ბოტოქსი წონის დასაკლებად

გააზიარე:

ჭარბი წონა და სიმსუქნე ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მიზეზად განიხილება. ის ზრდის ინფარქტის, ინსულტის, დიაბეტის, ოსტეოართრიტის, ზოგიერთი კიბოს განვითარების რისკს.

თანამედროვე მედიცინა ჭარბ წონასთან გამკლავების სხვადასხვა მეთოდს გვათავაზობს. ერთი მათგანია კუჭში ბოტოქსის ინექცია, რომლის შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგი ენდოსკოპისტი ლაშა სილოგავა გვესაუბრება.

– კუჭში ბოტოქსის ინექცია ენდოსკოპიურად ტარდება. ბოტოქსი, ბოტულინის ტოქსინი, კუჭის კუნთოვან შრეში შეგვყავს. შედეგად კუნთი პარეზს, მოდუნებას განიცდის, რაც 4–დან 6 თვემდე გრძელდება. მოშვებულ კუჭში საკვები უფრო მეტ ხანს ყოვნდება, მცირდება მადა, ადამიანი ნაკლებს ჭამს და სიმაძღრის შეგრძნება დიდხანს მიჰყვება. ითრგუნება გრელინის, შიმშილის ჰორმონის, გამოყოფაც. კლინიკური ეფექტი ინექციიდან 72 საათში ხდება თვალსაჩინო.

როგორ ტარდება
– მანიპულაცია მცირე ლაბორატორიული ანალიზების შემდეგ ამბულატორიულად, ინტრავენური ანესთეზიით ტარდება. პროცედურა დაახლოებით 15–20 წუთს გრძელდება. პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე ყოველგვარი ჭრილობის, ნაკერისა და ნაწიბურის გარეშე და ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. მანიპულაციას გვერდითი მოვლენები არ აქვს. სერიოზული გართულება დღემდე არ აღრიცხულა.

მომზადება
– მანიპულაციის ჩატარებამდე აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა. უნდა გამოირიცხოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლულოვანი დაავადება, კუჭის პოლიპოზი, მწვავე გასტრიტი, ონკოლოგიური პათოლოგია... მათი არსებობის შემთხვევაში კუჭის ბოტოქსის ჩატარება უკუნაჩვენებია.

პროცედურის შემდეგ
– ინექციის შემდეგ პაციენტს მეთვალყურეობას უწევს ექიმი ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი, საჭიროების შემთხვევაში – გასტროენტეროლოგი და ფსიქოლოგიც. თითოეული პაციენტისთვის იგეგმება ინდივიდუალური განრიგი, რომელიც მორგებულია პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების რეჟიმს.

ვის სჭირდება
– კუჭის ბოტოქსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც წონის დაკლება უნდა, მაგრამ უჭირს დიეტის დაცვა, ეშინია ქირურგიული ჩარევის, სჭირდება ახალი მოტივაცია წონის დასაკლებად და ოპერაციას არაინვაზიური ორგანოშემანარჩუნებელი მარტივი მანიპულაცია ურჩევნია. მისი დამხმარებით შესაძლებელია 15-30 კგ-ის დაკლება 4-6 თვის განმავლობაში. ბოტოქსის ინექცია რომ გაკეთდეს, პაციენტის სხეულის მასის ინდექსი (BMI) არ უნდა აღმატებოდეს 40-ს.
ინექციის გაკეთება შესაძლებელია სამჯერ ნახევარწლიანი ინტერვალებით. მეორე და მესამე პროცედურებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ პირველის შემდეგ პაციენტმა რამდენიმე კილოგრამი დაიკლო, მაგრამ ოპტიმალურ წინას ვერ მიაღწია.

ქირუგრიის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობას გისურვებთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: