ბროწეული – ანტიოქსიდანტებით სავსე სკივრი

გააზიარე:

არც ერთი სხვა ხილი ისეთი მდიდარი არ არის ანტიოქსიდანტებით, როგორიც ბროწეული. კვლევების თანახმად, ის უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ღვიძლს, კუჭ-ნაწლავს, ტვინს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს პრევენციული მოქმედება სიმსივნის, ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების მიმართ.

მოდი, გავიგოთ, რომელი სასარგებლო ნივთიერებების საცავია ეს ძოწისფერი ნაყოფი და რა სამკურნალო ძალა აქვს ერთ ჭიქა ბროწეულის წვენს.

კვებითი ღირებულება

ბროწეული მდიდარია წყლითა და შაქრით: 100 გრამი 80 გრამამდე წყალს და 16,7 გრამ ნახშირწყლებს შეიცავს, საიდანაც 7,4 გრამი ფრუქტოზაა, 9,1 გრამი – გლუკოზა, 0,3 გრამი – საქაროზა. ცილისა და ცხიმის შემცველობა უმნიშვნელოა: 100 გრამში სულ 0,7 გრამი ცილა და 0,6 გრამი ცხიმია. რაც შეეხება ენერგეტიკულ ღირებულებას, 100 გრამი ბროწეული 80 კილოკალორიას აწვდის ორგანიზმს. შედარებისთვის, იმავე რაოდენობის ბალში 60 კილოკალორიაა, ბანანში კი – 95.

ვიტამინოვანი შემადგენლობა (100 გრამში)

ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) – 7 მკგ  (სადღეღამისო ნორმა – 900 მკგ)

ბეტა კაროტინი – 40 მკგ (სადღეღამისო ნორმა – 2000 მკგ)

ვიტამინი B1 (თიამინი) – 50 მკგ (სადღეღამისო ნორმა – 1100 მკგ)

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 20 მკგ (სადღეღამისო ნორმა  – 1200 მკგ)

ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 300მკგ (სადღეღამისო ნორმა  – 15000 მკგ)

ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 600 მკგ (სადღეღამისო ნორმა  – 6000 მკგ)

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 105 მკგ (სადღეღამისო ნორმა  – 2000 მკგ)

ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 2მკგ (სადღეღამისო ნორმა – 100მკგ)

ფოლიუმის მჟავა – 7 მკგ

ვიტამინი C – 7 მგ (სადღეღამისო ნორმა – 100 მგ)

ვიტამინი E – 200 მკგ

ვიტამინი K – 10 მკგ

მინერალოვანი შემადგენლობა (100 გრამში)

კალციუმი – 8 მგ (სადღეღამისო ნორმა – 1000 მგ)

მაგნიუმი – 3 მგ (სადღეღამისო ნორმა – 350 მგ)

კალიუმი – 290 მგ (სადღეღამისო ნორმა – 4000 მგ)

რკინა – 0,5 მგ (სადღეღამისო ნორმა – 12,5 მგ)

თუთია – 0,3 მგ (სადღეღამისო ნორმა – 8,5 მგ)

სპილენძი – 0,07 მგ (სადღეღამისო ნორმა – 1,25 მგ)

ფოსფორი – 17 მგ (სადღეღამისო ნორმა – 700 მგ)

ნატრიუმი – 7 მგ (სადღეღამისო ნორმა – 1500 მგ)

ქლორი – 40 მგ (სადღეღამისო ნორმა – 2300 მგ)

გოგირდი – 15 მგ

მანგანუმი – 0,1 მგ (სადღეღამისო ნორმა – 3,5 მგ)

მონაცემები შეიძლება ვარირებდეს ჯიშის მიხედვით.

გლიკემიური ინდექსი და გლიკემიური დატვირთვა

გლიკემიური ინდექსი და გლიკემიური დატვირთვა გვაჩვენებს, რა გავლენას ახდენს საკვები სისხლში შაქრის დონეზე.

გლიკემიური ინდექსი იმის მაჩვენებელია, რამდენად სწრაფად და მაღლა სწევს სისხლში შაქრის დონეს კონკრეტულ საკვებში შემავალი ნახშირწყლები. რაც უფრო დაბალია ის, მით უფრო ნაკლებად და ნელა იმატებს სისხლში შაქრის დონე (40-მდე ითვლება დაბალ მაჩვენებლად). 100 გ ბროწეულის გლიკემიური ინდექსი დაახლოებით 35-ია.

თუმცა გაცილებით ადვილია გლიკემიურ დატვირთვაზე ორიენტირება, რადგან ეს მაჩვენებელი ნახშირწყლების არა მხოლოდ ტიპს, არამედ რაოდენობასაც ითვალისწინებს. ის გვაჩვენებს, რამდენ ნახშირწყალს ითვისებს ორგანიზმი საკვების განსაზღვრული ულუფიდან. 100 გ ბროწეულის გლიკემიური დატვირთვა 5-6-ია (10-მდე ითვლება დაბალ მაჩვენებლად).

საქმის გასაადვილებლად ასეთ ფორმულას იშველიებენ:

გდ = (გი * ნახშირწყლების რაოდენობაზე 100 გ პროდუქტში) ` 100

მცენარეული ნივთიერებები

აქამდე მიაჩნდათ, რომ მწვანე ჩაი და წითელი ღვინო უძლიერესი ანტიოქსიდანტური ეფექტით გამოირჩეოდა, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ დადასტურდა, რომ ბროწეულის ანტიოქსიდანტური მოქმედება მათზე გაცილებით ძლიერი ყოფილა. ეს მათში შემავალი მცენარეული ნივთიერებების: პოლიფენოლების (ელაგის მჟავა) და ტანინების – პუნიკალაგინისა და პუნიკალინის – დამსახურებაა.

სწორედ ამის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ბროწეული დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ღვიძლზე, ცხიმისა და ნახშირწყლების ცვლაზე, აქვს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ ოქსიდაციური სტრესი უჯრედებს აზიანებს. მას მრავალი დაავადების განვითარებაში ადანაშაულებენ. მათ შორისაა სიმსივნე, ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰაიმერის დაავადება. გარდა ამისა, ის  იწვევს კანის სტრუქტურის დარღვევას და ნაადრევ დაბერებას.

ოქსიდაციური სტრესი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ეგრეთ წოდებული თავისუფალი რადიკალების რაოდენობა იზრდება. მათი დაუძინებელი მტრები კი სწორედ ანტიოქსიდანტები არიან. ისინი ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, იცავენ უჯრედებს და ორგანოებს სიჯანსაღეს უნარჩუნებენ.

სამკურნალო ეფქტი

ბროწეულის სამკურნალო ეფექტებს თანამედროვე კვლევებიც ადასტურებს, თუმცა უმეტესობა ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზეა ჩატარებული.

მაინც რას უხდება ბროწეული?

გულ-სისხლძარღვთა სისტემას

ბროწეულის ანტიათეროსკლეროზული მოქმედება უმთავრესად მის ძლიერ ანტიოქსიდანტურ ეფექტთან არის დაკავშირებული.

ბროწეულის ეს თვისება ჯერ კიდევ კვლევის საგანია და მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, თუმცა 2016 წელს ბრიტანელმა მკვლევრებმა რამდენიმე კვლევის ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ უკვე 50 მილილიტრი ბროწეულის წვენი დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე და მისი მცირედ დაქვეითება შეუძლია, ამასთან, ხელს უწყობს ცუდი ქოლესტეროლის ოდენობის შემცირებას. ამის საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ბროწეულის წვენის რეგულარული მიღება შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

დიაბეტ ტიპი 2-ს

შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში ენდოთელიუმის (სისხლძარღვთა შიდა შრე) დისფუნქცია და სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებები განსაკუთრებით ადრე იჩენს თავს და უფრო სწრაფადაც პროგრესირებს. მისი ძირითადი პათოფიზიოლოგიური მექანიზმი კი ოქსიდაციური სტრესია. ამიტომაც ვარაუდობენ ბროწეულის დადებით ეფექტს დიაბეტის დროს.

ირანელ მკვლევართა ერთი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დიაბეტ ტიპი 2-ს ბროწეულის თესლის ზეთიც უხდება. კვლევაში მონაწილე ერთი ჯგუფი რვა კვირის განმავლობაში დღეში სამჯერ (ჭამის დროს) იღებდა ერთ გრამ ბროწეულის ზეთს. აღმოჩნდა, რომ პლაცებოს ჯგუფთან შედარებით უზმოზე სისხლში გლუკოზის დონე შესამჩნევად დაუქვეითდათ.

დეგენერაციულ და ანთებით დაავადებებს

თავისუფალი რადიკალების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტვინი. ისინი დიდ როლს ასრულებენ ნერვული სისტემის ისეთი დეგენერაციული დაავადებების განვითარებაში, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბროწეულში შემავალი ელგანის მჟავა ნერვულ უჯრედებს ჟანგვით გამოწვეული დაზიანებებისგან იცავს.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ ბროწეულის თესლში შემავალ ანტოციანებს. მათ შეუძლიათ, დაბლოკონ ანთებით პროცესებში მონაწილე ფერმენტები. ასე რომ, კარგია ქრონიკული ანთებითი დაავადებების, მაგალითად, ართროზის პრევენციისთვის.

ტვინის ფუნქციას

ბროწეულის წვენის რეგულარული მიღება აუმჯობესებს სიბერით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემებს – ეს აჩვენა ერთ-ერთმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეთა ერთი ჯგუფი ოთხი კვირის განმავლობაში ყოველდღე იღებდა 200 მლ ბროწეულის წვენს. მეცნიერებმა ბროწეულის პოზიტიური ეფექტი მასში შემავალ ანტიოქსიდანტებს, უპირველესად კი ელაგიტანინებს მიაწერეს.

სოკოვან ინფექციებს

ბროწეულის ქერქის ექსტრაქტს, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს, რასაც ის პუნიკალაგინსა და ელაგიტანინებს უნდა უმადლოდეს.

სიმსივნურ პროცესებს

ანტიოქსიდანტების წყალობით ბროწეული კარგი დამხმარეა კიბოს თერაპიის დროს, რადგან პოლიფენოლები ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას.

ჯერჯერობით გამოკვლეულია ბროწეულის მოქმედება მხოლოდ ჰორმონდამოკიდებულ კიბოზე (ძუძუსა  და პროსტატის კიბო). კვლევებში გამოიყენეს როგორც ექსტრაქტი, ისე წვენიც.

პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებს, რომლებიც ყოველდღიურად 600 მგ ბროწეულის ექსტრაქტს იღებდნენ, შეუნელდათ PSA-ს – პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის – მატება. ეს ნივთიერება კიბოს ზრდის ერთგვარი მარკერია და რაც უფრო ნელა იმატებს, მით უფრო ნელა პროგრესირებს კიბო. ამიტომ ვარაუდობენ, რომ პროსტატის კიბოს სტანდარტული თერაპიის პარალელურად კარგი იქნება ბროწეულის გამოყენებაც.

ასევე აღმოჩნდა, რომ ბროწეულის წვენის რეგულარული მიღება (240 მლ ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში) აქვეითებს ჰორმონ ესტროგენის დონეს.  ვინაიდან ეს ჰორმონი ხელს უწყობს ძუძუს კიბოს ზრდას, ვარაუდობენ, რომ მისი დონის დაქვეითებით კიბოს ზრდის პროცესს შეანელებენ.

ღვიძლს

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბროწეულის წვენმა მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით 60 პროცენტით შეამცირა  ღვიძლში ოქსიდაციური სტრესი და ორგანიზმს დაზიანებული უბნების აღდგენაში დაეხმარა.

ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს

ბროწეულში შემავალი ელაგის მჟავა და პუნიკალაგინი  საუკეთესოა ბაქტერიული და ვირუსების ინფექციების პროფილაქტიკისთვის. ბროწეულის ქერქის ნაყენი ძალიან უხდება აფთებს და ყელის ინფექციებს. ნაყენის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია, ბროწეული ეკოლოგიურად სუფთა იყოს.

კანს

ბროწეულის თესლი შეიცავს იშვიათ, ძალიან ჯანსაღ ნივთიერებას – ომეგა–5 ცხიმოვან მჟავას (Pუნიციც აციდ). ის ამცირებს შეშუპებას, ანთებას, ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან, ამიტომ ბროწეულის ზეთი ძალიან პოპულარულია კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. გარდა ამისა, ის უხდება ეგზემას, ფსორიაზს, აკნეს.

გონივრული კომბინაციები

ანტიოქსიდანტური ეფექტის გასაძლიერებლად საუკეთესოა ბროწეულის წვენის ლიკოპენსა და სელენთან კომბინაცია. ლიკოპენი კაროტინოიდია, რომელსაც შეიცავს პომიდორი, ასკილი, საზამთრო. ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ეს კომბინაცია კარგად იცავს უჯრედის მემბრანას. მიკროელემენტი სელენი მთავარ როლს ასრულებს ანტიოქსიდანტურ დაცვაში. ის გვხვდება მარცვლეულში, თხილეულში თესლეულში, სოიასა და სოკოში.

დაბოლოს

როგორც ითქვა, ოქსიდაციური სტრესი მრავალი დაავადების გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორია, ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბროწეულის რეგულარულმა მიღებამ კი შესაძლოა შეაფერხოს ის, თუმცა ამ მხრივ მონაცემები  უმთავრესად ექსპერიმენტულ კვლევებს ეფუძნება, რომლებიც ჯერ კიდევ მოითხოვს კვებით და კლინიკურ მტკიცებულებებს. ამჟამინდელი მონაცემების საფუძველზე კი შეიძლება დავასკვნათ, რომ ბროწეული, მით უმეტეს, ლიკოპენსა და სელენთან ერთად, ფართო ანტიოქსიდანტური სპექტრის მქონე, ჯანმრთელობის ხელშემწყობ, უსაფრთხო საკვებს წარმოადგენს.  

თუმცა ბროწეულის მოქმედების სპექტრი არ არის დაკავშირებული მხოლოდ ერთ ინგრედიენტთან, ამიტომ აზრი არ აქვს იზოლირებული ინგრედიენტების  კონცენტრირებულ გამოყენებას, მაგალითად, ექსტრაქტის სახით. პირიქით, ბროწეულის სამკურნალო ეფექტს მრავალრიცხოვანი ინგრედიენტების სინერგიული ურთიერთქმედება განაპირობებს.

ბროწეულის ექსტრაქტი

ექსტრაქტს ბროწეულის იმ ნაწილებისგან ამზადებენ, სადაც ბევრი პოლიფენოლია, მაგალითად, ქერქისა და თესლისგან. ის უმთავრესად კაფსულების სახით იყიდება, იშვიათად – სითხის ან ფხვნილის სახითაც. თითოეული კაფსულა შეიცავს იზოლირებულ ნივთიერებებს განსაზღვრული დოზით. გამოყენების წინ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მედიკამენტებს იღებთ ან რომელიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ, გირჩევთ, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

ბროწეულის წვენმა, განსაკუთრებით –ექსტრაქტმა, განსაზღვრულ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას შესაძლოა  შეასუსტოს ან გააძლიეროს მათი მოქმედება, ვინაიდან ბროწეულში შემავალი ნივთიერებები აფერხებს ფერმენტების აქტივობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნაწლავში ზოგიერთი აქტიური ნივთიერების დაშლაზე.  ნუ მიიღებთ ბრიწეულის ექსტრაქტს თვითნებურად, თუ რეგულარულად იღებთ წნევის დამწევ პრეპარატებს, სისხლის გამათხელებლებს (ფენპროკუმონი ან ვარფარინი), იტარებთ ქიმიოთერაპიას, გაქვთ ქრონიკული დაავადება.

გარდა ამისა, ბროწეულის ექსტრაქტმა შესაძლოა ასწიოს რაბდომიოლიზის (კუნთოვანი უჯრედების დაშლა) რისკი, თუ ქოლესტეროლის დამაქვეითებელ წამლებს (სტატინები)იღებთ. ასევე არ არის რეკომენდებული მისი მიღება ვიაგრასთან ერთად.

როგორ შევინახოთ

შეგიძლიათ, ბროწეული ორ თვემდე მაცივარში შეინახოთ, ოღონდ არა ბოსტნეულის განყოფილებაში, რადგან იქ ტენიანობა მაღალია. ოთახის ტემპერატურაზე, თუ  მზის სხივები პირდაპირ არ ხვდება, ბროწეული 2-3 კვირა ძლებს, გაყინულ მარცვლებს კი ერთი წელი შეინახავთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: