ნათელა გრიგალაშვილი: კადრებად შემონახულ ჩემს ისტორიას გიყვებით

გააზიარე:

ნათელა გრიგალაშვილი ფოტოდოკუმენტალისტია – წარმატებული ხელოვანი გამორჩეული თემატიკით, საინტერესო პროექტებით და შთამბეჭდავი ნამუშევრებით. ფოტოგრაფიით წლების წინ დაინტერესდა, ჯერ ფოტოატელიეში მუშაობდა, შემდეგ პრესაში მოხვდა – დადიოდა ინტერვიუებზე, პრესკონფერენციებზე, გაზეთებისთვის კადრებს აგროვებდა. მალევე მიხვდა, რომ ფოტორეპორტიორობა მისი საქმე არ იყო – ძნელია სხვისი დავალებების შესრულება, როცა თავად სულ სხვაგვარი ხედვა, სხვა ინტერესები გაქვს, შემოქმედი ხარ და თავისუფლება ჰაერივით გჭირდება – და ერთი შეხედვით, არცთუ პრაგმატული ნაბიჯი გადადგა, სამსახური მიატოვა და იმ საქმეს მოჰკიდა ხელი, რომელიც მართლა იზიდავდა – ფოტოდოკუმენტალისტიკას.

– დავიწყე სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. დაფინანსების მოსაპოვებლად უცხოურ ორგანიზაციებს მივმართავ. არასამთავრობო სექტორის თანადგომით წამოვიწყე საინტერესო პროგრამა – “ფოტოსკოლები სოფლად”: რეგიონებში ახალგაზრდებს ფოტოგრაფიას ვასწავლი. ასე მოვიარე პანკისი, მარნეული, აჭარის მთიანეთი... ვიყავი ჯავახეთში, სადაც ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული თემები ცხოვრობენ. ფოტოკამერა სულ თან დამაქვს და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჰონორარებით ადამიანები დასავენებლად მიდიან, ახალ ნივთებს ყიდულობენ... მე კი ამ თანხას ვაგროვებ, რომ ისევ ჩემს საყვარელ საქმეს მოვახმარო – ფოტოდოკუმენტალისტიკა მისვლა, რამდენიმე კადრის გადაღება და უკან გამობრუნება არ არის; უნდა ჩახვიდე და რაღაც ხანი დაყო იმ ადგილას, გაიცნო ადამიანები, მათი ცხოვრების წესი გაიზიარო, ნდობა მოიპოვო, რომ ყველა კადრში ბუნებრიობა იგრძნობოდეს. ამ ყველაფერს კი ფინანსები სჭირდება. ასე ვმოგზაურობ, ზურგზე ჩანთამოკიდებული, მაღალმთიან სოფლებში, რომლებიც თვითმყოფადი ეთნოგრაფიული მუზეუმებია. რამდენჯერ დავრჩენილვარ ღამე თავშესაფრის გარეშე – იქ, სადაც არც ტრანსპორტია, არც სასტუმროები; რამდენჯერ უცხო ოჯახისთვის მიმიკაკუნებია კარზე.

მთაშიც სწრაფად იცვლება გარემო – სოფლები ცარიელდება, მიტოვებული სახლები ინგრევა... ჩემი ფოტოაპარატი კი ისტორიას ინახავს.

კინოდოკუმენტალისტიკაში მეტი რესურსია. კინოფესტივალებიც მრავლადაა, სადაც ნამუშევრების ჩვენება შეგიძლია. ფოტოდოკუმენტალისტიკის მიმართ ასეთი ინტერესი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა ეს ჩემთვის ნაკლებმნიშვნელოვანია. მთავარია, მქონდეს ხელშეწყობა, რომ ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს.

ერთ-ერთი პროექტი, “დუხობორების სოფელი”, ფოტოხელოვანმა მარსელში, საერთაშორისო ფოტოფესტივალზე წარადგინა. ფრანგები დაინტერესდნენ და თავად შესთავაზეს პროექტის წიგნად გამოცემა. გამოიცა ორენოვანი – ფრანგულ და ინგლისურ ენებზე თარგმნილი წიგნი, რომელიც უნიკალური ფოტოებით გვიყვება 1840-იან წლებში რუსეთიდან გადმოსახლებული პროტესტანტული ქრისტიანული სექტის – დუხობორების ისტორიას. მათი რამდენიმე ოჯახი ამჟამად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში ცხოვრობს.

თაგვეთი

– სოფელში გავიზარდე. მიზიდავს იქაური ყოფა, მიყვარს ბუნებასთან ახლოს მყოფი ადამიანები.

ჩემს სოფელს თაგვეთი ჰქვია. სადაც არ უნდა ვახსენო მისი სახელი, რატომღაც ყველას ეღიმება. ათი წლის უნახავი ნაცნობი შემხვედრია და  თაგვეთში რა ხდებაო, უკითხავს.

ხაშურის ცენტრიდან სოფლის ბოლომდე სამი კილომეტრია, გზის დაგებას კი დღემდე ვერ მოაბეს თავი. რაც კამერა ავიღე ხელში, სულ ვიღებ ჩემს სოფელს, ვცდილობ, მისი ისტორიაც შემოვინახო. ფოტოპროექტი “თაგვების სოფელი” წამოვიწყე. კადრებში კარგად ჩანს, რომ ამ სოფელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა ის გზა, რომელიც მთელმა საქართველომ განვლო – ნელ-ნელა გაღატაკდა, დაიცალა... ჩავდივარ და მიტოვებულ სახლებს ვუყურებ – მინდა, ჩემ სოფელს სიცოცხლე დაუბრუნდეს, არ მოკვდეს, არ დამთავრდეს. ამას ჩემი გული ვერ გაუძლებს. გზა თუ გაკეთდა, ხალხიც დაბრუნდება მგონია. იქნებ უცხოელებიც დავაინტერესოთ. ქალაქიდან ორ ნაბიჯზე ნამდვილი სამოთხეა – ჩუმი, ლამაზი, მდიდარი... შესანიშნავი გარემოა მხატვრებისთვის, მწერლებისთვის, სალონური შეხვედრებისთვის, ფილმების გადასაღებად. არ ვკარგავ იმედს, რომ ჩემი ფოტოებით სოფლის მიმართ ინტერესს გავაჩენ.

დედაჩემის წიგნი

– ფოტოაპარატით დავდევდი და ვიღებდი. თავიდან არ უყვარდა, მერე ყურადღებას აღარ მაქცევდა. ვუთხარი, შენზე წიგნს ვაკეთებ-მეთქი. გაუხარდა, მაგრამ სიხარულიც მორიდებით გამოხატა. სამი წლის წინ გარდაიცვალა, წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო.... მასალა ბევრი მაქვს. იმედია, ოდესმე დანაპირებს შევასრულებ.

მეც დედა ვარ. ჩემი გოგონა თანამედროვე კულტურის მკვლევარია ფოტოგრაფიის მიმართულებით და ჩემი მენეჯერობაც მას მივანდე. პროექტები, მიმოწერები – ყველაფერს ის უძღვება.

ფოტოგრაფიული ქვეყნები

– მიმართლებს, ხშირად ვხვდები კარგ ადამიანებს. ზოგჯერ სკეპტიკურად განწყობილებიც მხვდებიან, ეს უსაქმური რას დადისო, რომ ამბობენ ჩემზე, მაგრამ, საბედნიეროდ, კეთლგანწყობას მეტს ვიღებ. უმეტესად საქართველოში ვმოგზაურობ – ფოტოგრაფიული ქვეყანა გვაქვს, ძალიან საინტერესო პატარა ქალაქებით. აღმოსავლეთიც ძალიან მიზიდავს. ქვეყნის ეს ნაწილი მდიდარია სიუჟეტებით, თემებით, ისტორიებით... ევროპა ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა გადასაღებად.

გარე სამყაროს ფოტოობიექტივით აღვიქვამ, ფოტოზე ვაფიქსირებ და ისტორიას ვუნახავ.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: