ნოდარ თურმანიძე – ჩირქოვანი ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

ჩირქოვანი პათოლოგიის ქირურგიული მკურნალობა მედიცინისთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება. ჩირქმბადი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციის დროულ მკურნალობაზეა დამოკიდებული ავადმყოფობის გამოსავალიც.

გვინდა, ამჯერად ქირურგიის ამ მნიშვნელოვანი დარგის წარმომადგენელი გაგაცნოთ. ჩვენი რუბრიკის გულშემატკივარმა, ხუტა პაჭკორიამ, გაიხსენა ცნობილი ექიმი და მის ოჯახსა და კოლეგასთან, ბატონ იოსებ ლალიაშვილთანაც დაგვაკავშირა.

ნოდარ თურმანიძე 1930 წლის 28 ნოემბერს დაიბადა თბილისში, ლავრენტი თურმანიძისა და გალინა ნადირაძის ოჯახში. ჰყავდა სამი წლით უმცროსი და, მერი, რომელსაც შემდგომ წლების განმავლობაში თბილისის ტყავის ქარხნების გაერთიანების მთავარი ქიმიკოსის თანამდებობა ეკავა.

ლავრენტი თურმანიძე ფილიპე მახარაძის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ყოფილა. ამ კოლმეურნეობას მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის წინა ხაზის სურსათ-სანოვაგით მომარაგება ევალებოდა, ამიტომ მამა დღედაღამ მუშაობდა და შვილების აღზრდაზე უმთავრესად დედა ზრუნავდა.

1948 წელს, თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ნოდარ თურმანიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებში განსაკუთრებით დაუახლოვდა მაყვალა ალადაშვილს, მომავალ ენდოკრინოლოგს, და დავით ტვილდიანს, შემდეგში - სახელგანთქმულ კარდიოლოგს.

დიპლომის დაცვისთანავე მუშაობა დაიწყო ქალაქ გროზნოში, სადაც სამი წელი გაატარა. სამშობლოში დაბრუნებული, 1957 წელს მიხეილის საავადმყოფოში, ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე მიიღეს, რომელსაც იმხანად სახელგანთქმული ქირურგი მამია (მემედ) კომახიძე ხელმძღვანელობდა. ნოდარის ნიჭიერება და ენთუზიაზმი პროფესორს არ გამოჰპარვია, თითქმის ყველა ოპერაციაზე გვერდით იყენებდა, ურთულეს შემთხვევებსაც კი ანდობდა. ნოდარ თურმანიძემ მალე მოიხვეჭა სახელი მუცლის ღრუს ქირურგიაში და უამრავი პაციენტის მხსნელად იქცა.

1963 წელს ნოდარი დაქორწინდა. მისი მეუღლე ლიანა (ლილი) მგელაძე, ფილოლოგი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, წლების განმავლობაში თბილისის 35-ე რუსულ საჯარო სკოლაში (იქ, სადაც ამჟამად “მწვანე სკოლაა”) მუშაობდა. 54 წელი გაატარეს ერთად. მათი ვაჟი, გიორგი, პროფესიით იურისტი, პოლკოვნიკი, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან თანამდებობებზე, ქალიშვილი ელისო კი მეტალურგ- ქიმიკოსია.

1973 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნა. მემედ კომახიძემ იმავე დღიდან დაიწყო ახალი განყოფილების დაარსებაზე ზრუნვა. სწორედ მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საავადმყოფოში ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება, რომელსაც სათავეში, პროფესორისავე დაჟინებული მოთხოვნით, ნოდარ თურმანიძე ჩაუდგა. ყველას გაუკვირდა, როდესაც უკვე სახელმოხვეჭილმა ქირურგმა ეს მეტად საპასუხისმგებლო საორგანიზაციო საქმე იტვირთა... ხელმძღვანელობის პირველ წლებში მართლაც უამრავ სირთულესთან მოუხდა შეჯახება, არაერთხელ გამოუვალ მდგომარეობაშიც აღმოჩენილა. მისმა გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღების უნარმა, სიახლეთა ძიების დაუოკებელმა წყურვილმა და კაცთმოყვარეობამ მალევე გაუთქვა სახელი ახალშექმნილ განყოფილებას.

ხუტა პაჭკორია:

– ბატონი ნოდარი პოლონური წარმოშობის ცნობილი ექიმის ვალენტინ ვოინო-იასენეცკის (შემდგომში – არქიეპისკოპოსი ლუკა) მოწაფედ მიიჩნევდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არასდროს შეხვედრია. ხშირად იყენებდა მის მიდგომებსა და მეთოდებს. მსოფლიო მედიცინაში ვოინო-იასენეცკი ჩირქოვანი ქირურგიის ფუძემდებლად მიიჩნევა და ამ დარგში უამრავი ნაშრომის ავტორიცაა. მის მონოგრაფიაში “ნარკვევები ჩირქოვანი ქირურგიის შესახებ” განხილულია კლინიკური შემთხვევები, დეტალურად არის აღწერილი თითოეული ორგანოსა და ქსოვილის ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობა. ჰყვებიან, რომ უშიშარი სასულიერო მოღვაწე სამედიცინო ხალათს ანაფორაზე შემოიცვამდა ხოლმე, ილოცებდა და მერეღა დაიწყებდა ოპერაციას. რელიგიური მოღვაწეობის გამო ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და თერთმეტი უმძიმესი წელი გაატარა ციხეებში, ბანაკებსა და გადასახლებებში. ბატონი ნოდარისგან გამიგონია ასეთი ამბავი: ერთხელ სტალინს გამომცდელად უკითხავს პატივსაცემი მკურნალისთვის, უამრავ სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს გაუვლია შენს ხელში და განა ოდესმე გადაყრიხარ ადამიანის სულსო? არქიეპისკოპოსს დაუფიქრებლად უპასუხია: არც სინდისი მინახავს ოდესმე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ არსებობსო.

ნოდარ თურმანიძემ ექიმების არაერთი თაობა აღზარდა. მისი სტუდენტები დღესაც წარმატებით საქმიანობენ მედიცინის სხვადასხვა დარგში. მათ შორის არიან ერეკლე გოცაძე - აკად. ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, იოსებ (სოსო) ლალიაშვილი, როდამ ტურძელაძე, გია ელაშვილი, აკაკი გუგულაშვილი... ბატონი ნოდარის გავლენით უამრავმა ახალბედა ექიმმა აირჩია ქირურგის რთული გზა. მის მორიგეობას სტუდენტები ხშირად ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, თავიანთი სურვილით ესწრებოდნენ, რადგან პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად უდიდეს თეორიულ ცოდნასაც იღებდნენ მისგან.

დამღლელი დღის შემდეგ თავის კარ-მიდამოში უყვარდა ფუსფუსი. კოლმეურნეობაში გაზრდილს, ეხერხებოდა მიწის დამუშავება და პირუტყვის მოვლა. ალბათ სწორედ თავისი უბრალოებით დაიმსახურა გლეხების პატივისცემა და კეთილგანწყობა. თავადაც განსაკუთრებულად ზრუნავდა მათზე.

იოსებ ლალიაშვილი:

– სახელგანთქმული გვარის ღირსეულმა წარმომადგენელმა თურმანიძეების საგვარეულო ტრადიციას პროფესიული სამედიცინო განათლება შემატა. სიტყვა “ქირურგია” ხელით კეთებას ნიშნავს. ყველას, ვისაც წილად ხვდა ნოდარ თურმანიძის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეობა თუ დასწრება, ხიბლავდა ქირურგის დახვეწილი ტექნიკა, რაც დიდი პრაქტიკული გამოცდილების ნაყოფი იყო. ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელობას, პროფესიისა და კოლეგების ერთგულმა, დიდი ენთუზიაზმით მოჰკიდა ხელი და შედეგმაც არ დააყოვნა. საქართველოში პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება გახდა ოპერაციის შემდგომი ინფექციების სამკურნალო ცენტრი. გართულებული ქირურგიული პათოლოგიებით კლინიკაში მთელი საქართველოდან ჩადიოდნენ პაციენტები. სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი ქირურგიული სეფსისის მკურნალობას, ამ განხრით მომუშავე ქირურგებმა, ერეკლე გოცაძემ და როდამ ტურძელაძემ, პროფესორ ნოდარ დოლიძის ხელმძღვანელობით 1987 წელს სეფსისის ცენტრში განაგრძეს მუშაობა.

სამართლიანი და მომთხოვნი იყო თანამშრომლების მიმართ, ახალგაზრდა კოლეგებს ყურადღებასა და მზრუნველობას არ აკლებდა, უშურველად გასცემდა ცოდნასა და გამოცდილებას. ყველას ნუსხავდა კეთილშობილური უბრალოებით. პაციენტებისთვის სითბოს არ იშურებდა. ისინიც დიდი სიყვარულითა და მადლიერებით პასუხობდნენ. მახსოვს ერთი შემთხვევა: ბატონმა ნოდარმა ბათუმიდან ჩამოყვანილ მძიმე ავადმყოფს ურთულესი ოპერაცია გაუკეთა. პაციენტი პრაქტიკულად ჯანმრთელი გაეწერა კლინიკიდან, რაც ყველას ძალიან გვიხაროდა, განსაკუთრებით კი – ბატონ ნოდარს. ერთ კვირაში პაციენტის ძმა გამოგვეცხადა ფოტოაპარატით ხელში. მისმა დანახვამ შეგვაშფოთა – ჩვენს პაციენტს რამე ხომ არ დაემართაო, მაგრამ გაირკვა, რომ ის თავს შესანიშნავად გრძნობდა და უნდოდა, თავისი მხსნელისთვის ყოველდღე ეყურებინა, თუნდაც ფოტოზე. ცხადია, მის სურვილს წინ ვერ აღვუდგებოდით...

მხურვალე პატრიოტს, დიდი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის ომში დაჭრილ-დაშავებულთა გამოჯანმრთელებაში. დაჩირქებული ჭრილობებით თუ სხვა გართულებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში უამრავი მებრძოლი მიჰყავდათ. ბატონი ნოდარი უანგაროდ, ჩვეული პროფესიონალიზმით, ურთულეს შემთხვევებსაც კი უმკლავდებოდა.

დაუვიწყარია მისი სტუმართმოყვარეობა. ხშირად გვეპატიჟებოდა შინ, სადაც გველოდა ოჯახური სითბო და გულღია მასპინძლობა. დაიბადა და გაიზარდა ორთაჭალაში, იმ წლებში, როდესაც თბილისის ამ ძველ უბანს ჯერ კიდევ შერჩენოდა ბოჰემური ცხოვრების კვალი. უყვარდა იმ დროის გახსენება, როდესაც ორთაჭალა კუნძულივით იყო მოქცეული მტკვრის ორ ტოტს შორის, იმართებოდა ტრადიციული ასპარეზობები ქართულ ჭიდაობაში, კრივში, დღის ბოლოს კი ტივებიდან მოქეიფეთა სიმღერა ისმოდა. ახლაც თვალწინ მიდგას თურმანიძეების საუცხოოდ მოვლილი, ხეხილით სავსე ბაღი.... ძალიან განიცდიდა, რომ ძველი თბილისის ეგზოტიკა წარსულს ჩაბარდა.

იყო თბილისისა და რესპუბლიკის ქირურგთა საზოგადოებების წევრი. სამამულო ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის მედლით და ღირსების ორდენით.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები ნოდარ თურმანიძემ შვილების, ხუთი შვილიშვილისა და ექვსი შვილთაშვილის გარემოცვაში გაატარა. გარდაიცვალა 2018 წლის პირველ აპრილს, 88 წლისა. განისვენებს დიღმის სასაფლაოზე, მეუღლესა და მშობლებთან ერთად. მისი პროფესიონალიზმით შთაგონებული შვილიშვილი დიმიტრი ცინცაძე სახელოვანი ბაბუის გზას გაჰყვა და ამჟამად გერმანიაში, იოჰანიტერის საავადმყოფოში, ექიმი უროლოგია.

მარი მარღანია

გააზიარე: