ნაღვლის ბუშტის პრობლემები
გააზიარე:
მელანქოლიური განწყობისთვის
ჰიპოკრატედან მოყოლებული ლამის XX საუკუნემდე ნაღველი სხეულის ოთხიდან ერთ-ერთ სითხედ მიაჩნდათ და თითქმის ყველა დაავადებას ამ სითხეებს შორის წონასწორობის დარღვევას მიაწერდნენ. ეგ კი არა, ეგონათ, ნაღველი ორნაირი იყო. ყვითელი, ნაღვლის ბუშტში წარმოქმნილი, ფიცხ ადამიანებს ჰქონდათ უხვად, შავი კი ელენთაში იყო თავმოყრილი და პატრონებს სევდითა და კაეშნით ასაჩუქრებდა. ტემპერამენტზე საუბრისას დღესაც იყენებენ ტერმინებს “ქოლერიკი” და “მელანქოლიკი”, რომელთა წარმოშობა სწორედ ამ თეორიას ემყარება. სიტყვა “კოლიკაც” კი, სწრაფი და ძლიერი ტკივილის აღსანიშნავად რომ ვიყენებთ, თურმე ნაღვლის სახელწოდებიდან მომდინარეობს.
ჰიპოკრატისეული თეორიები დავიწყებას მიეცა, ნაღვლის ასავალ-დასავალსაც აეხადა ფარდა, მაგრამ პრობლემები, ეს პატარა გაბერილი ორგანო რომ უქმნის კაცობრიობას, კვლავ აქტუალურია.
ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებზე “ავერსის კლინიკის” გასტროენტეროლოგი თენგიზ თელია გვესაუბრება.
• თუ ვინმე მარჯვენა ფერდქვეშ დისკომფორტმა ან ტკივილმა შეაწუხა, ნაღვლის ბუშტს ადანაშაულებს და თავადვე სვამს ქოლეცისტიტის დიაგნოზს. ნუთუ ასეთი გავრცელებული პათოლოგიაა ნაღვლის ბუშტის ანთება?
– მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ყოველთვის მართლა არ უკავშირდება ნაღვლის ბუშტის პათოლოგიას. არსებობს მწვავე თუ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებათა მთელი წყება, რომლებიც მსგავსი სიმპტომატიკით მიმდინარეობს. მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია კუჭისა და თორმეტგოჯას, მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები, პანკრეატიტი, ნერვკუნთოვანი დაავადებები.
• შეიძლება თუ არა, არასწორმა კვებამ, ცხიმიანი საკვების სიჭარბემ ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვიოს?– ქოლეცისტიტი, განურჩევლად იმისა, ქრონიკულია თუ მწვავე, ზოგჯერ ნაღველკენჭოვან დაავადებას უკავშირდება, ზოგჯერ კი მის გარეშე მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ძნელია მტკიცება, რომ მხოლოდ საკვები, თუნდაც ძნელად მოსანელებელი, ახდენდეს გავლენას ნაღვლის ბუშტის ანთებაზე.
• საუბრისას ასეთ გამოთქმასაც გაიგონებთ: “ნაღვლის ბუშტი მაქვს გაღიზიანებულიო”. რამდენად მართებულია ამ ტერმინის გამოყენება?
– ამ ტერმინით ადამიანი აღნიშნავს უსიამოვნო შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელსაც რეალურად არამცთუ გაღიზიანებასთან, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტთანაც კი არ ჰქონდეს კავშირი.
• რა როლი მიუძღვით პარაზიტებს, მაგალითად, ლამბლიებს ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებაში?
– ქოლეცისტიტის განვითარებაში ლამბლიების როლს გადაჭარბებით აფასებენ. ამ პარაზიტული
მიკროორგანიზმების ნაწლავური ფორმები თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში ბინადრობენ და ძალზე იშვიათად აზიანებენ ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებს. სანაღვლე გზების დაზიანება შეუძლიათ სხვა პარაზიტებს: მახვილას, ასკარიდას, ფასციოლას (ღვიძლის ორპირას).
• რამდენად ხშირია ნაღვლის ბუშტის პრობლემები ბავშვებს შორის? რა შეიძლება იწვევდეს ადრეულ ასაკში მათ ჩამოყალიბებას? რა იღონონ მშობლებმა პრობლემის პროფილაქტიკისთვის?
– ბავშვებს შორის ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები შედარებით იშვიათია. ამ ასაკში მათი არსებობა, წესისამებრ, ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე ფონური დაავადების თანაარსებობაზე მიგვანიშნებს.
• ბევრს ქოლეცისტიტი იოლ დაავადებად მიაჩნია და საჭიროდ არც კი თვლის, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართოს. რეალურად რამდენად საშიში დაავადებაა ქოლეცისტიტი? რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას?
– მოდი, ქოლეცისტიტის სირთულესა და სიმარტივეზე ნუ ვიმსჯელებთ. მწვავე ქოლეცისტიტი ნაღველკენჭოვანი დაავადებით ან მის გარეშე მიმდინარე სერიოზული მწვავე პათოლოგიაა, რომელსაც სპეციფიკური, ხშირად ქირურგიული მკურნალობა სჭირდება. ქრონიკული ნაღველკენჭოვანი ქოლეცისტიტის მქონე ადამიანი უმჯობესია სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. რაც შეეხება ქრონიკულ არანაღველკენჭოვან ქოლეცისტიტს და მასთან დაკავშირებულ ჩივილებს, ამ დროს კვალიფიციური გასტროენტეროლოგის ჩარევაა საჭირო, რადგან აღნიშნული პათოლოგიის მიღმა, როგორც წესი, სხვა, გაცილებით მძიმე პათოლოგია იმალება.
• დისკომფორტის შესამსუბუქებლად ბევრი თვითნებურად იტარებს ყრუ გამორეცხვას მინერალური წყლით. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი? ხომ არ შეიძლება, მან რაიმე გართულება გამოიწვიოს?
– უმჯობესია, მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ამ შემთხვევაშიც კვალიფიციურ გასტროენტეროლოგს მიანდოთ. მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს ამა თუ იმ სამკურნალო ღონისძიების აუცილებლობა. რაც შეეხება ყრუ ამორეცხვას, აღნიშნული მანიპულაცია თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში არ გვხვდება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობაში ის რატომღაც პოპულარობით სარგებლობს. ყრუ ამორეცხვის დროს არსებობს საფრთხე, წვრილი კენჭები და შესქელებული ნალექი ნაღვლის სადინარში გაიჭედოს.
• რამდენად ეფექტურია ფიტოთერაპია, მით უფრო – თვითნებურად დანიშნული? საზოგადოდ, რამდენად სახიფათოა თვითმკურნალობა?
– ნაღვლის ბუშტის პათოლოგიათა ფიტოთერაპიული მკურნალობის ეფექტის სარწმუნოება არავის შეუსწავლია. აქედან გამომდინარე, მისი ეფექტიანობისა თუ უეფექტობის შესახებ რამის თქმა ძნელია. ასეა თუ ისე, უმჯობესია, მკურნალობის ტაქტიკა მაინც გასტროენტეროლოგმა შეიმუშაოს.
• როგორია ნაღვლის ბუშტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? რა პრინციპით ტარდება და როდის მიმართავენ ქოლეცისტექტომიას?
– მწვავე ქოლეცისტიტი, განურჩევლად იმისა, ნაღველკენჭოვანია თუ მის გარეშე მიმდინარე, მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, არცთუ იშვიათად – ინტენსიურ თერაპიას ქირურგიული ჩარევით, ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს კი მნიშვნელობა აქვს მიზეზის, ნაღველკენჭოვანი, სისხლძარღვოვანი, ინფექციური თუ არაინფექციური დაავადების დიაგნოსტიკას და სათანადო მკურნალობას. საზოგადოდ, ქოლეცისტექტომიის აუცილებლობას მკურნალი ექიმი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ადგენს.
• რამდენად ეფექტურია დისტანციური ლითოტრიფსია?
– ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობის არაქირურგიულ მეთოდებს, მათ შორის ლითოტრიფსიას, თავისი ჩვენება, უკუჩვენება და განსაზღვრული კრიტერიუმები აქვს, მათ შორის – პაციენტის საერთო მდგომარეობა, კენჭების ლოკალიზაცია, შემადგენლობა, ზომები... თუ სპეციალისტი პრობლემის მოსაგვარებლად ლითოტრიფსიას აუცილებლად მიიჩნევს, ჩარევა უმეტესად შედეგიანია.
• დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?
– მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, ანდონ თავიანთი ჯანმრთელობა სპეციალისტს.
- - -
ნაღვლიანი საკითხავი
თუ მარჯვენა ფერდქვეშ, ღვიძლთან, სიმძიმე, ჩხვლეტა ან ყრუ ტკივილი იგრძენით, ყველაფერი ცხადზე უცხადესია – ეს ნაღვლის ბუშტი გახსენებთ თავს. დიდი ამბავი, უზმოზე ბორჯომს დალევ, ნახევარი საათით მარჯვენა გვერდზე წამოკოტრიალდები და დისკომფორტიც უკვალოდ გაქრება. ასე მოგეცემათ მეგობრებთან (ან მეზობლებთან) სასაუბრო თემა: “როგორ განვიკურნე ქოლეცისტიტისგან”.
ეს დიაგნოზი საბჭოთა ეპოქის ექიმებს ყველაზე მეტად ხიბლავდათ. ყოველ შემთხვევაში, ლამის ყოველ მეორე მუცელატკივებულს ნაღვლის ბუშტის ანთების დიაგნოზით უშვებდნენ შინ.
დასავლეთის სამედიცინო სკოლა, როგორც მოსალოდნელი იყო, გაცილებით სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს და გაარკვია, რომ მწვავე ქოლეცისტიტის 95% და ქრონიკულის თითქმის 100% კენჭებთან არის დაკავშირებული, მედიცინის ენაზე რომ ვთქვათ, კალკულოზურია. მწვავე აკალკულოზურის დანარჩენი 5%, წესისამებრ, მძიმე ტრავმის შემდეგ, დამწვრობის, გენერალიზებული (მთელ ორგანიზმს მოდებული) ინფექციის, ხანგრძლივი შიმშილობის, ინტრავენური კვების ან მძიმე იმუნოდეფიციტის დროს ვითარდება. ასე რომ, შევთანხმდეთ: ქოლეცისტიტსა და ქოლელითიაზს შორის ზღვარის გავლება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ჩატვირთე და გადაზიდე
რა გასაკვირია, ადამიანს, რომელსაც ქოლეცისტიტი აქვს, მარჯვენა ფერდქვეშ სიმძიმის შეგრძნება აწუხებდეს. აბა, სხვა რა შეგრძნება უნდა გამოიწვიოს ორგანომ, რომელშიც ქვებია ჩალაგებული?
ქოლელითიაზი – ასე ეწოდება პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც არც სქესს და არც ასაკს არ არჩევს.
იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რას გვერჩის უადგილო ადგილას ჩატვირთული ქვები, მოდი, სანაღვლე გზების აგებულება, ნაღვლის შემადგენლობა და თავად კენჭების სტრუქტურა განვიხილოთ.
სანაღვლე გზების საშუალებით ნაღველი ღვიძლიდან წვრილ ნაწლავში ხვდება, მაგრამ ვიდრე “დანიშნულების ადგილამდე” მიაღწევდეს, ჯერ ნაღვლის ბუშტში – მსხლის ფორმის ღრუ ორგანოში – ჩაედინება, სადაც გროვდება და კონცენტრირდება. აქედან ნაღველი ნაღვლის საერთო სადინარში გადაიტყორცნება და საბოლოოდ წვრილ ნაწლავში ჩაიღვრება, სადაც იხსნება კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) სადინარიც.
ნაღველი მუქი ყავისფერი სითხეა, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება და სანაღვლე გზების წყალობით წვრილ ნაწლავამდე მიედინება, შემდეგ კი საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. მისი შემადგენლობა ასეთია: წყალი, ქოლესტეროლი, სხვა ლიპიდები (ცხიმები), ნაღვლის მჟავას მარილები და პიგმენტი ბილირუბინი.
ქოლესტეროლი ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში საკვების სახითაც ხვდება და ღვიძლშიც გამომუშავდება. მისგან სინთეზირდება ზოგიერთი ჰორმონი , ასევე – D ვიტამინის წინამორბედი და ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო სხვა ნივთიერებანი. ბილირუბინი ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება და როგორც პიგმენტი, ნაღველს მოყავისფრო შეფერილობას ანიჭებს.
კონკრემენტები (ასე უწოდებენ სანაღვლე გზებში მოკალათებულ ქვებსა თუ კენჭებს) უმთავრესად სწორედ ამ ორ კომპონენტს შეიცავს, ამიტომაც უმთავრესად ორი სახისაა: ქოლესტერული და პიგმენტური.
ქოლესტერული კენჭები უმეტესად თეთრი ან ღია ყვითელი შეფერილობისაა. მათი უმეტესი ნაწილი (80%) ქოლესტეროლის შემცველია.
პიგმენტური ქვები, ჩვეულებრივ, მუქი ფერისაა, შეიცავს ბილირუბინს, კალციუმს და ასიდან 20 შემთხვევაში გვხვდება.
კონკრემენტების ზომა ერთობ ვარიაბელურია: უწვრილესი მრავლობითი კენჭიდან (მათ ქვიშასაც უწოდებენ) დაწყებული, კვერცხისოდენა ქვებით დამთავრებული.
დაიხსომეთ: ნაღვლის ბუშტში დაგროვილი ქოლესტერული კენჭები სისხლში ქოლესტეროლის დონეზე გავლენას არ ახდენს. ვერც ეგრეთ წოდებული ანტიქოლესტერული მედიკამენტების მიღებით გააქრობთ ნაღვლის ბუშტში მოკალათებულ კონკრემენტებს.
ვინ დადო აქ ქვა?
ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებაში დამნაშავეა რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან აღსანიშნავია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მემკვიდრეობითი ხასიათი, ჭარბი წონა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება, არასწორი დიეტა.
ქოლესტერული ქვების წარმოქმნა უმთავრესად ნაღველში ქოლესტეროლის მოჭარბებული შემცველობით და ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბებით არის განპირობებული. ეს გასაგებიცაა: როდესაც ნაღველი ბუშტში ყოვნდება, მისი კომპონენტები (მათ შორის – ქოლესტეროლიც) კონცენტრირდება, ილექება და წარმოქმნის კრისტალებს, რომლებიც “პირველყოფილ” კენჭებს წარმოადგენს. სწორედ ამგვარი ცვლილებები (ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება) აღინიშნება ჭარბი წონის შემთხვევაში. თუმცა დაზღვეულები არც მკაცრი დიეტის მოყვარულები ბრძანდებიან – ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩალაგება მასაც ემუქრება, ვისაც წონის სწრაფად დაკლება განუზრახავს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ირღვევა, რაც ქვების წარმოქმნას განაპირობებს.
გარდა წონის თამაშისა, ქვების წარმოქმნას ჰორმონული ცვლილებებიც განაპირობებს. ყველაფერში კი დამნაშავეა ესტროგენების დონის მომატება, რაც ორსულობის, ჰორმონული თერაპიისა და ზოგიერთი კონტრაცეპტივის გამოყენებისას ხდება.
პიგმენტური ქვები ნაღველში ბილირუბინის სიჭარბის გამო წარმოიქმნება, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია სანაღვლე გზების ანთებით, ღვიძლის ციროზითა და თანდაყოლილი ანემიის ზოგიერთი ფორმით.
დაიხსომეთ: ნაღვლის ბუშტის დაცლა ფერხდება, როდესაც ადამიანი უცხიმო დიეტას იცავს ან სრულიად არ მიირთმევს ცხიმიან კერძს, ასევე მაშინ, როდესაც იშვიათად, მაგალითად, დღეში სულ ორჯერ იკვებება, ტოვებს საუზმეს ან სადილს. ამ დროს იზრდება ალბათობა, დარჩენილი ცხოვრება ფერდქვეშ ჩალაგებული ქვებით განვლოთ.
კიდევ ერთხელ ქალის ხვედრის შესახებ
სტატისტიკურად, ქალებს 20-დან 60 წლამდე ასაკში ნაღველკენჭოვანი დაავადება სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. ამის მიზეზი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ესტროგენებია, რომლებიც ქოლესტეროლის დონეს ზრდის და ამით ქოლესტერული კონკრემენტების წარმოქმნის ალბათობასაც ზრდის. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ქოლელითიაზის საყვარელი ასაკი 40 წელი ყოფილა. 60-ს გადაცილებულ მამაკაცებს კი ვერაფრით დავამშვიდებთ – ნაღველკენჭოვანი დაავადება ხანდაზმულ მამრებს უფრო ხშირად აღენიშნებათ.
გარდა გენდერული განსხვავებისა, ქოლელითიაზის ჩამოყალიბების რისკის ფაქტორებია:
• ჭარბი წონა და მკაცრი დიეტა. დიეტოლოგებმა და გასტროენტეროლოგებმა შეამჩნიეს, რომ კვირაში 1,5 კგ-ზე მეტის დაკლების შემთხვევაში კალკულოზური ქოლეცისტიტის ჩამოყალიბების რისკი საგრძნობლად იზრდება.
• ნაღვლის ბუშტს არც დაუბალანსებელი მენიუ ინდობს. მეტისმეტად ცხიმიანი საკვებით გატაცება ან სრულიად უცხიმო დიეტა კენჭების გაჩენას უწყობს ხელს. აი, უჯრედისით მდიდარი საკვები ამ პრობლემისგან ნამდვილად დაგიცავთ.
• გენეტიკა. ეს პრობლემაც, ისევე როგორც მრავალი სხვა, მემკვიდრეობით გადაეცემა. გენების ბრალია ისიც, რომ ქართველები და, საზოგადოდ, კავკასიელები ნაღვლის ბუშტის პრობლემებისადმი არიან მიდრეკილნი. ქოლელითიაზურ გასაჭირში მხარს გვიბამენ ამერიკის აბორიგენები. თურმე ამერიკელ ინდიელებს ნაღვლის ბუშტი გაჩენის დღიდან აწუხებთ.
• ზოგიერთი ქრონიკული დაავადება. შაქრიანი დიაბეტის, მუკოვისციდოზის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტის პრობლემები უფრო ხშირად იჩენს თავს.
ჯერ ჩნდება ჭვალი...
ნაღველკენჭოვანი დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს მაშინ, როდესაც კონკრემენტი (ან კონკრემენტები) მშვიდად არის მოკალათებული ნაღვლის ბუშტში. ასეთი “ჩუმი” ქვები, რომლებსაც უმეტესად შემთხვევით, ექოსკოპიური კვლევისას აღმოაჩენენ ხოლმე, მკურნალობას არ საჭიროებს. საკმარისია, განსაზღვრული ხნის შემდეგ ადამიანმა ხელახლა ჩაიტაროს გამოკვლევა, რათა ექიმმა ხელმეორედ შეაფასოს მდგომარეობა.
მაგრამ კენჭები ყოველთვის მშვიდად როდი გრძნობენ თავს: ისინი შესაძლოა დაიძრან და ნაღვლის კოლიკა ანუ ჭვალი გამოიწვიონ. ამ დროს ადამიანს აწუხებს ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის მიდამოში (ჭიპთან), რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგსა და მხარშიც. კოლიკა ზოგჯერ 15 წუთში გავლის, ზოგჯერ კი მთელი დღე გრძელდება. უმეტესად ტკივილის შეტევა რამდენიმე საათს გასტანს.
ჭვალს ხშირად თან სდევს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება.
კენჭების გაჭედვა და მიგრაცია ნაღვლის ბუშტის კედლის გაღიზიანებას იწვევს და ქოლეცისტიტამდე მივყავართ. თუ ბუშტის სანათური ქვამ დააცო, ძლიერი ტკივილი ერთბაშად აღმოცენდება, იმატებს სხეულის ტემპერატურა, ლეიკოციტების მაჩვენებელი. ამ დროს, წესისამებრ, აუცილებელია ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. შესაძლოა, ოპერაციული ჩარევაც კი გახდეს საჭირო.
თუ კონკრემენტი სანაღვლე სადინარში გაიჭედა, ვითარდება ქოლანგიტი. ამ დროს, გარდა ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკისა (ტკივილი, ტემპერატურის მომატება და სხვა), ხშირად იჩენს თავს სიყვითლე. მკურნალობა ამ შემთხვევაში უპირატესად ოპერაციულია.
კიდევ ერთი გართულება, რომელსაც “მოსეირნე” ქვები იწვევს, პანკრეატიტია (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება). ამ დროს კენჭი გაცილებით შორს მიდის: ნაღვლის სადინარიდან აღწევს პანკრეასის სადინარში, რომელიც, სანაღვლე სადინარის მსგავსად, წვრილი ნაწლავის დასაწყისში იხსნება.
ექიმს დაუყოვნებლად მიმართეთ, თუ შეამჩნიეთ შემდეგი სიმპტომები:
• მუცლის ძლიერი ტკივილი უპირატესად მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ან ჭიპთან;
• კანისა და სკლერების სიყვითლე;
• მუქი შარდი;
• მაღალი ტემპერატურა და შემცივნების შეგრძნება.
გადააგდე ქვა
ყველაზე ხშირად ქოლელითიაზის გამოვლენაში ექოსკოპიური კვლევა გვეხმარება, თუმცა მასთან ერთად ექიმმა შესაძლოა სხვა კვლევებიც გირჩიოთ, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია, კონტრასტული ქოლეცისტოგრაფია და ქოლანგიოგრაფია, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი.
რაც შეეხება მკურნალობას, თუ მდგომარეობა მძიმე არ არის (ამას, რაღა თქმა უნდა, სპეციალისტი დაადგენს), ადამიანი შინ მკურნალობს: იღებს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტს, იცავს დიეტას. შესაძლოა, ექიმმა კონკრემენტების დამშლელი რაიმე მედიკამენტიც დაუნიშნოს.
თუ ქვებისგან გათავისუფლება გახდა საჭირო, ერთ-ერთი გამოსავალი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ანუ ქოლეცისტექტომიაა. ამჟამად ეს ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება – მუცლის კედლის გაკვეთის მაგივრად ქირურგი აკეთებს რამდენიმე მცირე (სულ რაღაც 0,5-2 სმ-იან) ნახვრეტს, საიდანაც მუცლის ღრუში მანიპულატორი შეაქვთ და ორგანოს კვეთენ.
ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია ეფექტური, ნაკლებად ტრავმული მეთოდია, რომლის შემდეგაც ადამიანი სულ მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც დღესდღეისობით ქოლელითიაზის სამკურნალოდ იყენებენ, ლითოტრიფსიაა. მისი ერთ-ერთი ვარიანტის, დისტანციური ლითოტრიფსიის დროს უადგილო ადგილას გაჭედილ ქვებზე დარტყმითი ტალღებით ახდენენ ზემოქმედებას. შედეგად კონკრემენტი ქუცმაცდება და მცირე ნაწილები თავისთავად გამოიდევნება ორგანიზმიდან.
არსებობს ლაპაროსკოპიული ლითოტრიფსიაც, რომლის დროსაც სპეციალური დამშლელი აპარატი ორგანოში შეაქვთ და ლაპაროსკოპის მეშვეობით (იგი პროცესისთვის თვალის დევნების საშუალებას იძლევა) შლიან ქვებს.
ლითოტრიფსიას მნიშვნელოვანი რისკი ახლავს თან, ვინაიდან დანაწევრებული ქვები შესაძლოა სადინარის რომელიმე უბანში გაიჭედოს. ამდენად, ზემოთ მოყვანილი პროცედურა მხოლოდ და მხოლოდ უმკაცრესი კონტროლისა და მრავალი აუცილებელი ნიუანსის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
ნაღვლის გასაქარვებლად
გაღიზიანებული ნაღვლის ბუშტის დასაამებლად მენიუს შერჩევა განსაკუთრებული სიფრთხილით მოგიწევთ.
რეკომენდებულია:
• წინა დღის, კარგად გამომშრალი თეთრი პური;
• ბოსტნეულისა და ბურღულის წვნიანი;
• საქონლის, ფრინველის მჭლე ხორცი და თევზი;
• მოხდილი რძის პროდუქტები;
• ბოსტნეული, კენკრა.
იკრძალება:
• ახალი, თბილი პური, ქადა-ნაზუქი, ფუნთუშები;
• ხორცის, ქათმისა და სოკოს წვნიანი;
• ცხიმიანი ხორცი, განსაკუთრებით – ღორისა და ცხვრისა;
• შაშხი, კონსერვები;
• ნაღები, ცხიმიანი რძე;
• ბარდა, მჟაუნა, ბოლოკი, პრასი, ნიორი, მწნილი;
• შოკოლადი, კრემიანი ნამცხვარი, ნალექიანი ყავა, კაკაო.
- - -
ავზნიანი დაავადება
გაღიზიანებული ნაღვლის ბუშტით დღეს ვერავის გააკვირვებ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ შესაძლოა, ამ პატარა, ბუშტივით გაბერილ ორგანოს უფრო მეტი განსაცდელი შეემთხვეს. ისევე როგორც ყველა სხვა ორგანო, ავთვისებიანი სიმსივნის მსხვერპლი ნარვლის ბუშტიც ხდება.
თუ მიხვდებით
ძნელია, ნაღვლის ბუშტის კიბო ერთბაშად ვიეჭვოთ. დაავადების ნიშნები ზოგადია. მაგალითად:
• მუცლის ტკივილი, უპირატესად მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში;
• გულისრევა, პირღებინება, უმთავრესად მაშინ, როდესაც სიმსივნური მასა ნაღვლის სადინარს აწვება;
• კანისა და სკლერების სიყვითლე, რაც სისხლში ბილირუბინის სიჭარბით არის გამოწვეული;
• წონის უმიზეზო კლება. შესაძლოა, ამ სიმპტომს მადის დაქვეითებაც ახლდეს თან.
იშვიათად ნაღვლის ბუშტის სიმსივნეს თან ახლავს ტემპერატურის მატება, მუცლის ყურყური.
სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ანომალიური სტრუქტურის უჯრედების გამრავლება დნმ-ს სტრუქტურის შეცვლის შედეგია. ვარაუდობენ, რომ ნაღვლის ბუშტის ქსოვილოვანი სტრუქტურის ცვლილებას ტოქსიკურ ნივთიერებათა ზემოქმედება იწვევს. ცვლის პროდუქტები და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ერთგვარ კანცეროგენებს წარმოადგენენ, ნაღვლის ბუშტში ყოველთვის არის, მაგრამ თუ დაირღვა მათი გამოძევება და ისინი დიდხანს დაყოვნდნენ ორგანოს ღრუში, შესაძლოა, დნმ დააზიანონ.
რა ზრდის რისკს
ნაღვლის ბუშტის ავთვისებიანი გადაგვარების ალბათობა იზრდება, როდესაც არსებობს შემდეგი ფაქტორები:
• კალკულოზური ქოლეცისტიტი, უბრალო ენით რომ ვთქვათ, კენჭები ნაღვლის ბუშტში. ისინი ნაღვლის დინებას აფერხებენ.
• ასაკი. წლების მატების კვალდაკვალ ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების რისკიც იზრდება. ყველაზე ხშირად ეს სიმსივნე 65 წელს მიტანებულ ადამიანებში იჩენს თავს.
• სქესი. ქალებში ეს პათოლოგია ორჯერ უფრო ხშირია. ამის მიზეზია კალკულოზური ქოლეცისტიტი, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ასევე უფრო ხშირად ემართებათ. თურმე ქალური ჰორმონები, ესტროგენები, ხელს უწყობენ ქოლესტეროლის შემცველი კონკრემენტების წარმოქმნას. რაც შეეხება ნაღვლის სადინარის კიბოს, ის უფრო მეტად მამაკაცებს შორის ყოფილა გავრცელებული.
• ნაღვლის სადინარის დეფექტი. ნაღვლის სადინარს ნაღვლის წვენი წაწლავამდე მიაქვს. გზად მას კუჭქვეშა ჯირკვლიდან გამოსული სადინარი უერთდება. რიგ შემთხვევაში პანკრეასის სადინარი იმგვარად არის მიერთებული, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული საჭმლის მომნელებელი წვენი ნაღვლის სადინარით იოლად აიტყორცნება ნაღვლის ბუშტისკენ. პანკრეასის ფერმენტებით სავსე წვენი აღიზიანებს სადინარისა და ნაღვლის ბუშტის ამომფენ ლორწოვან გარსს და ამავდროულად ხელს უშლის ნაღვლის დინებას.
• ნაღვლის ბუშტის პოლიპი. ის ავთვისებიანი ბუნებისა არ არის, მაგრამ შესაძლოა, მოგვიანებით განიცადოს მალიგნიზაცია – ავთვისებიანი გარდაქმნა.
• ტოქსიკური ნივთიერებები. მათ, ვისაც ქიმიურ ნივთიერებებთან (ძირითადად, საღებავებთან, გამხსნელებთან) უხდებათ მუშაობა, უფრო ხშირად უვლინდებათ სიმსივნური დაავადება, მათ შორის – ნაღვლის ბუშტის კიბო.
• არასწორად შერჩეული საკვები. თუ უმთავრესად ნახშირწყლებით იკლავთ შიმშილს და უჯრედისით ღარიბ მენიუს ანიჭებთ უპირატესობას, გაითვალისწინეთ, რომ ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების ალბათობა უფრო დიდი გაქვთ.
• ჭარბი წონა. მეცნიერულად არის დამტკიცებული (და გამოთვლილი!), რომ თუ ადამიანის წონა ნორმას 14 კგ-ით აღემატება, საგრძნობლად იზრდება ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების რისკი. დადგენილია ისიც, რომ ამ ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნის მქონეთა შორის ყოველი მეოთხე ჭარბწონიანია.
. პარაზიტული დაავადებები.
სიგარეტის წევა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად კიბოთი გარდაცვალების 180 000 შემთხვევა სიგარეტის მოწევასთან არის დაკავშირებული. ნაღვლის ბუშტი, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებების ნამდვილი საწყობია, განსაკუთრებით მგრძნობიარეა კუპრისა და ნიკოტინის მიმართ.
არსებობს კი გამოსავალი?
თუ დაავადება საწყის სტადიაზე აღმოაჩინეს, მკურნალობა შედეგიანია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაავადებათა პროფილაქტიკა საკმაოდ შედეგიანად ხორციელდება, ნაღვლის ბუშტის კიბოს ყოველი სამი გამოვლენილი შემთხვევიდან მხოლოდ ერთია საწყისი სტადიისა.
ნაღვლის ბუშტის კიბოს რიგი გამოკვლევის მეშვეობით აღმოაჩენენ. მათ შორის აღსანიშნავია: სისხლის ანალიზი, ულტრაბგერითი კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული კვლევები, ბიოფსია.
ხშირად საჭირო ხდება გადაგვარებული ორგანოს ამოკვეთა – ქოლეცისტექტომია. თუ ოპერაცია დაგვიანებულია, ავადმყოფს ქიმიოთერაპია ენიშნება.