ნინო ფერაძის ფერადი ზღაპრები

გააზიარე:

– ხელოვნება, ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, სულის ნავსაყუდელია. ვცდილობ, დღევანდელ სირთულეებით სავსე ცხოვრებაში ადამიანებს პოზიტიური განწყობა შევუქმნა, – ამბობს მხატვარი ნინო ფერაძე, რომლის ნამუშევრები სიმშვიდეს, იმედს და დადებით ენერგიას ასხივებს, ბავშვობაში გვაბრუნებს.

– სხვადასხვა დროს სხვადასხვა თემები და ფერები მიზიდავდა, სხვადასხვა სტილი და აქცენტები მქონდა. ახლა თითქოს ზღაპრული სამყაროსკენ მიმიწევს გული. არ ვხატავ ომს, სისხლს და რეალისტურ სცენებს, არ ვამძიმებ ადამიანებს, პირიქით, სინამდვილისგან გაქცევას ვამჯობინებ. ვხატავ იმას, რაც ყოველდღიურობას გვიმსუბუქებს. თუ შემიძლია, ერთ ადამიანს მაინც დღე უკეთესი განწყობით გავულამაზო – რატომაც არა?

ახლა უეცრად ბებია გამახსენდა – ვერა ზაალიშვილი. ძალიან უყვარდა წიგნები, ღრმად მოხუცებულიც სულ კითხულობდა. გვერდით, ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად, ზღაპრების წიგნიც ედო. მიკვირდა, ის კი ამბობდა, სერიოზული საფიქრალით რომ დავიღლები, თავს ბავშვური ამბებით ვიქცევო... მასაც რთული წლების, რევოლუციების, ომების გადატანა მოუხდა და ალბათ ასე გაურბოდა სინამდვილეს.

ბევრ რამეს ვუმადლი ბებიას, ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ისე ვისწავლე, რომ არც კი ვიცოდი, თუ ვსწავლობდი. მერე, ცხოვრებაში, გზადაგზა ვხვდებოდი, რომ ჩემი ქცევა, გადაწყვეტილებები, ღირებულებები სწორედ ბავშვობიდან იღებდა სათავეს.

დიდ, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე სხვადასხვა თაობის ადამიანებთან ერთად. ბავშვობას რომ ვიხსენებ, ჯერ სუფთა, დალაგებული სახლის სურნელი მახსენდება. ფერადი ფანქრები, ფუნჯები, საღებავები, ფურცლები, ნახატები... მშობლებიც მოყვარული მხატვრები იყვნენ. მამა ისტორიკოსი გახლდათ, დედა – პედიატრი. მეზობლები, ნათესავები – ყველა მას ანდობდა თავის პატარას. ყოველთვის მომწონდა მისი პროფესია, თუმცა მე და ჩემმა დამ ეს გზა მაინც არ ავირჩიეთ. ჩემი ემოციური ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კრიტიკულ სიტუაციაში გამიჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება, გონების და არა გულის კარნახით მოქმედება.

სტუდენტობა

სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ დაზგურ გრაფიკაზე გადავიდა. არაჩვეულებრივი კურსი მყავდაო, ამბობს. მართლაც, 80-იანი წლების თაობაში ბევრია ცნობილი და წარმატებული ხელოვანი. აკადემიის შემდეგ მუშაობდა მოსკოვის სენეჟის მხატვართა სახლის სახელოსნოში, სადაც ბევრი უცხოელი ხელოვანი ჩადიოდა. მათგან ურთიერთობით გამოცდილებას იღებდა, აღმოჩენებს აკეთებდა... წლების შემდეგ თავადაც ასწავლიდა სტუდენტებს:

– ყველა თაობას სხვადასხვა მისწრაფებები, წარმოდგენები, იდეები აქვს, თუმცა ერთი რამ უცვლელია: ჯერ ასოები უნდა ისწავლო, რომ წერა-კითხვა შეძლო. მეც მხატვრობის ანბანით ვიწყებდი. სტუდენტებს ჯერ ტექნიკას ვასწავლიდი, რომ საკუთარი სტილი გამოემუშავებინათ. ვფიქრობ, ახალგაზრდა გამოხატვის მრავალფეროვან ხერხებს უნდა ფლობდეს, რომ თავისი სათქმელი ზედმიწევნით ზუსტად მიიტანოს აუდიტორიამდე.

აკადემიის დამთავრების შემდეგ ექვსი წელიწადი კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მუშაობდა დამდგმელ მხატვრად. რეჟისორ ლადო სულაქველიძესთან თანამშრომლობდა. მისი საავტორო ნამუშევრებია “მეფე და ჩიტი”, “პორტრეტი”, “მიწა თავისას მოითხოვს”, “დიდი და პატარა ტალღა”.

იმ წლებში ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღეო, ამბობს, თუმცა თავისუფლება საბოლოოდ ყველაზე ღირებული აღმოჩნდა მისთვის.

 90-იანი წლები საზღვარგარეთ გაატარა საინტერესო პროექტებით. უამრავი უცხოელი მეგობარი შეიძინა. მას შემდეგ გამუდმებით იწვევდნენ სამხატვრო სახელოსნოებში, გამოფენებზე, მის ნახატებს იწონებდნენ, ყიდულობდნენ. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ და ომმა მოგზაურობის და საზღვარგარეთ გამოფენების გამართვის შესაძლებლობა შეუზღუდა, ნინო ფერაძის ნამუშევრები ევროპაში ძალიან მოთხოვნადია. მონაწილეობს ვირტუალურ გამოფენებში, რაც, მისივე თქმით, შესანიშნავი პლატფორმაა უცხოელებთან კომუნიკაციისთვის. საქართველოშიც ყოველ წელს მართავს საშობაო ან სააღდგომო გამოფენას. წლეულს ამისთვის გალერეა “წითელი კვადრატი” აირჩია. თუმცა, როგორც თავად გვითხრა, აპირებს, აქაც აიღოს ხანმოკლე პაუზა, სანამ პანდემია საბოლოოდ დასრულდება.

სამუშაო პროცესი

– მხატვრობა ის სამუშაო არ არის, რომელიც შეგიძლია გრაფიკში ჩასვა – დილით მიხვიდე ოფისში და საღამოს შინ დაბრუნდე. მხატვრობა უწყვეტი პროცესია. ჯერ იდეა ჩნდება, მერე იწყება ამ იდეის გონებაში ხარშვა, დაღვინება, ბოლოს კი – ტილოზე გადასატანად ფორმის ძიება. ამ დროს სრული მობილიზება მჭირდება. მას შემდეგ, რაც ფორმას ვიპოვი, მექანიკური სამუშაოღა რჩება შესასრულებელი. ხატვის დროს ფონად ხშირად კლასიკურ მუსიკას ვრთავ.

მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკის სიყვარული ჩემს ყველა ნამუშევარს ეტყობა, ფერით ვხატავ. არსებობს ემოცია, რომელიც სწორედ ფერით უნდა გადმოიცეს. მომწონს, ჩემი გვარი სიტყვა “ფერს” რომ ეხმიანება.

თანამედროვე ტენდენციები

– ამბობენ, ხელოვნება მარადიულიაო. არ ყოფილა მთლად ასე. ტენდენციები სწრაფად იცვლება. ჰოლანდია ჩემთვის კლასიკური მხატვრობის აკვანია და გაკვირვებული დავრჩი, როდესაც იქაურ თანამედროვე ხელოვნებაში ეს აქცენტები ვერ აღმოვაჩინე. დღეს დიზაინში, ტელევიზიაში და თეატრშიც კი უფრო დემოკრატიული შეხედულებებია დამკვიდრებული. ყველა იმას იცვამს, რასაც იხდენს. დოგმებს, ჩარჩოებს აღარ აღიარებს. ასეა მხატვრობაშიც. მკვეთრი საზღვრების გავლება შეუძლებელია.

მიხარია, როდესაც ჩემს ნახატს ყიდულობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწონთ და სურთ შინ ჰქონდეთ. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: