გაბრიელ ქობულია – მთავარი ექიმის ეტალონი
გააზიარე:
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა გაბრიელ (გაბო) ქობულიას გარდაცვალებიდან, მაგრამ ის დღესაც მთავარი ექიმის ეტალონად მიაჩნიათ.
გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია გამორჩეული ქართველი ექიმების ცხოვრებას სწავლობს და მათ შესახებ საინტერესო ამბებს აგროვებს. ამჯერად ის გაბო ქობულიაზე მოგვითხრობს:
– გაბრიელ ქობულია ქუთაისში დაიბადა 1912 წელს. მამამისი, ისიდორე ქობულია, რკინიგზელი იყო. გაბომ ბავშვობა ქუთაისშივე გაატარა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ექიმობა მოინდომა და თბილისში, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა, უფრო ზუსტად, თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც მალე ცალკე ინსტიტუტად გადაკეთდა.
ექიმის დიპლომი გაბომ 1934 წელს აიღო. ექვსი წლის განმავლობაში ფოთში მუშაობდა: იყო წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ტრესტ “კოლხიდმშენის” უფროსი ინსპექტორ-ექიმი, ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი და თერაპიული განყოფილების გამგე, სამედიცინო ტექნიკუმის დირექტორი...
მეორე მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ევაკოჰოსპიტლის უფროსად დანიშნეს. მალე საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისრის (დღევანდელი მინისტრის ეკვივალენტური თანამდებობა) მოადგილე გახდა კადრების დარგში. წლების განმავლობაში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თსსუ-ს ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტად მუშაობდა. ასე რომ, ვიდრე თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, მაშინდელი წმინდა მიქაელის საავადმყოფოს მთავარ ექიმად დანიშნავდნენ, მრავალმხრივი და საინტერესო გამოცდილება მიიღო როგორც პრაქტიკოსმა ექიმმა და ორგანიზატორმა.
დიდი მაგალითი
– გაბო ქობულია მთავარ ექიმად დანიშვნისთანავე ესტუმრა მასწავლებელს, ცნობილ თერაპევტ მიხეილ წინამძღვრიშვილს. წინამძღვრიშვილი, რომელსაც ბევრი საქართველოში თერაპიის მამამთავრად მიიჩნევს, იმხანად სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას ხელმძღვანელობდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა ნასტუდენტარის დაწინაურება და შესთავაზა, მთავარ ექიმობას თერაპიულ განყოფილებაში მუშაობაც შეუთავსეო. ეს თავად გაბოსაც უნდოდა. მიხეილის თხოვნით, გაბრიელი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტად დანიშნეს. ისიც უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა მოვალეობას, მთავარი ექიმობის პარალელურად აქტიურად გააგრძელა თერაპიის შესწავლა და პედაგოგიური საქმიანობა.
მიხეილ წინამძღვრიშვილის მამობრივი მზრუნველობა მისთვის მაგალითად იქცა. მოგვიანებით იხსენებდა, რომ თავს არ ზოგავდა მასწავლებლის ნდობის გასამართლებლად.
სიყვარულით სავსე
პაციენტებს თუ კოლეგებს – ყველას უყვარდა გაბო. თვითონაც თავგადაკლული იყო მათთვის. დღისით თუ ღამით, დარსა თუ ავდარში, მზად იყო ავადმყოფის დასახმარებლად. არ ევალებოდა, მაგრამ ყოველ საღამოს პალატებს შემოივლიდა, მძიმე ავადმყოფს რომ გასინჯავდა, მის გვერდით მწოლიარე მსუბუქი პაციენტისთვისაც აუცილებლად გამონახავდა დროს.
ცნობილი უროლოგი, პროფესორი ვასილ ბაბუხადია, წიგნში “ექიმის ფიცი და საექიმო ეთიკის ზოგიერთი საკითხი” გაბრიელ ქობულიასაც იხსენებს: “ის იყო კაცური კაცი, შესანიშნავი კლინიცისტი და დიდებული ორგანიზატორი... დიდებული ადამიანი, გულისხმიერი, შესანიშნავი მეგობარი... განუსაზღვრელი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა... თავისუფლად შეეძლო, ყველაზე რთული პრობლემაც კი მარტივად და, როგორც წესი, დადებითად გადაეწყვიტა”.
გაბოს არასოდეს უსარგებლია თავისი მდგომარეობით, საოცრად თავმდაბალი პიროვნება იყო. განურჩევლად ყველა თანამშრომელს თავაზიანად ექცეოდა. ისინიც წრფელი სიყვარულით და პატივისცემით პასუხობდნენ.
ამბობენ, რომ არასოდეს უნახავთ წონასწორობიდან გამოსული. იყო პრინციპული, ობიექტური, ზედმიწევნით მომთხოვნი, თუმცა ხელქვეითების პირველი დამცველიც. მათაც გაბრიელის დიდი ხათრი და მორიდება ჰქონდათ.
დახმარებისთვის მუდამ მზად მყოფი
გაბო ქობალიას ალტრუისტობის ამბავი ყველამ იცოდა. ვასილ ბაბუხადია ასეთ შემთხვევას იხსენებს: ერთხელ გაბრიელს საავადმყოფოს ეზოში წყლისკენ კოჭლობით მიმავალი ახალგაზრდა კაცი დაუნახავს. დაუძახია, გამოუკითხავს, ვინ იყო და რა სჭირდა. სვერდლოვსკელი მუშა აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ ტრავმატოლოგიის ინსტიტუტიდან გამოეწერათ. წყალტუბოში მკურნალობა ერჩიათ, მაგრამ საგზური ვერ ეშოვა.
გაბომ მორიგე ექიმს მისი განყოფილებაში დაწვენა და საჭირო გამოკვლევების ჩატარება სთხოვა. რამდენიმე დღეში ახალგაზრდა მუშა წყალტუბოში გაემგზავრა, შთაბეჭდილებების წიგნში კი “მთავარი ექიმის მამობრივი დამოკიდებულების” გამო სამადლობელი ჩანაწერი გაჩნდა.
სამეცნიერო ასპარეზზე
– პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად გაბო მეცნიერებასაც ბევრ დროს უთმობდა. ოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, ხოლო 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც უდენ- როემჰელდის კარდიოდიაფრაგმულ სინდრომს ეძღვნებოდა.
ეს ნაშრომი აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი ერთადერთი მონოგრაფიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. გაბრიელმა თემა ისე საინტერესოდ წარმოაჩინა, რომ დამსწრეებმა, მათ შორის – ოპონენტებმაც, მოითხოვეს, მისთვის პირდაპირ დოქტორის ხარისხი მიენიჭებინათ, მაგრამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ისმოდა 1956 წლის სისხლიანი 9 მარტის ექო, ხრუშჩოვი ჯერ კიდევ ბრაზობდა ქართველებზე, ამიტომ – ქობულიას დათვური სამსახური არ გავუწიოთო – კანდიდატის ხარისხის მინიჭებას დასჯერდნენ, თუმცა მნიშვნელობით მონოგრაფია ნამდვილად სადოქტორო ნაშრომი იყო და გამოხმაურებაც შესაბამისი მოჰყვა. მასზე მთელ საბჭოთა კავშირში ალაპარაკდნენ.
დიდი თერაპერტი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის გამგე, პროფესორი ლევან ანჯაფარიძე, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ექიმებს უკითხავდა ლექციებს. გაბოს დისერტაციის დაცვიდან ცოტა ხნის შემდეგ მსმენელებს მან ერთი პაციენტის საინტერესო ისტორია გააცნო. ექიმებმა ბევრი იფიქრეს, მაგრამ სწორი დიაგნოზი ვერ დასვეს. მაშინ ანჯაფარიძე მათ უდენ- როემჰელდის სინდრომის შესახებ მოუყვა. ინფორმაცია ერთბაშად გავრცელდა და დაავადება თითქოს “მოდაში” შემოვიდა, პოლიკლინიკებშიც ხშირად სვამდნენ ამ დიაგნოზს და ზოგჯერ ჰიპერდიაგნოსტიკასაც ვერ უვლიდნენ გვერდს.
– რა არის უდენ- როემჰელდის სინდრომი?
– ეს ის მდგომარეობაა, როდესაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება გულისმიერი სიმპტომებით ვლინდება. ნაწლავებში აირთა დაგროვების, სიმსუქნის, დიაფრაგმის თიაქრის, გასტრიტის, ენტერიტის და სხვათა დროს დიაფრაგმა მაღლა იწევს, გულს და ფილტვებს აწვება. გულს უჭირს მუშაობა, რაც იწვევს რიტმის აჩქარებას ან შენელებას, სტენოკარდიულ შეტევას, გულის უკმარისობას...
აღწერილ მდგომარეობას გასტროკარდიულ ან კარდიოდიაფრაგმულ სინდრომსაც უწოდებენ.
გასტროკარდიული სინდრომი 1917 წელს აღწერა გერმანელმა თერაპევტმა ლუდვიგ ფონ როემჰელდმა. როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ანალოგიური მდგომარეობა აღწერილი ჰქონდა სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის პროფესორს ფრიდრიხ უდენს, ამიტომ რუსეთში და მის პერიფერიებზე ის უდენ- როემჰელდის სინდრომის სახელით დამკვიდრდდა.
გაბო ქობულიას ნაშრომი ისე ამომწურავად განიხილავდა კლინიკურ შემთხვევებს და დაავადების თავისებურებებს, რომ ლევან ანჯაფარიძემ წინადადებაც კი წამოაყენა, უდენ- როემჰელდის გვარებს ქობულიასიც დავუმატოთო, თუმცა, ცხადია, წინადადება წინადადებად დარჩა.
აქტიური ადამიანი
– როგორც იმხანად იყო მიღებული, გაბრიელი გახლდათ პარტიის წევრი, სხვადასხვა დროს საქალაქო საბჭოს დეპუტატი ფოთსა და თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ჟურნალ “საბჭოთა მედიცინის” სარედაქციო საბჭოს წევრი და სხვა. 1955 წელს საქართველოს დამსახურებული ექიმის საპატიო წოდებაც მიენიჭა.
საუბედუროდ, მისი სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა – უეცრად გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა, ორმოცდაათი წლისა. დარჩა მეუღლე და შვილები – ბონდო და იზოლდა ქობულიები.
რესპუბლიკური (ყოფილი წმინდა მიქაელის) საავადმყოფო თითქმის ას ორმოცდაათი წელია არსებობს, ვინ იცის, რამდენი მთავარი ექიმი გამოუცვლია, მაგრამ პროფესიონალიზმით, პიროვნული ღირსებებით თუ ორგანიზატორული ნიჭით გაბრიელ ქობულია მართლაც ყველასგან გამოირჩეოდა. მან, როგორც ამბობდა პროფესორი გივი ბახტაძე, ისე მაღლა ასწია მთავარი ექიმის თამასა, რომ ახლოსაც ვერავინ მივიდა.]
მარი აშუღაშვილი