იღლიების მოვლის წესები

გააზიარე:

ზაფხული სიფრიფანა კაბებისა და უსახელო მაისურების დროა, ტანსაცმელში შემალული სხეულის ნაწილები მზეს ეფიცხება, ამიტომ კარგად მოვლილი უნდა იყოს. მაგალითად, იღლიებში კანს სასიამოვნო ფერი უნდა ჰქონდეს. იკითხავთ, ფერი რა შუაშიაო. კანი იღლიაში რომ უფრო მუქია, ვიდრე მის გარშემო, ალბათ ბევრს მოხვედრია თვალში, მაგრამ იღლიების მოვლას თუ ოდნავ მეტ დროს დაუთმობთ, კანის ფერი გამოსწორდება და ბონუსად ოფლის გამოყოფაც იკლებს. მოვლის წესებს კი ჩვენ გასწავლით.

იღლიებს ნებისმიერ დროს სჭირდება მოვლა, მაგრამ ზაფხულობით – განსაკუთრებით, რადგან იღლიები ის ადგილია, სადაც დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი საოფლე ჯირკვლები. ოფლიანობა ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს სხეულის ჯანსაღი ტემპერატურის შენარჩუნებაში: როდესაც სხეული ზომაზე მეტად ხურდება, საოფლე ჯირკვლები წარმოქმნის ოფლს, რომელიც საოფლე სადინარების მეშვეობით ამოდის კანის ზედაპირზე და ორთქლდება. სითბოს გაცემის შედეგად სხეული გრილდება. ეს მექანიზმი გადახურებისგან გვიცავს.

მაგრამ რამდენადაც მნიშვნელოვანია ოფლი სხეულის ოპტიმალური თერმორეგულაციისთვის, იმდენადვე შემაწუხებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სუნი უჩნდება.

შესაძლოა, იცოდით კიდეც, რომ თავად ოფლს სუნი არ აქვს. სუნი მაშინ ჩნდება, როცა ოფლი კანზე არსებულ ბაქტერიებთან ურთიერთქმედებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ იღლიების მოვლას განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ.

რა უცვლის ფერს:

პიგმენტაციის დარღვევა – როცა იღლიებს იპარსავთ, კანი ტვინში სიგნალს გზავნის და პიგმენტების ჭარბ სინთეზს იწყებს უცხო ზემოქმედებისგან თავის დასაცავად. შედეგად იღლია მუქდება. ამასთან, კანის გამუქებას იწვევს მკვდარი უჯრედების სიმრავლე და თმის მუქი ძირებიც, რომლებიც ამ მიდამოში განსაკუთრებით ბევრია;

დეოდორანტი, რომელსაც უმეტესობა ყოველდღე ხმარობს;

სოკოვანი ინფექცია – ამ დროს კანი შეწითლებულია და შესაძლოა, ოდნავ მოყავისფრო ფერიც მიიღოს. კანი განსაკუთრებით მაშინ იცვლის ფერს, როცა იღლია ძლიერაა გამომშრალი და იქერცლება. ამ შემთხვევაში დერმატოლოგს უნდა მიმართოთ;

მოვლის საშუალებების მიმართ ალერგიული რეაქცია.

გაწმენდა

იღლიები ის ადგილია, სადაც კანი მუდმივად ეხახუნება კანს. ჰაერის ნაკლები ცირკულაციის გამო ეს მიდამო უმეტესად ტენიანია, რაც ბაქტერიებისა და სოკოების გასამრავლებლად საუკეთესო პირობებს ქმნის.

როგორ მოვიქცეთ არასასურველი ტენის შესამცირებლად და მიკრობიომის ბალანსის დასაცავად?

დერმატოლოგები გვირჩევენ, იღლიები დღეში ერთხელ დავიბანოთ (თუ სპორტით ან ფიზიკური სამუშაოთი არ ვართ დატვირთული), თანაც უმჯობესია, სხვადასხვა PH ბალანსის მქონე საპნით.

რეგულარული პილინგი

კანი, როგორც სახეზე, იღლიებშიც ძალიან მგრძნობიარეა, ცხიმი, ოფლი, მკვდარი უჯრედები, დახშული ფორები, მუწუკები არც იღლიებისთვის არის უცხო, ამიტომ ამ მიდამოს პილინგიც რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ. ფორები ღრმად გასუფთავდება, კანი უფრო სწრაფად აღდგება, გახდება უფრო ჯანსაღი და ნაზი.

პილინგის ჩატარება შეიძლება პილინგისთვის განკუთვნილი სპეციალური ნარევით ან ნიღბით, რომელიც ისე მოაშორებს  კანს მკვდარ უჯრედებს, რომ ზედმეტად არ გააღიზიანებს. შედარებით მძიმე შემთხვევებში შეგიძლიათ AHA (ალფა ჰიდროქსიმჟავები, მაგალითად, გლიკოლის მჟავა, რძემჟავა) და BHA (ბეტა ჰიდროქსიმჟავები, მაგალითად, სალიცილის მჟავა) მჟავების შემცველი ტონიკი გამოიყენოთ. ის ნაზად მოაშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და ფორებსაც ღრმად გაასუფთავებს.

კანის სტრუქტურისა და შესახედაობის გასაუმჯობესებლად დერმატოლოგები გლიკოლის მჟავას (არა უმეტეს 5%-იანის) შემცველ ტონიკს გვირჩევენ. საუკეთესო საშუალებაა მსუბუქად ამქერცლავი დეო-ბალიშები, რომლებიც ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებსა და პრობიოტიკებთან კომბინირებული გლიკოლის მჟავათია გაჟღენთილი. ის შეამცირებს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს და ხელს შეუწყობს კანის ბუნებრივი მიკრობიომის აღდგენას.

კანი რომ არ გაგიღიზიანდეთ, ნუ ჩაიტარებთ პილინგს ნურც პირდაპირ გაპარსვის წინ და ნურც მის შემდეგ.

ვიშორებთ თმას

იღლიებში თმის მოსაცილებლად უმრავლესობა უკვე ეპილაციას მიმართავს, მაგრამ ბევრი ისევ კლასიკურ გაპარსვას ამჯობინებს. იმისთვის, რომ კანმა სიგლუვე შეინარჩუნოს, გირჩევთ, გამოიყენოთ სპეციალური საპარსი ჟელე ან ნებისმიერი ასაქაფებელი საშუალება, რომელიც დამატენიენებელ ელემენტებს შეიცავს, წყალი კი აუცილებლად თბილი.

თუ კანი ადვილად გიღიზიანდებათ და თმის ჩაბრუნებისკენაც ხართ მიდრეკილი, გირჩევთ, იღლია გასაპარსად წინა საღამოს მოამზადოთ: ძილის წინ თხლად გადაისვით დამატენიანებელი კრემი. ღამის განმავლობაში ის კანს კარგად დაარბილებს და გაპარსვით გამოწვეულ გაღიზიანებას თავიდან აგაცილებთ.

საპარსი ერთ-ორ კვირაში გამოცვალეთ.

როცა კანი გაღიზიანებულია, გაპარსვისგანაც შეიკავეთ თავი და დეოდორანტის გამოყენებასაც ერიდეთ.

გაპარსულ ადგილებში კანი უფრო მუქი ჩანს, რადგან თმის ძირები კანში რჩება. კანი უფრო ნაზი და ბაცი იქნება, თუ თმას ცვილით მოიშორებთ ან ეპილაციას გაიკეთებთ.

ვიტენიანებთ

იღლიების დატენიანება აუცილებელია, ისევე როგორც სახისა და სხეულის სხვა ნაწილებისა, მაგრამ მეტისმეტად ხშირადაც არ არის საჭირო, რადგან აქ კანი ისედაც შედარებით ნოტიოა. გრილ სეზონზე კვირაში ერთხელ ან ორჯერ საშუალო PH-ის მქონე ლოსიონი გამოიყენეთ. ზაფხულში კი უფრო ხშირადაც შეიძლება იღლიების დანოტივება, თუ შეამჩნიეთ, რომ გამოგიშრათ.

ვარჩევთ დეოდორანტს

ზამთარია თუ ზაფხული, ოფლის ლაქები ტანსაცმელზე ყოველთვის უსიამოვნოა. დეოდორანტების არჩევანი დამაბნევლად დიდია. ასარჩევად უმჯობესია საკუთარ სხეულს მოუსმინოთ – ის შეარჩიოთ, რომელსაც უფრო გემრიელად ხმარობთ. მაგალითად, თუ დეოდორანტი ტანსაცმელზე კვალს ტოვებს, უხილავი მოსინჯეთ; თუ კანს გიღიზიანებთ, მოძებნეთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს სუნისა და ფერის მიმცემ ნივთიერებებს, ფტალატებს, პარაბენებსა და სულფატებს.

ერიდეთ ალუმინის შემცველ საშუალებებს, რადგან ეს ელემენტი ოფლის გამოყოფას ბლოკავს. ჩვენი მიზანი ის კი არ არის, ოფლის გამოყოფა შევაჩეროთ, არამედ ის, რომ უსიამოვნო სუნი გავაქროთ.

არამც და არამც არ შეისხუროთ დეოდორანტი გაპარსვის შემდეგ – ამ დროს კანი კიდევ უფრო მგრძნობიარეა, ფორები უფრო მეტადაა გაფართოებული და დეოდორანტის შემადგენლობაში შემავალი მავნე ნივთიერებები ადვილად შეიწოვება კანში.

ბუნებრივი მოვლა

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ბოლო ხანს ძალიან პოპულარული გახდა. ის განსაკუთრებით კარგია იღლიის მიდამოსთვის, რადგან აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, ამშვიდებს, კარგად ატენიანებს, ჭიმავს და სიმტკიცეს ანიჭებს კანს. საუკეთესოა მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებითვის. ქოქოსის ცხიმი ორთქლზე გაათბეთ, შეურიეთ ცოტაოდენი საჭმელი სოდა და სიმინდის სახამებელი, გააგრილეთ და ოდნავ რომ შესქელდება დეოდორანტის ნაცვლად წაისვით იღლიაში. სურნელისთვის შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი შეურიოთ, ვიდრე გამყარდება.

ლიმონი

კანის გამუქებას, როგორც გითხარით, მკვდარი უჯრედების დაგროვება იწვევს, რომლის თავიდან აცილება რეგულარული პილინგით შეიძლება, თუმცა კანს აუფერულებს ლიმონიც. გაჭერით შუაზე და გამუქებულ ადგილებზე წაისვით, რამდენიმე წუთი დაიტოვეთ, მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოდა

ცოტაოდენი სოდისა და წყლისგან პასტა გააკეთეთ და კანი ნაზად გაიხეხეთ. ეს პროცედურა შეგიძლიათ ყოველდღიურად ჩაიტაროთ, ოღონდ დიდი სიფრთხილით. სოდამ კანი რომ არ გამოგიშროთ, ბოლოს კარგად დაინოტივეთ.

კარტოფილის წვენი

კარტოფილი გახეხეთ, გაწურეთ და წვენი კანზე წაისვით. რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დაინოტივეთ.

დაბოლოს, იმისთვის, რომ მოვლილი იღლია იდეალურად გამოიყურებოდეს, არ დაგავიწყდეთ მკლავების ძალისმიერი ვარჯიში კვირაში ერთ-ორჯერ. ეს კუნთებს გაამკვრივებს და მკლავებს უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: