არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები

გააზიარე:

გულის ყოველი შეკუმშვისას არტერიებში გადასული სისხლი განსაზღვრული წნევით აწვება არტერიების კედლებს. სწორედ ამ წნევას ეწოდება არტერიული. მისი მაჩვენებლები დღის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, ფიზიკური აქტიურობის შესაბამისად, მუდმივად მომატებული არტერიული წნევა კი დროულ ყურადღებას და სათანადო მკურნალობას მოითხოვს.

არტერიული ჰიპერტენზია მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. არც საქართველოა გამონაკლისი და  სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევათა ნახევარზე მეტი სწორედ მის წილად მოდის.

თანამედროვე მედიცინა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებს იყენებს. ამ წამლებს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები ეწოდება.

ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს ექიმი არტერიული წნევის მაჩვენებლებისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალურად არჩევს. ჯანსაღი არტერიული წნევის შესანარჩუნებლად კი საჭიროა წამლების რეკომენდაციისამებრ მიღება, არტერიული წნევის კონტროლი და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

მკურნალობის პირველი საფეხური

მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას თავდაპირველად ცხოვრების წესის მოწესრიგებით ცდილობენ. ინერგება ჯანსაღი, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვების რაციონი, იზღუდება სუფრის მარილი (დღეში 5გ-მდე), პაციენტს რეკომენდაციას აძლევენ, თავი დაანებოს მოწევას, ერიდოს ალკოჰოლს, ასწავლიან სტრესის მართვას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, უნიშნავენ რეგულარულ ვარჯიშს (მაგალითად, დღეში ნახევარსაათიან ზომიერი ინტენსივობის დატვირთვას). თუ ეს ცვლილებები საკმარისი არ აღმოჩნდა, საქმეში ერთვება წამლები. ორი ან მეტი მედიკამენტის კომბინაციას ხშირად უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მხოლოდ ერთს.

არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლები, წესისამებრ, 130`80 მმ ვწყ. სვეტზე ნაკლებია, თუმცა განსხვავდება ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, განსაკუთრებით – 65 წელს გადაცილებულებთან.

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ჯგუფები

თვალი გადავავლოთ მედიკამენტთა იმ ჯგუფებს, რომლებსაც დღესდღეობით ყველაზე ხშირად მიმართავენ მაღალი არტერიული წნევის დასაქვეითებლად.

*დიურეტიკები – ასე უწოდებენ შარდმდენ საშუალებებს, რომლებიც ორგანიზმიდან ზედმეტი წყლისა და ნატრიუმის გამოდევნას უზრუნველყოფს. ამ დროს ადამიანის სისხლძარღვებში ნაკლები სითხე იწყებს მოძრაობას და მათ კედლებზე მოქმედი წნევა მცირდება. დიურეტიკები მოიცავს თიაზიდებს (ჰიდროქლორთიაზიდი, ინდაპამიდი), მარყუჟოვან (ფუროსემიდი) და კალიუმის შემნახველ პრეპარატებს (სპირონოლაქტონი, ეპლერენონი).

გვერდითი ეფექტები ყველა წამალს აქვს. ამ მხრივ არც მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებია გამონაკლისი.

დიურეტიკების გვერდითი ეფექტებია სისუსტე, თავბრუხვევა, მზის სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, კანზე გამონაყარი, კუნთების ხანმოკლე მტკივნეული კრუნჩხვა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, დაბალი არტერიული წნევა, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. მათი დანიშვნის უკუჩვენებაა პოდაგრა.

*ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების დახმარებით სისხლძარღვები დუნდება და სისხლი მათში უფრო თავისუფლად მოძრაობს. ამ ტიპის მედიკამენტები თრგუნავს ჰორმონ ანგიოტენზინის წარმოქმნას, რომელიც, თავის მხრივ, სისხლძარღვებს ავიწროებს. აგფ ინჰიბიტორების ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი მშრალი ხველაა, უფრო იშვიათად – გემოვნების დაკარგვა ან პირის ღრუში მეტალის გემო, უმადობა, გამონაყარი, შეკრულობა, თავის ტკივილი. აგფ ინჰიბიტორები არ ენიშნებათ ორსულებს.  ამ ჯგუფის პრეპარატებია კაპტოპრილი, პერინდოპრილი, ენალაპრილი.

*ანგიოტენზინ-2-ის  რეცეპტორების ბლოკერები (ლოსარტანი, ვალსარტანი, კანდესარტანი) ანგიოტენზინის მოქმედებას ბლოკავს, რის შედეგადაც სისხლძარღვები დუნდება. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი თავის ტკივილი და თავბრუხვევაა, იშვიათად აღინიშნება მუცლის, სახსრების, ყელის ტკივლი, ხველა. არ ენიშნებათ ორსულებს.

*კალციუმის არხის ბლოკერები (ამლოდიპინი, ვერაპამილი)  ხელს უშლის გულისა და არტერიების უჯრედებში კალციუმის შესვლას და ამ გზით არტერიების მოდუნებას და  არტერიული წნევის დაქვეითებას უწყობს ხელს. მათი გავრცელებული გვერდითი ეფექტებია დაღლილობა, ტერფების ან კოჭ-წვივის მიდამოს შეშუპება, შეკრულობა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, არარეგულარული ან მეტისმეტად სწრაფი გულისცემა. ამ ჯგუფის მედიკამენტებთან ერთად გრეიპფრუტის წვენის მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იმატებს.

*ბეტა ბლოკერები თრგუნავს ჰორმონ ადრენალინის ეფექტს. მათი ზემოქმედებით გული უფრო ნელა და ნაკლები სიძლიერით ცემს. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ბეტა ბლოკერებმა შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, თავბრუხვევა, ხელებისა და ფეხების გაცივება, პირის, თვალებისა და კანის სიმშრალე, იშვიათად – ბრადიკარდია, სუნთქვის გაძნელება, ხელებისა და ფეხების შეშუპება ან სიცივე, გამონაყარი ან ქავილი, ძილის დარღვევა. ბეტა ბლოკერები ხშირად შეუთავსებელია ისეთ სამედიცინო მდგომარეობებთან, როგორიცაა ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულისცემის დაბალი სიხშირე (წუთში <60), რეინოს დაავადება. ამ ჯგუფის მედიკამენტებია ბისოპროლოლი, ატენოლოლი, პროპრანოლოლი.

*რენინის ინჰიბიტორები (ტექტურნა) – ეს ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების შედარებით ახალი კლასია. რენინი ნივთიერებაა, რომელიც თირკმელებში წარმოიქმნება და განსაზღვრული პროცესების ამოქმედებით ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას, რენინის ინჰიბიტორები კი ამ ნივთიერების წარმოქმნას ამცირებს და შედეგად არტერიულ წნევას დაბლა სწევს. გვერდითი მოვლენებია ხველა, დიარეა, გულძმარვა, გამონაყარი.

როდესაც ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთი წამლით ან რამდენიმე მათგანის კომბინაციით წნევის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ ხერხდება, მიმართავენ სხვა ჯგუფის მედიკამენტებს:

*ალფა ბლოკერები (დოქსაზოზინი, ტერაზოზინი) – ხელს უშლის ჰორმონ ნორადრენალინს მცირე ზომის არტერიებისა და ვენების კუნთების შეკუმშვაში, რის შედეგადაც სისხლძარღვები დუნდება; ამცირებს სისხლძარღვებისკენ მიმავალ ნერვულ იმპულსებს, რითაც სისხლს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. გვერდითი ეფექტების სახით შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუხვევა, სისუსტე, გულისცემის გახშირება.

*ალფა-ბეტა ბლოკერები (კარვედილოლი, ლაბეტალოლი) – ამცირებს სისხლძარღვებისკენ მიმავალ ნერვულ იმპულსებს და აქვეითებს გულისცემის სიხშირეს. შეიძლება გამოყენებულ იქნეს არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გულის უკმარისობის თანხლებისას. ჰიპერტენზიული კრიზის დროს, როდესაც წნევა სწრაფად აღწევს სახიფათო ნიშნულს, ექიმი გამოწერს მათ ინტრავენურ ინექციას. ალფა-ბეტა ბლოკერებმა შესაძლოა გამოიწვიოს სწრაფად წამოდგომისას ან დილით ადგომისას არტერიული წნევის ვარდნა, რაც თავბრუხვევით ან სისუსტით გამოვლინდება.

*ცენტრალური მოქმედების საშუალებები (კლონიდინი, მეთილდოფა) – აკონტროლებს ნერვულ იმპულსებს, რომლებიც გულისცემას აჩქარებს და სისხლძარღვებს ავიწროებს. შედეგად გული უწინდელი სიძლიერით აღარ იკუმშება, სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლი უფრო ადვილად მოძრაობს მათში. ამ ჯგუფის მედიკამენტებთან ასოცირებული გვერდითი მოვლენებია ანემია, შეკრულობა, თავბრუხვევა ან სისუსტე უეცარი წამოდგომისას, რაც შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითებას უკავშირდებოდეს.

*ვაზოდილატატორები (ჰიდრალაზინი,ნიტროგლიცერინი) –  სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებები ვენებსა და არტერიებში არსებული კუნთების შეკუმშვას და მათი სანათურის შევიწროებას უშლის ხელს. შედეგად სისხლი უფრო ადვილად მოძრაობს და გულის სამუშაო დატვირთვაც იკლებს.

*ალდოსტერონის ანტაგონისტები (ეპლერენონი, სპირონოლაქტონი) – ხშირად სხვა მედიკამენტებთან (დიურეტიკებთან) კომბინაციაში გამოიყენება. ბლოკავს ჰორმონ ალდოსტერონის მოქმედებას, რომელიც ზოგჯერ მარილისა და სითხის შეკავებით მაღალ არტერიულ წნევას იწვევს.

ნებისმიერი ამ წამლის ეფექტიანობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, რასაზე, არტერიული წნევის დონესა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.

არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები და სხვა დაავადებები

გასათვალისწინებელია, რომ არტერიული ჰიპერტენზია ხშირად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად იჩენს თავს. მისი არსებობა ზრდის ისეთ დაავადებათა განვითარების რისკს, როგორებიცაა:

  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
  • კორონარული არტერიების დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ინფარქტი ან ინსულტი;
  • გულის უკმარისობა;
  • გულის მარცხენა პარკუჭის გასქელება – მარცხენაპარკუჭოვანი ჰიპერტროფია.

სწორად შერჩეული თერაპიული მიდგომა ამ დაავადებათა რისკის შემცირების წინაპირობაა. მაგალითად, სტენოკარდიის დროს, რომელიც კორონარული არტერიების დაავადებასთან არის დაკავშირებული, არტერიული წნევის დასაქვეითებლად, გულმკერდის არეში ტკივილის თავიდან ასაცილებლად და გულისცემის სიხშირის შესამცირებლად უპირატესად მიიჩნევა ბეტა ბლოკერების ჯგუფის მედიკამენტი.

დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის თანხლებისას დიურეტიკებისა და ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების კომბინაცია ინფარქტისა და ინსულტის რისკს ამცირებს, ხოლო თუ ამ ორს თირკმლის დაავადებაც ერთვის, უპირატესობა ენიჭება აგფ ინჰიბიტორს ან ანგიოტენზინ-2-ის რეცეპტორების ბლოკერს.

მივაღწიოთ სამიზნე წნევას

ცხოვრების სტილის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა ხშირად აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლისთვის. გონივრულია სხვადასხვა კომბინაციისა და დოზირების მოსინჯვა შესაფერისის პოვნამდე. სახლში არტერიული წნევის მონიტორინგი კი ექიმს საშუალებას აძლევს, მკურნალობის ეფექტიანობა შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში მასში შესწორებაც შეიტანოს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: