სელენი – ორგანიზმის საუკეთესო მცველი

გააზიარე:

სელენი სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალია, მრავალი ცილისა და ფერმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ორგანიზმში მას უამრავი ფუნქცია აკისრია, თუმცა მისგან ყველაზე მეტად  იმუნური სისტემაა დავალებული.

ჯანმრთელობისთვის ფასდაუდებელ ამ ელემენტზე "ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო ესაკია გვესაუბრა.

რა არის

– რა არის სელენი და რაში იყენებს მას ორგანიზმი?

– სელენი ესენციური ელემენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმმა ის რეგულარულად  უნდა მიიღოს საკვებიდან, ვინაიდან მისი წარმოქმნა თავად არ შეუძლია.  ნაწლავებიდან ეს ნივთიერება სისხლში შეიწოვება, რომელსაც ის დანიშნულების ადგილამდე მიაქვს. სელენის დიდი ნაწილი  კუნთებში ინახება, თუმცა სხვადასხვა კონცეტრაციით თითქმის ყველა სხვა ორგანოსა თუ ქსოვილშიც მოიპოვება – თირკმელებში, გულში, ღვიძლში, ტვინში. ორგანიზმიდან ის შარდით გამოიყოფა.

სელენი როგორც მრავალი ფერმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტი არაერთ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:

* იმუნური დაცვა. სელენი საჭიროა იმუნური სისტემის მიერ დამცავი უჯრედების ფორმირებისთვის. იმუნური სისტემა მის გარეშე გამართულად ვერ იმუშავებდა.

* ანტიოქსიდანტური პროცესები. სელენი ითვლება ერთ-ერთ ძლიერ ანტიოქსიდანტად, რომელიც ხელს უშლის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგვას და ამით ორგანიზმს მძიმე დაავადებებისგან იცავს. ჟანგბადის აგრესიული ნაერთები –  თავისუფალი რადიკალები, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში ნორმალური მეტაბოლური პროცესების, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების, ნიკოტინის მოხმარების დროს – თავს ესხმიან და აზიანებენ უჯრედებს, რაც სათავეს უდებს მრავალ დაავადებას, მათ შორის – სიმსივნეს, ათეროსკლეროზს და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ალცჰაიმერის დაავადებას, პარკინსონის დაავადებას, ობსტრუქციულ ბრონქიტს, ცისტურ ფიბროზს, რევმატოიდულ ართრიტს.

სელენი ფერმენტ გლუტათიონპეროქსიდაზის – განსაკუთრებით ძლიერი ანტიოქსიდანტის – უმთავრესი კომპონენტია, რომელსაც კიბოსგან დამცავ ყველაზე ეფექტურ მოქმედებას მიაწერენ, ამიტომ ავთვისებიანი სიმსივნის, განსაკუთრებით – პროსტატის, ფილტვის, ხორხისა და კუჭის კიბოს, პრევენციისთვის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა, თუმცა ფართომასშტაბიანი კვლევებით ეს ჯერ დამტკიცებული არ არის.

* სპერმის წარმოქმნა. სელენი დიდ როლს ასრულებს სპერმის წარმოქმნასა და ფუნქციობაში, რაც ნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის გამართულ მუშაობას.

* ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. სელენი გავლენას ახდენს ფარისებრ ჯირკვალზეც. ის აუცილებელია იმ ფერმენტების წარმოსაქმნელად, რომლებიც არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მოქმედებას. მონაწილეობს პროჰორმონ თიროქსინის (T4) აქტიურ ფორმად, ტრიიოდთირონინად (T3), გარდაქმნაში და საჭიროების შემთხვევაში – მის დეაქტივაციაში.

* მძიმე მეტალების შებოჭვა ორგანიზმში. სელენს შეუძლია, მიიერთოს მძიმე მეტალები: ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი. ამ გზით წარმოიქმნება ძნელად დასაშლელი სელენის კომპლექსები და მძიმე მეტალებს ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება უწინდელივით აღარ შეუძლიათ.

გარდა ამისა, სელენი ეხმარება ორგანიზმს ისეთი არახელსაყრელი პირობების ატანაში, როგორიცაა ამინდის მკვეთრი ცვალებადობა, ემოციური და ფიზიკური გადატვირთვა, სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანს, ხელს უწყობს თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას.

– რამდენი სელენი გვჭირდება დღე-ღამეში?

– სელენის სადღეღამისო ნორმა ასაკთან ერთად იმატებს:

დაბადებიდან 4 თვემდე  – 10 მკგ

4 თვიდან 4 წლამდე – 15 მკგ

4-დან 7 წლამდე – 20 მკგ

7-დან 10 წლამდე – 30 მკგ

10-დან 13 წლამდე –  45 მკგ

13-დან 15 წლამდე – 60 მკგ

15 წლიდან:  კაცებისთვის – 70 მკგ, ქალებისთვის – 60 მკგ

ორსულებისთვის რეკომენდებულია 60 მკგ, ხოლო  მეძუძური დედებისთვის – 75 მკგ. მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს სელენზე მოთხოვნა 150 მკგ -მდე იზრდება.

სად ვიპოვოთ

– რომელი პროდუქტია მდიდარი სელენით?

– სელენი გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ საკვებშიც. ამ უკანასკნელში მისი შემცველობა სხვადასხვაა – მოყვანის ადგილზეა დამოკიდებული. თუ ნიადაგი მდიდარია სელენით,  ის საკვებშიც ბევრია და პირიქით. ასე რომ, ცხოველური საკვები: ხორცი (განსაკუთრებით – თირკმელები, ღვიძლი, გული), თევზი (განსაკუთრებით – თინუსი, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი), კრევეტები (მხოლოდ 100 გრამი კრევეტი ფარავს სელენის ყოველდღიურ მოთხოვნილებას) და კვერცხი სელენის უფრო საიმედო წყაროდ მიიჩნევა.

მცენარეული წყაროებიდან გამოირჩევა ბრაზილიური თხილი, ბროკოლი, თეთრი კომბოსტო, ნიორი, ხახვი, სოკო, სატაცური, პარკოსნები (მაგალითად, ოსპი), მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, ქერი).

სელენის შემცველობა 100 გ პროდუქტში დაახლოებით ასეთია:

 

 

 

 

 

 

 

საკვებში სელენის ოდენობა საგრძნობლად მცირდება მისი დამუშავებისას. მაგალითად, 100 გ მთლიანი ხორბლის ფქვილი შეიცავს დაახლოებით 63-64 მიკროგრამ სელენს, ხოლო ამდენივე გასუფთავებული ხორბლის თეთრი ფქვილი – არა უმეტეს 19 მგ–ისა. სელენი თითქმის მთლიანად იშლება თევზის დაკონსერვებისას, ნახევრდება წვისა და ხარშვისას. საზოგადოდ, ის ძალიან მგრძნობიარეა სითბოს მიმართ, ამიტომ ამ ელემენტის შემცველი საკვები  სიგრილეში უნდა ინახებოდეს.

– როგორ აითვისება სელენი?

– მცენარეული წყაროებიდან ის თითქმის მთლიანად შეიწოვება, ცხოველური პროდუქტებიდან – მესამედი.

– რა უწყობს ან უშლის ხელს მის ათვისებას?

– ამ მიკროელემენტის ბიოშეღწევადობას ამცირებს, მაგალითად, C ვიტამინის დიდი დოზა (1 გრამზე მეტი). გარდა ამისა, გამორიცხული არ არის ე.წ. ანტაგონისტური ურთიერთქმედება ზოგიერთ მძიმე ლითონთან, მათ შორის – კადმიუმთან, ვერცხლისწყალთან, ტყვიასთან, დარიშხანთან. ამიტომ რეკომენდებულია, კვებასა და C ვიტამინის (>1 გ) მიღებას შორის ერთსაათიანი ინტერვალი იყოს.

სელენის ათვისებას ხელს უწყობს A, E ვიტამინები და C ვიტამინი ნორმალური ოდენობით (< 1 გრამი), ასევე – ცილა მეთიონინი.

ნაკლებობა

– რა იწვევს სელენის დეფიციტს და როდის ვიეჭვოთ ის?

– სელენის დეფიციტი იშვიათია, რადგან მას მრავალი საკვები შეიცავს. ჯანმრთელ ადამიანს სავსებით შეუძლია საკვებით ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. რისკი ემუქრებათ ზოგიერთი ისეთი დაავადებისა და მდგომარეობის მქონე პირებს, რომელთა დროსაც დაქვეითებულია სელენის შეწოვა და მოხმარება ან გაძლიერებულია მისი გამოყოფა.

ასეთია, მაგალითად:

. ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი);

. გენეტიკურად განსაზღვრული სელენის მეტაბოლიზმის დარღვევები;

. ცისტური ფიბროზი;

. თირკმლის   უკმარისობა;

. ქრონიკული დიალიზი ანამნეზში თირკმლის დაავადების დროს.

გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, ზოგიერთ ნიადაგზე მოყვანილი მცენარეები შედარებით ღარიბია სელენით, ამიტომ ვეგეტარიანელებმა და ვეგანებმა ამ ელემენტის მიღებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. დაბალანსებული შერეული კვების დროს, რომელიც ცხოველურ საკვებსაც მოიცავს, სელენის დეფიციტი ნაკლებმოსალოდნელია.

როგორ ამოვიცნოთ დეფიციტი

– სელენის უმნიშვნელო ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს თეთრი ლაქების გაჩენა ფრჩხილებზე, თმის შესამჩნევი გათხელება და ცვენა, ძლიერი დეფიციტი კი გავლენას ახდენს ფარისებრ ჯირკვალზე, იმუნურ სისტემასა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებზე.

სელენის დეფიციტის ტიპური სიმპტომებია:

. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;

. მამაკაცის ნაყოფიერების პრობლემები;

. ინფექციებისადმი მგრძნობელობა;

. წონის კლება;

. ყაბზობა;

. თავის ტკივილი;

. მეხსიერების დარღვევა;

. ძილის დარღვევა;

. სახსრების ტკივილი;

. კუნთების დაავადება (მიოპათია).

გარდა ამისა, სელენის ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კეშანის დაავადება (გულის კუნთის დაავადებაა) და კაშინ-ბეკის დაავადება, რომლისთვისაც ხერხემლისა და კიდურების სახსართა დეგენერაციულ-დისტროფიული დაზიანებაა დამახასიათებელი. დაავადება იწყება ორგანიზმის ზრდის პერიოდში, პროცესი ვითარდება ნელა, თანდათანობით. აღინიშნება ყრუ ტკივილები სახსრებსა და კუნთებში, ხერხემალში, ზურგში. ორივე დაავადება უმეტესად ჩინეთის განსაზღვრულ რეგიონებში გვხვდება, სადაც ნიადაგი სელენით უკიდურესად ღარიბია.

– როგორ მოვიქცეთ სელენის ნაკლებობის დროს?

– სელენის მცირე დეფიციტი ხშირად სელენით მდიდარი საკვების მიზანმიმართული მოხმარებით კომპენსირდება. ასე რომ, დაბალანსებული კვების დროს არ არის საჭირო საკვები დანამატების მიღება, მით უმეტეს თვითნებურად, რადგან სელენის სიჭარბემ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. დანამატების დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა.

– როდის გვემუქრება და რა სიმპტომებით ვლინდება სელენის სიჭარბე?

– სელენის სიჭარბის ან დოზის გადაჭარბების საფრთხე მაშინ არსებობს, როდესაც ორგანიზმს  დღეში 300 მიკროგრამზე მეტი ეს ელემენტი მიეწოდება. მწვავე სიჭარბე გამოიხატება სუნთქვისას სპეციფიკური ნივრის სუნით. ხანგრძლივ სიჭარბეს შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული გვერდითი მოვლენები  და სელენოზი შემდეგი სიმპტომებით:

. გულისრევა და დიარეა;

. სახსრების ტკივილი;

. კანის ერითემა;

. მეხსიერების დარღვევები;

. არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა;

. კანისა და კბილების პრობლემები.

დანამატები

– რა უნდა ვიცოდეთ სელენის კვებითი დანამატების შესახებ?

– როგორც უკვე ვთქვი, დაბალანსებული და ჯანსაღი კვებით სელენის სადღეღამისო ნორმის მიღება ჯანმრთელი ადამიანისთვის სავსებით შესაძლებელია. დაბალანსებულ ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს ახალი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეულის პროდუქტები, რძის პროდუქტები, კვირაში ერთხელ ან ორჯერ – თევზი და ხორცი.

სელენის კვებითი დანამატები ხელმისაწვდომია ფხვნილების, კაფსულების, ტაბლეტებისა და წვეთების სახით.

დანამატების გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. თვითნებურად, უექიმოდ, არცერთი საკვები დანამატისა და მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა სარგებელზე მეტად ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: