სოლარიუმის გამონაყარი
გააზიარე:
სოლარიუმის უარყოფით მხარეებზე მრავალჯერ თქმულა და დაწერილა, თუმცა ზოგიერთი მაინც მიმართავს გარუჯვის ამ საშუალებას.
რაკი სოლარიუმი აქტუალობას არ კარგავს, მოდი, განვიხილოთ მისი ერთ-ერთი უარყოფითი ეფექტი, რომელსაც სოლარიუმის გამონაყარი ეწოდება. ეს არის ამობურცული წითელი ან თეთრი გამონაყარი ადამიანის კანზე. ის ზოგჯერ გარუჯვიდან რამდენიმე საათში, ზოგჯერ კი რამდენიმე დღეში ჩნდება.
რა იწვევს სოლარიუმის გამონაყარს
სოლარიუმის გამონაყარს სხვადასხვა მიზეზი აქვს. უმეტესად ის კანის ზედმეტი სიმშრალით არის გამოწვეული. თუ რუჯის მისაღებად გამომშრალი კანით მიხვალთ, სოლარიუმის ძლიერი ნათურები შთანთქავს დარჩენილ ტენს თქვენი კანის ზედა ფენიდან, რაზეც კანი ამობურცული წითელი გამონაყარით უპასუხებს.
კიდევ ერთი მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა. სოლარიუმის ნათურებიდან ჩვენს სხეულს სწორედ ულტრაიისფერი სხივები ეცემა. ზოგიერთის კანს არ შესწევს უნარი, მთლიანად შთანთქოს ეს სხივები. კანი ამაზეც ამობურცული გამონაყარით რეაგირებს.
სოლარიუმის პროცედურებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მილიარიის განვითარებას. ძლიერი სიცხის გამო ვიწრო საოფლე სადინარები იხშობა, ოფლი ზემოთ ვეღარ ამოდის და კანქვეშ გროვდება, რაც ანთებას იწვევს. შედეგად იწყება ქავილი და ჩნდება გამონაყარი, ზოგჯერ კანის მოზრდილი უბნები წითლდება.
არის შემთხვევები, როდესაც გამონაყარი ალერგიული რეაქციითაა გამოწვეული. გასარუჯი ზეთები და ლოსიონები, რომლებსაც სოლარიუმში შესვლამდე ისვამთ, ულტრაიისფერ გამოსხივებასთან ურთიერთქმედებისას ალერგიულ რეაქციას იწვევს.
გარდა ამისა, თუ სოლარიუმი საგულდაგულოდ არ იწმინდება ყოველი მომხმარებლის შემდეგ, შესაძლოა, თქვენამდე იქ მყოფი ადამიანის სოლარიუმზე შერჩენილმა გასარუჯმა საშუალებამაც მოგცეთ ალერგიული რეაქცია.
ასევე ხშირია სოლარიუმის გამონაყარი მის გასასუფთავებელ სპეციალურ სველ ხელსახოცსა თუ საწმენდ სითხეზე ალერგიული რეაქციის შედეგად.
რა ახასიათებს
სიმპტომები ადვილი ამოსაცნობია: თუ სოლარიუმის გამოყენებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში კანი შეგიწითლდათ, შეგისივდათ, აგექავათ და თეთრი ან წითელი ამობურცული გამონაყარი გაგიჩნდათ, თამამად შეგიძლიათ, სოლარიუმის გამონაყარი იეჭვოთ.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ სოლარიუმის გამოყენების შემდეგ გამონაყარი გაგიჩნდათ, კარგად დააკვირდით თქვენს სიმპტომებს. თუ ქავილი და გამონაყარი იმატებს და 5 დღეზე მეტია გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს, რათა გართულებები თავიდან აიცილოთ.
თუ გამონაყარი სწარაფად განვითარდა, მთელს სხეულს მოედო და კანის უბნების ძლიერი შესიებაც ახლავს თან, დაუყოვნებლივ უნდა მიბრძანდეთ სპეციალისტთან – შესაძლოა, ძლიერი ალერგიული რეაქცია გქონდეთ, რომელიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.
ნუ მოიქავებთ გამონაყარს ხშირად და ძლიერად – შესაძლოა, კანის ზედა ფენა დაზიანდეს, გასკდეს და ინფექცია შეგეჭრათ. თუ ამჩნევთ, რომ გამონაყარი დაჩირქდა, მტკივნეული გახდა და სხეულის ტემპერატურის მატებაც დაერთო, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
მკურნალობის პერიოდში:
* ერიდეთ მზეს და გადახურებას. სანამ გამონაყარი გაქრობას დაიწყებდეს, შინიდან გასვლისას აუცილებლად წაისვით SPF 30-ზე ძლიერი მზისგან დამცავი საშუალება, ხოლო გამონაყარიანი ადგილები დაიფარეთ ბუნებრივი ქსოვილის თავისუფალი ტანსაცმლით ან შარფით.
* მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა. გამონაყარის საბოლოო ალაგებამდე ერიდეთ ტანის ცხელი წყლით ბანას. უმჯობესია გრილი, სასიამოვნო ტემპერატურის შხაპი მიიღოთ და არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ ღრუბლით გამონაყარიანი ადგილები.
* შესიებისა და სიწითლის ჩასაცხრობად შეგიძლიათ ანტიჰისტამინური გელი გამოიყენოთ. გამონაყარის არსებობის პერიოდში ნუ მოსინჯავთ ახალ საცხებს – ახალმა პროდუქტმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია მოგცეთ, რომელიც უკვე არსებულ გამონაყარსაც გაამწვავებს და დამატებით პრობლემებსაც შეგიქმნით.
* თუ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი საშუალება არ ჭრის და გამონაყარი არათუ გაქრობას არ იწყებს, არამედ იმატებს კიდეც და ქავილიც ძლიერდება, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს.
როგორ ავიცილოთ თავიდან
იმისთვის, რომ სოლარიუმის გამონაყარი თავიდან აიცილოთ, საჭიროა:
* მიმართოთ ისეთ დაწესებულებას, სადაც ჰიგიენის ნორმები უმაღლეს დონეზეა დაცული, სადაც იცით, რომ სოლარიუმის ნათურებს ხშირად ცვლიან, ხოლო თავად აპარატს ყოველი მომხმარებლის შემდეგ წმენდენ სპეციალური ჰიპოალერგიული ხსნარით.
* სოლარიუმის გამოყენების შემდეგ, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში ერიდოთ მცხუნვარე მზეს, რათა კანს ულტრაიისფერი სხივებისგან დასვენებისა და ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ.
•თუ სოლარიუმისთვის ემზადებით, იმ დღეს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სპირტის შემცველი სპრეი, გელი თუ ანტიპერსპირანტი.
•გარუჯვამდე კარგად დაიტენიანეთ კანი, სულ მცირე, SPF 15-ის შემცველი მზისგან დამცავი საშუალებით.
•სოლარიუმის გამოყენება დაიწყეთ მცირე დოზებით, თქვენი კანის ფერისა და სტრუქტურის მიხედვით.
•ერიდეთ სოლარიუმში შესვლამდე კანზე ახალი პროდუქტების წასმას, რომ შესაძლო ალერგიის გამოხატულება და სოლარიუმით გამოწვეული გამონაყარი ერთმანეთში არ აგერიოთ.
საზოგადოდ, სოლარიუმის გამოყენებამდე სასურველია დერმატოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია იმის გასარკვევად, რამდენად მიზანშეწონილია თქვენი კანისთვის ამ ფორმით გარუჯვა. კანის ტიპთან ერთად გასათვალისწინებელია ოჯახის სამედიცინო ისტორიაც, კერძოდ, ვინმეს ხომ არ ჰქონდა კანის კიბო. მის ხელთ არსებული ინფორმაციის შეჯერებით ექიმი გეტყვით, რამდენად სარისკოა პირადად თქვენთვის ეს პროცედურა.
ლიკა ქათამაძე