ლიანა ელიავა - შემოქმედებითი ენერგია, რომელიც არ იკარგება

გააზიარე:

ქართველი რეჟისორი და მწერალი ლია (ლიანა) ელიავა მეუღლესთან, რობერტ ვინონენთან ერთად ფინეთში ცხოვრობს. საქართველოს ხშირად სტუმრობენ. ერთ-ერთი ვიზიტის დროს შეხვედრა ვთხოვე. ვისაუბრეთ მის ფილმებსა და შემოქმედებაზე, არარეალიზებულ სცენარებსა და არაჩვეულებრივ, დაბრკოლებებით სავსე ცხოვრებაზე, რომელიც მისი შთაგონების წყაროდ იქცა.

 

ბავშვობის მოგონებები

– ხობში დავიბადე. მამაჩემის ოჯახი თავის დროზე საკმაოდ შეძლებული ყოფილა. ბაბუაჩემს სცოდნია ბერძნული და თურქული ენები და აღმოსავლეთის ქვეყნებში უვლია სავაჭროდ. სახლიც შესაფერისი ჰქონია ხობის ცენტრში – ორსართულიანი, დიდი, ხეხილით სავსე ეზოთი.

მამა პროფესიით მშენებელი ინჟინერი გახლდათ, თუმცა ძალიან უყვარდა თეატრი და მსახიობად ირიცხებოდა ხობის თეატრის მოყვარულთა დასში. დედა, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ახალგაზრდობაში ისეთი ლამაზი ყოფილა, რომ მამაჩემს ერთი ნახვით ჩავარდნია გულში და მოუტაცია. არც მამა იყო შეუხედავი და დედა მალე შეგუებია ბედს.

იმ დროს საბჭოთა ხელისუფლება უკვე პროვინციებშიც მოძლიერდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ოჯახი ძალიან შეავიწროვეს. მამულებიც ჩამოართვეს.

 

ცხოვრების ქარტეხილები

– მტერს არ ვუსურვებ, რაც ჩვენს ოჯახს მეორე მსოფლიო ომის დროს გადახდა. მამაჩემის ფრონტზე მყოფი ნაბოლარა ძმა, მიხეილი, სამშობლოს მოღალატედ გამოცხადდა და ოჯახის წევრებს ციმბირში გადასახლება მიესაჯათ ქონების კონფისკაციით.

ვიღაც ღვთისნიერმა გაგვიკეთა ცნობა, თითქოს ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით, სამოცდაათ წელს გადაცილებული ბებია-ბაბუა კი ციმბირის გზას გაუყენეს. ბაბუას გულმა გზაშივე უმტყუნა. ბებიას როგორღაც დაუმარხავს მიცვალებული.

მოგვიანებით მამამ საიდუმლოდ გაიგო, რომ დაჭრილი და თავისიანების მიერ მიტოვებული მიხეილი ტყედ ჩავარდნილა. ახლა რას გაუგებ იმდროინდელ ბნელით მოცულ ამბებს...

“მოღალატის” ოჯახს ხობში აღარ დაგვედგომებოდა. ამასობაში ძმაც შემეძინა. ჯერ სოხუმში გადავსახლდით, მერე კი თბილისში, სადაც ჩვენი მფარველი ანგელოზი – დედეჩემის ძმა, ომგამოვლილი მაღალი თანამდებობის იურისტი, გველოდებოდა.

 

კინოს ჯადოსნური სამყარო

– თბილისში ოცდამეცხრე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ვწერდი ლექსებს და პიონერთა სასახლეში შემოქმედებით წრეზე დავდიოდი პედაგოგ ლიგია პაიჭაძესთან.

ხუთწლიანი გადასახლებიდან ბებია საღ-სალამათი, მაგრამ გაკერპებული დაბრუნდა. მოულოდნელად ბიძის რეაბილიტაციის ცნობაც მოგვივიდა. საწოლში მწოლიარე ნაციმბირალი მოხუცი გულგრილად შეხვდა ამ ამბავს – მშვენივრად ვიცოდი, როგორი შვილიც გავზარდეო, ჩაილაპარაკა და კედლისკენ გადაბრუნდა.

სკოლა რომ დავამთავრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. მეორე კურსიდან იბერიულ-კავკასიური ენების ფაკულტეტზე გადავედი, რომელსაც აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა ხელმძღვანელობდა. მას მეცნიერად ვეიმედებოდი, მე კი ასპირანტურაში ჩაბარების ნაცვლად მოულოდნელად კინოსტუდიაში დავიწყე მუშაობა რეჟისორის მესამე თანაშემწედ!

საქმე ის გახლავთ, რომ სტუდენტობისას ერთ-ერთი ფილმის მთავარი როლის სინჯებზე მიმიწვიეს. ისე გავიჩხიბე კინოსამყაროთი, რომ რეჟისორობა გადავწყვიტე. დავიწყე საამისოდ მზადება. რუსულად წერაშიც ვიწაფავდი ხელს, რადგან მაშინ საქართველოში კინოს უმაღლესი სასწავლებელი არ არსებობდა.

1965 წელს მოსკოვში, მხატვრული და სატელევიზიო ფილმების სარეჟისორო ფაკულტეტზე, მიხეილ რომის სახელოსნოში ჩავირიცხე.

 

წარმატებები და დაბრკოლებები

– ორჯერ გახლდით ВГИК-ის ახალგაზრდული ფესტივალის ლაურეატი. პირველად პრიზი საუკეთესო ეკრანიზაციისთვის მიენიჭა ჩემს ორნაწილიან ხმოვან ეტიუდს, რომელიც ვასილ შუკშინის “ჭკნება, იღუპებას” მიხედვით გადავიღე, მერე კი საუკეთესო რეჟისურისთვისაც დავიმსახურე პრიზი საკურსო ფილმით “ბზიანეთი”, რომელიც რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით შეიქმნა. ის ახალდაარსებული ქართული სატელევიზიო ფილმების სტუდიის ერთ-ერთი პირველი ფილმია გახლდათ.

ჩემს კინოშემოქმედებას რატომღაც იმთავითვე დაებედა მის გარშემო უარყოფითი აურის შექმნის მცდელობა საქართველოშიც და რუსეთშიც. სწორედ საქართველოში, სატელევიზიო ფილმების სამხატვრო საბჭოზე ჩათვალეს, რომ ფილმი არ გამოვიდა. განსაკუთრებით მომღერალთა გუნდის წევრები დამიწუნეს – შეუხედავები არიანო. თუმცა ფილმი მიხეილ რომს ვაჩვენე და მას ყველაფერი მოეწონა: მსახიობების არჩევანი, როლების შესრულება, განსაკუთრებით – ხერხი, უსახსრობის გამო რომ მივმართეთ: რუსულად გახმოვანების ნაცვლად ქართულ სიმღერებს და დიალოგებს ავადევნეთ სხარტი, იუმორით სავსე ტექსტი, რომელიც ცნობილმა სცენარისტმა რეზო გაბრიაძემ დაგვიწერა. რომის წინადადებით გადაწყდა, ფილმი სადიპლომოდ წარგვედგინა.

წარჩინებით დავიცავი დიპლომი. ოპონენტი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გახლდათ. მის რეცენზიაში ეწერა: “[ლიანა ელიავა] თავისებურად ხედავს სამყაროს, ამიტომაც ნამდვილი კინორეჟისორია”.

კინოინსტიტუტი წარჩინებით, თანაც თანაკურსელებზე ადრე დავამთავრე და მშობლიურ კინოსტუდია “ქართულ ფილმში” გამანაწილეს დამდგმელ რეჟისორად. ამასობაში “ბზიანეთმა” მეორე პრიზი მიიღო კიევში, სტელევიზიო ფილმების ფესტივალზე, ამჯერად – საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის. ასევე წარმატებით ჩაიარა მოსკოვში ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებამ – “ბზიანეთმა” მაყურებელთა იმხელა ინტერესი გამოიწვია, გვთხოვდნენ, უცხოეთის ქვეყნების საელჩოებშიც გვეჩვენებინა.

 

2011 წელს ფრაიბურგის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა ქალბატონ ლიანას “ბზიანეთის” ასლის წარდგენა სთხოვეს. ფილმის ნეგატივიც კი ვერსად აღმოაჩინეს. ქალბატონი ლიანა ამ ამბავს უფრო ვრცლად რომან “აფეთქებულ საყდრისში” ჰყვება.

 

– რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე იყო ჩემი მომდევნო ფილმების გზაც: “ეპისკოპოსი ნადირობაზე”, “მშვენიერი კოსტიუმი”, “ფერმა მთაში”. უარყოფითი რეცენზიები მოჰყვა რესპუბლიკურ პრესაში ჩემს სრულმეტრაჟიან ფილმ “სინემას”. უკვე დამთავრებული ფილმის ჩაბარებისას საკავშირო კინოკომიტეტში განაცხადეს, მაღალი წრის კრიტიკა ვერ დავინახეთო (თითქოს ამისთვის დავშვერით!) და სურათს მესამე კატეგორია მიანიჭეს. ქართული კინოს მესვეურებმა კი კრიტიკოსთა შეფასებას საბოლოო ბეჭედი დაასვეს და “სინემა”, როგორც “უნაყოფო ცდა”, არ დაუშვეს რესპუბლიკურ ფესტივალზე თელავში.

თუმცა ფილმს წარმატება მაინც ხვდა წილად: კარლო ლიძანისა და ალბერტო მორავიას, მოსკოვში საგანგებოდ ფილმების შესარჩევად ჩამოსულ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს, სწორედ ის შეურჩევიათ და ფესტივალზე წარმატებული ჩვენების შემდეგ მედლითაც დაუჯილდოებიათ. ამის შესახებ ვერაფერს გავიგებდი, რომ არა იტალიელი კორესპონდენტი კარლო ბენედეტი, რომელმაც პრემიერის წინ დამირეკა ინტერვიუს ჩასაწერად.

მოსკოვში, კინოკომიტეტის შესაბამის განყოფილებაში, ვიკითხე, როგორ ჩაიარა ფილმის ჩვენებამ. უკვალოდო, მიპასუხეს დაუფიქრებლად, თუმცა იმავე კორესპონდენტისგან შევიტყვე, რომ “სინემას” შთამბეჭდავი წარმატება და არნახული რეცენზიები მოჰყვა – ცნობილმა კინორეჟისორებმა ის კინოსადმი უდიდესი სიყვარულის გამოხატულებად მიიჩნიეს.

 

ლექსს ახალფეხადგმული ჩვილივით უნდა გაძღოლაო, წერდა გალაქტიონ ტაბიძე. ხელოვნების ნებისმიერ სხვა ნაწარმოებზეც შეიძლება იმავეს თქმა, თუმცა თავად ქალბატონი ლიანა ამბობს, რომ მეგზურად ვერ გამოდგა. სამაგიეროდ, თავად ფილმმა ივარგა, თითქმის ყველა კონტინენტი მოიარა და რადგან სახელმწიფოს არსად წარუდგენია, ყველგან კონკურსგარეშე პროგრამაში მონაწილეობდა: სალონიკში, მელბურნში, ვიენალეზე, მაროკოში... ბოლოს ამერიკაშიც ჩააღწია.

ია-ვარდით არც მომდევნო ფილმის – “გზის დასაწყისის” გზა ყოფილა მოფენილი – ეკრანზე გამოსვლა არ დასცალდა, ისე ჩაიქროლა.

 

– ფილმი თუშეთშია გადაღებული. გავაწამე გადამღები ჯგუფი კლდე-ღრეში სიარულით. გზები არ იყო, ცხენებით გვიწევდა გადაადგილება. ვერტმფრენი უამინდობაში ვერ დაფრინავდა. არაერთი ღამე გაგვითევია, ბუნებრივი, უნიკალური განათება რომ მოგვეხელთებინა. ნორმალური საჭმელი გვენატრებოდა, ღამეებს საძილე ტომრებსა და მიტოვებულ სახლებში ვათევდით და მაინც ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. წარმოიდგინეთ, ყოველივე ამის შემდეგ დაუმსახურებელი კრიტიკა რა მძიმე მოსასმენი იქნებოდა!

ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლებში, მისი გამარჯვების შემდეგ და რუსული იმპერიული ძალების მონაწილეობით მოწყობილი სამხედრო გადატრიალებისას ქართველი კინოს მესვეურები და მე პოლიტიკურად საპირისპირო ბანაკებში აღმოვჩნდით. ისინი ეროვნულ ხელისუფლებას ებრძოდნენ, განმაქიქებელ წერილებს უგზავნიდნენ ევროპის კინოაკადემიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მე კი ჩემი კინოკამერით გადაღებული დოკუმენტური კადრებით ვიცავდი მას. ამავე პერიოდს დაემთხვა ჩემი ბოლო ფილმის “უფლის ანგელოსები ანუ თავისუფლების მისტერია” გადაღებები, რომელიც 9 აპრილს დაღუპულ ქალებს მივუძღვენი. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ფილმის წარმოება დაიხურა.

ამასობაში იმდენი გადაუღებელი სცენარი დამიგროვდა, რომ მგონი ყველა რეკორდი მოვხსენი! ვერ ვმონაწილეობ ქართული კინოს ცხოვრებაში, არ ძალმიძს ზნეობრივ კომპრომისებზე წასვლა და არც თავად გამაჩნია ფილმის გადასაღებად ან გადაღებულის სარეკლამოდ საჭირო სახსრები. მეც გავეცალე კინოს და, როგორც შეყვარებული – თავის უარმყოფელს, სათოფეზეც აღარ ვეკარები.

შემოქმედებითი ენერგია არ იკარგება. კინოში გადაკეტილმა სადინარმა ლიტერატურაში პოვა გამოსავალი. ფილმებს ვერ ვიღებ, სამაგიეროდ ვწერ წიგნებს. სხვადასხვა დროს თბილისში ქართულ ენაზე გამოიცა ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ესეების არაერთი კრებული, ბოლოს – რომანიც. “კავკასიური მისტერია”, “საუკუნის სამანი”, “სიზმრად ნანახი ფილმები”, “კინო უეკრანოდ”, “ჩემი სკანდინავია”... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ.

 

სიყვარული როგორც სულთა ერთობა

– სიყვარული ღვთით ნაბოძები ნიჭია. ან გაქვს, ან არა. მეც არაერთხელ, “ვით პეპელამ, ვახალე ფრთები რკინა-ბეტონს”. დავქორწინდი ეროვნებით ფინელზე, რუსულენოვან პოეტსა და მთარგმნელ რობერტ ვინონენზე. მთავარი როლი ჩვენს კავშირში მაინც სულთა ერთობამ ითამაშა.

რობერტი იმ ქვეყნიდანაა, რომელიც რუსეთმა დაიპყრო. ადრეულ ასაკში მშობლიური წიაღიდან ამოძირკვულმა, გადასახლებაში ბეწვზე გადარჩენილმა, მართალია, გარუსებას ვერ დააღწია თავი, რუსი პოეტი გახდა, მაგრამ მშობლიური ენა მაინც შეინარჩუნა. უკვე თითქმის ორმოცი წელია ერთად ვართ. თავდაპირველად მოსკოვში ვცხოვრობდით, სადაც რობერტი ჯერ “საბჭოთა მწერლის” მთავარ გამომცემლობაში განაგებდა პოეზიის რედაქციას, მერე კი კათედრის გამგე იყო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1998 წელს, ბევრი ცდისა და წვალების შემდეგ, როგორც იქნა, დავძლიეთ საბჭოთა ბიუროკრატიის ბარიერები და ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გადავსახლდით, როგორც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი.

 

“ვისაც რომ სამშობლო უყვარს, სიცოცხლე მისთვის ომია” – ვაჟა-ფშაველას ეს შეგონება მისი ცხოვრების კრედოდ იქცა. მუდმივმა ბრძოლამ მის ჯანმრთელობასაც დააჩნია კვალი.

 

– ავად სახსენებელმა ლიმფომებმა სამჯერ შემომიტიეს. “აფეთქებული საყდრისი” სწორედ ამ რეციდივებისა და ქიმიური პროცედურების შუალედებში იწერებოდა. საყდრისი რომანში განადგურების სიმბოლოდ განზოგადდა. ჩემს გამოჯანმრთელებას გარკვეულწილად გენეტიკამაც შეუწყო ხელი, თუმცა უმთავრესად ფინური მედიცინის დამსახურებაა, სამშობლოში სულიერად განადგურებული, ფიზიკურად მაინც რომ გადავრჩი. საამაყოდ მაქვს, რომ ჩემი ქვეყნისთვის საბედისწერო წუთებში ორიენტირები არ შემშლია და კინოკამერით თუ კალმით მუდამ იქ ვიდექი, სადაც ყველა ქართველი უნდა მდგარიყო!

 

 ესაუბრა თამარ ციბალაშვილი

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: