ტკბილეულის გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე
გააზიარე:
ცოტა რამ თუ აბედნიერებს პატარას ისე, როგორც საყვარელი ნუგბარით პირის ჩატკბარუნება. ტკბილეულის სანაცვლოდ ბევრი მშობლებს ისეთ თხოვნასაც კი უსრულებს, რომლის შესრულებას სხვაგვარად არც კი დაუშვებდა. მშობლებსაც უადვილდებათ პატარას დაყოლიება, როცა მას ჯილდოდ საყვარელ ტკბილეულს ჰპირდებიან.
სანამ ბავშვის ტკბილეულით მოთაფვლას ტრადიციად აქცევთ, დაფიქრდით, რადგან შაქრის შემცველი პროდუქტები ბავშვის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. გაესაუბრეთ პედიატრს და გაარკვიეთ, რა ასაკში რამდენი ტკბილეული შეიძლება მისცეთ თქვენს პატარას.
სწორი რაოდენობა
ამერიკის გულის ასოციაციის AHA (American Heart Association) რეკომენდაციის თანახმად, ორ წლამდე ასაკის ბავშვი საერთოდ არ უნდა იღებდეს შაქრის შემცველ არავითარ პროდუქტს, ხოლო ორიდან 18 წლამდე ასაკის ადამიანისთვის დღე-ღამის განმავლობაში მიღებული შაქრის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამს (6 ჩაის კოვზი). ასოციაციის 2020-2021 წლის კვლევების მონაცემებით, ბავშვთა 81% ყოველდღიურად რეკომენდებულზე გაცილებით მეტ ტკბილეულს იღებს. ასევე კვლევების საფუძველზე დასტურდება, რომ მცირე ასაკში შაქრის დიდი რაოდენობით მიღება მომავალში ხელს უწყობს სხეულის მასის ინდექსის ზრდას და ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.
შაქარი და ჰიპერაქტიურობა
მოარული აზრის თანახმად, შაქარი ბავშვს ჰიპერაქტიურს ხდის. ხმაურიანი საბავშვო წვეულებები, სადაც სუფრა სავსეა ნაირ-ნაირი ტკბილეულით, რა თქმა უნდა, აჟიტირებულ, სახეაღაჟღაჟებულ ბავშვებთან ასოცირდება, მაგრამ კვლევებით დასტურდება, რომ შაქარს ამასთან არცთუ ისე დიდი კავშირი აქვს.
მაშ, რა გავლენას ახდენს შაქარი ბავშვის ჯანმრთელობაზე?
მიჩნეულია, რომ შაქარი 8-ჯერ მეტად იწვევს მიჩვევას, ვიდრე ისეთი ძლიერი საშუალებები, როგორიცაა თუნდაც კოკაინი, ხოლო მისი ჭარბი მიღება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ჯანმრთელობის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
* იმუნური სისტემის დასუსტება. ბავშვის ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში მყოფი ორგანიზმისთვის შაქრისა და რაფინირებული ნახშირწყლების ნორმაზე დიდი რაოდენობით მიღება ასუსტებს იმუნურ სისტემას. ის ვეღარ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, შესაბამისად ბავშვის ორგანიზმი უფრო მოწყვლადი ხდება ინფექციების მიმართ.
*ჭარბი წონა. შაქრით სავსე საკვებს აკლია ზრდა-განვითარებისთვის საჭირო კომპონენტები, ის ბავშვის ორგანიზმს არაჯანსაღ ნივთიერებებს აწვდის, რაც ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილებას იწვევს და შესაძლოა, იქცეს ისეთი დაავადებების განვითარების წინაპირობად, როგორებიცაა ღვიძლის გაცხიმოვნება, დიაბეტი, მტკივანი სახსრები, ქრონიკული თავის ტკივილი.
* დიაბეტის მომატებული რისკი. შაქრის ჭარბი მიღებისას იმატებს ორგანიზმში ინსულინის დონე, რაც ტიპი 2 დიაბეტის განვითარების წინაპირობაა. ადრეულ ასაკში განვითარებული დიაბეტი აზიანებს თირკმელებს, მხედველობის ორგანოებს და არამხოლოდ.
* კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ორგანიზმში შაქრის დონის მატებისას იკლებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. შედეგად ვითარდება კუჭ-ნაწლავის ისეთი პრობლემები, როგორიცაა აირები, გულძმარვა, გაუვალობა.
* ტკბილეული უდრის გაფუჭებულ კბილებს. როდესაც ბავშვი ბევრ ტკბილეულს ჭამს, მისი პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები შაქარს მჟავად გარდაქმნიან, რომელიც კბილის მინანქარს არბილებს. შედეგად კბილები ცვდება და ილევა. მავნე ბაქტერიები ნელ-ნელა მრავლდება და როდესაც მათი პH გადააჭარბებს ნერწყვის მჟავიანობის ნორმალურ დონეს, ბავშვის პირის ღრუ მეტად მოწყვლადი ხდება პირის ღრუს დაავადებების მიმართ.
როგორ მოვიქცეთ
თუ თქვენი პატარა ჯერ არ არის მიჩვეული ტკბილეულის ჭამას და ინფორმაციას მხოლოდ პრობლემის პრევენციის მიზნით ეცნობით, გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტად გადადებთ ამ სიამოვნებას, მით უკეთესი მისთვის. როგორც სტატიის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული შაქრის შემცველი პროდუქტები, მაგრამ გონიერ მშობლებსაც კი ხშირად დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ – რა გამოლევს კეთილ ნათესავებს და მეზობლებს, რომლებიც პატარას დაუფიქრებლად სთავაზობენ ნაირ-ნაირ შოკოლადსა თუ საწუწნ კანფეტს!
ნუ მოგერიდებათ, პირდაპირ უთხრათ, რომ თქვენი შვილი ტკბილეულს არ ჭამს. გააფრთხილეთ ახლობლები და მეგობრებიც, არ ჩაგაყენონ არც თქვენ და არც თქვენი პატარა ისეთ სიტუაციაში, რომ მას სურდეს შეთავაზებული ნუგბარი, თქვენ კი მისი გამორთმევა და ბავშვისთვის გულიწ ტკენა გიწევდეთ.
მერე კი ნელ-ნელა შესთავაზეთ ჯანსაღი ტკბილეული. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ხილი. მერე და მერე კი თუნდაც ინტერნეტში, ბავშვის ალერგიული ფონის გათვალისწინებით, იპოვით უამრავ ჯანსაღ რეცეპტს, რომელთა დახმარებითაც პატარას არაჯანსაღი ტკბილეულისკენ ლტოლვას დააკომპენსირებთ.
თუ ბავშვი უკვე მიჩვეულია ტკბილეულს, საქმე უფრო რთულადაა – ერთბაშად ვერ აუკრძალავთ, ნელ-ნელა უნდა გადააჩვიოთ. ჩამოართვით ტკბილეულს კარგი საქციელისთვის მისაღები ჯილდოს ფუნქცია და შეცვალეთ ის სხვა, ბავშვისთვის სასიამოვნო საჩუქრით. არ არის საჭირო, ეს საჩუქარი მატერიალური იყოს. ბავშვს ესაუბრეთ, აუხსენით, რითაა ცუდი ზომაზე მეტი შაქარი, დააწესეთ ლიმიტი ან დღეები, როდესაც ტკბილეულის ჭამა ნებადართული იქნება. ნუ აცდუნებთ – როდესაც მას უკრძალავთ, თავადაც არ უნდა ჭამოთ, მით უმეტეს, მის თვალწინ. საუკეთესო იქნება, ოჯახში დაამკვიდროთ ჯანსაღი კვების ტრადიცია, ხანდახან კი ტკბილეულის დღეები მოაწყოთ.
ლიკა ქათამაძე