როგორ შევარჩიოთ თვალის კრემი
გააზიარე:
გაინტერესებთ, რატომ არის თვალის კრემი მოვლის რუტინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი? სჭირდება კანს თვალების გარშემო სპეციალური მოვლა თუ შეიძლება, სახის კრემით შემოვიფარგლოთ?
დავიწყოთ იმით, რომ კანი თვალების გარშემო სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით თხელი და მგრძნობიარეა. მის ქვეშ თითქმის არ არის კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილი. სამაგიეროდ, მრავლადაა კაპილარები და ლიმფური ძარღვები, რის გამოც ამ არეს შეშუპებისა და ჩამუქებისკენ მიდრეკილება ახასიათებს. გარდა ამისა, ის გამუდმებით მოძრაობს, რადგან გვეცვლება გამომეტყველება სიცილის, გაოცების, გაბრაზების დროს. ამას ისიც ემატება, რომ თვალებს დღეში, სულ ცოტა, 30 000-ჯერ ვახამხამებთ.
ამ ყველაფრის გამო თვალების გარშემო კანი ადვილად შრება და ღიზიანდება, ეშვება და ნაოჭდება, ამიტომ მის მოსავლელად განსაკუთრებული ტაქტიკაა საჭირო.
იმის მიხედვით, შეშუპებულია, ჩაშავებული, გამომშრალი თუ დანაოჭებული, კანს სპეციფიკური მოთხოვნები აქვს, რომლებსაც სახის კრემი ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს.
რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ თვალის კრემის შერჩევისას?
ასაკი: წლების მატებასთან ერთად კანის სტრუქტურაც იცვლება, ამიტომ თვალის საცხი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ნივთიერებით უნდა იყოს გაჯერებული. თუ 20-25 წლამდე დამატენიანებელი კომპონენტები საკმარისია, 25 წლიდან სხვადასხვა ინგრედიენტით, მათ შორის ანტიოქსიდანტებით და უჯრედის აღმდგენი ნივთიერებებით გამდიდრებული კრემი დაგვჭირდება.
შემადგენლობა: საცხში შემავალი ნივთიერებების სიას გულდასმით უნდა გაეცნოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ. კანის გაღიზიანება თავიდან რომ აიცილოთ, ერიდეთ ნაწარმს, რომელსაც კომპონენტების ვრცელი ჩამონათვალი ახლავს და სურნელოვან ნივთიერებებს შეიცავს.
ალერგიულობა: თუ ალერგიული ხართ, შეარჩიეთ ნაწარმი, რომელიც კონსერვანტებს არ შეიცავს. ბუნებრივი კომპონენტების მიმართაც სიფრთხილე გამოიჩინეთ.
რომელ ინგრედიენტებს მივანიჭოთ უპირატესობა კრემის არჩევისას?
ცვლილებებთან ბრძოლისას პირველი ეფექტური ნაბიჯი კანის ტენით უზრუნველყოფაა. კარგად დატენიანებულ კანს დამცავი ბარიერიც ძლიერი აქვს და პირველი ნაოჭებიც გვიან უჩნდება. ეს კი ორი გზით მიიღწევა: კანში წყლის შენარჩუნებით, რისთვისაც საუკეთესოა ჰიალურონის მჟავა, შარდოვანა, ალოე ვერა, და ტენის აორთქლების შეფერხებით, რაშიც ლიპიდები (ცხიმები) გვეხმარება. ლიპიდური კომპონენტებია, მაგალითად შიის კარაქი, ზეთუნის, ჟოჟობას, ქოქოსის ზეთი.
მოდი, გავიგოთ, კრემების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების უზარმაზარი არსენალიდან რომელია საუკეთესო ამა თუ იმ პრობლების დროს.
მუქი წრეები
თვალების ქვეშ მუქი წრეები დაღლილ, უსიცოცხლო იერს აძლევს სახეს. მათ ეფექტურად ებრძვის იზოფლავონოიდები, საპონინები, პეპტიდები და კოფეინი. მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად, რაც თვალების ქვეშ ჩაწოლილ ჩრდილებსაც აქრობს, ძალიან კარგია კუნელის, არნიკას, გინკგოს ექსტრაქტები.
მშრალი და მოდუნებული
გამომშრალ და მოდუნებულ კანს კარგი დატენიანება გამოაფხიზლებს, ასე რომ, მოიძიეთ დამატენიანებელი კომპონენტების შემცველი კრემი. ასეთია, უპირველეს ყოვლისა, ჰიალურონის მჟავა – მას საკუთარ წონაზე გაცილებით მეტი ტენის შეაკავება შეუძლია, რისი წყალობითაც მყისიერ ეფექტს იძლევა. კანს კარგად ატენიანებს ალოე ვერასა და შარდოვანას შემცველი კრემიც. მშრალ და მოდუნებულ კანს ძალიან უხდება ასევე მწვანე ჩაის ექსტრაქტი, პანთენოლი (ვიტამინი B5) და E ვიტამინი, რომელიც ბუნებრივ დამცავ ბარიერს აძლიერებს.
სიწითლე
ხანგრძლივმა უძილობამ, გადაღლამ და სიმშრალემ თვალების გარშემო შესაძლოა სიწითლე გააჩინოს. ამ დროს კარგია დამამშვიდებელი კომპონენტების, მაგალითად, შვრიის ან გვირილის ექსტრაქტის შემცველი კრემი. დამამშვიდებელი, აღმდგენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს დექსპანთენოლსაც.
ტომრები თვალის ქვეშ
თვალების ქვეშ ტომრებს ყველაზე უკეთ ებრძვის:
*კოლაგენი – აძლიერებს ქსოვილს;
*ვიტამინი B3 – ხელს უწყობს რეგენერაციას;
*გინკგოს ექსტრაქტი – ამკვრივებს ქსოვილს;
*კიტრის ექსტრაქტი – აგრილებს და ამშვიდებს კანს;
*თიხის მინერალები და დიპეპტიდური კომპლექსი – აცხრობს და ამშვიდებს კანს.
ნაოჭები
ნაოჭების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ინგრედიენტების ჩამონათვალი ასეთია:
*რეტინოლი (ვიტამინი A) – ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ავსებს წვრილ ნაოჭებს, თუმცა მისდამი სიფრთხილე მართებთ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს, რადან ადვილად აღიზიანებს კანს;
*C ვიტამინი – ხელს უწყობს ჯანსაღი კოლაგენის გამომუშავებას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს;
*E ვიტამინი;
*კოენზიმ Q10;
*დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა.
როდის დავიწყოთ
კანზე ზრუნვა მცირე ასაკშიც აუცილებელია, თუმცა 20-25 წლამდე შეგიძლიათ დატენიანებით შემოიფარგლოთ. მსუბუქი თვალის კრემი, რომელიც საკმარის ტენიანობას უზრუნველყოფს, სავსებით საკმარისია. ვინაიდან ნაოჭები და სხვა ასაკობრივი ცვლილებები ამ ასაკში თითქმის არ გვემუქრება, სპეციალური კრემი არ არის საჭირო. მზისგან დამცავი კი ყოველთვის აუცილებელია, თანაც, სულ ცოტა, SPF 15-30-ით.
25-30 წლიდან კანი უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება, ადვილად შრება, ჩამუქებისკენ მიდრეკილი ხდება, ამიტომ მეტ ყურადღებას მოითხოვს.
თვალის კრემი გამდიდრებული უნდა იყოს ვიტამინებითა და მინერალებით. საუკეთესო ნივთიერება, რომელიც კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს, ხელს შეუწყობს კოლაგენისა და ელასტინის ფორმირებას, შეუნარჩუნებს კანს ელასტიკურობასა და ბზინვარებას, რეტინოლია. ვინაიდან ის ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანის მგრძნობელობას ზრდის, მზის სხივები კი, თავის მხრივ, მის ეფექტურობას აქვეითებს, ის უმთავრესად თავის მოვლის ღამის საშუალებებში შედის, დღის კრემებში კი მის მონათესავე ნივთიერებებს, ეგრეთ წოდებულ რეტინოიდებს იყენებენ. გარდა ამისა, კრემი უნდა შეიცავდეს დამატენიანებელ კომპონენტს და მზისგან დამცავ ფაქტორს.
35-40 წლიდან რეტინოლთან ერთად, რომელიც უჯრედების განახლების პროცესსაც ააქტიურებს, თვალის კრემი უნდა შეიცავდეს სხვა ანტიოქსიდანტებსაც, რომლებიც კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს. მაგალითად, C ვიტამინს, E ვიტამინს ან კოენზიმ Q10-ს. ჰიალურონის მჟავა კი ყველგან და ყოველთვის საუკეთესოა. თუ თვალების ირგვლივ მიდამო ხშირად გიშუპდებათ, არჩევანი ისეთ საცხზე შეაჩერეთ, რომელსაც დამატებული ექნება გამაგრილებელი აქტიური ინგრედიენტები, მაგალითად, პიტნა ან ევკალიპტის ექსტრაქტი.
50-55 წლიდან გამოიყენეთ კრემი, რომელიც, ზემოთ ჩამოთვლილ ანტიოქსიდანტებთან ერთად, შეიცავს:
*კალციუმსა და ფოსფორს – ისინი ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას;
*სილიციუმს, რომელიც აძლიერებს უჯრედშორის კავშირს და ამით ქსოვილის სიმტკიცეს უზრუნველყოფს;
*მაგნიუმს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას.
არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი ფაქტორი.
აუცილებელია თუ არა თვალის კრემის გამოყენება?
გააჩნია, რამდენად მგრძნობიარე გაქვთ მიდამო თვალების ირგვლივ. ამ ზონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვლის საშუალება ნაზი, რბილი და დამზოგველი იყოს. თუ თქვენი სახის კრემიც ასეთია, არ აღიაზანებს კანს, არ შეიცავს ალკოჰოლს და სუნის მიმცემ ნივთიერებებს, სილიკონს და მინერალურ ზეთებს (Mineral Oil, Petrolatum, Paraffinum Liquidum, Mikrokristallines Wachs, Ozokerit, Ceresin, ან Vaseline), შეგიძლიათ, თვალის ირგვლივაც წაისვათ. მინერალური ზეთები ძალიან მძიმეა ამ მიდამოს თხელი კანისთვის – შეუძლია, დაასუსტოს კანში არსებული ელასტინის ბოჭკოები და ამით ნაოჭების წარმოქმნა დააჩქაროს. გარდა ამისა, თუ კრემი თვალში ჩაგივიდათ, ჩამოთვლილმა ნივთიერებებმა შესაძლოა რქოვანა გაგიღიზიანოთ.
მაქსიმალური ეფექტისთვის
ზემოთ ჩამოთვლილი მაგიური ნივთიერებები თავისთავად არ არის საკმარისი – სრულყოფილი ეფექტისთვის კრემი სწორად უნდა გამოიყენოთ.
* თვალის საცხი წაისვით სახის საფუძვლიანი გაწმენდის შემდეგ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს.
* დაელოდეთ, სულ ცოტა, 15 წუთი, ვიდრე საცხი მთლიანად შეიწოვება კანში. მხოლოდ ამის შემდეგ გაიკეთეთ მაკიაჟი. რაც უფრო მეტი ნივთიერება შედის საცხის შემადგენლობაში და რაც უფრო ცხიმიანია ის, მით მეტი დრო დასჭირდება შესაწოვად.
* ნუ წაისვამთ მას სახის კრემივით – როგორც გითხარით, კანი ამ მიდამოში მეტისმეტად ნაზია და ზედმეტი დაჭიმვა და დაწოლა არ უხდება. უხეშმა მოპყრობამ შესაძლოა ნაადრევი ნაოჭებიც კი გამოწვიოს. წაისვით არათითით და თითის ბალიშის მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით კარგად შეიზილეთ – ეს ასტიმულირებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და ხელს უშლის შეშუპებას, გარდა ამისა, აქტიური ნივთიერებები უფრო ღრმად აღწევს კანში და კანიც ნაკლებად ისტრესება.
* წაისვით ყვრიმალზე შიგნიდან გარეთ და წარბის ქვეშ. მოერიდეთ ქუთუთოებს, რომ თვალში არ ჩაგივიდეთ.
* ნუ წაისვამთ ქვედა წამწამებთან მეტისმეტად ახლოს – შესაძლოა, თვალში ჩაგივიდეთ და გაგიღიზიანოთ.
* რაოდენობასაც მიაქციეთ ყურადღება. ნუ გეგონებათ, რომ ბევრი უფრო სწრაფად და უკეთ მოაგვარებს პრობლემას. პირიქით, კანს შეწოვაც გაუჭირდება და თვალშიც ადვილად ჩავა. საკმარისია ოსპის მარცვლისოდენა თითო თვალზე.
* თუ კანს სასწრაფოდ სჭირდება გამოცოცხლება, უმჯობესია, კრემი წასმამდე მაცივარში გააგრილოთ. გრილი კრემი მეყსეულად აცხრობს შეშუპებას, აქრობს ტომრებს და მუქ წრეებს თვალების გარშემო.
ჯილდა გაჩეჩილაძე