ქართული მედიცინის დიდი მოამაგე
გააზიარე:
“ბატონი არკადი ჯორბენაძე გახლდათ გამოჩენილი ქართველი მედიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, საქართველოში მედიცინის ერთ-ერთი ფუნდამენტური დარგის – პათოლოგიური ანატომიის გამოჩენილი წარმომადგენელი”, – ასე იწყებს თხრობას არკადი ჯორბენაძის აღზრდილი, მოგვიანებით კი მისი კოლეგა და მეგობარი, თავადაც მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი რევაზ კაპანაძე. ის გვიამბობს, რომ არკადი ჯორბენაძეს სტუდენტობის წლებში დაუახლოვდა:
– სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, აკადემიკოს ირაკლი ტატიშვილის რჩევითა და რეკომენდაციით, მუშაობა დავიწყე ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს პათოლოგანატომიურ განყოფილებაში, სადაც განთავსებული იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრა, რომლის გამგე ბრძანდებოდა არკადი ჯორბენაძე. ნათლობა ამ სპეციალობაში უშუალოდ ბატონ არკადისთან მივიღე. მალე შემოგვიერთდა ჩემი მეუღლეც, შემდეგში – პროფესორი ლილი ხოფერია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი არკადი იმ დროს დიდად დატვირთული ბრძანდებოდა, ჩვენს აღზრდას, დახელოვნებას, პრაქტიკულ და სამეცნიერო მუშაობას ყოველთვის საკმაო დროს უთმობდა. მეც და ლილისაც გვეამაყებოდა ბატონ არკადისთან მუშაობა, რადგან მისგან ძალიან ბევრ, ახალ, რაციონალურ ცოდნას და საქმისადმი დიდ სიყვარულს ვიძენდით.
ბატონი არკადი მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში იღვწოდა ჩვენი ქვეყნის სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებში პათოლოგანატომიური სამსახურის სრულყოფილი განვითარებისათვის. ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ აუტოფსიური, ბიოფსიური და ქირურგიული მასალის დეტალური მაკრო- და მიკროსკოპული შესწავლა პროფილაქტიკისა და რაციონალური მკურნალობის საწინდარი იქნებოდა.
გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ბატონი არკადი აუტოფსიური, ბიოფსიური და ქირურგიული მასალის მიკროსკოპული დიაგნოსტიკის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლებოდა. მის მიერ დასმული მიკროსკოპული დიაგნოზი ყოველთვის ზუსტი და ავადმყოფთა რაციონალური მკურნალობისთვის სასარგებლო იყო.
ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ბევრ ნიჭიერ, საქმისთვის, მეცნიერებისთვის, საზოგადოებრივი საქმიანობისთვის თავდადებულ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ ბატონი არკადისთანას – იშვიათად. ეს გახლდათ კეთილშობილი პიროვნება, ჰუმანისტი, პროფესიონალიზმის, წესიერებისა და ადამიანურობის მაგალითი შინ თუ გარეთ.
ბატონი არკადი დიდხანს იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში. მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტაციებით შესრულდა ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები (ბატონი არკადი თავადაც მრავალი ნაშრომის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ავტორია). მის კათედრაზე დახელოვნებას გადიოდნენ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან წარმოგზავნილი ექიმები. იმ დროისთვის თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა მსგავს დაწესებულებათა შორის, რაშიც ბატონ არკადის ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის.
გარდა პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისა, იგი დიდ მეცნიერულ მუშაობასაც ეწეოდა. მის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ინფექციური სნეულებები. სწორედ მედიცინის ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ეს გახლდათ დიდი სამამულო ომის უკანასკნელი, მძიმე წლები. სადისერტაციო ნაშრომი შეეხებოდა იმ დროისთვის მეტად გავრცელებულ გადამდებ ინფექციურ სნეულებას – პარტახტიან ტიფს. დაავადების გამომწვევის გადამტანად მიიჩნეოდა ტანსაცმლის ტილი, რომელიც ჰიტლერმა გამოიყენა დივერსიის მიზნით საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების მწყობრიდან გამოსაყვანად. ასეთი რამ საერთაშორისო კონვენციით აკრძალული იყო.
ბატონ არკადის საგანგებოდ დაევალა იმის გამოკვლევა, რა სახის დაზიანებას იწვევდა ორგანიზმში აღნიშნული დაავადება. მან დიდ სექციურ და ექსპერიმენტულ მასალაზე ჩატარებული მიკროსკოპული გამოკვლევებით დაადგინა თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების მძიმე დაზიანება. ეს დაავადება იწვევდა არა მარტო ინვალიდობას, არამედ ხშირად სიკვდილსაც. აღნიშნული დაავადების მატერიალური საფუძვლების დადგენასა და დასაბუთებას დიდი აღიარება მოჰყვა მაშინდელ სამედიცინო მეცნიერებაში, ეპიდემიოლოგიასა და მიკრობიოლოგიაში.
განსაკუთრებით გახარებული და დიდად კმაყოფილი ვნახე ბატონი არკადი ჩემი საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ. გულში ჩამიკრა, დამლოცა და სამომავლო წარმატებები მისურვა.
მე არ ვყოფილვარ გამონაკლისი, ბატონ არკადის ყველა ახალგაზრდის წინსვლა და გამარჯვება ახარებდა.
ბატონი არკადი პოეზიის დიდი მოყვარული და თაყვანისმცემელი იყო. მან ზეპირად იცოდა პოეზიის ნიმუშები რუსთაველის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, ილიას, აკაკის და სხვათა შემოქმედებიდან. ერთხელ თბილისს ესტუმრა კიშინოვის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, აკადემიკოსი ვასილ ანესტიადი რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ვასილ ანესტიადი იმავდროულად განაგებდა ზემოხსენებული ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრასაც და უმთავრესად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იკვლევდა. მეც სწორედ იმ დროს ვმუშაობდი თბილისის კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიურ განყოფილებაში და ერთი საპრობლემო საკითხის შესწავლით ვიყავი დაინტერესებული, რამაც დაგვამეგობრა. ერთ დღეს სტუმრები ფუნიკულიორზე, რესტორანში მივიწვიე. თამადად, რა თქმა უნდა, ბატონი არკადი ბრძანდებოდა. მან სტუმრებს გააცნო საქართველოს ისტორიის ძირითადი მონაკვეთები და ბოლოს წაუკითხა საკმაოდ ვრცელი ნაწყვეტი “ვეფხისტყაოსანიდან” ჯერ რუსულ და შემდეგ გერმანულ ენაზე. ბატონი ვასილ ანესტიადი გერმანული ენის კარგი მცოდნე გახლდათ და აღტაცებას ვერ მალავდა ბატონი არკადის მიერ გერმანული ენის ასეთი საფუძვლიანი ცოდნით.
ბატონი არკადი ჩვენი ქართული უნივერსიტეტის დიდი მოამაგე და თაყვანისმცემელი იყო. მის სამუშაო ოთახში საპატიო ადგილებზე ეკიდა ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, შალვა ნუცუბიძის და სხვათა პორტრეტები. სწორედ მემკვიდრეობად მიღებული ქართული სიტყვიერების დიდი სიყვარულის გამო ჩაირიცხა მისი უფროსი ვაჟიშვილი, ბესიკ ჯორბენაძე, უმაღლესი განათლების მისაღებად მამის საყვარელ უნივერსიტეტში. ბესიკი შესანიშნავი მეცნიერი, ფილოლოგი და შემდეგში ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ.
ბატონმა არკადიმ შესანიშნავი ოჯახი შექმნა. მისი არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი ეკატერინე, ქართული პედიატრიის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. მეორე ვაჟიშვილი, თემურ ჯორბენაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი მეცნიერი, პროფესორი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგეა. ამ კათედრაზე მეც მასთან ერთად ვმუშაობდი, – გვიამბობს ბატონი რევაზ კაპანაძე.
არკადი ჯორბენაძე 1902 წლის 18 იანვარს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში. ბესარიონ ჯორბენაძისა და ელპიტე დარჩიას მრავალრიცხოვანი და მეგობრული ოჯახი სანიმუშო ყოფილა მთელ კუთხეში თავისი შრომისმოყვარეობითა და სინდისიერებით. ბესარიონ ჯორბენაძეს მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ დარბაისელი გლეხი “ჭკუის საკითხავ კაცად” ყოფილა ცნობილი თანასოფლელებს შორის. მრავალშვილიან ოჯახში შრომა ყველასთვის სავალდებულო იყო. სწორედ ამ შრომამ გამოაწრთო არკადი ჯორბენაძე, ასწავლა მშრომელი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა. შემდგომ იგი ხშირად მონატრებით იგონებდა იმ დღეებს, როცა სისხამ ალიონზე “სათოხარში გადიოდა ბაბასთან ერთად”
იმ პერიოდში, როცა არკადი კორბენაძე ბათუმის გიმნაზიაში სწავლას ამთავრებდა, თბილისში ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების თაოსნობით ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. 1922 წლის სექტემბერში არკადი ჯორბენაძემ თავისი სათაყვანებელი უნივერსიტეტის კარი შეაღო – იგი სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არკადი ჯორბენაძე სავალდებულო დისციპლინების მოსმენასთან ერთად დაინტერესებული ყოფილა საქართველოს ისტორიით და ქართული ლიტერატურით, ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით.
სწორედ უნივერსიტეტში გაიცნო არკადი ჯორბენაძემ ირაკლი ტატიშვილი. ისინი, როგორც გამორჩეული სტუდენტები, 1925 წელს პროფესორმა ვ. ჟღენტმა პათოლოგიური ანატომიის კათედრის პრეპარატორებად მიიწვია. 1927 წლიდან იგი კათედრის ასისტენტი გახდა. კათედრაზე, გარდა სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობისა, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, მუშაობდა სტუდენტებსა და ექიმებთან. მეოთხედ საუკუნეზე მეტი დაყო აქ და განვლო პედაგოგიური კვალიფიკაციის ყველა ეტაპი პრეპარატორის თანამდებობიდან პროფესორობამდე. 1935 წელს შეთავსებით მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში პათოლოგიური ანატომიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის დოცენტად. 1937 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, 1947 წელს კი სადოქტორო. 1947 წელს აირჩიეს ამავე კათედრის გამგედ და 1974 წლამდე განაგებდა მას. ფრიად ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, სადაც მრავალ წამოწყებას ედგა სათავეში. 1940 წელს იგი თბილისის მთავარ პათოლოგანატომად დანიშნეს.
1948 წელს არკადი ჯორბენაძეს პროფესორის წოდება მიენიჭა. ერთ წელიწადში იგი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა, 1953 წელს კი პრორექტორად სასწავლო-სამეცნიერო დარგში.
მისმა შვილმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგემ, პროფესორმა თემურ ჯორბენაძემ გვიამბო, რომ მამამისი ყველაზე მეტად თურმე ივანე ჯავახიშვილის მედლით ამაყობდა, რომლითაც იგი 1978 წელს დააჯილდოეს.
ბატონ თემურს სამსახურში ვესტუმრეთ. საუბარი ბატონი არკადის ფოტოების თვალიერებით დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ საოცრად ჰგავს მამას, პროფესიაც მისი აირჩია. გვიამბობს, რომ მისი არჩევანში მამა არ ჩარეულა, ბავშვობიდან იცოდა, რომ მომავალს მედიცინას დაუკავშირებდა.
– ოჯახში ივანე ჯავახიშვილის კულტი გვქონდა, სახლშიც და სამსახურშიც მისი პორტრეტი ეკიდა, დღემდე ასეა, – იხსენებს ბატონი თემური.
არკადი ჯორბენაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ ძალიან იამაყებდა იმით, რომ ივანე ჯავახიშვილის მედლით მისი უმცროსი შვილიც დააჯილდოეს.
ბატონი თემური გვიამბობს, რომ არკადი ჯორბენაძე თბილი მამა იყო, თუმცა მომთხოვნი და პრინციპულიც: “არ უყვარდა ზარმაცი და უსაქმური ხალხი, მათ შორის – არც სტუდენტები და ექიმები, მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა შრომა იყო. იგი ხედავდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო პათოლოგიური ანატომიის, ამ ფუნდამეტური დარგის, სათანადოდ განვითარება და მძლავრი ბაზების არსებობა. სწორედ მისი თაოსნობით გაიხსნა მრავალ სამედიცინო დაწესებულებაში პათოლოგანატომიური სამსახური, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა არა მხოლოდ ჩვენი სფეროს, არამედ, საზოგადოდ, მედიცინის განვითარებისთვის. არ არსებობს მედიცინის დარგი, პათოლოგიური ანატომია და მორფოლოგია რომ არ სჭირდებოდეს. მოგეხსენებათ, საბოლოო დიაგნოზს სწორედ ჩვენ ვსვამთ. თბილისის პირველ საავადმყოფოში პათოლოგიური ანატომიის სამსახური 1910 წლიდან არსებობს. 1993 წელს იგი ცენტრად გადაკეთდა, რომელიც 1996 წლიდან არკადი ჯორბენაძის სახელს ატარებს.
დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს პროფესორ არკადი ჯორბენაძეს ჩვენი ხშირი რესპონდენტი, პროფესორი გურამ ტატიშვილიც:
– ბატონი არკადი იყო ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანი, ფაქტობრივად, ოჯახის წევრი. ხოლო მისი და ჩემი აღმზრდელი ბიძის, აკადემიკოს ირაკლი ტატიშვილის მეგობრობა განსაკუთრებული ფენომენია. ეს ორი ადამიანი მაღალი ზნეობის, კეთილშობილების, სიკეთის, გულისხმიერებისა და პატიოსნების განსახიერება გახლდათ.
ეს ორი თანაკურსელი ერთად ეზიარა მედიცინის ფუნდამენტურ დარგს – პათოლოგიურ ანატომიას, ჰყავდათ ერთი და იგივე მასწავლებელი – დიდი ვლდიმერ ჟღენტი და ერთად დაიპყრეს მედიცინის მწვერვალები. აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ დიდი ფრანგის ანტუან სენტ-ეგზიუპერის სიტყვები: “მეგობრებად უნდა ჩაითვალონ მხოლოდ ისინი, ვინც ერთ თოკს ჩაბმულნი ცდილობენ დაიპყრონ ერთი და იგივე მწვერვალი”.
ბატონი არკადი ჯორბენაძე ადრეული ბავშვობიდან მახსოვს. ის ხშირად სტუმრობდა ჩვენს ოჯახს. ადრე თურმე მამაჩემთანაც მეგობრობდა; თითქმის ყოველი შეხვედრის დროს მეფერებოდა და მეუბნებოდა: “იცოდე, შენ კარგი მამა გყავდა, უსამართლოდ დაღუპეს. ეცადე, ასახელოო”. ვგრძნობდი, რომ ჩემი ყოველი ცხოვრებისეული წარმატება საკუთარ გამარჯვებად მიაჩნდა და ყოველთვის გულითადად მილოცავდა.
მახსენდება, რომ ბატონმა არკადიმ ერთხელ ჩემთან საუბარში სიყვარულით ახსენა თავისი ბიძაშვილი, ლანჩხუთის მკვიდრი კუკური ჯორბენაძე, როგორც მათი გვარის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი. ძნელად თუ წარმოიდგენდა მაშინ ბატონი არკადი, რომ მისი დაღუპული მეგობრის გიორგი ტატიშვილის და მისი უსაყვარლესი ბიძაშვილის კუკური ჯორბენაძის შვილიშვილები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, შექმნიდნენ ლამაზ ქართულ ოჯახს და ჯორბენაძეებისა და ტატიშვილების ტრადიციული მეგობრობა ნათესაობაში გადაიზრდებოდა.
ბატონი არკადი ჯორბენაძე იყო არა მარტო დიდებული მედიკოსი, მეცნიერი, არამედ მრავალმხრივ განათლებული და ერუდირებული პიროვნება, მშობლიური ისტორიის, ქართული ლიტერატურის, პოეზიის და კულტურის დიდი მოტრფიალეც. პირადად მომისმენია მისგან ზეპირად თქმული ვრცელი ნაწყვეტები რუსთაველისა და სხვა კლასიკოსების შედევრებიდან არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ და გერმანულ ენებზეც.
ამ დიდებულ მამულიშვილზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, რადგან ის მიეკუთვნებოდა XX საუკუნის ქართველ მედიკოსთა იმ ბრწყინვალე კოჰორტას, რომელმაც არნახული სტიმული მისცა ჩვენს ქვეყანაში კლინიკური და თეორიული მედიცინის განვითარებას, ამიტომ პროფესორ არკადი ჯორბენაძის ხსოვნას სათუთად შეინახავს ქართველი ხალხი.
თამარ არქანია