ტუში – მაკიაჟის უკანასკნელი აკორდი

გააზიარე:

კლასიკური შავი, ფერადი ნიუანსებით, წყალგამძლე, წამწამების დამაგრძელებელი... ტუშების მრავალფეროვნება ვის არ დააბნევს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ტუშის შეძენისას ყოველი მეოთხე ქალი ფასით ხელმძღვანელობს, ყოველი მეორე – ბრენდის სახელწოდებით, ყოველი მეხუთე – აპლიკატორის (ფუნჯის) ფორმით, შიგთავსზე კი თითქმის არავინ ფიქრობს.

რომელი კრიტერიუმი დაგვეხმარება სასურველი ტუშის შერჩევაში?

ფუნჯი

ფუნჯი მართლაც დიდ გავლენას ახდენს საბოლოო ეფექტზე. მოდი, გავარკვიოთ, რომელ ფუნჯს რა ფუნქცია აკისრია.

1. უფრო ხშირი

კლასიკური ფუნჯი ქაოსურად განლაგებული ღერებით უხვად ანაწილებს ფერს, რაც ხშირი წამწამების ეფექტს ქმნის. განსაკუთრებით ხშირი ჩანს წამწამები მუქი შავი ტუშით შეღებვისას. ეს ფუნჯი საუკეთესოა მათთვის, ვინც ბუნებრივ იერს ამჯობინებს.

2. უფრო მკვეთრი

ელიფსური ფორმის წყალობით ფუნჯი სრულყოფილად გამოკვეთს წამწამებს. ის საუკეთესოა მოკლე წამწამებისთვის, რადგან მჭიდროდ განლაგებული ღერები თითოეულ წამწამამდე აღწევს.

3. უფრო სქელი

შ-ის ფორმის ფუნჯი კონუსისებრი წვერით, გარდა იმისა, რომ თვალის შიდა კუთხეში განლაგებულ წვრილ ღერებსაც სწვდება, ინტენსიურად ღებავს წამწამების მთელ ხაზს, განსაკუთრებით – თვალის გარეთა კუთხეში, რაც მათ მოცულობას მატებს და თვალებსაც უფრო დიდს აჩენს.

4. უფრო აპრეხილი

ნახევარმთვარის ფორმის ფუნჯი საუკეთესოა მათთვის, ვისაც ბუნებრივად სწორი წამწამები აქვს. ის ღერებს პრეხს და ეგრეთ წოდებული “ბემბის მზერის” ეფექტს ქმნის.

5. უფრო დიდი

თუ ღრმად ჩამსხდარი ან პატარა თვალები გაქვთ, კონუსის ფორმის ფუნჯი გამოგადგებათ. მისი წვერი შესანიშნავად აღწევს თვალის შიდა და გარე კუთხების წვრილ ღერებამდე და ინტენსიურად ღებავს მათ, რაც თვალებს გაცილებით დიდს აჩენს.

6. უფრო გრძელი

არაქისის ფორმის ფუნჯი ფერს უფრო ზუსტად ანაწილებს ცალკეულ ღერებზე. ღერები კარგად არის დაცალკევებული, ერთმანეთს არ ეფარება და არ ეკვრის, თანაც თითოეული მათგანი წვერამდე იღებება, ეს კი დაგრძელების ეფექტს ქმნის.

7. უფრო მკაფიო

ბოლოსკენ მომრგვალებული ფუნჯი გაცილებით უკეთესად აღწევს წვრილ და მოკლე ღერებამდე, ვიდრე სხვა ფუნჯები. მისი მეშვეობით მოკლე და ნაზი წამწამები ინტენსიურად იღებება.

8. უფრო ბუნებრივი

წვრილი ფუნჯი იდეალურია მათთვის, ვისაც ტუშის წასმა უჭირს და ხშირად უშვებს შეცდომებს. ასეთი ფუნჯით ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებსაც კი ადვილად მისწვდებით, მაგალითად, თვალის შიდა კუთხეს. ის შედარებით მსუბუქად ღებავს წამწამებს, შესაბამისად, გამოხედვაც უფრო ბუნებრივია.

9. უფრო ზუსტი

აბსოლუტური სრულყოფილების მიღწევა შესაძლებელია თხელი სავარცხლისმაგვარი ფუნჯით: ერთი მხრივ, გამოკვეთთ წამწამებს, მეორე მხრივ კი წამწამის ძირებზე კაიალის ეფექტს ქმნით.

შემადგენლობა

რისგან შედგება ტუში? რა თქმა უნდა, ყველა ბრენდს სხვადასხვა ფორმულა აქვს; არსებობს როგორც სინთეტიკური, ისე 100 პროცენტით ბუნებრივი ნარევები.

ძირითადად კი ტუშის დაახლოებით 60 პროცენტი წყლია, 15 პროცენტამდე – ცვილი, 10 პროცენტამდე – ფერის პიგმენტი, 5 პროცენტამდე – შემკვრელი შემასქელებელი, ემულგატორი. ზოგიერთი ფორმულა ვიტამინებს და მოვლის სხვა საშუალებებსაც შეიცავს.

ელასტიკურობა, სიბლანტე, გაშრობის ხანგრძლივობა და წებოვნება გადამწყვეტი კრიტერიუმებია კარგი ტუშისთვის. მასა უნდა იყოს საკმარისად თხევადი, რომ ყველა წამწამი დაფაროს, თანაც არ შრებოდეს მეტისმეტად სწრაფად და ერთ ადგილას არ გროვდებოდეს. ის კარგად უნდა ეკვროდეს წამწამს და ადვილად შორდებოდეს.

უმჯობესია, არ შეიცავდეს მიკროპლასტიკის ნაწილაკებს, სილიკონს, მინერალურ ზეთს, პარაბენებს, ალკოჰოლს, სუნის მიმცემ ნივთიერებებს, აცეტონს.

ვარჩევთ ტუშს

* ნუ იყიდით ტუშს მეყსეული ემოციის გავლენით. კარგად მოიფიქრეთ, რა გინდათ და რას ელით მისგან. გაითვალისწინეთ არა ფასი, არამედ აპლიკატორი და შემადგენლობა.

* შეფუთვამ არ მოგატყუოთ. ექსკლუზიური დიზაინის ქვეშ შესაძლოა უხარისხო ნაწარმი იმალებოდეს და პირიქით.

* ყურადღება მიაქციეთ ფუნჯს. მისი ფორმა საჭიროების მიხედვით შეარჩიეთ. გაითვალისწინეთ მასალაც. მაგალითად, რეზინის ფუნჯი ხანგრძლივ ეფექტს იძლევა, კარგად ანაწილებს საღებავს და აცალკევებს წამწამებს, ელასტიკურია და არ დეფორმირდება გაწმენდის დროს.

* შეამოწმეთ შემადგენლობა. ბევრი ყურადღებას არ აქცევს ინგრედიენტებს, რაც დიდი შეცდომაა. კარგი ტუში უნდა შეიცავდეს მაღალი ხარისხის კომპონენტებს, მაგალითად, ბუნებრივი წარმოშობის მინერალურ პიგმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფერის ინტენსივობაზე და, იმავდროულად, ზოგავენ წამწამებს, ასევე – ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენენ ღერებს, ასტიმულირებენ მათ ზრდას და ხელს უშლიან ცვენას. ასეთებია, მაგალითად, ბუნებრივი ზეთები და მცენარეული ექსტრაქტები.

* ერიდეთ ბოჭკოს შემცველ ტუშებს. ისეთმა ნივთიერებებმა, როგორიცაა ნეილონი-6 (PA-6), პოლიესტერი-5 ან რაიონი (ღაყონ), შესაძლოა თვალები გაგიღიზიანოთ. მათ ძირითადად წამწამების დამაგრძელებელი ეფექტის მქონე ტუშებში შეხვდებით. ბოჭკოების ამოცანა სწორედ წამწამების დაგრძელებაა.

* თუ ზედმეტად ჯიუტი წამწამები გაქვთ, პირველ რიგში, ტუშის შემადგენლობა შეამოწმეთ და ისეთი შეარჩიეთ, რომელიც მოვლის საშუალებებს შეიცავს, მაგალითად, მკვებავ და აღმდგენ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ზეთებს.

* წყალგამძლე ტუში კარგია წამწამების ასაპრეხად, რადგან მტკიცე კონსისტენციის წყალობით უკეთ აფიქსირებს ღერებს, მაგრამ ერიდეთ, თუ მტვრევადი წამწამები გაქვთ. ამ შემთხვევაში უპირატესობა ისეთ ნივთიერებებს მიანიჭეთ, როგორიცაა პანთენოლი, ალოე ვერა და ფუტკრის ცვილი.

რჩევები და ხრიკები

* გამოგიშრათ საყვარელი ტუში? ჩაასხით შიგ ცოტაოდენი კონტაქტური ლინზის საწმენდი ხსნარი და ტუშს კიდევ კარგა ხანს გამოიყენებთ.

* ყოველდღე ნუ გამოიყენებთ წყალგამძე ტუშს. მასში შემავალი აგრესიული ინგრედიენტები ნაზ ღერებს დააზიანებს.

* წყალგამძლე ტუშის წასმამდე უმჯობესია წამწამები სპეციალური დამცავი კონდიციონერით დაიმუშაოთ.

* ფუნჯის ზომის შერჩევისას ყოველთვის თვალების ზომით იხელძღვანელეთ. თუ ფუნჯით ადვილად ეხებით წამწამის ძირებს, ესე იგი თქვენთვის იდეალური ზომა შეგირჩევიათ. შესაბამისად, შედეგიც იდეალური იქნება.

* დილიდანვე ერთბაშად ბევრ ტუშს ნუ წაისვამთ, უმჯობესია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაისვათ. ყოველ ჯერზე მზერა გამოცოცხლდება და უფრო ბუნებრივი გამოჩნდება.

*ტუშის წასმა წამწამების ძირიდან დაიწყეთ და ეცადეთ, წამწამებს შორის კანიც გაიფერადოთ. ამგვარად წამწამებს სიხშირესა და მოცულობას შემატებთ.

* ფუნჯი წამწამზე ყოველთვის ზიგზაგისებურად ამოძრავეთ. ასე ღერები უკეთ დაშორდება ერთმანეთს და წამწამებიც უკეთ შეიღებება.

* რაც უფრო ნაკლებად ჩააწობთ ფუნჯს ტუშში, მით უფრო ნაკლები ჰაერი მოხვდება შიგთავსში და გვიან ამოშრება.

* ნუ გამოიყენებთ წამწამების ასაპრეხ ხელსაწყოს ტუშწასმულ წამწამზე - ადვილად გადატყდება და დაზიანდება.

* დღის მაკიაჟი დახვეწილიც უნდა იყოს და ბუნებრივიც, ბუნებრივი იერის შესანარჩუნებლად კი ყავისფერი ტონების შემცველ ტუშს გირჩევთ. ის თვალებს ხაზს გაუსვამს და ბუნებრიობასაც შეუნარჩუნებს.

* საღამოს მაკიჟისთვის კი არავითარიუ შეზღუდვა არ არსებობს. ექსპრესიული გამოხედვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუყე შავი ტუში მოცულობის ეფექტით.

*თვალები უფრო დიდი გამოჩნდება, თუ ტუშს მხოლოდ ზედა წამწამებზე წაისმევთ და წამწამებს ყველაზე მეტად ქუთუთოს ცენტრში აიპრეხთ.

*დაშვებული ქუთთოების შემთხვევაში თუ აქცენტს უკეთ დასვამთ ზედა ქუთუთოს ცენტრსა და გარე კუთხეს შორის, სადაც წარბის შეჭრილი ადგილია, თვალს ვიზუალურად გაადიდებთ.

შენახვის წესები

ტუშმა დიდხანს რომ გაძლოს, საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა. გარდა ამისა, შენახვის არასწორმა პირობებმა შესაძლოა ჯანმრთელობასაც შეუქმნას საფრთხე.

მაშ ასე:

1. არ ითხოვოთ და არ ათხოვოთ ტუში – ამ გზით შესაძლებელია მიკრობების გავრცელება და თვალის ინფექციის განვითარება. კანსა და ქუთუთოებზე მუდმივად ცხოვრობენ მიკროორგანიზმები: შტაპჰყლოცოცცუს აურეუს, შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე და Pსეუდომონას აერუგინოსა. ისინი კანს ბუნებრივ დამცავ ფენას უნარჩუნებენ, მაგრამ საშიშები ხდებიან, თუ მეტისმეტად გამრავლდნენ. ტუშის წასმისას რომელიმე ამ ბაქტერიათაგანი შესაძლოა ქილაში მოხვდეს, სადაც იდეალური გარემოა გასამრავლებლად და გამოიწვიოს კონიუნქტივიტი, აკნე, წვის შეგრძნება, ქუთუთოების გარქოვანება, წამწამების დაცვენა.

2. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი შეამჩნიეთ, უმჯობესია, ტუში გამოცვალოთ, რადგან ბაქტერიები ქილაში დარჩებიან და არსებობს რისკი, ხელახლა დაავადდეთ.

3. მცდარია მოსაზრება, თითქოს რაც უფრო სწრაფად ამოტუმბავ ტუშს, მით მეტი საღებავი წამოჰყვება. ამ დროს კონტეინერში მეტი ჰაერი აღწევს, რაც ტუშის გაშრობას გამოიწვევს.

4. ალბათ თქვენც ხშირად შეგიწმენდიათ ფუნჯი კონტეინერის კიდეზე. ეს შეცდომაა. ტუშის ნარჩენები კიდეზე დაგროვდება და ადვილად გაშრება.

5. თუ შეამჩნიეთ, რომ ტუშს უსიამოვნო სუნი აქვს ან დაკურკუშალებულია, ნუღა გამოიყენებთ.

6. ყურადღება მიაქციეთ ვადას. ის იმაზე მიუთითებს, რამდენ ხანს შეგიძლიათ შეინახოთ გახსნილი ტუში.

7. ინფექციები თავიდან რომ აიცილოთ, ტუში 3-6 თვეში ერთხელ ცვალეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: