როგორ დავზოგოთ დენი და წყალი სარეცხის რეცხვისას და შრობისას

გააზიარე:

სარეცხი მანქანა დღეს ფუფუნების საგანი აღარ არის, ის თითქმის ყველა ოჯახშია და კვირაში ერთხელ მაინც ირთვება, ხოლო თუ სახლში ორი-სამი ბავშვია – რამდენჯერმეც. ეს, თავისთავად, ხარჯებთან არის დაკავშირებული – იზრდება დენისა და წყლის გადასახადი, რაც ჩვენს ბიუჯეტსაც აწვება და გარემოსაც აზიანებს.

როგორ დავზოგოთ დენი და წყალი?

1. შეიძინეთ ეკონომიური სარეცხი მანქანა

ელექტროხელსაწყოებს შორის ყველაზე მეტ დენს სარეცხი მანქანა მოიხმარს, განსაკუთრებით – ბავშვებიან ოჯახში. ჰოდა, თუ დღეში რამდენჯერმე გიწევთ მისი ჩართვა, დროა, მას ყურადღებით დააკვირდეთ. თუ ძველი მოდელი გაქვთ, ნამდვილად დენის მხვრეპავი იქნება, თანამედროვე მოდელები კი როგორც დენის, ისე წყლის მოხმარების მხრივ ძალიან ეკონომიურია. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო ძველია მანქანა, მით უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს და რაც უფრო მაღალი ენერგომოხმარების კლასი აქვს, მით უფრო ეკონომიურია.

ენერგომოხმარების კლასი ანბანის ასოებით (A-დან G-მდე) აღინიშნება. A ყველაზე ეკონომიური ენერგოკლასის მაჩვენებელია. მომდევნო ასოები უფრო და უფრო მაღალ ენერგომოხმარებას აღნიშნავს, ყველაზე მაღალზე კი ასო G მიუთითებს. ეს სტანდარტი 1994 წელს დამკვიდრდა და უკვე მოძველებულადაც კი მიიჩნევა, თუმცა ზოგიერთ მოწყობილობაზე ჯერ კიდევ წააწყდებით. დღეს ენერგომოხმარების კლასიფიკაციისთვის უმთავრესად A, A+, A++ აღნიშვნებს იყენებენ. 2010 წლიდან მათ A+++-იც დაემატა. რაც უფრო მეტი პლუსი ახლავს A-ს, მით უფრო ნაკლებ დენს ხარჯავს მოწყობილობა.

1998 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში სარეცხი მანქანების მწარმოებლებს კანონი ავალდებულებს, მოწყობილობაზე ენერგომოხმარების მაჩვენებელი დაიტანონ. A კატეგორიის მანქანა წელიწადში საშუალოდ 200-210 კვ-ს ხარჯავს, A+ – 170-180 კვ-ს, A++ – 150-160-ს, ხოლო A+++ – 120-150-ს, მაშინ როდესაც ძველი მოდელები წელიწადში საშუალოდ 250-300 კვ-ს წვავს.

2. რეცხეთ დაბალ ტემპერატურაზე

სარეცხი მანქანების უმრავლესობას წინასწარი რეცხვის რეჟიმი აქვს, რათა მეტისმეტად ჭუჭყიანი სარეცხი ძირითადი რეცხვისთვის მოამზადოს. ამ დროს სარეცხი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ლბება 30 გრადუს-იან წყალში. ალბათ მიხვდებით, ამ რეჟიმით რეცხვისას რამდენი ენერგია დაიხარჯება. შეგიძლიათ, მანქანა ამ ტვირთისგან გაათავისუფლოთ და ჭუჭყიანი სარეცხი წინასწარ თვითონვე ჩაალბოთ წყალში. ეს არც ისე ბევრ დროს წაგართმევთ და დენსა და ბიუჯეტსაც დაგაზოგვინებთ.

ცხადია, რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს რეცხვა, მით მეტი ენერგია იხარჯება წყლის გასაცხელებლად, ამიტომ მაღალ ტემპერატურაზე მხოლოდ ძალიან ჭუჭყიანი სარეცხი რეცხეთ, უმეტესად კი 30-40 გრადუსიც საკმარისია. ამ დროს ორჯერ ნაკლები დენი იხარჯება, ვიდრე 60 გრადუსზე რეცხვისას, თანამედროვე საშუალებები კი სარეცხს დაბალ ტემპერატურაზეც კარგად ასუფთავებს.

თუმცა დროდადრო 60 გრადუსზე რეცხვაც აუცილებელია. მაღალი ტემპერატურის წყალი მანქანას უკეთესად ასუფთავებს ფხვნილის ნარჩენებისა და ბაქტერიებისგან.

ნუ დაიზარებთ წყლის ნადებისგან მანქანის რეგულარულ წმენდას, რადგან ნადებით დაბინძურებული ხელსაწყო შედარებით მეტ დენს მოიხმარს.

3. აავსეთ მანქანა ოპტიმალურად

დენსაც და წყალსაც დაზოგავთ, თუ მანქანას ოპტიმალურად აავსებთ. სარეცხის რეკომენდებული ოდენობა ეტიკეტზეა მითითებული. მას არც დააკლოთ და არც გადააჭარბოთ, თორემ სარეცხი კარგად არ გაირეცხება. სარეცხი მანქანის კარს არ უნდა ებჯინებოდეს, მაგრამ მათ შორის დიდი ადგილიც არ უნდა დარჩეს.

სარეცხის დაგროვებას დიდხანს რომ არ ელოდოთ, მანქანის ზომაც სწორად შეარჩიეთ. სამწევრიანი ოჯახისთვის 4 კილოგრამამდე ტევადობისა საკმარისია, ხუთწევრიანისთვის კი 5-6-კილოგრამიანი დაგჭირდებათ.

4. აკონტროლეთ წყლის მოხმარება

ბიუჯეტისთვის არა მხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ წყლის სწორი მოხმარებაც მნიშვნელოვანია. რამდენ წყალს მოიხმარს სარეცხი მანქანა, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: მანქანის ასაკზე, სარეცხის რაოდენობასა და არჩეულ პროგრამაზე.

ორიენტაციაში კი ისევ ენერგომოხმარების ეტიკეტი დაგეხმარებათ, რომელზეც მითითებული უნდა იყოს, საშუალოდ რამდენ წყალს ხარჯავს მანქანა წელიწადში. ამიტომ შეძენისას არც ამის შემოწმება დაგავიწყდეთ.

ძველი მანქანები გაცილებით მეტ წყალს მოიხმარს, ვიდრე თანამედროვე. წყლის რაოდენობა მოდელზეც არის დამოკიდებული. საუკეთესოდ მიიჩნევა მოდელები, რომლებსაც ერთი რეცხვისთვის 50 ლიტრზე ნაკლები წყალი ჰყოფნის. ახალი A+++ მოდელები ერთი დატრიალებისას საშუალოდ 45-50 ლიტრს ხარჯავს, შედარებით ძველი კი – 60-70 ლიტრს. რაც მეტ წყალს მოიხმარს მანქანა, მით მეტი დენი იხარჯება მის გასაცხელებლად.

ზოგიერთ მოდელს წყლის ავტომატური კონტროლის ფუნქცია ან წყლის დაზოგვის პროგრამა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა სარეცხის რაოდენობის მიხედვით მოიხმარს წყალს.

5. სწორად აარჩიეთ რეჟიმი

რეცხვის რეჟიმის არჩევისას უპირატესობა სტანდარტულ, ხანგრძლივ რეჟიმს მიანიჭეთ. რეცხვის მოკლე პროგრამები გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვს, რადგან წყალი მოკლე დროში უნდა გაცხელდეს. ეს შეიძლება მანქანის მართვას შევადაროთ: 180 კმ`ს სიჩქარით დანიშნულების ადგილზე უფრო მალე მიხვალთ, თუმცა გაცილებით მეტი საწვავიც დაგეხარჯებათ, ვიდრე ნაკლები სიჩქარით მოძრაობისას. ამასთან, სარეცხის ფხვნილში შემავალ ენზიმებს სრულფასოვანი მოქმედებისთვის მეტი დრო სჭირდება.

6. სწორად შეარჩიეთ სარეცხი საშუალების დოზა

თუ სარეცხი ფხვნილის დოზასაც მიაქცევთ ყურადღებას, წლის ბოლოს ეს ნამდვილად დაეტყობა თქვენს ბიუჯეტს. სხვადასხვა ფხვნილი სხვადასხვა დოზითაა საჭირო. დოზირება შეფუთვაზეა მითითებული. ყოველთვის შესაბამისი დოზა გამოიყენეთ და გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო რბილია (ანუ რაც უფრო ნაკლებ კალციუმის მარილს შეიცავს) წყალი, მით უფრო ნაკლები სარეცხი საშუალება დაგჭირდებათ.

თუ რეცხვისას წყლის დამარბილებელ საშუალებებს იყენებთ, ფხვნილიც ნაკლები ჩაყარეთ.

საუკეთესო ინვესტიციაა “ჭკვიანი” სარეცხი მანქანა, თუმცა საკმაოდ ძვირიც. ის ეკრანზე აჩვენებს სარეცხის რაოდენობას და გირჩევთ, რამდენი ფხვნილი ჩაყაროთ.

7. სწორად შეარჩიეთ ბრუნვის სიჩქარე

სხვადასხვა მოდელს ბრუნვის სხვადასხვა სიჩქარე აქვს. რაც უფრო მეტ ბრუნს ასრულებს მანქანა, მით ნაკლებად ტენიანი რჩება სარეცხი, თუმცა მით უფრო მეტი ენერგიაც იხარჯება. ექსპერტების აზრით, წუთში 1000-1200 ბრუნი საკმარისია. მით უმეტეს, თუ სარეცხს ჰაერზე აშრობთ. თუ გაშრობა საშრობში გიწევთ, უმჯობესია, შედარებით მაღალი ბრუნვის (1400-1600 ბრუნი წუთში) ხელსაწყო შეიძინოთ, სარეცხი ნაკლებტენიანი რომ დარჩეს და საშრობმაც ნაკლები დენი დაწვას.

საშრობი

საშრობი გაცილებით მეტ დენს მოიხმარს, ვიდრე სარეცხი მანქანა. საშრობების უმრავლესობა 2000 ვატ სიმძლავრეზე მუშაობს და გაშრობას საშუალოდ 2 საათს ანდომებს, რაც ჯამში საკმაოდ ბევრ ელექტროენერგიას ითხოვს. თუმცა დენი და, შესაბამისად, ფინანსები აქაც შეგიძლიათ დაზოგოთ. თუ საშრობს იყენებთ, სარეცხის დახარისხებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ერთნაირი სისქისა და სიმტკიცის სარეცხი, უმჯობესია, ერთად გააშროთ.

თუ სარეცხის ჰაერზე გაშრობის საშუალება გაქვთ, საშრობი მოწყობილობის შეძენა არ არის აუცილებელი, მაგრამ არც სარეცხის ოთახში გაშრობას გირჩევთ, რადგან ეს ზამთარში გათბობის ხარჯს გაზრდის.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: