თმის ტიპები და მათი მოვლის საშუალებები

გააზიარე:

დღეს ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის თმისთვის იპოვოს მოვლის სასურველი საშუალება. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი ტიპისთვის რომელი პროდუქტია საუკეთესო. სწორი თმა გაქვთ, რომელიც ფუვდება და ბუნებრივად არ ლაგდება ლამაზ ტალღებად? – ნუ ღელავთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური საშუალება არსებობს. ხვეული თმა გაქვთ, რომელიც არ გემორჩილებათ და სულ აფუებულია? – ამ პრობლემასაც იოლად მოაგვარებთ შესაბამისი პროდუქტის შერჩევით, რომელიც თქვენი თმის ტიპს იქნება მორგებული.

თმის ოთხი ძირითადი ტიპი

თმა ოთხ ძირითად ტიპად იყოფა. ესენია:

1 – სწორი თმა;

2 – ტალღოვანი თმა;

3 – ხვეული თმა;

4 – ხუჭუჭა (ზამბარისებრი) თმა.

თითოეულ ტიპს კიდევ სამ ქვეტიპად ყოფენ. ამ ქვეტიპებს შორის არის მცირე განსხვავებები, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში მოვლის საშუალებებიც განსხვავებული სჭირდება.

როგორ დავადგინოთ თმის ტიპი

თმის ტიპის დასადგენად საკმარისია, დააკვირდეთ დაბანილი და ბუნებრივად გამშრალი თმის ფორმას, მერე კი იპოვოთ ის ფოტოზე ნაჩვენებ ტიპებს შორის. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ თმა ორი ტიპის ნარევს წარმოადგენს.

1-ელი ტიპი – სწორი თმა

სწორი თმა შეიძლება იყოს როგორც თხელი, აბრეშუმისებრი და დავარდნილი, ისე სქელი და აფუებული. ზოგიერთი ტიპის სწორ თმაზე სამაგრიც კი ძნელად მაგრდება – ცურდება, რადგან თმის ღერები სრულიად სწორია და ნაკეცები არ გააჩნია. ასეთი თმისთვის საუკეთესო არჩევანია მატექსტურირებელი სპრეი (texturizing spray). ის თმას ღერების შეწებების გარეშე შემატებს მოცულობას და სასურველი ფორმის მიცემასაც გააადვილებს.

ასეთი თმის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ძნელად იხვევა – საფიქსაციო სპრეის თითქმის მთელი ფლაკონის დაცლა მოგიწევთ, რომ ვარცხნილობამ ფორმა დღის ბოლომდე შეინარჩუნოს. ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ მატექსტურირებელი სპრეი – მას მშრალ თმაზე დაიტანთ და შეიზელთ, მერე კი უშიშრად დაიხვევთ თმას.

1a ტიპის თმაც სწორია, მაგრამ მცირე ტალღები გასდევს. მისი ძირითადი პრობლემა ცხიმიანი ძირებია. ასეთი თმისთვის მშრალი შამპუნი გამოგადგებათ, რადგან მას თითქმის მატექსტურირებელი სპრეის ეფექტი აქვს, თმას მოცულობას აძლევს და ადვილად დასამორჩილებელს ხდის.

1c ტიპის თმა მეტისმეტად სქელი და აფუებულია. მისი პრობლემა სიმშრალე და მტვრევადობაა, ამიტომ თუ ამ ტიპის თმა გაქვთ, გამოიყენეთ დამატენიანებელი ნიღბები, რომლებიც თმას გააჯანსაღებს და სიცოცხლეს დაუბრუნებს.

მე-2 ტიპი – ტალღოვანი თმა

ტალღოვან თმას ძირებიდან ბოლოებამდე რამდენიმე ნაკეცი აქვს, ზოგჯერ – სხვადასხვა მიმართულებისაც კი. ასეთი თმა ყველაზე ადვილი დასამორჩილებელია.

ტალღოვან თმას უმეტესად ინგლისური ასო შ-ის მოყვანილობა აქვს. მის მოსავლელად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილის სპრეი, რომელიც ბუნებრივად ტალღოვან თმას უფრო მეტად დატალღავს და ააბზინებს.

2b და 2c ტიპის ტალღოვანი თმა აფუებისა და სიმშრალისკენ აროის მიდრეკილი. თუ ასეთი თმა გაქვთ, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება თმის მუსი, რომელიც თმას არბილებს და დამყოლსა და ბზინვარეს ხდის.

მე-3 ტიპი – ხვეული თმა

იმისთვის, რომ თმა ხვეულად ჩაითვალოს, ღერები ერთმანეთის გარშემო დიდი ზამბარებივით უნდა იხვეოდეს და არ უნდა ჰქონდეს ინგლისური შ-ის ფორმა. ასეთ თმას შესაძლოა შიგადაშიგ ტალღისებრი ღერებიც გამოერიოს.

3a ტიპის თმის მთავარი პრობლემა დაუმორჩილებლობაა, რომელსაც ხვეული თმის მუსით ადვილად მოაგვარებთ.

3b ტიპი თმის ღერები უფრო მჭიდროა, ვიდრე 3ა ტიპისა. ასეთი თმა უფრო მეტად ფუვდება და შრება. მისთვის თმაზე დასატოვებელი კონდიციონერი გამოგადგებათ. ის დაბანის შემდეგ, ნოტიო თმაზე უნდა წაისვათ და აღარ ჩამოიბანოთ. შედეგად თმა დარბილდება, მეტად დავარდნილი და დამყოლი გახდება.

3c ტიპის თმის ზამბარები კიდევ უფრო მჭიდროა, ამიტომ თმა ძალიან აფუებულია. მის დამორჩილებასა და ფორმაში მოყვანაში ხვეული თმის ზეთი დაგეხმარებათ. ის ხელს უშლის ღერების შეწებებას, თმას დავარდნილს ხდის და ბზინვარებას მატებს.

მე-4 ტიპი – ზამბარისებრი თმა

ამ ტიპის თმის ღერებსაც ზამბარისებრი ან, უფრო ხშირად, ზიგზაგისებრი ფორმა აქვს. ღერების ხშირი დახვევის გამო თავის კანის ცხიმი თმის ბოლოებამდე ვერ აღწევს, ამიტომ ამ ტიპის თმა ყველაზე მშრალი, მტვრევადი, სუსტი და დაზიანებისკენ მიდრეკილია. მისთვის საუკეთესოა ზიგზაგისებრი თმის გელი, რომელსაც მშრალ თმაში შეიზელთ, მერე კი თითოეულ კულულს თითზე დაიხვევთ. ისინი ზემოთ ახტებიან და ულამაზეს ბუნებრივ ვარცხნილობას მიიღებთ.

4b და 4c ტიპის თმის ღერებს აქვს ინგლისური ძ-ის ფორმა და სხვა ტიპებთან შედარებით ბუნებრივად თხელი კუტიკულის ფენა. ასეთ თმას რეგულარული და ძალიან სერიოზული დატენიანება სჭირდება. თუ ამ ტიპის თმა გაქვთ, დამარბილებელი ეფექტის მქონე თმის კრემები უნდა იხმაროთ. დაგეხმარებათ მშრალი თმისთვის განკუთვნილი დამარბილებელი ნიღბებიც.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: