პოეზიის გავლენა ბავშვის განვითარებაზე

გააზიარე:

თუ საკუთარი თვალით არ გინახავთ, გაგონილი მაინც გექნებათ 3-4 წლის ბავშვების შესახებ, რომლებმაც “ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იციან და მათი მშობლები ამის გამო სიამაყით არიან სავსე.

ზოგ მშობელს კი ლექსების დაზეპირება ბავშვის გონების უსარგებლო გადაღლად მიაჩნია. მეტიც: დღესდღეობით ბევრი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამიდან სრულიად ამოღებულია ბავშვებისთვის ლექსების ზეპირად სწავლება. სად გადის ოქროს შუალედი, ან თუ არსებობს ის? პასუხი მარტივია: ოქროს შუალედი, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, ზომიერებაშია. მოდი, განვიხილოთ, მაინც რა სარგებლობა მოაქვს პოეზიას გონებრივი განვითარებისთვის და რა დოზით უნდა მივაწოდოთ ის ბავშვს.

პოეზია ბავშვს კარგ მკითხველად აქცევს

როდის და როგორ დავიწყოთ ბავშვისთვის პოეზიის გაცნობა? გაუცნობიერებლად ამას ჩვილი ასაკიდანვე ვაკეთებთ: იავნანა, რომელსაც დედა ხმადაბლა უმღერის პატარას, უკვე პოეზიაა.

რიტმი, რომელსაც ლექსები და სიმღერები შეიცავს, მტკიცე საფუძველს უყრის კითხვისა და წერის უნარების განვითარებას. ბავშვები უკვირდებიან სიტყვების წარმოთქმის ტექნიკას, უფრო ადვილად ყოფენ სიტყვებს მარცვლებად, რაც შემდგომ, წერა-კითხვის შესწავლისას, დიდ სამსახურს უწევთ, რადგან სიტყვების დამარცვლა დაწყებით კლასებში ბევრი ბავშვისთვის საკმაოდ რთული გამოწვევაა.

ამასთან ერთად, პატარაობაში მოსმენილი ლექსების წყალობით ბავშვები უფრო ადვილად ცნობენ კითხვისას მთლიან სიტყვებს.

ლექსები და სიმღერები ბავშვის ვერბალურ უნარებს აუმჯობესებს

მისი ასაკისთვის შესაფერისი ლექსებისა და სიმღერების მოსმენისას და აყოლისას ბავშვს მეტყველებაც უვითარდება. რითმისა და რეფრენის წყალობით ის, ჯერ ერთი, უფრო ადვილად იმახსოვრებს ახალ სიტყვებს, მეორე – მათ სწორად წარმოთქმას სწავლობს, წარმოთქმისას კი ადვილად ყოფს მათ მარცვლებად, რაც მომავალში ხმოვნებისა და თანხმოვნების გარჩევასაც გაუადვილებს.

ლექსების სწავლა ბავშვს თავდაჯერებას მატებს

საყვარელი ლექსის ან სიმღერის გაგონებისას თუ აყოლა შეძლო, ბავშვს სიამაყის განცდა ეუფლება, რადგან მან ეს უკვე იცის. თავდაჯერება კი მომავალში ისევ და ისევ საგრძნობლად გაუადვილებს წერა-კითხვის სწავლას, რადგან თავდაჯერებულ მკითხველი არ უფრთხის ახალ გამოწვევებს და გაცილებით ადვილად ითვისებს ახალ ინფორმაციას.

პოეზია ბავშვს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში ეხმარება

ლექსი და სიმღერა არ არის ფაზლი, სადაც კონკრეტული ალგორითმია საჭირო, რათა დავალებას თავი გაართვა. უფროსთან ერთად პოეზიის განხილვისას ბავშვს ეძლევა საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი, გაგვიზიაროს, როგორ აღიქვამს ამა თუ იმ ფრაზას, ხატოვან გამოთქმას, მეტაფორას, ეს კი მოგვიანებით მას დიდ სამსახურს გაუწევს, რადგან სკოლაში უკვე მომზადებული და საჭირო უნარებითა და თავდაჯერებით აღჭურვილი მივა.

პოეზია ბავშვს შემოქმედებით უნარებს უვითარებს

ხშირად ხდება ისეც, რომ საყვარელი ლექსებისა და სიმღერების მოსმენისას ბავშვებს საკუთარი ხმის გაჟღერების, საკუთარი ლექსების ან სიმღერების შექმნის სურვილი უჩნდებათ. რითმის გრძნობა, რომელსაც პოეზია აღვიძებს მათში, გამოძახილს პატარების მიერ შეთხზულ ლექსებსა და სიმღერებში პოვებს. ბავშვმა შესაძლოა დაწეროს პატარა სიმღერა თქვენს ოჯახზე, ბებია-ბაბუაზე, თავის მეგობრებზე ან სულაც საყვარელ სათამაშოზე.

გარდა იმისა, რომ გარითმული ტექსტის დამოუკიდებლად შექმნისას ბავშვს ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარი უვითარდება, ამ ტექსტის დახმარებით შეიტყობთ მის დაფარულ სურვილებს, მის აზრს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, რადგან პატარები ხშირად სწორედ მათ ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე ღიღინებენ ხოლმე.

პოეზია ბავშვს კითხვას აყვარებს

თუ ამჩნევთ, რომ ბავშვს პოეზია არ იზიდავს, თქვენი მცდელობის მიუხედავად, არ გამოთქვამს ლექსების დასწავლის სურვილს, ღიზიანდება – არ დააძალოთ, რადგან ძალიან ადვილია, დაძალებით ბავშვს მცირე ასაკიდანვე უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩინოთ პოეზიის მიმართ.

პოეზია ბავშვს სიტყვებში შემავალი ბგერებს მოსმენას ასწავლის. პატარა გაიაზრებს, რომ ერთ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს და პირიქით – რამდენიმე სიტყვა, რომლებიც სხვადასხვანაირად ჟღერს, შესაძლოა ერთსა და იმავეს ნიშნავდეს.

თუ ბავშვს პატარაობიდანვე უკითხავთ ლექსებს და ეს მას სიამოვნებას ჰგვრის, შეგიძლიათ, კითხვა სწორედ ლექსებით დააწყებინოთ. პროზაული ტექსტი ბავშვებს დიდი ეჩვენებათ, ერთულებათ და ეზარებათ მისი კითხვა, ლექსები კი პატარაა, თანაც უკვე ნაცნობი, რაც ბავშვს გაუადვილებს და დასაწყისშივე შეაყვარებს კითხვას.

პოეზია ბავშვს გრამატიკულ უნარებსაც უვითარებს

მდიდარი ენით დაწერილი ლექსები და სიმღერები მრავალფეროვან და საინტერესო გრამატიკულ ვარიაციებს შეიცავს. მათი კითხვით, გამეორებით, იმის განხილვით, რა გრამატიკული მეთოდები გამოიყენა ავტორმა, ბავშვი სწავლობს გრამატიკის სხვადასხვა ინტერპრეტაციას, სალიტერატურო ენას, პუნქტუაციას, აზრის მარტივად და ლაკონურად გადმოცემას. ყველა ეს უნარი კი მას მომავალში სწავლაში დიდ დახმარებას უწევს.

ხშირად გვესმის, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა საერთოდ არ კითხულობს. ყველა მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს ერთი რამ: იმისთვის, რომ ბავშვი კითხვით დაინტერესდეს, ჯერ ლიტერატურა უნდა შეიყვაროს, ამაზე კი სწორედ მშობლებმა უნდა იზრუნონ. არ დააძალოთ, სიყვარულით, მოთმინებით და ურთიერთგაგებით პოეზიის სიყვარულს მათთვის კარგ ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: