურაც კვირაში 2-ჯერ არის რეკომენდებული.
როზმარინი
თუ თქვენი მიზანი თმის გასქელება და ზრდის დაჩქარებაა, როზმარინის ეთერზეთი ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ უჯრედთა ზრდის ხელშემწყობი თვისებების გამო.
ცდებმა აჩვენა, რომ როზმარინის ეთერზეთს იგივე მოქმედება აქვს, რაც მინოქსიდილს, რომელიც თმის ზრდის ხელშემწყობი ცნობილი საშუალებაა, ოღონდ როზმარინის ექსტრაქტი არ იწვევს თავის კანის ქავილს და სხვა გვერდითი მოვლენებიც ნაკლებად აქვს გამოხატული.
შეურიეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ან ქოქოზის ზეთს და თავის კანში შეიზილეთ. გაიჩერეთ 10 წუთი და შამპუნით ჩამოიბანეთ. საუკეთესო შედეგისთვის პროცედურა კვირაში 2-ჯერ გაიმეორეთ.
კედარი
კედრის ეთერზეთს ცხიმის წარმომქმნელი ჯირკვლების აქტივობის დაბალანსება შეუძლია. ამის წყალობით ის ამცირებს თმის ცვენას და ხელს უწყობს მის ზრდას. გარდა ამისა, აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები და ქერტლსაც შველის.
კედრის ეთერზეთს, როზმარინსა და ლავანდასთან ერთად, ალოპეციის დროს თმის ცვენის საწინააღმდეგოდაც იყენებენ.
შეურიეთ რამდენიმე წვეთი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთს და თავის კანზე წაისვით. გაიჩერეთ 10 წუთი და შამპუნით ჩამოიბანეთ.
ბეგქონდარა
ბეგქონდარას ეთერზეთი ასტიმულირებს თავის კანს და ამცირებს თმის ცვენას. ალოპეციის სამკურნალოდ მასაც იყენებენ.
ბეგქონდარას ეთერზეთი სხვებთან შედარებით ძლიერმოქმედია, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ორი წვეთი. შეურიეთ ორ სუფრის კოვზ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს და თავის კანზე წაისვით. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. მითითებულ დროს არ გადააჭარბოთ.
სალბი
სალბის ეთერზეთი, ლავანდის ეთერზეთის მსგავსად, შეიცავს ლინალილის ბოჭკოს, რომელიც ძალიან უწყობს ხელს თმის ზრდას. მას თმის ღერების გაძლიერებაც შეუძლია.
შეურიეთ 3 წვეთი სალბის ეთერზეთი თქვენს საყვარელ თმის კონდიციონერს ან 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს. თუ ამ ნარევს ყოველდღიურად გამოიყენებთ, რაც ნებადართულია, მაშინ მხოლოდ 2 წუთი გაიჩერეთ თავზე და ჩამოიბანეთ, თუ მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ, შეგიძლიათ, 10 წუთიც გაიჩეროთ.
ჩაის ხე
ჩაის ხის ეთერზეთს ძლიერი გამწმენდი, ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებები აქვს. გარდა ამისა, ის ხელს უშლის თმის ღერების შეწებებას და ვარცხნას აადვილებს.
ჩაის ხის ეთერზეთიც, ბეგქონდარას მსგავსად, ძლიერმოქმედია, ამიტომ ზედმიწევნით უნდა მიჰყვეთ გამოყენების ინსტრუქციას.
ჩაის ხის ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება ქერტლის საწინააღმდეგოდ.
თუ ეტიკეტზე სხვა რამ არ არის მითითებული, ჩაის ხის ეთერზეთის გამოყენების ყველაზე გავრცელებული წესი ასეთია: შეურიეთ 10 წვეთი თქვენს საყვარელ შამპუნს ან კონდიციონერს და შესაბამისად გამოიყენეთ. შეგიძლიათ, 3 წვეთი შეურიოთ 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს და თავის კანში შეიზილოთ, 15 წუთის შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანოთ.
ილანგ-ილანგი
თუ ცხიმიანი კანი და თმა გაქვთ, ილანგ-ილანგი სათქვენო არ არის, მშრალი თმისა და კანის პატრონებისთვის კი ის მისწრებაა. ილანგ-ილანგის ეთერზეთი კანს ცხიმის გამომუშავებაში ეხმარება, ამიტომ შესანიშნავად ასრულებს დამატენიანებლის ფუნქციას.
ცხიმის ნაკლებობა თმას აშრობს და სიმყიფეს სძენს, ილანგ-ილანგის ეთერზეთი კი მას ცხიმიანობის აღდგენაში ეხმარება და სიმტკიცეს მატებს.
შეურიეთ 5 წვეთი 2 სუფრის კოვზ გამთბარ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს, თმაზე წაისვით და თავი თბილი პირსახოცით შეიხვიეთ. 30 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
თუ თავის კანის სიწითლე, თმის ცვენა, ქავილი გაწუხებთ, ეთერზეთების გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია, რათა ძირითადი პრობლემა მოაგვაროთ, მერე კი თამამდ შეგიძლიათ იზრუნოთ თმის გაჯანსაღებაზე ეთერზეთების საშუალებით.
ლიკა ქათამაძე