ათასი აკრძალვის სამყაროში

გააზიარე:

წუთით წარმოიდგინეთ თავი ძაღლის ადგილას, დააკვირდით, რამდენი რამაა მისთვის აკრძალული შინ და გარეთ. აკრძალულია თითქმის ყველაფერი, რაც საინტერესოა, მიმზიდველია, ყურადღებას იპყრობს და აღძრავს დაყნოსვის, გემოს გასინჯვის, კბილის გაკვრის სურვილს.

არ შეიძლება დივანზე ახტომა, ფეხსაცმელების ღეჭვა, მაგიდაზე თათების შემოწყობა (არადა სხვანაირად როგორ უნდა დაათვალიერო, ზედ რა აწყვია?!)... ნუ დარბიხარ, ნუ იყეფები... სია უსასრულოა.

მოდი, ვნახოთ, როგორ დავეხმაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ათასი აკრძალვის სამყაროში კარგად აღზრდილ ცუგებად იქცნენ.

თავდაპირველად აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უკონტროლო აკრძალვა და უპირობო სიმკაცრე არ არის ის, რაც ძაღლთან ურთიერთობისას გამოგადგებათ. აკრძალვა, საზოგადოდ, დიდი ხნით არ წყვეტს პრობლემას. ეს უნდა იყოს მყისიერი რეაქციის გამომწვევი ბრძანება, რადგან ამკრძალავი ბრძანებებით ფონს ვერ გახვალთ და ძაღლს კარგ ჩვევებს ვერ გამოუმუშავებთ.

აკრძალვა არ არის სასწავლო ბრძანება, რომელიც აღზრდისა და წვრთნის დროს გამოიყენება. ის არ მოქმედებს მოტივაციაზე, არ ასწავლის ძაღლს, როგორ უნდა მოიქცეს, რომ ჯილდო (ქება, სასუსნავი) მიიღოს. შესაბამისად, წვრთნისა და ჩვევებზე მუშაობის დროს აკრძალვას კარგი კინოლოგები არ იყენებენ.

ნიშნავს თუ არა ეს აკრძალვის უგულებელყოფას?

რასაკვირველია, არა. ამკრძალავ სიგნალს შეუცვლელი ფუნქცია აქვს მაშინ, როდესაც ძაღლი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვას. ძაღლს უნდა ესმოდეს ბრძანებები "არა" და "შეჩერდი", მაგრამ ეს უნდა იყოს იშვიათ და საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებელი სამარჯვი.

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ძაღლს თავად წვრთნით:

მას შემდეგ, რაც ამკრძალავ სიგნალს დაამუშავებთ, გამოიყენეთ ის მხოლოდ აუცილებლობისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში. ასეთებად მიიჩნევა საფრთხის შემცველი სიტუაციები.

ზედმიწევნით დაიცავით სახლში ქცევის წესები. მაგალითად, თუ ძაღლისთვის არ შეიძლება საწოლზე ძილი, ესე იგი არ შეიძლება და ამის ყოველი მცდელობა უნდა აღკვეთოთ.

განსაზღვრეთ ის ძირითადი მიმართულებები, სადაც ამკრძალავ სიგნალებს გამოიყენებთ და გამოიყენეთ ისინი მიზანმიმართულად. ყოველთვის ყველაფრის აკრძალვა სტრესია ძაღლისთვის. მას უნდა ჰქონდეს თავისუფლად მოქმედების საშუალებაც. მაგალითად, გაშლილ მინდორზე ან სივრცეში ირბინოს, მაგრამ განსაზღვრულ რადიუსს არ გასცდეს; საგნები ყნოსოს, მაგრამ ძირს დაგდებულს თქვენი ნებართვის გარეშე პირი არ დააკაროს!

გახსოვდეთ, აკრძალვა არ აყალიბებს სასურველ ქცევას. სასურველი ქცევის ჩამოსაყალიბებლად ან არასასურველის გადასაჩვევად კონკრეტული მიმართულებით მუშაობაა საჭირო და თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ართმევთ თავს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ნინო ლომიძე

გააზიარე: