ტომოგრაფია – კომპიუტერული თუ მაგნიტურ-რეზონანსული
გააზიარე:
დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვაში, ინტერვენციასა თუ სკრინინგში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას. თითოეულ მათგანს თავ-თავისი ჩვენებით იყენებენ. მაგალითად, მოტეხილობის ან თავის ტრავმის დროს თუ კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება, ორგანოთა უფრო დეტალური გამოსახულების მისაღებად მაგნიტურ-რეზონანსულს არჩევენ.
კომპიუტერული ტომოგრაფია
რა არის
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) სხეულის სხვადასხვა ნაწილის განივი ჭრილის გამოსახულების მისაღებად რენტგენის სხივების სპეციალიზებულ მოწყობილობას იყენებს. ძრავიანი მაგიდა მწოლიარე პაციენტს ამოძრავებს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის მრგვალ ღიობში. ამ დროს რენტგენის სხივების წყარო და დეტექტორის ბლოკი მოძრაობს პაციენტის ირგვლივ და წამში ან უფრო ნაკლებ დროში ერთ ბრუნს ასრულებს. ბრუნის დროს რენტგენის სხივების წყაროდან გამომავალი წვრილი, მარაოსებრი სხივები პაციენტის სხეულში აღწევს. შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების სხვადასხვა რაკურსით მიღებული კადრები გროვდება და თითოეული განივი ჭრილის სურათის კომპიუტერული გაანალიზების შედეგად მიიღება მთლიანი გამოსახულება.
კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული გამოსახულება სტანდარტულ რენტგენოგრაფიულ სურათზე გაცილებით მკაფიო და დეტალიზებულია.
როდის იყენებენ
კომპიუტერულ ტომოგრაფიას მიმართავენ გულის, ფილტვების, ღვიძლის, კუნთების, ძვლების დაზიანების (სიმსივნური წარმონაქმნის, მოტეხილობის) აღმოსაჩენად, ინფექციის კერის, თრომბის ადგილმდებარეობის დასადგენად, ოპერაციის, ბიოფსიის, რადიაციული თერაპიის დროს სახელმძღვანელოდ, სიმსივნური დაავადების მკურნალობის დროს პროცესზე დაკვირვების მიზნით.
სარგებელი და რისკები
სათანადო გამოყენების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიის სარგებელი გადაწონის მის თანმხლებ რისკებს. მიღებული გამოსახულება დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასაგეგმავად საჭირო დეტალურ ინფორმაციას აწვდის ექიმს და ზოგჯერ კვლევის მიზნით ჩასატარებელი ოპერაციის თავიდან აცილების საშუალებასაც იძლევა. მიუხედავად აღნიშნული უპირატესობისა, კომპიუტერული ტომოგრაფია მაიონიზებელ გამოსხივებასთან კონტაქტის გარკვეულ საფრთხეს ქმნის, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ოდნავ ზრდიდეს სიცოცხლის განმავლობაში სიმსივნის განვითარების ალბათობას. მაიონიზებელ გამოსხივებასთან კონტაქტი განსაკუთრებით საშიშია პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის, რადგან რადიაციის დოზის ყოველ ერთეულთან ერთად სიმსივნის რისკი მათთვის უფრო მეტად იმატებს, ვიდრე ზრდასრულებისთვის.
ბავშვებს კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩაუტარდეთ გამოსხივების სათანადო კონტროლით და ბავშვებისთვის ნებადართული პარამეტრების გამოყენებით. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გამოსხივებასთან კონტაქტის შესამცირებლად ექიმებს მოუწოდებს, წინასწარ ზუსტად გათვალონ რისკი და სარგებელი და კომპიუტერული ტომოგრაფია მხოლოდ მკაფიო საჭიროებისამებრ გამოიყენონ, ამასთან ერთად, განიხილონ სხვა კვლევებიც, რომლებსაც ნაკლები ან ნულოვანი გამოსხივება აქვს, მაგალითად, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან ულტრაბგერითი კვლევა.
სიფრთხილის ეს ზომები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები უფრო მოწყვლადნი არიან რადიაციული ეფექტების მიმართ, ვიდრე ზრდასრულები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებასაც შეიძლება მოჰყვეს გვერდითი ეფექტები.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (ან, როგორც უცხოენოვან ლიტერატურაშია დამკვიდრებული, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (Magnetic resonance imaging (MRI)), შინაგანი ორგანოებისა და სხეულის სტრუქტურების განივი კვეთის დეტალურ გამოსახულებას იძლევა მძლავრი მაგნიტური ველის, რადიოსიხშირული ტალღებისა და კომპიუტერის ერთობლივი ძალისხმევით. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების შესაქმნელად სიგნალი ორგანიზმში არსებული ცხიმისა და წყლის მოლეკულების პროტონებისგან მიიღება.
მრტ აპარატი წარმოადგენს მოზრდილ მილს შუაში მაგიდით, რომელზეც თავსდება პაციენტი. კვლევის დროს მის სხეულში იქმნება დროებითი მაგნიტური ველი. რადიოსიხშირული ტალღები იგზავნება და უკანვე, სპეციალურ მანქანაში ბრუნდება. სიგნალების დამუშავების შედეგად მიიღება ციფრული გამოსახულება. ტიპური მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა 20-დან 90 წუთამდე გრძელდება, რაც სხეულის გამოსაკვლევ უბანზეა დამოკიდებული.
მაგნიტური სიმძლავრის საზომი ერთეულია ტესლა, რომელიც მაგნიტის სიმძლავრის პირდაპირპროპორციულად იმატებს. აპარატთა უმრავლესობა 1.5 ან 3 ტესლა სიმძლავრისაა, თუმცა არსებობს 1.5 ტესლაზე ნაკლები და ახლა უკვე 7 ტესლა სიმძლავრის აპარატებიც.
უმეტესად 1.5 ტესლა სიმძლავრის აპარატი გამოიყენება, ზოგჯერ კი – მაგალითად პროსტატის გამოსაკვლევად, მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის ან ფუნქციური მრტ-ს დროს – 3 ტესლა სიმძლავრეა საჭირო. 3 ტესლა სიმძლავრის მქონე აპარატი უზრუნველყოფს გამოსახულების უფრო მეტ მკაფიოობას და უკეთეს დეტალიზაციას. გარდა ამისა, 1.5 ტესლა სიმძლავრის აპარატს მეტი დრო სჭირდება, ხოლო 3 ტესლა სიმძლავრისა იმავე დროში უფრო მეტი პაციენტის გამოკვლევის საშუალებას იძლევა.
როდის იყენებენ
მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ყველაზე ხშირად მიმართავენ თავისა და ზურგის ტვინის ისეთი პათოლოგიების აღმოსაჩენად, როგორებიცაა, მაგალითად, თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა, გაფანტული სკლეროზი, ინსულტი, სიმსივნური დაავადებები, ტვინის ტრავმული დაზიანება, თვალისა და შიგნითა ყურის პათოლოგიები. მრტ-ს სპეციალური ტიპია ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ტვინის სხვადასხვა უბნის სისხლის მომოქცევის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ამ ინფორმაციის შესწავლის შედეგად ადგენენ მეტყველებისა და მოძრაობის საკონტროლო მნიშვნელოვან უბნებს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც თავის ტვინზე ოპერაციული ჩარევა იგეგმება. ფუნქციური მრტ–ს საშუალებით ფასდება თავის ტრავმისა და სხვა პათოლოგიების, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების შედეგად განვითარებული დაზიანებაც.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ასევე გამოიყენება სხვადასხვა ორგანოს სიმსივნის, ცისტისა და სხვა პათოლოგიების აღმოსაჩენად, გულისა და სისხლძარღვების სტრუქტურისა და ფუნქციის შესაფასებლად, მაგალითად, ისეთი სტრუქტურული პრობლემების გამოსავლენად, როგორიცაა აორტის ანევრიზმა, სისხლძარღვების დახშობა. ადგენენ სახსრების ტრავმით ან განმეორებითი დაზიანებით გამოწვეულ პათოლოგიებს, ხრტილებისა და იოგების გაგლეჯას, ხერხემლის დისკოს პათოლოგიებს, ძვლების ინფექციებს, ძვლების ან რბილი ქსოვილების სიმსივნეებს. მამოგრაფიასთან ერთად მრტ გამოიყენება სარძევე ჯირკვლის სიმსივნის აღმოსაჩენად, განსაკუთრებით ინფორმაციულია ის მაღალი რისკი ქვეშ მყოფ ქალებთან.
მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას მიმართავენ ქსოვილების ქიმიური შემადგენლობის განსასაზღვრისთვის (სპექტროსკოპია), ასევე სახელმძღვანელოდ განსაზღვრული ინტერვენციული პროცედურების დროს. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, ქსოვილთა ტიპებს შორის უფრო სკრუპულოზურ განსხვავებებს წარმოაჩენს.
რისკი და სარგებელი
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და რენტგენოგრაფიისგან განსხვავებით, არ იყენებს პოტენციურად მავნე მაიონიზებელ გამოსხივებას, რაც მას უდავოდ დიდ უპირატესობას ანიჭებს. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის უკუჩვენებაა ორგანიზმში მეტალის სხეულების არსებობა, მაგალითად, ისეთი სამედიცინო მოწყობილობებისა, როგორებიცაა კოხლეარული იმპლანტი, ანევრიზმის დამჭერი, გულის რიტმის წამყვანი.
გვერდითი ეფექტები უკიდურესად იშვიათია. ზოგიერთ შემთხვევაში ის შესაძლოა უკავშირდებოდეს მეტი დიაგნოსტიკური სიზუსტისთვის ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებას და ღებინებით, თავის ტკივილით ან ალერგიით გამოიხატოს. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება შესაძლოა გაუჭირდეთ კლაუსტროფობიის მქონე პირებს და მათ, ვინც დახურულ სივრცეში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. ასეთი ადამიანებისთვის არჩევის საშუალებაა ღია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. მისი ხმაურის დასახშობად პაციენტს ყურის საცობებს ან ყურსასმენებს სთავაზობენ. მნიშვნელოვანია, კვლევის დროს პაციენტი უმოძრაოდ იწვეს, რათა გამოსახულება არ დაირღვეს.
თუ ორსულს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დასჭირდა, საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა რეკომენდებული არ არის. აგრეთვე არ არის მოწოდებული მრტ-ს გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ უკავშირდება გრძელვადიან შედეგებს და კლინიკური საფრთხის შემცველი არ არის. მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს უსაფრთხოა 3 ტესლა ან ნაკლები სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი.
საბოლოო ჯამში, კვლევის მეთოდის შერჩევისას ექიმი რისკსა და სარგებელთან ერთად ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებსაც, როგორებიცაა კვლევის სამედიცინო მიზეზი, გამოსახულებისთვის საჭირო დეტალიზაციის დონე, კლაუსტროფობია და სხვა.
მარიამ რამაზაშვილი