როგორ შევარჩიოთ მიკროტალღური ღუმელი - მავნეა თუ არა ის ჯანმრთელობისთვის
გააზიარე:
მიკროტალღური ღუმელი საქმიანი ადამიანის ფასდაუდებელი დამხმარეა. ის დროს გვაზოგვინებს, ცხოვრებას გვიმარტივებს და სამზარეულოში ფუსფუსს უფრო სასიამოვნოს ხდის. თუმცა იყო დრო, როდესაც დიასახლისებს ამ მოწყობილობის ეშინოდათ. ბევრს დღესაც ჰგონია, რომ მასში მომზადებული საკვები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მართლა ასეა თუ არა?
უპირველეს ყოვლისა, გავიგოთ, როგორ მუშაობს მიკროტალღური ღუმელი.
ღუმლის მთავარი დეტალია მაგნეტრონი. ეს უკანასკნელი წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ სხივებს, რომლებიც ღუმლის კამერაში მიედინება. რადიოტალღებზე მოკლე და ინფრაწითელ ტალღებზე გრძელი მიკროტალღები ღრმად აღწევს საკვებში და ზემოქმედებს იქ არსებულ წყლის მოლეკულებზე (რომლებსაც თითქმის ყველანაირი საკვები შეიცავს). მოლეკულები მოძრაობას იწყებენ. მათი ხახუნის შედეგად სითბო წარმოიქმნება. თბოგამტარობის საშუალებით წყლის მოლეკულები ენერგიას იმ მოლეკულებსაც გადასცემენ, რომლებზეც მიკროტალღები ვერ ზემოქმედებს. ამიტომ საკვები თბება შიგნიდან გარეთ და არა, ჩვეულებისამებრ, გარედან შიგნით.
მოქმედებს თუ არა მიკროტალღები ორგანიზმზე?
ვნებს თუ არა მიკროტალღები ჯანმრთელობას, ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.
მიკროტალღების შესახებ ყველაზე გავრცელებული მითი ის არის, რომ მათ კიბოს გამოწვევა შეუძლია. მითის წარმოშობაში ბრალი მიუძღვის სიტყვა “დასხივებას”, რომელსაც ხშირად იყენებენ ღუმლის მუშაობის მექანიზმის აღწერისას.
ამ შემთხვევაში “დასხივება” ენერგიას გულისხმობს და არა რადიაქტივობას. მიკროტალღებს არ გააჩნია საკმარისი ენერგია, რათა იონიზაციის გზით ნივთიერებები ქიმიურად შეცვალოს. ეს არამაიონიზებელი გამოსხივებაა (შედარებისთვის: მაიონიზებელი გამოსხივების მაგალითებია ულტრაიისფერი და რენტგენის სხივები. მათ გაცილებით დიდი ენერგია აქვთ და მათი სიჭარბე შესაძლოა კიბოს მიზეზად იქცეს).
არსებობს მოსაზრება, რომ მიკროტალღებმაც შეიძლება ავნოს ჯანმრთელობას, თუ პირდაპირ მოხვდა სხეულს. ამიტომ, სხივებმა გარეთ რომ არ გამოჟონოს, ღუმელი კარგად არის შეფუთული ლითონის კარკასით.
გერმანიის რადიაციული დაცვის ფედერალური სამსახურის (Bundesamt für Strahlenschutz (BFS)) თანახმად, თანამედროვე ღუმლები ისეა დაცული, რადიაციის გაჟონვის საფრთხე თითქმის არ არსებობს ან მინიმალურია და მით უფრო მცირდება, რაც უფრო ვშორდებით ღუმელს (ყოველი შემთხვევისთვის, 30 სმ მანძილი დაიცავით).
ასე რომ, თუ ღუმელი ტექნიკურად გამართულია, ადამიანის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ის ორსულებისა და ბავშვებისთვისაც კი არ არის საშიში.
მოქმედებს თუ არა მიკროტალღები საკვებზე?
BFS მიიჩნევს, რომ მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული საკვები არ არის უფრო არაჯანსაღი, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდებით მომზადებული. მიკროტალღები სხვა მეთოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად არ ცვლის კერძის შემადგენლობას. არც რადიაცია ხვდება ორგანიზმში, რადგან კერძში ის დიდხანს არ რჩება.
ნადგურდება თუ არა ნუტრიენტები?
ისევე როგორც მომზადების სხვა მეთოდები, მიკროტალღურ ღუმელში მომზადებაც ანადგურებს ზოგიერთ ნუტრიენტს, განსაკუთრებით – მაღალი ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე ვიტამინებს. მათ შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა დაბალ ტემპერატურაზე ცოტოდენ წყალში მოშუშვა ან ორთქლზე მოხარშვა.
მიკროტალღური ღუმლის დიდი ღირსებაა, რომ მასში რამის მომზადებისას არ წარმოიქმნება პოლიციკლური ნახშირწყალბადები (პოლყცყცლიც არომატიც ჰყდროცარბონ (PAH)), თუნდაც ბენზოპირენი, რომელიც ხშირად გვხვდება, მაგალითად, გრილზე მომზადებისას მიმწვარ კიდეებში. მისი ძალიან მცირე რაოდენობაც კი შეიძლება კანცეროგენული აღმოჩნდეს.
რისი შედგმა არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში?
მიკროტალღურ ღუმელში საკვები ყოველთვის თანაბრად არ თბება, შესაძლოა, ცივი დარჩეს ზოგიერთი ადგილი, სადაც ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები თავს კარგად იგრძნობენ, ამიტომ, მაგალითად, ხორცის მომზადება ასეთ ღუმელში, თუ მას გრილის ან კონვექციის ფუნქცია არ აქვს, არ შეიძლება.
რამდენიმე დღის საჭმელი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მიკრობებს (მაგალითად, სალმონელას), უმჯობესია ქურაზე გააცხელოთ, რადგან მათ გასანადგურებლად მეტი დროა საჭირო.
ნუ შეაწყობთ მიკროტალღურ ღუმელში ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც მყარი ქერქი აქვს, მაგალითად, კვერცხს, წაბლს, რადგან შეიძლება გასკდეს. გახეთქვის საფრთხე არსებობს სოსისისა და პომიდვრის გაცხელების დროსაც.
პურს შესაძლოა ქერქი გაუმაგრდეს, გული კი წებოვანი დარჩეს, პიცას ძირი მეტისმეტად დაურბილდეს, ზედაპირი კი გამოუშრეს.
რა უნდა გვახსოვდეს:
* ძალიან მნიშვნელოვანია კერძის თანაბრად გათბობა, ამიტომ გაცხელების ხანმოკლე ფაზებს შორის მოურიეთ ხოლმე.
* თუ ბავშვის საჭმელს ბოთლით მიკროტალღურ ღუმელში აცხელებთ, ჭამის წინ უცილებლად შეანჯღრიეთ და შეუმოწმეთ ტემპერატურა.
* არ გირჩევთ დედის რძის მიკროტალღურ ღუმელში გათბობას – ეს გაანადგურებს მასში შემავალ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს. ასეთი რძე ბავშვს არ ავნებს, თუმცა ვერც სარგებლობას მოუტანს.
* მიკროტალღური ღუმელი ნაკლებ ენერგიას დახარჯავს ერთი ან ორი თეფში კერძის გასაცხელებლად; თუ ხუთი თეფშის ან მეტის გაცხელება გსურთ, ქურა (ბუნებრივი აირის ან ელექტრო) უფრო ეფექტური იქნება.
* ჭურჭლის შერჩევისას გაითვალისწინეთ მწარმოებლის მითითებები. ნუ გამოიყენებთ ლითონის ჭურჭელს და ალუმინის ფოლგას.
* ჩართვამდე დარწმუნდით, რომ ღუმელი დაზიანებული არ არის და მისი კარიც კარგად იკეტება.
როგორ შევარჩიოთ
ტიპი
მიკროტალღური ღუმელი ძირითადად ორი ტიპისაა – ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი, თუმცა არსებობს ქურაში ინტეგრირებულიც.
ცალკე მდგომი
ის შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას დადგათ. კარადაში შედგმაც კი შეიძლება, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ ჰაერის ცირკულაციას. ღუმელსა და კარადის კედლებს შორის რამდენიმე სანტიმეტრი დატოვეთ, ჰაერმა რომ იმოძრაოს.
ჩაშენებული
ძალიან პრაქტიკულია. მთავარია, სამზარეულოს სივრცე ამის საშუალებას გაძლევდეთ. ღუმლის გარშემო 3-6 სმ მაინც უნდა იყოს ვენტილაციისთვის.
მოცულობა
მიკროტალღური ღუმლები სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრისაა. ზომაზეა დამოკიდებული კამერის მოცულობა. ბაზარზე 13-დან 42 ლიტრამდე მოცულობის ღუმლები გვხვდება. ერთი-ორი ადამიანისთვის, თუ მას მხოლოდ საკვების გასათბობად და გასალღობად გამოვიყენებთ, საკმარისია 17-20-ლიტრიანი ღუმელი. თუ აპირებთ, ღუმელში მოამზადოთ კიდეც საჭმელი, უმჯობესია, 25-28-ლიტრიანი შეარჩიოთ. ის იდეალურია სამ-ოთხსულიანი ოჯახისთვის. თუ მან ჰაერღუმლის ფუნქციაც უნდა შეითავსოს, მაშინ არჩევანი 30-42-ლიტრიანზე შეაჩერეთ. მაგრამ გაითვალისწინეთ: რაც უფრო დიდია მიკროტალღური ღუმელი, მით უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ის, მით მეტი ხანი სჭირდება საკვების გასაცხელებლად და ადგილიც დიდი უნდა შეურჩიოთ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მიკროტალღური ღუმლის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, მბრუნავი თეფშია, რომელიც მიკროტალღური ღუმლების უმეტესობას მოჰყვება. პრობლემა თავს იჩენს, თუ ღუმელში ოთხკუთხა ფორმის ჭურჭელს შედგამთ: ბრუნვისას ის შესაძლოა ღუმლის კედლებს შორის გაიჭედოს. მბრუნავი თეფშის გარეშე კი საკვები ყოველთვის ვერ თბება თანაბრად.
სიმძლავრე
საკვების მომზადების დრო მიკროტალღური ღუმლის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. სტანდარტული მოდელების სიმძლავრე 500-1000 ვატია. პოპულარულია 800-ვატიანი მოდელები – ეს სავსებით საკმარისია საკვების გასათბობად. სიმძლავრე მითითებული უნდა იყოს მოწყობილობაზე.
გრილით ან კონვექციით აღჭურვილ ღუმლებს სტანდარტულთან შედარებით მეტი სიმძლავრე სჭირდება. მაგალითად, გრილის რეჟიმი შესაძლოა 1200-1350 ვატს იყენებდეს, კონვექციის რეჟიმში კი 2000 ვატამდე.
რაც უფრო დიდი მოცულობისაა მიკროტალღური ღუმელი და რაც უფრო მეტი რეჟიმი აქვს, მით უფრო მეტი სიმძლავრე უნდა ჰქონდეს.
ფუნქციები
თანამედროვე მიკროტალღურ ღუმლებს აქვს დამატებითი ფუნქციებიც, რაც კიდევ უფრო აჩქარებს და ამარტივებს საჭმლის მომზადებას.
მართვის პანელი: მექანიკური გაცილებით იაფია, მაგრამ არც ისე მოხერხებული, რადგან საჭიროების მიხედვით დროს ვერც შეარჩევთ და ვერც შეცვლით. ასევე ვერ შეცვლით მომზადების სხვადასხვა ეტაპზე ღუმლის ტემპერატურას და სიმძლავრეს, სენსორული პანელი კი ამის შესაძლებლობას მოგცემთ.
LED დისპლეი: დისპლეიზე ჩანს არჩეული პროგრამისა და დარჩენილი ხანგრძლივობის ზუსტი და დეტალური მონაცემები.
LED განათება: ღუმელი ნათდება კარის გაღებისას, დახურვისას ან ორივე შემთხვევაში. საჭმლის მომზადებისას განათებული კამერა ძალიან მოხერხებულია პროცესისთვის თვალის სადევნებლად, ხოლო კარის გამოღებისას ანთებული ნათურა გაწმენდას აადვილებს.
ავტომატური პროგრამები: თუ არ იცით, რამდენი ხანი სჭირდება ამა თუ იმ კერძის მომზადებას, ავტომატური პროგრამების ფუნქცია გამოგადგებათ. აირჩიეთ საკვები, რომლის მომზადებაც გსურთ და დააჭირეთ ღილაკს “დაწყება”.
ლღობის ფუნქცია: ამ ფუნქციით მიკროტალღური ღუმლების უმრავლესობაა აღჭურვილი და ის ფასდაუდებელია, როცა რამის სწრაფად გალღობა გინდათ. გაყინული საკვების მთლიანად გალღობას, როგორც წესი, ბევრი დრო სჭირდება. მიკროტალღური ღუმელი რამდენიმე წუთში, თანაბრად და დაუზიანებლად ალღობს გაყინულ პროდუქტს, რისთვისაც ის მხოლოდ 180-240 ვატს იყენებს.
სტანდარტულ მიკროტალღურ ღუმელს მხოლოდ გათბობისა და ლღობის ფუნქცია აქვს, თუმცა ზოგიერთ მოდელს შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი ფუნქციებიც:
გრილის ფუნქცია
ამ პროგრამით ღუმელში უფრო მრავალფეროვან კერძებს მოამზადებთ, თანაც ძალიან სწრაფად. ეს რეჟიმი საუკეთესოა წვნიანი სტეიკის, სენდვიჩის, ქათმის, ხრაშუნა პიცის მოსამზადებლად. გრილი ორი ტიპისა არსებობს: ინფრაწითელი გამოსხივებით და კვარცით. კვარცის ნათურა ზედა მხარეს არის დამაგრებული და შეუძლია, ძალიან სწრაფად გამოიმუშაოს ძალიან მაღალი ტემპერატურა, თუმცა ის მხოლოდ ზემოდან აცხელებს, ამიტომ კარგია პიცის, მობრაწულას, სენდვიჩის მოსამზადებლად, მაგრამ თუ სტეიკის ან ხორცის მომზადება გსურთ, აუცილებელია, სითბო გვერდებიდანაც მოდიოდეს. ამისთვის კარგია გრილი ინფრაწითელი გამოსხივებით. ის თანაბრად ასხივებს პროდუქტს, თუმცა შედარებით მეტი დრო სჭირდება. ზოგიერთ ღუმელს ორივე აქვს, რაც მას აძვირებს. ასეთ მოდელებს 3D გრილსაც ეძახიან.
კონვექცია
ეს რეჟიმი სითბოს თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს. ცხელი ჰაერი კამერაში ვენტილატორით ნაწილდება. ეს რეჟიმი საუკეთესოა ნამცხვრის ან პიცის გამოსაცხობად. თუმცა გრილისა და კონვექციის პროგრამის მქონე მიკროტალღურ ღუმელს თავისუფლად შეუძლია გრილის შეცვლა.
ორთქლის ფუნქცია
ზოგიერთ მიკროტალღურ ღუმელს ორთქლზე მომზადების ფუნქციაც აქვს. ამ პროგრამით მომზადებული საკვები განსაკუთრებით ნაზი და წვნიანია, თანაც გაცილებით მეტ ვიტამინს და მინერალს ინარჩუნებს, ვიდრე სხვა რეჟიმში მომზადებისას.
შიდა საფარი
შიდა კამერა სხვადასხვა მასალისაა. მაგალითად, უჟანგავი ფოლადი უძლებს მაღალ ტემპერატურას, თუმცა ძნელი მოსავლელია, რადგან ადვილად იკაწრება. მოჭიქული კერამიკა გაცილებით მდგრადია და გამძლე, ადვილადაც იწმინდება სველი ღრუბლით. ზოგიერთს ანტიბაქტერიული საფარიც კი აქვს. ასეთი ღუმელი ადვილი მოსავლელია. ისეთი მოდელებიც კი არსებობს, რომელთაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს.
ჯილდა გაჩეჩილაძე