როგორ მოვუაროთ მაკიაჟის ხელსაწყოებს

გააზიარე:

კარგი მაკიაჟის მთავარი პირობა, რა თქმა უნდა, კარგი კოსმეტიკაა, მაგრამ კარგი ხელსაწყოების გარეშე კარგ მაკიაჟზე ნურც იოცნებებთ. სხვადასხვა ზომის ფუნჯები და სპონჟები სწორედ ის ატრიბუტებია, რომლებიც ჩვენი განუმეორებელი სილამაზის ხაზგასმაში გვეხმარება.

მიუხედავად ამისა, ცოტა ქალი თუ იცავს ფუნჯებისა და სპონჟების მოვლის წესებს. თუ აღარ გახსოვთ, რა ფერი იყო თავდაპირველად თქვენი თვალის ფუნჯი ან ტონალურის ღრუბელი ისეთი მოქნილი აღარ არის, როგორიც თავიდან, ესე იგი მათ საჭიროებისამებრ არ უვლით.

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ჭუჭყიანი ფუნჯი

მოუვლელ ფუნჯებსა და სპონჟებზე სახიდან აქერცლილი მკვდარი ეპიდერმისი, ცხიმი და მაკიაჟის ნარჩენები გროვდება. ასეთ გარემოში შესანიშნავად მრავლდებიან ბაქტერიები და მაკიაჟის გაკეთების დროს ჩვენს სახეზე გადმოინაცვლებენ, ეს კი, როგორც ხვდებით, სულაც არ არის კარგი.

თუ სახის კანს სათანადოდ უვლით და კვების რაციონიც დაბალანსებული გაქვთ, მაგრამ გამონაყარს მაინც უჩივით, შესაძლოა, მიზეზი სწორედ მოუვლელი მაკიაჟის ხელსაწყოები იყოს.

მაკიაჟის სპეციალისტები გვირჩევენ, სპონჟი ნაკლებად გამოვიყენოთ, რადგან ის ფუნჯზე მეტად იწოვს ცხიმსა და ჭუჭყს. თუ სპონჟის გარეშე მაკიაჟი ვერ წარმოგიდგენიათ, მოგიწევთ, ის რეგულარულად რეცხოთ, სამ თვეში ერთხელ კი გამოცვალოთ.

დაბინძურებულმა ფუნჯმა და სპონჟმა შესაძლოა თვალის ინფექციაც გამოიწვიოს. ექიმები ხშირად ხვდებიან ამ მიზეზით გამოწვეულ კონიუნქტივიტს.

რა გროვდება ფუნჯის წვერზე

თუ მიკროსკოპით დახედავთ, ჭუჭყიანი ფუნჯის წვერზე კანის ტკიპებს დაინახავთ. ისინი თვალისა და ცხვირის წამწამებზე ცხოვრობენ და უმეტესად არაფერს აშავებენ, მაგრამ მთელ სახეზე მათი გავრცელება სასურველი არ არის – თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შესაძლოა, აკნეს განვითარებას შეუწყონ ხელი.

მიკროსკოპში სტაფილოკოკსა და სტრეპტოკოკსაც დაინახავთ. ზოგჯერ – სოკოსაც. თუ ბუნებამ იდეალური კანით დაგაჯილდოვათ, მეტი შანსია, მათ ვერაფერი დაგაკლონ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი კანი იშვიათობაა და რისკის გაწევა არ ღირს.

ვის როგორი ფუნჯი ურჩევნია

სოკოებსა და ბაქტერიებს სინოტივე უყვართ, ამიტომ ტონალურის გამანაწილებელი ფუნჯი და სპონჟი უფრო სწრაფად ბინძურდება, ვიდრე რუჟისა და ჩრდილების წასასმელი. დასკვნა ალბათ უკვე გამოიტანეთ: ტონალურის ფუნჯი და ღრუბელი უფრო ხშირად და გულმოდგინედ უნდა რეცხოთ, – სპეციალისტების აზრით, კვირაში ერთხელ მაინც, – და გრილ, მშრალ ადგილას შეინახოთ, საუკეთესო შემთხვევაში – თავისივე კოლოფით. აბაზანაში მათი შენახვა არც ისე გონივრულია, რადგან იქ ყოველთვის ნესტია. 

ხელოვნური თუ ბუნებრივი

ძვალ-რბილში გამჯდარი სტერეოტიპის თანახმად, ბუნებრივი მასალა ხელოვნურზე უკეთესია, აი, მაკიაჟის წამყვანი სპეციალისტები კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ხელოვნური ბეწვის ფუნჯებს ამჯობინებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელოვნურ ბეწვს ხშირი რეცხვა არ აზიანებს, ბუნებრივი კი სპეციალურ საწმენდ სითხეში მოხვედრისას შრება და უხეშდება.

რამდენად ხშირად გავასუფთაოთ

პროფესიონალი ვიზაჟისტები ფუნჯებსა და სპონჟებს ყოველი გამოყენების შემდეგ სპეციალური სითხით წმენდენ, ხოლო დღის ბოლოს საგულდაგულოდ რეცხავენ.

რაც შეეხება მათ, ვინც საკუთარ სილამაზეზე თვითონ ზრუნავს: თუ მაკიაჟს ყოველდღე იკეთებთ, ფუნჯები და სპონჟები კვირაში ერთხელ მაინც უნდა გარეცხოთ, გარდა ტონალურის წასასმელი ფუნჯისა. ეს უკანასკნელი, სასურველია, ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდოთ სპეციალური სითხით ან ალკოჰოლის შემცველი სველი ხელსახოცით. თუ ფუნჯი ბუნებრივი ბეწვისაა, სპირტის შემცველი საშუალებით წმენდა რეკომენდებული არ არის.

ნაბიჯ-ნაბიჯ

თუ ფუნჯების საწმენდ სპეციალურ სითხეს იყენებთ, გულდასმით წაიკითხეთ და შეასრულეთ ინსტრუქცია, რომელიც მას მოჰყვება. თუ ასეთი სითხე არ გაქვთ, ანტიბაქტერიული თხევადი საპონი ან შამპუნიც გამოგადგებათ (არამც და არამც არ გირჩევთ სარეცხი საშუალების გამოყენებას – ის ძალიან აუხეშებს ფუნჯს).

* გახსენით საპონი ან შამპუნი პატარა ჯამში.

* ფუნჯები სათითაოდ დაასველეთ ნელთბილი გამდინარე წყლით, მერე ჯამში ჩაყავით და თითებით ნაზად დაზილეთ, რომ შერჩენილი ჭუჭყი მოშორდეს.

არსებობს ფუნჯების საწმენდი სპეციალური სილიკონის მოწყობილობებიც, რომლებსაც სილიკონისავე პატარა კბილანები აქვს. ამ კბილანებზე ხახუნი ძალიან კარგად აშორებს ფუნჯს ყოველგვარ ჭუჭყს.

* გასაპნილი ფუნჯი 4-5 წამით შეუშვირეთ ნელთბილ გამდინარე წყალს და თითებით ნაზად მოსრისეთ, რომ საპონი მოსცილდეს.

* თუ ფუნჯს თავდაპირველი ფერი დაუბრუნდა, ესე იგი კარგადაა გარეცხილი. თუ ტონალურის`რუჟის`თვალის ჩრდილის ფერი გავლების შემდეგაც შერჩა, პროცედურის გამეორება მოგიწევთ.

გაითვალისწინეთ: მხოლოდ ბეწვი უნდა დაასველოთ, რომ არ დაიშალოს წებო, რომლითაც ის ტარზეა მიმაგრებული.

* ბოლოს ფუნჯი საგულდაგულოდ გაწურეთ, მერე კი თითებით გააფუმფულეთ. ღერები ერთმანეთზე მიკრული არ გააშროთ!

* დააწყვეთ სველი ფუნჯები მშრალ პირსახოცზე ან ქაღალდზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს და გაშრობა აცადეთ.

ვრეცხავთ სპონჟს

სპონჟი, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ადვილად იწოვს კანიდან ცხიმსა და ჭუჭყს, ამიტომ საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს. სპონჟების სარეცხი სპეციალური საშუალებაც არსებობს, რომელიც მართლაც ეფექტურია და სწორედ იმდენ ალკოჰოლს შეიცავს, რომ სპონჟი არ გამოაშროს და არ გააუხეშოს.

თუ სპეციალური სითხე არ გაქვთ, ჩვეულებრივი საპონიც გამოგადგებათ.

* სპონჟი კარგად დაასველეთ გამდინარე ნელთბილი წყლით.

* გასაპნეთ ანტიბაქტერიული საპნით ან შამპუნით.

* ფუნჯის საწმენდი სილიკონის მოწყობილობა სპონჟის ღრუბლის გასაწმენდადაც იდეალურია. შეუშვირეთ გამდინარე წყალს და მანამდე უსვით სპონჟი, სანამ ეს უკანასკნელი თავდაპირველ ფერს არ დაიბრუნებს (თუ ფუნჯი ან სპონჟი ისეა მაკიაჟით გაჟღენთილი, რომ საგულდაგულო რეცხვაც კი ვეღარ უბრუნებს ადრინდელ ფერს, დროა, შეცვლაზე იფიქროთ).

* თუ ასეთი მოწყობილობა არ გაქვთ, სპონჟი ხელით გარეცხეთ, გასაპვნის შემდეგ გამდინარე წყალს შეუშვირეთ და რამდენჯერმე მოუჭირეთ და გაუშვით თითები. მთავარია, მეტისმეტად უხეშად არ მოგივიდეთ, რომ არ გაგლიჯოთ.

* დადეთ სპონჟი მშრალ ქაღალდზე ან პირსახოცზე, ისეთ ადგილას, რომ ჰაერი უვლიდეს, და კარგად გაშრობა აცადეთ. იცოდეთ, თუ ნესტიანი დარჩა, დაობდება.

 ლიკა ქათამაძე

გააზიარე: