გინგივიტი

გააზიარე:

პირის ღრუში ბინადრობენ ბაქტერიები, რომლებიც ლორწოსა და საკვების ნაწილაკებთან ურთიერთქმედების პროცესში განუწყვეტლივ წარმოქმნიან კბილებზე უფერულ, წებოვან ნადებს. როდესაც კბილებს რეგულარულად ვიხეხავთ, ნადები დიდხანს არ რჩება, არ მაგრდება და არ იქცევა ქვად.

კბილებისა და ღრძილების პრობლემებს ყველაზე ხშირად სწორედ არასათანადო მოვლა იწვევს. გინგივიტი პერიოდონტული (ღრძილების) დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმაა.

როგორ ვლინდება

ჯანსაღი ღრძილები მკვრივია, ბაცი ვარდისფერი და მჭიდროდ ეკვრის კბილს, გინგივიტის დროს კი ისინი შუპდება და რბილდება, იღებს მუქ წითელ ფერს. კბილების გახეხვისას ღრძილებიდან დის სისხლი, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი.

ამ სიმპტომების შემჩნევისას დროულად მიმართეთ სტომატოლოგს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ სათანადო მოვლას, მით უფრო დიდი იქნება გინგივიტით გამოწვეული ზიანის უკუქცევის ალბათობა და ნაკლები – პერიოდონტიტად პროგრესირების საფრთხე.

რა იწვევს

გინგივიტს ყველაზე ხშირად პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა განაპირობებს. პროცესი იწყება კბილებზე ნადების, უხილავი წებოვანი ფენის წარმოქმნით, რომელიც უმთავრესად პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიებისგან შედგება. ისინი საკვებში შემავალი ნახშირწყლებით საზრდოობენ, მრავლდებიან და კბილებს ეკვრიან. ნადებს რეგულარულად სჭირდება მოცილება. თუ ის დიდხანს დარჩა კბილებზე, შესაძლოა გამკვრივდეს და ქვად იქცეს. ქვა უფრო ძნელი მოსაცილებელია, თანაც ღრძილის ხაზის გასწვრივ ქსოვილებს აღიზიანებს და ანთებას იწვევს. რაც უფრო მეტხანს დარჩება კბილებზე ნადები და ქვა, მით უფრო მეტად გაღიზიანდება კბილის ფუძის ირგვლივ მდებარე ქსოვილები და მოიმატებს ანთება. დროთა განმავლობაში ღრძილები შეშუპდება და ადვილად სისხლმდენი გახდება, ნებაზე მიშვებული გინგივიტი კი პერიოდონტიტში გადაიზრდება და დროთა განმავლობაში კბილების დაკარგვამდე მიგვიყვანს.

რისკფაქტორები

გინგივიტი გავრცელებული პრობლემაა და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს მოუვლელობა, მოწევა, პირის სიმშრალე, არასრულფასოვანი კვება (C ვიტამინის დეფიციტი), კბილების გამრუდება და არასწორად მორგებული ხელოვნური გვირგვინები, რადგან მათი სრულფასოვნად გაწმენდა რთულია, დაავადებები, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებს, ზოგიერთი მედიკამენტი (ფენიტოინი, კალციუმის არხის ზოგიერთი ბლოკერი), ორსულობასთან, მენსტრუალურ ციკლთან ან შობადობის საკონტროლო მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებები, გენეტიკა, ზოგიერთი სოკოვანი და ვირუსული ინფექცია.

გართულებები

ნებაზე მიშვებული გინგივიტი, როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა გართულდეს პერიოდონტიტით – ღრძილების დაავადებით, რომელიც ძვლებამდე ვრცელდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღრძილების ქრონიკული ანთება უკავშირდება სასუნთქი სისტემის ზოგიერთ დაავადებას, დიაბეტს, კორონარული არტერიების დაავადებას, ინსულტს და რევმატოიდულ ართრიტს. ზოგიერთი კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ პერიოდონტიტის განვითარებაზე პასუხისმგებელ ბაქტერიას შეუძლია, ღრძილებიდან სისხლის მიმოქცევაში შეაღწიოს და გულის, ფილტვებისა და სხვა ორგანოების დაზიანებას შეუწყოს ხელი. ამ თეორიის დასამტკიცებლად კვლევები გრძელდება.

გინგივიტის მძიმე ფორმაა მანეკროზებელი წყლულოვანი გინგივიტი, რომლის დროსაც ღრძილები მტკივნეული, სისხლმდენი და დაწყლულებულია. განვითარებულ ქვეყნებში ის იშვიათად გვხვდება, მაგრამ გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, სადაც არასათანადო კვება და ცხოვრების პირობებია.

დიაგნოსტიკა

თავდაპირველად ათვალიერებენ კბილებს, ღრძილებს და მთელ პირის ღრუს, ადგენენ ჯიბის სიღრმეს ღრძილებსა და კბილებს შორის არსებულ ღარში. ამისთვის სპეციალურ ზონდს რამდენიმე ადგილას ათავსებენ კბილის გასწვრივ, ღრძილების ხაზის ქვეშ. ჯანმრთელ პირის ღრუში ჯიბის სიღრმე 1-დან 3მმ-მდეა. ღრძილების დაავადებაზე მიანიშნებს 4მმ-ზე მეტი სიღრმე. ღრმა ჯიბის აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება რენტგენოგრაფიული კვლევა ძვლის ქსოვილის მდგომარეობის შესაფასებლად. შორს წასული დაავადების შემთხვევაში საჭირო ხდება ღრძილების დაავადებებში სპეციალიზებული ექიმის – პერიოდონტისტის დახმარება. 

მკურნალობა

დროული მკურნალობა, წესისამებრ, ხელს უწყობს გინგივიტის სიმპტომების უკუქცევას და ღრძილების დაავადების უფრო მძიმე ფორმას თავიდან გვაცილებს. წარმატების ალბათობა უფრო დიდია, როდესაც მკურნალობასთან ერთად პაციენტი იცავს პირის ღრუს ჰიგიენას და თავს ანებებს მოწევას.

რაც შეეხება მკურნალობას, პირველ ეტაპზე კბილების ზედაპირიდან მლიანად აცილებენ ნადებს და ქვებს, რაც მათ შემდგომ დაგროვებასაც აფერხებს. პროცედურა ტარდება სპეციალური ინსტრუმენტებით, ლაზერული ან ულტრაბგერითი აპარატით.

ყურადღება უნდა მიექცეს არასწორ პოზიციაში მდგომ კბილებს, არასწორად მორგებულ გვირგვინებს, ხიდებს და კბილის აღმდგენ სხვა საშუალებებს, რომლებიც აღიზიანებს ღრძილებს, ართულებს ნადების მოცილებას ყოველდღიური წმენდის პირობებში და გინგივიტის განვითარებას უწყობს ხელს.

პროფესიონალური წმენდის შემდეგ მნიშვნელოვანია სახლის პირობებში პირის ღრუს სათანადო მოვლა, რაც გულისხმობს კბილების გახეხვას დღეში, სულ მცირე, ორჯერ ფთორის შემცველი კბილის პასტით, რბილი ჯაგრისით. ეს უკანასკნელი 3-4 თვეში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოს. კბილებს შორის არსებული სივრციდან ნადებისა და საკვების ნარჩენების მოსაცილებლად საჭიროა კბილის ძაფის ან სპეციალური კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენება.

პროფილაქტიკა

კბილების გასაწმენდად სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერ არის რეკომენდებული, ხოლო თუ პერიოდონტიტის რისკფაქტორები არსებობისს – უფრო ხშირადაც.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, დიაბეტის შემთხვევაში – სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი, მოწევაზე უარის თქმა.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: