ვახტანგ ხუციძე – პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

თავდაპირველად სამხატვრო აკადემიაში უნდოდა სწავლა, მერე მარჯანიშვილის თეატრში საკუთარი სურვილით უკეთებდა გრიმს ცნობილ მსახიობებს, ეპიზოდური როლიც კი ითამაშა სპექტაკლში, მაგრამ საბოლოოდ მედიცინის მსახურად მოევლინა სამშობლოს.

ჯერ კიდევ 1956 წელს, სიახლეებისადმი მკაცრი დამოკიდებულებით გამორჩეულ საბჭოთა პერიოდში, წარმატებულმა ოტორინოლარინგოლოგმა ვახტანგ ხუციძემ ახალგაზრდა მსახიობ ქალს კანის გარეგანი განაკვეთის გარეშე გაუკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ექიმის პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და რინოპლასტიკის დახურულმა მეთოდმა ბატონ წოპეს დიდი აღიარება მოუტანა.

ხელოვნება და მედიცინა

ვახტანგ ხუციძე 1923 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. მისი მშობლები თბილისში, პაპანინზე (ახლანდელ სარაჯიშვილზე) ცხოვრობდნენ. ქალაქის ორომტრიალით გადაღლილებს, ცაგერის რაიონში დასვენება გადაუწყვეტიათ. ვახტანგის დედას სწორედ იქ, ნაადრევად დასწყებია მშობიარობა და პირველი ვაჟი ახვლედიანების ოჯახში, მწერალ აკა მორჩილაძის ბაბუის სახლში გაუჩენია.

ხუციძეებს მეორე შვილიც ჰყავდათ – შიო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

დედა, ლინა ჩარკვიანი, ლამაზი და ჭკვიანი ქალი ყოფილა, პროფესიონალი მოჯირითე, არაჩვეულებრივად კერავდა და უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. ალბათ სწორედ ამის დამსახურება იყო უფროსი ვაჟის გურმანობა და თავისუფალ დროს კულინარიული ექსპერიმენტებით გატაცება.

მამას ვახტანგი ასე იგონებდა: “კარგი ფარმაცევტი იყო, ვერაზე მე-9 აფთიაქის პროვიზორი გახლდათ. სასწაული რეცეპტები იცოდა! ვნანობ, რომ არ შევინახე... წელის დასაზელი საშუალება ჰქონდა ისეთი, რომ სულ ნაპერწკლებს გაყრევინებდა თვალებიდან, მაგრამ უებარი”.

– სკოლაში სოლოლაკში დადიოდა. ეროსი მანჯგალაძე, მედეა იაშვილი მისი კლასელები და მეგობრები იყვნენ, – გვიყვება ექიმის ქალიშვილი მაია ხუციძე, – იქვე ცხოვრობდა მისი პირველი სიყვარულიც, პარალელურკლასელი გოგონა. ერთხელ ვერ მოითმინა და პირდაპირ ტუჩებზე აკოცა, მერე კი, ემოციით სავსე, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ამ გრძნობაზე, საკმაოდ აღელვებულმა, 88 წლისამ მიამბო... მეშვიდე კლასამდე თანატოლებზე მაღალი იყო, რის გამოც მეგობრებმა წოპე შეარქვეს. საბოლოოდ მამა საშუალო სიმაღლის გაიზარდა, თუმცა მეტსახელი სამარკო ნიშანივით ცხოვრების ბოლომდე შერჩა. ხშირად პაციენტებიც კი “ბატონო წოპეთი” მიმართავდნენ, მაგრამ არ სწყინდა.

ოცნებობდა, გამხდარიყო მხატვარი, მძერწავი, მოქანდაკე, მით უმეტეს, საამისოდ ყოველგვარი მონაცემი ჰქონდა. ხატავდა ზეთში, ფანქრით და პასტელით. რამდენიმე პერსონალური გამოფენაც გამართა. 15-16 წლისა იქნებოდა, სტადიონის ბილეთები რომ დაუხატა უბილეთოდ დარჩენილ მეგობრებს...

სამამულო ომმა მისი გეგმები შეცვალა. ქვეყანას ექიმები სჭირდებოდა და მანაც 1941 წელს სამხატვრო აკადემიის ნაცვლად თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. თავიდან ცოტას ყალთაბანდობდა, სწავლისთვის თავს დიდად არ იწუხებდა, თუმცა გულწრფელობითა და იუმორით სავსემ ლექტორებს მალე შეაყვარა თავი. მისი ნახატები ანატომიის კათედრაზე იშვიათი ატლასების მსგავსად პატივით ინახებოდა.

მაია ხუციძე:

– უახლოესი მეგობრები სწორედ ინსტიტუტში შეიძინა. იმ პერიოდში მისი ოჯახი ვერაზე, ბარნოვზე გადავიდა საცხოვრებლად და ჯგუფელების ნაწილი მისი მეზობელი აღმოჩნდა. ასე დაიწყო, მაგალითად, ლევან ჭაჭიაშვილთან მეგობრობა, რომელმაც 70 წელიწადს გასტანა. ლევანი, ბაადურ რაჭველიშვილი, ზურაბ (ზუბა) ზოდელავა, გივი ბეგიაშვილი (მეგობრების წრეში – ბეგემოტა), რეზო ხოფერია, დევი დათეშიძე, უსაყვარლესი კორნელი კეკელიძე და კოტე მადიჩი (ჩემი ნათლია), მერი გელოვანი, ეთერ მოდებაძე, ჟუჟუნა ბახტაძე, ნანო თუხარელი, ლეილა ტყემალაძე... ყველანი გამორჩეული ნიჭის, ბუნების, განათლების ადამიანები იყვნენ. ეთერიკო მოდებაძესა და მამაზე დღემდე საოცარ ისტორიებს ჰყვებიან, თუნდაც იმას, როგორ ცეკვავდნენ ქართულს გაუნძრევლად, მხოლოდ მიმიკით... ხშირად დგამდნენ თეატრალურ სკეტჩებს, არ ერიდებოდნენ იმპროვიზაციას.

მსახიობობა მამამ მარჯანიშვილის თეატრში მოსინჯა. სტუდენტობისას სტატისტად იმუშავა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ საგრიმიოროში უფრო ჩანდა მისი ოსტატობა (არაჩვეულებრივად აკეთებდა გრიმს), ვიდრე სცენაზე. იმ პერიოდში დაუმეგობრდა გოგი გელოვანს, დოდო აბაშიძეს, ზურაბ ლეჟავას. ბატონი პლატონ ლეჟავა და ქალბატონი მელიხან ლორთქიფანიძე, ზურაბის მშობლები, გადასარევად მღეროდნენ. სწორედ მათთან სტუმრობისას სწავლობდნენ მამა და მისი მეგობრები საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს.

პირველი ნაბიჯები

– ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ორი წელი უშიშროების სამინისტროს სანიტარული განყოფილების პოლიკლინიკის ექიმ-თერაპევტად იმუშავა, მერე ახლო მეგობრის, ენდოკრინოლოგ გაიოზ ვადაჭკორიას ხელშეწყობით ენდოკრინოლოგიაში მოსინჯა ძალა, საბოლოოდ კი, ბაადურ რაჭველიშვილის რჩევით, საკუთარი თავი ოტორინოლარინგოლოგიაში იპოვა. ასე დაიწყო ყველაზე საინტერესო და მხიარული, პროფესიული და სპორტული შეჯიბრებებით, ახალი ურთიერთობებით და დადებითი ემოციებით სავსე ათი წელიწადი ქალაქის პირველი კლინიკური (არამიანცის) საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში, რომელსაც პროფესორი გიორგი ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა. მამა ყოველთვის მოწიწებით იხსენებდა ბატონ გიორგის და თავის მასწავლებლად მიაჩნდა. მან შეასწავლა ახალგაზრდა ექიმს დარგის ანბანი და ფართოდ გაუღო ქირურგიის კარი.

ექვსი თვის განმავლობაში ესწრებოდა ხელმძღვანელის ოპერაციებს და თეორიულ ცოდნასთან ერთად საკუთარი თვალით ნანახ შემთხვევებს დიდი სიზუსტით იბეჭდავდა გონებაში.

ოტორინოლარინგოლოგიაში დარჩენა საბოლოოდ ერთმა შემთხვევამ გადააწყვეტინა. განყოფილებაში პაციენტი შემოიყვანეს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებით. სპეციალისტებმა გასინჯეს, მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუსვეს. მხოლოდ წოპემ, ახალმისულმა ორდინატორმა, შეამჩნია და ამოუღო წურბელა, რომელიც წყაროდან წყლის სმის დროს ხახაზე მიჰკრობოდა. ამ შემთხვევამ მამას საკუთარი ძალების რწმენა შემატა.

პირველი ოპერაციის ჩატარება კლინიკაში მისვლიდან დაახლოებით ნახევარ წელიწადში ანდეს. თამამად აიღო ხელში სკალპელი და განაკვეთი გააკეთა... შუა ოპერაციის დროს სხვა პაციენტს სასწრაფოდ დასჭირვებია ექიმების დახმარება და საოპერაციო მაგიდასთან მხოლოდ ოპერატორი და ექთანი დარჩენილან. ახალბედა ექიმი არ დაბნეულა, მშვიდად დაუსრულებია საქმე და უკან დაბრუნებული თანამშრომლები სასიამოვნოდ გაუოცებია ჩატარებული ოპერაციის შედეგით.

ამ შემთხვევამ დიდი ნდობა მოუპოვა ხელმძღვანელის თვალში. სწორედ აქედან დაიწყო ლარინგოლოგიაში წოპეს აღმასვლა, სულ მალე ისე დახელოვნდა ნუშურების ამოჭრაში, რომ საკუთარი ტექნიკაც კი დანერგა ოპერაციის შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად: ჯირკვლების ამოჭრის შემდეგ ჭრილობაზე ლიგატურებს ადებდა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავდა სისხლდენას (ეს უკანასკნელი, მოგხსენებათ, ნუშურების ამოკვეთის ხშირი გართულება იყო). სახელი იმანაც გაუთქვა, რომ ცნობილმა პროფესორმა, თერაპევტმა, გრიგოლ (გიგუცა) დიდებულიძემ, თავისი ქალიშვილის, შემდგომში არაჩვეულებრივი პედიატრის, ჯანიკო დიდებულიძის ტონზილები ვახტანგს, იმხანად ჯერ კიდევ დამწყებ ლარინგოლოგს, ანდო.

ზურაბ ხუციძე, ვახტანგ ხუციძის ვაჟი:

– ყველა ასაკის პაციენტები ჰყავდა, მუშაობდა უნარკოზოდ, ადგილობრივი ანესთეზიით. ტონზილექტომიაზე მისულ ბავშვებს ხან დაყვავებით, ხანაც შეშინებით აიძულებდა პირის გაღებას. სამსახიობო ნიჭი მცირეწლოვან პაციენტებთან მუშაობას უადვილებდა. ისეთ გამაოგნებელ სცენას გაითამაშებდა ხოლმე, რომ ბავშვი მოულოდნელობისგან პირს აღებდა. თუ პაციენტი ზედმეტად ჭირვეული იყო, მამა ოთახში როხროხით შედიოდა, აქაოდა ძალიან გაბრაზებული ვარ, რატომ არ დგას ჩემი სკამი თავის ადგილზეო?! პატარებიც გაკვირვებისგან პირს აღებდნენ და ოპერაციის დასრულებამდე მონუსხულები ისხდნენ.

ახდენილი ოცნება

მამა ხშირად აღნიშნავდა, პლასტიკა ნებისმიერი დარგის ქირურგს უნდა აინტერესებდესო. არც თავად ყოფილა გამონაკლისი. ჯერ კიდევ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობისას ხშირად ოცნებობდა პაციენტების ცხვირებისა და ყურების შელამაზებაზე, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება ორმოცდაათიან წლებამდე არ მიეცა. ბოლოს ბედმა გაუღიმა და ახალგაზრდა მსახიობი გოგონა რინოპლასტიკისთვის თავად ეწვია ყაზბეგიდან. მისი აზრით, სწორედ ულამაზო ცხვირი უშლიდა ხელს წარმატებულ სამსახიობო კარიერაში. რისკი დიდი იყო, მაგრამ მამა სიახლეს არასდროს უშინდებოდა. და აი, 1956 წელს 33 წლის ვახტანგ ხუციძემ საქართველოში პირველად ცხვირის პლასტიკური ოპერაცია ჩაატარა. შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ, ბედნიერი პაციენტის შემხედვარე, თავად ექიმიც ვერ მალავდა კმაყოფილებას. მან მსახიობი ქალის მშვენიერი სახე არა თიხისგან, როგორც ამას ხშირად აკეთებდა, არამედ ცოცხალი ქსოვილებისგან გამოძერწა.

მამა პერფექციონისტი იყო და მუდამ იდეალისკენ ილტვოდა. სწორედ ამან განაპირობა, რომ, ქირურგებისგან განსხვავებით, მან პირველივე ოპერაციაზე უარი თქვა კანის გარეგან გაკვეთაზე და პრაქტიკაში დანერგა ესთეტიკური რინოპლასტიკის ენდონაზალური (დახურული) მეთოდი. მიღწეულს არასდროს სჯერდებოდა. მუდამ ეძებდა და ხვეწდა ესთეტიკური რინოპლასტიკის ისეთ მეთოდებს, რომლებიც არ დაარღვევდა პაციენტის სახის ინდივიდუალობას, მის ხასიათს და, წარმოიდგინეთ, მის ფიზიოგნომიკასაც კი. გონებაში ხატავდა მის ახალ, ვირტუალურ სახეს და თუ საქმე მოითხოვდა, არა მხოლოდ ცხვირის, არამედ ცხვირის ქვედა მიდამოსა და ნიკაპის კორექციასაც უყოყმანოდ აკეთებდა, ცხადია, პაციენტთანვე შეთანხმებით.

“ერთი უკრაინელი პაციენტი მყავდა, – ვკითხულობთ მის პირად ჩანაწერებში, – ულამაზესი ქალი, გვარად შტოკალო. ცხვირიც ლამაზი ჰქონდა, ტანიც და ფეხიც, მაგრამ თავისებური ქალი იყო, განებივრებული. თავისი გაიტანა და ცხვირი დამაპატარავებინა. კმაყოფილი წავიდა, მაგრამ 6 თვეში დაბრუნდა – ახლა კეხი გამიკეთეო. ამაზეც დამითანხმა. ერთი წელი გავიდა და ისევ ჩამოფრინდა – ახლა ისეთი ცხვირი მინდა, რომ მტაცებელ ფრინველს დავემსგავსო, დიქტორობას ვაპირებ და მაყურებელი უნდა მოვნუსხოო. პატარა ცხვირისგან მიმინოს ნისკარტი როგორ გამომივიდა, თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ამის მერე აღარ ჩამოსულა – ეტყობა, კმაყოფილია”.

მამას მრავალი ოპერაცია აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სახის სხვადასხვა ანატომიური წყობისა და თავისებური ფსიქიკის ადამიანებთან. იგი კოლეგებს უშურველად უზიარებდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას და, უკიდურესად თავმდაბალი, თვითონაც ეზიარებოდა პლასტიკური ქირურგიის მსოფლიო მიღწევებს. კვირის პირველ სამუშაო დღეს პაციენტების მიღებას უთმობდა. ერთ ასეთ ორშაბათს მასთან ზესტაფონელი ბიჭი მისულა. ამ კაცს ყველაზე გრძელი ცხვირი ჰქონდა ჩემს პრაქტიკაშიო, იხსენებდა შემდეგ, ქართველი სირანო დე ბერჟერაკი იყოო. მამამ ოპერაცია გაუკეთა და პაციენტი კმაყოფილი გაუშვა სახლში. 20 წლის შემდეგ, იმავე სახით და იმავე ცხვირით, მას სხვა ახალგაზრდა გამოეცხადა, რომელიც იმ პაციენტის შვილი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მამამ მასაც გაუკეთა ოპერაცია და სხვებივით გააბედნიერა.

1959 წელს მეოთხე საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა ახალი განყოფილება, რომლის ხელმძღვანელობა ვახტანგ ხუციძეს დაევალა. 1983 წელს ე. ფიფიას სახელობის ამიერკავკასიის რკინიგზის კლინიკურ საავადმყოფოში დაავადებულ ლორ-ორგანოთა (ყელ-ყურ-ცხვირის) და პლასტიკური ქირურგიის განყოფილების გამგედ დანიშნეს. 1996 წელს განყოფილება გამოეყო საავადმყოფოს და ვახტანგ ხუციძემ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა “წოპე” დააარსა. კვირაში 20-25 ოპერაციას აკეთებდა. ასე იქცა ლეგენდარული წოპედ, რომელსაც იცნობდა, აღიარებდა და პატივს სცემდა ექიმთა საზოგადოება.

ბატონი ვახტანგის შემოქმედებითი ცხოვრება 50 ათასზე მეტ ოპერაციას და უწყვეტი დატვირთული მუშაობის 55 წელიწადს ითვლის. უკანასკნელი ოპერაცია მან 2011 წელს, 88 წლისამ ჩაატარა.

მიღწევები საზღვარგარეთ

1963 წ. – ექიმი წოპე თანამშრომლობს პრაღაში პროფ. ბურიანის სახელგანთქმულ კლინიკასთან (რინოპლასტიკა).

1965 წ. – მეხიკოში ოპერაციას ატარებს პლასტიკური ქირურგიის ცნობილ სპეციალისტთან ალეხანდრო დელ რიოსთან ერთად (რინოპლასტიკა).

1967 წ. – იაპონიაში განცვიფრებაში მოჰყავს ექიმი ფუმიო უმეძავა და მისი კოლეგები ცნობილი “კავკასიური” ცხვირების სასწაულებრივი სახეცვლილების დამონსტრირებით, ითვისებს აზიური დაბალი ცხვირის პლასტიკას ნეკნის ტრანსპლანტანტით.

1970 წ. – საფრანგეთში თანამშრომლობს ცნობილ პარიზელ ქირურგთან ლუი ვიდალთან (რინოპლასტიკა, სახისა და სხეულის პლასტიკა).

1985 წ. – აშშ-ში თავის გამოცდილებას უზიარებს პლასტიკური ქირურგიის აღიარებულ სპეციალისტებს: პროფ. ჯონ სინელის კორნელის უნივერსიტეტის დოქტორებს რენდოლფ ჰარისსა და რობერტ შურეგერს; საქართველოში ჩამოაქვს და ნერგავს სახესა და სხეულზე ჩასატარებელი ლიპოსაქციის ტექნოლოგიას.

1998 წ. – დახურული რინოპლასტიკის მეთოდებს უზიარებს ნიურნბერგში მოღვაწე ცნობილ პლასტიკურ ქირურგებს დოქტორ თომას რიმანსს და პროფ. ნიცშეს, რომლებიც აღფრთოვანებით ნერგავენ თავიანთ პრაქტიკაში წოპეს თამამ ხელწერას.

პირადი ჩანაწერებიდან

ახლა რომ ვიხსენებ, თავის საიდუმლოებებს ყველა სიამოვნებით მიზიარებდა, ალბათ იმიტომ, რომ კონკურენტი არ ვიყავი: ტოკიოში – ექიმი ფუმიო, პარიზში – ექიმი ვიდალი, მექსიკაში – ალეხანდრო დე რიკა. ალეხანდრო გენიალური ქირურგი იყო. ბევრი რამ მაჩვენა და მასწავლა... რესტორანშიც დაგვპატიჟა მე და ნუნუ. მივირთმევდით შემწვარ მანგოს და ვუსმენდით არაჩვეულებრივ ტრიოს – “ლოს მეხიკოს”, რომელმაც ჩვენს პატივსაცემად “თბილისო” შეასრულა. დაუვიწყარი საღამო იყო!

კიდევ ის გამახსენდა, კუბაში რომ ვიყავით. საოცარი ქვეყანაა – ყველა ცეკვავს, ქალი თუ კაცი. ქუჩაში მიდიან და ცეკვავენ. არ შეიძლება, არ აგიყოლიოს ამ განწყობამ... ერთ ვახშამზე ისე მოვილხინეთ, რომ მაგიდაზე მეც ავედი და ვიცეკვე...

მომავალი მეუღლე ვახტანგ ხუციძემ პირველად საკუთარ კაბინეტში, პაციენტის ამპლუაში იხილა. თვალისმომჭრელად მშვენიერი ნუნუ ხარებავა დედასთან ერთად ჯერ ნუშურების ამოსაჭრელად, მერე კი ჰაიმორიტის სამკურნალოდ ეწვია ექიმს. ასე დაიწყო სიყვარულის ორმოცდაცხრაწლიანი ისტორია, რომელიც მაია და ზურაბ ხუციძეების დაბადებით დაგვირგვინდა.

ვახტანგ ხუციძე 2012 წლის 12 დეკემბერს, 89 წლისა გარდაიცვალა. განისვენებს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სახელმოხვეჭილმა ექიმმა საძირკველი ჩაუყარა საქართველოში პლასტიკური ქირურგიის სკოლას. მას ბევრი მოსწავლე ჰყავს აღზრდილი. მამის კვალს გაჰყვა მისი ვაჟიც – ექიმი ზურაბ ხუციძე, გენეტიკურად დაჯილდოებული მხატვრის თვალით, მძერწავი ქირურგის ნატიფი ხელით და მამას რომ არ ჩამოუვარდება, ისეთი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს კლინიკა “წოპეს”.

მარი მარღანია

გააზიარე: