ზეთი – ფრჩხილის მოვლა ბუნებრივი მეთოდებით

გააზიარე:

ფრჩხილებს მხოლოდ საოჯახო საქმეები კი არ აზიანებს, შესაძლოა, ხშირმა მანიკიურმა, შილაკმა, ხელოვნურმა ფრჩხილებმაც გამოაშროს და დაასუსტოს. გიცდიათ ფრჩხილების მოვლა ბუნებრივი ზეთებით? ამჯერად სწორედ ამ საუკუნეების მანძილზე გამოცდილ მეთოდს გაგაცნობთ.

რატომ ზეთი?

ალბათ იფიქრებთ, რა საჭიროა ზეთი, როცა ბაზარზე უამრავი მზა პროდუქტიაო.

კოსმეტიკური ზეთები თმის, კანისა და ფრჩხილების მოვლის ეფექტური და უნივერსალური საშუალებაა. მათი უპირატესობა ის არის, რომ ბუნებრივია (მიღებულია ცივი დაწნეხით) და ყოველგვარი დანამატის გარეშეა დამზადებული, ადვილად ერგება ჩვენს მოთხოვნებს და, რაც მთავარია, იაფია.

როგორ მოქმედებს

თუ რეგულარულად გამოიყენებთ:

  • ამაგრებს ფრჩხილის ფირფიტას;
  • ხელს უშლის ფრჩხილების დაყოფას;
  • აჩქარებს ფრჩხილების ზრდას;
  • ხელს უწყობს ფირფიტის რეგენერაციას;
  • უბრუნებს ბუნებრივ, ჯანსაღ ფერს;
  • ანიჭებს ბზინვარებას.

რომელი რისთვის

სხვადასხვა ზეთს სხვადასხვა თვისებები აქვს:

1. აბუსალათინის ზეთი – აჩქარებს ზრდას, არბილებს, სიგლუვეს ანიჭებს ნუნებს, ამაგრებს ფირფიტას, აღადგენს და სძენს ჯანსაღ ბზინვარებას.

2. არგანის ზეთი – მდიდარია E ვიტამინით, ესენციური ცხიმოვანი მჟავებით, რისი წყალობითაც აღადგენს და ამაგრებს ფრჩხილებს, იცავს ფირფიტას მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ხელს უშლის წყლის აორთქლებას და ტენს უნარჩუნებს ფრჩხილებს.

3. ჟოჟობას ზეთი – კვებავს, ამაგრებს, ბზინვარებას ანიჭებს ფრჩხილებს, არბილებს ნუნებს. ძალიან მსუბუქია, ამიტომ სწრაფად შეიწოვება და კარგად ატენიანებს ფრჩხილს.

4. ნუშის ზეთი – ვიტამინებითა და სხვა მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ზეთი იდეალურია გამომშრალი, მტვრევისკენ მიდრეკი ფრჩხილებისთვის. მსუბუქი ტექსტურის წყალობით ის ადვილად შეიწოვება, ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას და ატენიანებს ფრჩხილებსა და ნუნებს.

5. ჩაის ხის ზეთი – აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, ამიტომ რეკომენდებულია განსაკუთრებით პრობლემური, მაგალითად, მიკოზით დაზიანებული ფრჩხილების მოსავლელად. საუკეთესოა ინფექციების დროს. ჩაის ხის ზეთი ამშვიდებს გაღიზიანებას, კვებავს და აღადგენს ფრჩხილის ფირფიტას.

6. ზეითუნის ზეთი – ხელის აბაზანებისთვის ექსპერტები ყველაზე ხშირად ამ ზეთს გვირჩევენ. ის ძალიან უხდება დასუსტებულ, დაზიანებულ, მტვრევად ფრჩხილებს. ზეითუნის ზეთი მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებსაც სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, და E ვიტამინით, რომელიც ატენიანებს ფირფიტას და აჩქარებს ფრჩხილების ზრდას.

7. შიის კარაქი – იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს თხევადი ზეთები და სქელი კონსისტენციის პროდუქტს ამჯობინებს. ბუნებრივი შიის კარაქი ბლანტია და მაღალ ტემპერატურაზე თხევადდება. ის ატენიანებს, კვებავს, ამაგრებს ფრჩხილებს და არბილებს ნუნებს.

8. ენოთერას ზეთი – მართალია, ნაკლებპოპულარულია, მაგრამ ძალიან უხდება ფრჩხილებს – კვებავს, ატენიანებს, ამაგრებს. იყიდება კაფსულებად. ერთი პროცედურისთვის ერთი კაფსულა საკმარისია.

რომელი როგორ

ცივი ზეთი

ეს ფრჩხილების მოვლის უდავოდ ყველაზე მარტივი და პოპულარული მეთოდია, რომელიც სპეციალურ მომზადებას არ მოითხოვს. ერთი-ორი წვეთი ზეთი უბრალოდ შეიზილეთ ლაქგაცლილ ფრჩხილებსა და ნუნებში და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიზილეთ. მალევე ნუ დაიბანთ ხელებს, აცადეთ, ვიდრე ზეთი მთლიანად შეიწოვება.

თბილი ზეთი

გაცილებით მეტ დროს მოითხოვს თბილი ზეთის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, მოიშორეთ ლაქი. ზეთი ან ზეთების ნარევი გაათბეთ (უმჯობესია, ორთქლზე) – რაც უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს ზეთს, მით უფრო ეფექტურია და კარგადაც შეიწოვება, მაგრამ ფრთხილად, ხელები არ დაიწვათ. წაისვით ფრჩხილებზე  და ნაზად შეიზილეთ, ვიდრე კარგად არ შეიწოვება. ზედმეტი პირსახოცით მოიცილეთ.

ზეთის აბაზანა

ჩაასხით თასში თბილი წყალი და საყვარელი ზეთი ან ზეთების ნარევი. ჩაყავით თითები და გააჩერეთ. რაც მეტხანს გააჩერებთ, მით უკეთესი. ეფექტს კი პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ, თუმცა ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის რეგულარულად გაიმეოროთ.

ვამზადებთ შინ

შეგვიძლია, ფრჩხილები შინ მომზადებული კოქტეილითაც გავინებივროთ. ამისთვის დაგვჭირდება ნებისმიერი ზეთი, რომელსაც ბაზისად გამოვიყენებთ (არგანის, ჟოჟობას, ნუშის, მზესუმზირას, ზეითუნის) და დამატებითი ინგრედიენტები: A და E  ვიტამინები, ლიმონის წვენი, ალოე-ვერას გელი, ჰიალურონის მჟავა, ეთერზეთები, ფუტკრის ცვილი. შეგვიძლია, კოქტეილი იდეალურად მოვარგოთ ჩვენს საჭიროებებს. მაგალითად:

*მტვრევადი, აქერცლილი, სუსტი ფრჩხილებისთვის იდეალურია ჟოჟობას ან არგანის ზეთი და A და E ვიტამინები. ზეთი გააცხელეთ, დაამატეთ თითო ამპულა ვიტამინი და ფრჩხილებსა და ნუნებში კარგად შეიზილეთ.

*გამოფიტული, გამომშრალი, უსიცოცხლო ფრჩხილებისთვის თბილ ზეითუნის ზეთს დაამატეთ ერთი-ორი წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე ლავანდის ზეთი და კარგად შეიზილეთ ფრჩხილებში.

*ზრდის დასაჩქარებლად ერთმანეთში აურიეთ აბუსალათინის, როზმარინის, ევკალიპტის, ლიმონისა და ჩაის ხის ზეთი და ფრჩხილებში შეიზილეთ.

*მეტი ბზინვარებისთვის აურიეთ ერთმანეთში ნუშისა და ჟოჟობას ზეთს 1:1 თანაფარდობით, დაამატეთ რამდენიმე წვეთი  ლავანდის, ლიმონისა და მურის ზეთი და ყოველ საღამოს შეიზილეთ ფრჩხილებში. უმჯობესია, ნარევი წინა დღეს მოამზადოთ.

ზეთის პროცედურები ძილის წინ ჩაიტარეთ, რათა ზეთმა უკეთ იმოქმედოს. პრევენცისთვის – დღეში ერთხელ, პრობლემის დროს  – უმჯობესია ორჯერ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: