კორნელი კეკელიძე – ენაკვიმატი თერაპევტი და ჯანდაცვის ორგანიზატორი

გააზიარე:

ამ გამორჩეულ ქართველს 2023 წლის 23 მაისს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება. მისი შვილები ამ თარიღთან დაკავშირებით მამაზე მოგონებების კრებულის გამოცემას გეგმავენ, მანამდე კი გვინდა, მანანა და ნანა კეკელიძეებთან ერთად გავიხსენოთ ბრწყინვალე თერაპევტი და ჯანდაცვის ორგანიზატორი კორნელი კეკელიძე.

ადრეული წლები

მანანა და ნანა კეკელიძეები:

– მამა 1923 წლის 23 მაისს ჩოხატაურის რაიონის სოფელ იანეულში, მღვდელ ისაკ კეკელიძის ოჯახში დაიბადა. ბებია, ანა მილორავა, დღემდე შთამომავალთა სათაყვანო კერპია. კორნელი მათი მეათე შვილი იყო. ჰყავდა ექვსი ძმა და სამი და, რომლებსაც ერთმანეთთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდათ. დღეს არცერთი მათგანი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მათი შთამომავლები ერთმანეთის თანადგომით ვაგრძელებთ ცხოვრებას.

მამა გურული წარმოშობით ამაყობდა, უყვარდა გურული კილო და მას მოხდენილად ჩაურთავდა ხოლმე საუბარში.

როდესაც დები წარსულს გადავავლებთ თვალს, სიამაყით ვივსებით, რადგან  ოჯახურ სიტკბოში,  ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულში გავიზარდეთ. რასაკვირველია, ტკივილი, იმედგაცრუება და მწუხარებაც ყოფილა, მაგრამ მყუდრო,  სიმშვიდით და სითბოთი სავსე ოჯახური იდილიის ნაკლებობა არასოდეს განგვიცდია. ყველაფრის საწინდარი კი ჩვენი მშობლების ნდობითა და სიყვარულით გაჯერებული ურთიერთობა იყო. მშობლებმა ერთმანეთი კასპის საავადმყოფოში მუშაობის დროს გაიცნეს. მამამ დედას არაორდინარულად სთხოვა ხელი – დაბადების დღეზე მეგობრების დახმარებით ბეჭედი აჩუქა, მეორე დღეს კი მთელი საავადმყოფო ულოცავდა მზიალა ნებიერიძეს კორნელი კეკელიძის ცოლობას.

დედა, მიუხედავად იმისა, რომ თბილი,  მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი იყო, შვილების აღზრდაში სიმკაცრეს იჩენდა, მამა კი მისი სრული ანტიპოდი გახლდათ. მისგან მცირედი საყვედურიც არ გვახსოვს, გაბრაზებასა და დატუქსვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

ჩოხატაურის საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ კორნელი კეკელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. სტუდენტობიდანვე გამოირჩეოდა მიზანდასახულობით და სიბეჯითით, რის გამოც კურიოზულ სიტუაციებშიც აღმოჩენილა. ერთხელ, გამოცდისთვის მზადებისას, ჯგუფელები ისე დაუღლია მეცადინეობით, რომ ქანცგაწყვეტილებს კორნელი აბაზანაში ჩაუკეტავთ, მისგან ცოტა ხნით მაინც რომ დაესვენათ.

სამედიცინო ინსტიტუტში დაწყებული ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. კორნელი კეკელიძის უახლოესი მეგობრები იყვნენ ცნობილი ონკოლოგი კონსტანტინე (კოტე) მადიჩი (მანანა კეკელიძის ნათლია), საქართველოში პირველი პლასტიკური ქირურგიის ესთეტიკური კლინიკის დამაარსებელი ვახტანგ ხუციძე (წოპე), ოტორინოლარინგოლოგი რეზო ხოფერია, ქირურგი ზუბა ზოდელავა, თერაპევტი, გასტროენტეროლოგი ბაადურ რაჭველიშვილი...

პროფესორ-მასწავლებლებს კორნელი ძალიან უყვარდათ. გამოჩენილი ქართველი პათანატომი თამარ დეკანოსიძე ნიჭიერ სტუდენტს მედიცინასა და მეცნიერებაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

სამედიცინო პრაქტიკა

კორნელი კეკელიძის ახალგაზრდობის მეგობარი და კოლეგა, ბაქტერიოლოგი, ამჟამად პოლიკლინიკის გინეკოლოგიური კაბინეტის კონსულტანტი, 95 წლის ქალბატონი ნორა ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ კორნელისგან დიდი მეცნიერი დადგებოდა, მაგრამ მან ასპირანტურაზე უარი თქვა და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, 1946 წელს, კასპის რაიონში დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა დროს იყო რაიონის სანეპიდსადგურის, რაიონული საავადმყოფოს, რაიონული პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, ხოლო 1958-დან 1971 წლამდე – რაიონისა და რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა კასპის რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებასა და სამკურნალო-პრევენციულ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამდიდრებაში. იყო კასპის რაიონული საბჭოს ყველა მოწვევის დეპუტატი, რაიკომისა და რაისაბჭოს აღმასკომის წევრი. 1967 წელს მას, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, მედლები “შრომითი წარჩინებისთვის” და “მამაცური შრომისთვის”, შრომის წითელი დროშის ორდენი.

ნორა ბაბუნაშვილი:

– უსაზღვროდ უყვარდა ადამიანები. მისი სიტყვა და საქმე ერთი იყო, ამიტომ რაიონში უმალვე მოიპოვა ავტორიტეტი. კლინიკაში მძიმე ავადმყოფი ან მშობიარე თუ გვყავდა, ღამითაც არ გვტოვებდა ექიმებს. მის ხელში მედიკოსთა მრავალრიცხოვანი კოლექტივი ერთ ოჯახად შეიკრა. თითოეული თანამშრომლის გასაჭირი იცოდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა მათ დასახმარებლად. ვინ მოთვლის, რამდენი გამოუყვანია ჩიხიდან...

სადაც კი გამოჩნდებოდა, ყველგან მხნეობა და ხალისი შეჰქონდა. ადამიანებში მხოლოდ ღირსებებს ეძებდა და შეუმჩნევლად, ძალდაუტანებლად ახერხებდა მათ წინ წამოწევას. მოწოდებით ექიმი იყო, თანაც არა მხოლოდ კარგი თერაპევტი, არამედ შესანიშნავი ფსიქოლოგიც. დიაგნოსტიკაში ხომ ტოლს ვერავინ დაუდებდა. როცა საავადმყოფოში არ იყო, ირგვლივ მოწყენილობა ისადგურებდა. ავადმყოფებიც მოუთმენლად ელოდნენ დერეფნიდან მისი ხმის გაგონებას.

მანანა კეკელიძე:

– მამამ ბევრ ახალბედა ექიმს  გაუკვალა ცხოვრების გზა, ხელი შეუწყო პროფესიულ დახელოვნებაში. ისინი დღესაც ღირსეულად დგანან ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ბევრმა ცნობილმა ექიმმა აიდგა ფეხი კასპის რაიონულ სავაადმყოფოში. მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი, რადგან ეს სია გრძელია: აწ გარდაცვლილი რომან პირტახია, თამაზ ჩაჩავა, დათო ხეროდინაშვილი, გოგიტა ქერქაძე... კასპის საავადმყოფოში დღესაც მუშაობს რამაზ გიორგაძე... განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კორნელის საამაყო და საყვარელი  ძმისშვილი – პროფესორი კოკი კეკელიძე, რომელმაც კასპში მამას ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა.

თბილისში დაბრუნება

1972 წლის მარტიდან 1983 წლის ოქტომბრამდე კორნელი კეკელიძე თბილისის მოზრდილთა მე-13 პოლიკლინიკის მთავარ ექიმად მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში პოლიკლინიკის კოლექტივისა და უბნის მოსახლეობის უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შესამჩნევად გაუმჯობესდა მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია, პოლიკლინიკის კოლექტივი არაერთხელ დაჯილდოვდა ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის საპატიო სიგელით, ასევე – რაიონის გარდამავალი წითელი დროშით სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის.

ნანა კეკელიძე:

–უდიდესი სიმდიდრე, რაც მშობლებმა დაგვიტოვეს, მათი გამორჩეული სამეგობრო წრე იყო. მამა მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს. ნიჭიერ სპორტსმენთა და ხელოვანთა დიდი ქომაგიც გახლდათ. ჩვენს ოჯახში ცნობილ ექიმებთან ერთად იკრიბებოდნენ სხვადასხვა სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები. ამ შეკრებათა უცვლელი თამადა, საკუთარ დაბადების დღეზეც კი, მამა იყო. კარგად მღეროდა და ძალიან უყვარდა სუფრასთან ფალიაშვილის ოპერებიდან ფრაგმენტების შესრულება. წამოიწყებდა ცნობილ კვარტეტს: “წამწამსა და წამწამს შუა...” რომ ვერ აჰყვებოდნენ, იტყოდა: “წადით, დეიღუპეთ, თქვე გლახებო, სიმღერა არ უნდა იცოდეთო?!” ხალასი, უანგარო გრძნობით გაერთიანებულ ადამიანებს ეამაყებოდათ და უხაროდათ ერთად ყოფნა. ეს დღესასწაულები ჩვენი ბავშვობისა და  ახალგაზრდობის ტკბილი მოგონებაა, რომელიც დღემდე ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას.

დედა ძირძველი თბილისელი იყო. არსენას ქუჩაზე გაიზარდა. საბავშვო ბაღიდან მეგობრობდა კოტე მახარაძესთან. მისი განუყრელი მეგობრები იყვნენ არქიტექტორი, მეცნიერი და პოლიტიკოსი ნოდარ ჯანბერიძე და არქიტექტორი თენგიზ ალავერდაშვილიც. მამა ისე დაუახლოვდა ყველას, რომ დედას ბავშვობის მეგობრები ხუმრობდნენ: კორნელი ჩვენი კლასელია, მზიალა კი რძალიო. მახსოვს, მთელი ოჯახი როგორ დავდიოდით კოტე მახარაძის სპექტაკლების პრემიერებზე. მამა და კოტეც დიდი მეგობრები იყვნენ. მამამ მისი ყველა საიდუმლო იცოდა. ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: სპექტაკლში “როცა ქალაქს სძინავს” კოტე მახარაძის გმირი ამბობს: “მე მყავს მეგობარი ექიმი, რომელიც ქრთამს არ იღებს”. მარჯანიშვილის თეატრს გასვლითი სპექტაკლი ჰქონდა კასპში. კოტეს მამასთვის უთხოვია, შენც წამოდიო, მაგრამ მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის გამო მამა ვერ გაჰყოლია. სპექტაკლის იმ სცენაში კოტეს რეპლიკა შეუცვლია და ასე უთქვამს: “მე მყავს მეგობარი ექიმი კორნელი კეკელიძე, რომელიც ქრთამს არ იღებს”. ამ სიტყვების გაგონებისთანავე თურმე ტაშმა იქუხა და მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. ასე გამოხატეს კასპელებმა დიდი სიყვარული მამას მიმართ.

მანანა კეკელიძე:

– მამა საოცრად ენაკვიმატი, უზადო იუმორით შემკული ადამიანი გახლდათ. ერთხელ თანამშრომელმა მთხოვა, რაღაც წამალი ვერ ვიშოვე და ეგებ ბატონი კორნელი დამეხმაროსო. მივედი მამასთან. მან ყურმილი აიღო  და მესმის: “მოგესალმებით, მე თარსი პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, ცოცხალი კორნელი კეკელიძე ვარ”, – და წამალი  დაუსახელა. რამდენიმე წუთში მედიკამენტი მის მაგიდაზე იდო.

ერთხელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ვსწავლობდი, ბატონი იპოლიტე ხვიჩია გვყავდა მოწვეული. ინსტიტუტში დაწყებული ღონისძიება ჩვენს ოჯახში გამართული ვახშმით დაგვირგვინდა. ცხადია, სუფრას მამა უძღვებოდა. დღის ბოლოს გაოცებულმა იპოლიტემ თქვა, პირველად შევხვდი ადამიანს, რომელმაც თავისი უშრეტი ენერგიითა და სიტყვა-პასუხით მეც კი დამადუმაო...

მახსოვს, პატარები ვიყავით. დედა განსაკუთრებით პატივსაცემი სტუმრის მისაღებად ემზადებოდა და ძალიან ღელავდა. მამასთან ერთად ოთახში ჭაღარა, შუბლნათელი მოხუცი შემოვიდა. “კორნელი კეკელიძე”, – გაგვაცნო მამამ. ჩვენ გაკვირვებულები შევყურებდით უცნობს. მამამ თბილი ღიმილით აგვიხსნა, ეს დიდი კორნელი კეკელიძეა, მე კი პატარაო. წლების შემდეგაც ხშირად ვიხსენებდით გამოჩენილი ქართველი ფილოლოგისა და თეოლოგის,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელისა და აკადემიკოსის სტუმრობას. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დიდი კორნელი კეკელიძე გარიყულაში ისვენებდა. მამა მაშინ კასპის რაიონის მთავარი ექიმი იყო. მეცნიერის იქ ყოფნა რომ შეუტყვია, მისთვის დაბადების დღის მისალოცი დეპეშა გაუგზავნია, მინაწერით: “დიდ კორნელის პატარა კორნელისაგან”. ამით დაიწყო მათი მეგობრობა. უდიდესი მოწიწებით და სიყვარულით გამთბარი   ურთიერთობა დიდი კორნელის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა: მამასთან მეგობრობდნენ მისი შვილი კოტე კეკელიძე და რძალი, საქართველოს სახალხო არტისტი თამარ ბაქრაძე.

ხუტა პაჭკორია:

– 1983 წელს კორნელი კეკელიძე შრომით პენსიაზე გადავიდა და მუშაობა დაიწყო აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ კადრების დარგში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, სკკპ წევრი 1957-დან 1990 წლამდე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცვლებოდნენ მთავარი ექიმები, შესაშური ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული კორნელი კეკელიძე კი მათი უცვლელი მოადგილე გახლდათ. შინაგანი კეთილშობილებითა და სიკეთით სავსე, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, ყურადღებიანი, უშურველი და უანგარო, იმავდროულად საოცრად მორიდებული და უაღრესად თავმდაბალი იყო ბატონი კორნელი. 1991 წლის 23 ნოემბერს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ნუცუბიძის ქუჩა დილიდანვე გადაიკეტა: მასთან გამოსათხოვებლად მოზღვავდა ყველა, ვისაც კი ეს სამწუხარო ამბავი შეეტყო. გამორჩეული ქართველი უდიდესი პატივით დაკრძალეს საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.

მარი მარღანია

გააზიარე: