ლიმფური კვანძების განსაცდელი
გააზიარე:
ლიმფური კვანძები ლიმფას გზადაგზა, სისხლში დაბრუნებამდე ფილტრავს. ზოგჯერ, როდესაც ბაქტერიებთან, ვირუსებთან, ორგანიზმის დაზიანებულ უჯრედებთან ან ანტიგენებთან გასამკლავებლად დიდი ძალისხმევა სჭირდება, იზრდება და ხელითაც ადვილად ისინჯება. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, ჯირკვალი გამომივიდა ან ჯირკვალი გამიდიდდაო. სინამდვილეში ლიმფურ კვანძში ჯირკვალი არ არის და არც არსად გამოდის, უბრალოდ, ნორმალური კვანძი შეუმჩნეველია, გადიდებული კი ადვილად ხვდება ხელს.
ლიმფური კვანძები მთელ სხეულს არის მოდებული, მაგრამ რამდენიმე ადგილას განსაკუთრებით ბევრია თავმოყრილი. კვანძების ასეთი ჯგუფებია კისერზე, იღლიების ქვეშ, საზრდულში. ზოგიერთი მათგანი ხელით მოსინჯვისას შესაძლოა შეიგრძნოთ კიდეც.
ლიმფურ კვანძში თავმოყრილი ლიმფოციტები ანტიგენებს ბოჭავს. თუ საქმე ბევრია, შესაძლოა, კვანძში ლიმფოციტების რაოდენობამ მოიმატოს. ამ დროს კვანძიც დიდდება.
ლიმფური კვანძი გადიდებულად ითვლება, თუ მისმა ზომამ ერთ სანტიმეტრს გადააჭარბა. თუ კვანძები სხეულის მხოლოდ ერთ უბანშია გადიდებული, პროცესი ლოკალიზებული ანუ შემოფარგლულია, თუ ორ და მეტ უბანში – გენერალიზებული ანუ გავრცობილი. მედიცინაში ლიმფური კვანძების შეშუპებას ლიმფადენოპათიას უწოდებენ.
ლიმფურ კვანძში მოხვედრილმა მიკროორგანიზმებმა შესაძლოა თავად კვანძიც დააინფიცირონ და მისი ანთება გამოიწვიონ. ეს უკვე ლიმფადენიტია.
ვითარება კიდევ უფრო მძიმდება, როცა ლიმფურ კვანძში გადაგვარებული უჯრედები იწყებს გამრავლებას. ამ შემთხვევაში სიმსივნე ყალიბდება.
გავრცელებული მიზეზები
ლიმფური კვნძების გადიდებას ინფექცია, ანთებითი პროცესი და სიმსივნე იწვევს. სიხშირე ასაკზე, თანმხლებ მდგომარეობებსა და რისკის ფაქტორებზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირად ლიმფური კვანძები ზედა სასუნთქი გზების და კვანძის სიახლოვეს მდებარე ქსოვილების ინფიცირების დროს დიდდება. ამ შემთხვევაში საგანგაშო არაფერია – ლიმფური კვანძი თავის ფუნქციას შეასრულებს, ინფექციაც ჩაცხრება და კვანძიც ადრინდელ ზომას დაუბრუნდება. ლიმფადენოპათიის გაცილებით საშიში მიზეზებია კიბო, აივ ინფექცია, ტუბერკულოზი. საბედნიეროდ, გადიდებული ლიმფური კვანძების ერთ პროცენტშიც კი არ დასტურდება კიბო.
ლიმფური კვანძის გადიდებას ასევე იწვევს ინფექციური მონონუკლეოზი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ჰერპესი, ქლამიდია, სიფილისი), ტოქსოპლაზმოზი და სხვა.
საიდან სად
გადიდებული ლიმფური კვანძების ადგილმდებარეობა ექიმს პრობლემის ლოკაციასა და სავარაუდო დიაგნოზზე მიუთითებს:
* კისრის გვერდით ზედაპირზე და ყბის ქვეშ მდებარე კვანძები დიდდება პირის ღრუში მიმდინარე ინფექციური პროცესის, ზედა სასუნთქ გზებში მიმდინარე ინფექციური პროცესის, ძალიან იშვიათად კი თავისა და კისრის არეში სიმსივნის დროს.
* ყურის უკან და კეფის ძირას კვანძები დიდდება თავის კანის ინფექციის, მაგალითად, სებორეული დერმატიტის დროს, ასევე – კონიუნქტივიტის დროს.
* იღლიის ქვეშ გადიდებული კვანძები ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ამ არეში ლიმფური კვანძების გადიდება ლიმფომასა და ლეიკემიასაც ახასიათებს, თუმცა, რა თქმა უნდა, გადიდებული კვანძი ყოველთვის სიმსივნეზე არ მიუთითებს – შესაძლოა, მიზეზი ხელის ტრავმა ან ინფექცია იყოს.
* ლავიწის ზემოთ კვანძების გადიდებაც საყურადღებოა – ეს სიმპტომი ახასიათებს ფილტვების ანთებას, ფილტის კიბოს, გულმკერდის ღრუს ლიმფომას, ძუძუს კიბოს, ზოგჯერ კი სასქესო ოგანოების ან მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის შორეული მეტასტაზია. ლავიწზედა ლიმფური კვანძების გადიდება შესაძლოა ტუბერკულოზის ან სარკოიდოზის შედეგიც იყოს.
* საზარდულის არეში ლიმფური კვანძების გადიდება ახალგაზრდებში ნორმადაც მიიჩნევა, მაგრამ ისიც შესაძლოა, ბრალი მიუძღოდეს სქესობრივ გზით გადამდებ დაავადებას, ადგილობრივ ინფექციას, ქვედა კიდურების ინფექციას (მათ შორის – ტერფისაც), სასქესო ორგანოების კიბოს.
საყურადღებო ნიშნები
მართალია, კვანძის შესივება უმეტესად არ არის საშიში, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომელთა შემჩნევისას ექიმთან მისვლა აუცილებელია.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ:
* ლიმფური კვანძის დიამეტრი 2 სმ-ს აღემატება;
* კვანძიდან ჩირქი ან სხვა სითხე დის;
* კვანძი მკვრივია, არ მოძრაობს, შეზრდილია ირგვლივ მდებარე ქსოვილს;
* არსებობს აივ ინფექციის ან ტუბერკულოზის განვითარეის რისკი (მაგალითად, ნებით ან უნებლიეთ იჩხვლიტეთ ნემსი, რომელიც მანამდე სქესობრივად აქტიურმა ადამიანმა გამოიყენა, ცხოვრობთ ან მუშაობთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთან ერთად);
* უჩივით ცხელებას და წონის აუხსნელ კლებას.
თუ ლიმფური კვანძი მეტისმეტად მტკივნეულია ან იქიდან ჩირქი ან სხვა სითხე დის, ექიმთან რაც შეიძლება მალე უნდა მიხვიდეთ. სხვა შემთხვევაში დარეკვაც საკმარისია. ოჯახის ექიმი გამოგკითხავთ და გადაწყვეტს, რამდენად საჩქაროა თქვენი გასინჯვა.
რას იკვლევენ
ექიმი გამოგკითხავთ, რას უჩივით, შეისწავლის თქვენი ჯანმრთელობის ისტორიას, დააზუსტებს, რამდენი ხანია, კვანძის გადიდება შეამჩნიეთ, მტკივნეულია თუ არა, ცოტა ხნის წინ რამე ხომ არ დაგშვავებიათ, კატას ხომ არ დაუკაწრიხართ, ვირთხას ხომ არ უკბენია, გაქვთ თუ არა ინფექციის სხვა ნიშნები: სურდო, ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, კბილების ან ღრძილების ტკივილი, წონის კლება...
შემდეგ გადიდებულ კვანძს ხელით გასინჯავს. გაგისინჯავთ სხვა ლიმფურ კვანძებსაც. მკვრივი, უძრავი კვანძი შესაძლოა კიბოზე მიუთითებდეს, დაჭიმულობა, სიწითლე და ცხელი ზედაპირი – კვანძის ინფიცირებასა და ანთებაზე.
ამ ყველაფრის შემდეგ ექიმი, თუ საჭიროდ მიიჩნევს, გამოკვლევას დაგინიშნავთ. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის, ყელის ტკივილის, პირის ღრუს ინფექციის დროს შესაძლოა გასინჯვაც გაკმაროთ; მონონუკლეოზზე ეჭვის შემთხვევაში ჩაგაბარებინოთ სისხლის ანალიზი მონონუკლეოზზე, ტუბერკულზის დროს – ტუბერკულოზზე და თან ლიმფური კვანსის ბიოფსიაც დაგინიშნოთ.
უშუალოდ კვანძის გამოსაკვლევად იყენებენ ულტრაბგერას, კომპიუტრეულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიას.
თუ გამოკითხვა და გასინჯვა არც ერთ შესაძლო მიზეზზე არ მიუთითებს, ექიმი გამოკვლევას დანიშნავს. როდესაც კვანძები მთელ სხეულზეა გადიდებული, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი და გულმკერდის რენტგენოგრაფია. ასევე შესაძლოა დაინიშნოს სისხლის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, აივ-ინფექციასა და მონონუკლეოზზე. ზოგჯერ საჭიროა ტოქსოპლაზმოზისა და სიფილისის გამორიცხვა, სახსრის ტკივილის, შეშუპების ან გამონაყარის დროს – სისტემური წითელი მგლურასი, რევმატოიდული ართრიტისა. თუ ექიმმა რომელიმე ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზი იეჭვა, აუცილებელია ლიმფური კვანძის ბიოფსია. ბიოფსიას ატარებენ მაშინაც, როცა ლიმფური კვანძების გავრცობილი შეშუპება 3-4 კვირაში არ ცხრება.
ანთებადი კვანძი
ლიმფური კვანძის ანთების გამოწვევა შეუძლიათ ბაქტერიებს, ვირუსებს, პროტოზოებს, სოკოებს. ყველაზე ხშირად ანთება სტრეპტოკოკის დამსახურებაა. ინფექციის გამომწვევი სხეულში დაზიანებული კანიდან (მაგალითად, ცელულიტის დროს) და ჭრილობიდან იჭრება. ლიმფადენიტის საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრებათ ლიმფედემის, ლიმფური შეშუპების მქონე პაციენტებს.
ლიმფური კვანძის ანთების ნიშნები
* კვანძები გადიდებულია;
* შეხებისას მტკივნეულია;
* კვანძის ზემოთ კანი წითელია;
* კვანძი სავსეა ჩირქით;
* სითხე კანზე გადმოდის.
ანთების მიზეზის დასადგენად ექიმი, რა თქმა უნდა, სხვა მონაცემებსაც გაითვალისწინებს: ხომ არ ამცივნებს ან აცხელებს ავადმყოფს, საეჭვო ადგილას ხომ არ უმოგზაურია უახლოეს წარსულში, დაზიანებული ხომ არ აქვს კანი, კატებთან ან სხვა ცხოველებთან ხომ არ ჰქონია კონტაქტი. ინფექციის დასადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი, ლიმფური კვანძის ქსოვილის ან კვანძში არსებული სითხის მიკროსკოპული გამოკვლევა, მისი დათესვა.
მკურნალობა
ლიმფადენოპათიას არ მკურნალობენ – მკურნალობენ მიზეზს, რომელმაც მისი გადიდება გამოიწვია. ლიმფადენიტის სამკურნალოდ კი გამოიყენება ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილის გამაყუჩებელი, სიცხის დამწევი პრეპარატები, შეშუპების ჩამცხრობი საშუალებები (მაგალითად, გრილი საფენები). საჭიროებისამებრ, კვანძს ქირურგიულად ამოკვეთენ.
რას ველოდოთ
ლიმფური კვანძის ინფექცია მკურნალობას თუ არ დაემორჩილა, შესაძლოა, აბსცესი – ჩირქით სავსე ღრუ – ჩამოყალიბდეს. მასში დრენაჟს დგამენ, ინფექციას კი ანტიბიოტიკებით ებრძვიან. შესაძლოა, თავად აბსცესიც გართულდეს, მაგალითად, ლიმფური კვანძის გარშემო კანის ინფიცირებით, ხოლო ყველაზე შორს წასულ შემთხვევაში – სეფსისითაც კი.
უზომოდ გადიდებული კვანძი, რომელიც ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აწვება, ზოგჯერ ამოკვეთას მოითხოვს. მაგალითად, გადიდებულმა იღლიისქვეშა კვანძმა ხელის სისხლძარღვებსა და ნერვებზე ზეწოლის გამო შესაძლოა ხელი დააზიანოს, მუცლისამ კი გაუვალობა გამოიწვიოს.
ლიმფური კვანძის ანთების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა, უყურადღებოდ არ დავტოვოთ ინფექცია, მოვუფრთხილდეთ კანს, დაზიანებისას კი, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, კარგად დავიმუშაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით.
მარი აშუღაშვილი