ნინო პეტრიაშვილი – დიფერენციალური დიაგნოსტიკის დიდოსტატი

გააზიარე:

ნინო პეტრიაშვილი 1910 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში. მამის მხრიდან მისი წინაპრები სასულიერო პირები ყოფილან. თავად ბენიამინ პეტრიაშვილი მღვდლობასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. დედა, ნეოლინე, ასევე სასულიერო პირის აპოლონ სურგულაძის ქალიშვილი, უმთავრესად შვილების აღზრდით იყო დაკავებული. ნინოს სამი ძმა და ერთი და ჰყავდა. მშობლების გადაწყვეტილებით და ნინოს ბიძის (დედის ძმის) დიდი ძალისხმევით, საშუალო და უმაღლესი განათლება ოთხივემ თბილისში მიიღო. მოგვიანებით უფროსი ძმა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი გახდა, შუათანა მეტალურგიას გაჰყვა, უმცროსი ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ნინოს და პედაგოგი იყო, თავად ნინომ მედიცინა აირჩია.

სამაგალითო ბიძა

თბილისში გადმოსვლის შემდეგ და-ძმა პეტრიაშვილები ვერაზე, ბიძასთან ცხოვრობდნენ. ბიძა, იურისტი იროდიონ სურგულაძე, დორპატის უნივერსიტეტის (ტარტუ) კურსდამთავრებული, ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ კავკასიაში პირველ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში სამართლებრივ აზროვნებასა და მთელ რიგ იურიდიულ დისციპლინებს (სამართლის თეორია, სამართლის ფილოსოფია, სამართლის სოციოლოგია, სახელმწიფო სამართალი) ჩაუყარა საფუძველი, არამედ იმითაც, რომ სწორედ მან, ქართველ იურისტთაგან პირველმა, დაიცვა 1927 წელს დისერტაცია იურისპრუდენციაში, თანაც გერმანულ ენაზე. მისი მონოგრაფია "ხელისუფლება და სამართალი" გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შესაბამისად, საქართველოში) პირველი სადოქტორო დისერტაცია, რომლის საფუძველზეც ავტორს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ბიძა ყურადღებას არ აკლებდა ნინოს და მის და-ძმებს. მშვიდი, კეთილშობილი, უკონფლიქტო და უსაზღვროდ წიგნიერი იროდიონი დისწულების ზნეობასა და განათლებაზე ერთნაირად ზრუნავდა.

ნინოს პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს ბიძის მეგობრებმაც. ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ იურისტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პრორექტორი, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე, პროფესორი გიორგი ნანეიშვილი... 

კორიფეთა მოსწავლე

1925 წელს, მე-8 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ნინომ თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მისი პედაგოგები იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი ექიმები: სპირიდონ ვირსალაძე (მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში), გრიგოლ მუხაძე (პრაქტიკული და მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში), ივანე თიკანაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პირველი გამგე, თვით ტერმინი "მეანობაც" მან შემოიღო). ამ ადამიანებს დიდი დამსახურება მიუძღვით თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში.

იმ ეპოქის პროფესორ-მასწავლებლები დიდი გულმოდგინებით ზრდიდნენ და წვრთნიდნენ სტუდენტებსა თუ ექიმებს, შესაბამისად, ბევრსაც ითხოვდნენ თავიანთი აღსაზრდელებისგან. სწორედ ამ მოთხოვნების სიმაღლეზე იდგა ნინო პეტრიაშვილიც, რომელიც უმაღლესი სასწავლების წარჩინებით დასრულების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის (ასე ეწოდებოდა მაშინ რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს) მეოთხე თერაპიული განყოფილების ორდინატორი გახდა. 1937-1948 წლებში მუშაობდა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრაზე, მოგვიანებით – თსსი პედიატრიული და ჰიგიენური ფაკულტეტების საფაკულტეტო თერაპიის შინაგან სნეულებათა კათედრაზე ასისტენტად. 1955 წელს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თსსი ჰოსპიტალური თერაპიის სუბორდინატორთა კათედრის დოცენტი და კლინიკის სამკურნალო ნაწილის უცვლელი ხელმძღვანელი იყო.    

შთამომავლობა

პროფესორ იროდიონ სურგულაძეს ჰყავდა ქალიშვილი, ლამარა სურგულაძე (1935-2006), რომელიც მამის კვალს გაჰყვა და იურისტი გახდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დისერტაცია დაიცვა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად სისხლის სამართლის მიმართულებით. ობლად დარჩენილი ბიძაშვილის მეურვეობა ნინო პეტრიაშვილმა და მისმა მეუღლემ ითავეს და ლამარა სურგულაძე შვილივით აღზარდეს. ივანე გიგინეიშვილი დოცენტი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარგიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე გახლდათ. ნინომ იქ გაიცნო და მალევე იქორწინეს კიდეც. სწორედ მათ ოჯახში მოევლინა ქვეყნიერებას პროფესორ სურგულაძის შვილიშვილი მაია სულაქველიძე, ამჟამად – ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კოლეგები

ნინო პეტრიაშვილს ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ.

დალი ასათაშვილი, ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:

– თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ქალბატონმა ნინომ ექიმთა არაერთი თაობა აღზარდა. უამრავ ახალგაზრდას გაუკვალა გზა მედიცინაში. ამაყობდა მათი მიღწევებით, ეხმარებოდა ნაშრომების მომზადებასა თუ სამეცნიერო ხარისხის მოპოვებაში. მეც იმ იღბლიანი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავართ, რომელსაც ნინო პეტრიაშვილსა და იმ დროის სხვა გამოჩენილ ექიმებთან მჭიდრო სამსახურეობრივი და მეგობრული ურთიერთობის ბედნიერება ხვდა წილად. გამოირჩეოდა უსაზრვრო პასუხისმგებლობით პაციენტებისა და სტუდენტების მიმართ. მოწოდებით მკურნალი იყო. გაწონასწორებული, მშვიდი ბუნების ექიმის შემოვლაზე დასწრება მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა. კოლეგებისა და ხელმძღვანელების უპირობო ნდობით სარგებლობდა.

მიუხედავად დიდი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილებისა, თავმდაბალი და უშუალო იყო. შეცდომის გამო ახალგაზრდა კოლეგას არასდროს ჩააგდებდა უხერხულ მდგომარეობაში.

სანიმუშო პედაგოგიც გახლდათ. მშვიდად, დაუზარლად ლაპარაკობდა თითოეულ ნოზოლოგიაზე, სტუდენტებს დაწვრილებით უხსნიდა დაავადების მექანიზმსა და მკურნალობის მეთოდებს.

მანანა კიკნაძე, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

– ქალბატონი ნინა პეტრიაშვილი ქართული თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე და თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის იყო აკადემიზმის, სიდარბაისლის, კეთილმოსურნეობის განსახიერება. მუდამ სიმართლის მხარეს მდგომი, პირდაპირი, პირუთვნელი, უმაღლესი კლასის პროფესიონალი. მისი დასმული კლინიკური დიაგნოზი, როგორც წესი, გადახედვას არ ექვემდებარებოდა. ყოველთვის იყო ზუსტი, შეუმცდარი, რასაც შემდგომი მრავალმხრივი კვლევა ადასტურებდა. ურთულესი და უიშვიათესი კლინიკური შემთხვევების გამოვლენის გასაოცარი ალღო ჰქონდა. ზოგჯერ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები მის მოსაზრებას არ ადასტურებდა, მაგრამ დროს უჩვენებია, რომ ქალბატონი ნინა იყო მართალი, მისი დიაგნოზი – სწორი.

მინდა, ერთი შემთხვევა გავიხსენო როგორც ნინო პეტრიაშვილის პატიოსნების, პირდაპირობისა და ახალგაზრდა კოლეგების ძლიერი მხარდაჭერის მაგალითი.

იმ დროს რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო პროფესიული თვალსაზრისით საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრებით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია იქ გამართული კლინიკურ– პათანატომიური კონფერენციები, რომლებსაც პროფესორი თამარ დეკანოსიძე ხელმძრვანელობდა. ამ კონფერენციებზე გამოსვლა დიდ მღელვარებას იწვევდა მათი მაღალი პროფესიული დონისა და მათში მონაწილე ავტორიტეტული მეცნიერების, პროფესორებისა და ექიმების შეფასებების გამო. ერთ ასეთ კონფერენციაზე მეც მომიწია გამოსვლა. საქმე ეხებოდა გარდაცვლილი პაციენტის დიაგნოზს, რომელიც კამათის საგანს წარმოადგენდა თერაპევტებსა და ქირურგებს შორის. ქირურგთა ჯგუფი აგრესიულად, თავზე ხელაღებულად იქცეოდა, დეზინფორმაციით სურდათ, თავიანთი სამედიცინო შეცდომა, ჩემთვის, გამოუცდელი ექიმისთვის დაებრალებინათ. არადა ცამდე მართალი ვიყავი. მაშინაც, როგორც ყოველთვის, დაპირისპირებას და სიმართლის თქმას ყველა ერიდებოდა. ზოგსაც ამის სურვილი სულაც არ ჰქონდა. ქალბატონმა ნინამ ჩვეული პირდაპირობით და აკადემიზმით ამხილა ქირურგთა ჯგუფი სიცრუეში, რკინის ლოგიკით დაადასტურა ჩემი სიმართლე და დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა, რაც იმ დროს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ნათელა ბასიშვილი, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი:

– მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში ასპირანტურის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. იმხანად კათედრას პროფესორი კონსტანტინე ვირსალაძე ხელმძღვანელობდა. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო კათედრის თანამშრომლების სიღრმისეული ცოდნა და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი კონსტანტინეს კათედრა მიღწევებით არ ჩამოუვარდებოდა მოსკოვის, ლენინგრადის და სხვა ცნობილი ინსტიტუტების კათედრებს. აქ ისეთი ექიმები ბრწყინავდნენ, როგორებიც იყვნენ პროფესორი ბაადურ რაჭველიშვილი, დოცენტები ნინო ბარნაბიშვილი და ნინო (ნინა) პეტრიაშვილი. ქალბატონი ნინა იმ თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი. არაფერი გამოეპარებოდა, ნებისმიერ თერაპიულ დიაგნოზს შეუცდომლად სვამდა. უბადლო პერკუსიითა და პალპაციით ყოველგვარი ინსტრუმენტული გამოკვლევის გარეშე დაზიანების ზუსტი ლოკალიზაციის დადგენა შეეძლო. ბატონი კონსტანტინე საეჭვო შემთხვევის გარჩევისას პირველს იმას იკითხავდა, ნინო პეტრიაშვილმა თუ ნახა პაციენტი და რა თქვაო, რადგან მის დიაგნოზს გადამოწმება არ სჭირდებოდა.

არასდროს დამავიწყდება ერთი შემთხვევა: კლინიკაში მაღალი არტერიული წნევითა და საერთო სისუსტით შემოვიდა პაციენტი, რომელიც მანამდე ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით მკურნალობდა. ავადმყოფის გასინჯვისას მარჯვენა მხარეს პალპაციით ლობიოს ფორმის წარმონაქმნი დავაფიქსირე. ეჭვიც არ შემპარვია, რომ ჩემი ხელი დაწეულ მარჯვენა თირკმელს ხვდებოდა. შევაგროვე ანალიზების პასუხები, ჩამოვაყალიბე წინასწარი დიაგნოზი და ქალბატონი ნინოს შემოვლისთვის მოვემზადე. პაციენტი გასინჯა, ჩემი აზრი მოისმინა, მერე კი ჩვეული სიმშვიდით, მაგრამ დაბეჯითებით მითხრა, ეს ჩამოშვებული თირკმელი კი არა, ღვიძლის შუა წილიაო. მისი აზრით, პაციენტს ტოქსიკური ჰეპატიტი ჰქონდა, რომელიც ტუბერკულოზის სამკურნალო წამლებით იყო გამოწვეული. უნდა ვაღიარო, ისე გამიკვირდა ეს მოსაზრება, რომ გადავწყვიტე, რადიოიზოტოპური კვლევით გადამემოწმებინა (მაშინ ექოსკოპიის აპარატი არ არსებობდა). ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კვლევამ ქალბატონი ნინოს დიაგნოზი დაადასტურა.

ხუტა პაჭკორია, ექიმი გასტროენტეროლოგი, მედიცინის ისტორიის მკვლევარი:

– ქალბატონ ნინოზე საუბრისას მახსენდება გერმანელი თეოლოგის მარტინ ლუთერის ცნობილი სიტყვები: "აქ ვდგავარ. სხვაგვარად არ ძალმიძს"ეს სიტყვები მან 1521 წელს წარმოთქვა ვორმსის რაიხსტაგზე, სადაც მისგან უშედეგოდ მოითხოვდნენ რომის კათოლიკური ეკლესიის კრიტიკის შემცველი თეზისების უარყოფას. ასე შეუპოვრად იცავდა ნინო პეტრიაშვილიც თავის დიაგნოზს, რომელსაც არათუ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც  ვერ უპოვიდით ნაკლს. გარეგნობაც სახასიათო ჰქონდა: გამოდრეკილი შუბლი და დიდი თვალები დამაჯერებლობას მატებდა მის მეტყველებას. აზრს ვერავინ შეაცვლევინებდა, რადგან თავისი მტკიცე და ლოგიკური მსჯელობით ნებისმიერ მოპაექრეს განაიარაღებდა. მისი კოლეგებისგან გამიგონია, ახალგაზრდობიდანვე ისე კარგად თამაშობდა ჭადრაკს, ბევრ მამაკაცსაც კი სჯობნიდაო.

ნინო პეტრიაშვილი 1981 წლის 18 იანვარს, 71 წლის ასაკში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა, სწორედ ისე, როგორც მისი აღმზრდელი ბიძა, რომელმაც 53 წლისამ, ლექციიდან გამოსულმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დალია სული. ღვაწლმოსილი მკურნალი ვაკის სასაფლაოზე განისვენებს.

მარი მარღანია

გააზიარე: