ალადაშვილების გვარის მშვენება

გააზიარე:

მედიცინის ისტორია მრავლად იცნობს ერთი და იმავე გვარის სახელოვან წარმომადგენლებს. ცნობილი ქირურგები, უილიამ და ჩარლზ მეიოები, მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში მინესოტის პატარა, არაფრით გამორჩეულ ქალაქ როჩესტერში დაიბადნენ და სამედიცინო განათლების დასრულების შემდეგ მამის, ქირურგ უილიამ მეიოს, პატარა საავადმყოფოში დაიწყეს მუშაობა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგნენ მას. დღეს მეიოს კლინიკა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრია.

დიდი გერმანელი ქირურგის, ასეპტიკის ფუძემდებლის ერნსტ ფონ ბერგმანის გვარი ოქროს ასოებით ჩაიწერა მედიცინის ისტორიაში. მისი შვილი, გუსტავ ფონ ბერგმანი, ცნობილი თერაპევტი და ფსიქოსომატური მედიცინის ერთ-ერთი პატრიარქი იყო.

რუსეთში მოღვაწეობდა ვიშნევსკების სამედიცინო დინასტია. უფროსი ალექსანდრ ვიშნევსკი და მისი ვაჟი, ასევე ალექსანდრ ვიშნევსკი, ამ საგვარეულოს ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან. უმცროსი ალექსანდრ ვიშნევსკი, დიდი ქართველი ქირურგის მამედ კომახიძის მეგობარი, მამის სახელობის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ცნობილი ქირურგი იყო მისი შვილიც.

ალბათ მრავალ თქვენგანს გაუგონია ნიკოლოზ კახიანი – საქართველოში  მეცნიერული და კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელიც, დაუჯერებელია, მაგრამ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 44 წლისა, 1928 წელს. მისი ორი ვაჟი, ზაზა და საულ კახიანები, ქართული მედიცინის ბრწყინვალე წარმომადგენლები იყვნენ.

ექიმთა კიდევ ერთი სახელოვანი საგვარეულოა ფიფიები: დიდი ქირურგი ეგნატე ფიფია, მისი შვილი, გულმკერდის ქირურგი ვახტანგ ფიფია, შვილიშვილი – ექიმი და მსახიობი გოგა ფიფია და შვილთაშვილი – ირაკლი ფიფია, რომელიც მედიცინაში დიდი ბაბუის კვალს გაჰყვა.

ცნობილი ზუგდიდელი პედიატრის პეტრე უბერის ხუთივე შვილი ექიმია. ოთხი შვილიშვილიც ბაბუის კვალს გაჰყვა.

გამორჩეულია ალადაშვილების დინასტიაც. მისი ფუძემდებელი, ალექსანდრე ალადაშვილი, ქიზიყში, სოფელ არბოშიკში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი შვილი, ვახტაგ ალადაშვილი, თერაპევტი, მკურნალობის რამდენიმე ახალი მეთოდის ავტორი გახლდათ, შვილიშვილი, ალექსანდრე ალადაშვილი კი ცნობილი კარდიოლოგია და უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში კორონაროგრაფიისა და სტენტირების დანერგვაში.

ამ დიდი ადამიანების ღვაწლი ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც არაერთხელ გვიხსენებია. ამჯერად გვინდა, იშვიათი ნიჭისა და სილამაზის ქართველ ექიმზე, მაყვალა ალადაშვილზე მოგითხროთ, რომელსაც ვახტანგ ალადაშვილი ალადაშვილების გვარის პრინცესას ეძახდა.

ისტორიის გაცოცხლებაში ცნობილი ექიმი ხუტა პაჭკორია დაგვეხმარება. ბატონ ხუტას წილად ხვდა ბედნიერება, უამრავი ბრწყინვალე ექიმის გვერდით ემუშავა, მაგრამ მაყვალა ალადაშვილს განსაკუთრებული სითბოთი და მოწიწებით იხსენებს:

 

– მაყვალა ალადაშვილი 1930 წელს დაიბადა დედოფლისწყაროში, სოფელ მაჩხაანში. მამამისი, დომენტი ალადაშვილი, პარტიული მუშაკი გახლდათ. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა და ეკონომისტის სპეციალობას დაეუფლა. ჯერ სიღნაღში მუშაობდა რაიკომის განყოფილების გამგედ, მერე – თბილისში, პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის სამმართველოში ეკონომისტად.

დედა, ოლღა საყვარელიძე, ბუღალტერი იყო. მკაცრი გარეგნობის, მტკიცე და ძლიერი ბუნების ქალბატონი შვილებს არ ანებივრებდა, თუმცა მისი სიმკაცრის მიღმა დიდი და კეთილი გული იმალებოდა. ის იყო მთელი სანათესავოს პატრონი და ჭირისუფალი. ოლღა დედის მხრიდან ნათესავად ერგებოდა აკაკი წერეთელს და ბუნებით თურმე ძალიან ჰგავდა პოეტის დედას. თუ გაიხსენებთ, როგორ ახასიათებს აკაკის დედას გრიგოლ რობაქიძე, თვალწინ ოლღა საყვარელიძე წარმოგიდგებათ: “თუ ვინმე ავად გახდებოდა, ყველას უპატრონებდა. გარეგნულად გულცივი და მრისხანე, შინაგანად გულჩვილი და მოყვარული იყო. არა მგონია, ეს ორმაგობა მარტო პირბადის აფარებით აიხსნებოდეს – ხშირად ეს ორმაგობა მახასიათებელია ხასიათის მეტად მტკიცე ადამიანისა. გეჩვენება გულცივად და მრისხანედ, ნამდვილად კი გულჩვილია და მოყვარული”.

სკოლის დამთავრების შემდეგ მაყვალა ალადაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მის გადაწყვეტილებაზე, ცხადია, გვარმაც მოახდინა გავლენა. ის ამაყობდა თავისი გვარის ცნობილი წარმომადგენლებით, ისევე როგორც ისინი ამაყობდნენ მაყვალა ალადაშვილით. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგი მაყვალაზე ათი წლით უფროსი იყო, მათ შორის თბილი ურთიერთობა დამყარდა. სამწუხაროდ, მაყვალა ვერ მოესწრო ალადაშვილების გვარის ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენლის, ალექსანდრე ალადაშვილის ლექციებს – ქართული თერაპიის კორიფე რომ გარდაიცვალა, მაყვალა ოციოდე წლისა იყო.

იშვიათი ნიჭიერების წყალობით მაყვალა ალადაშვილმა იოლად გაიკვლია გზა ქართული მედიცინის ლაბირინთებში. თავდაპირველად პოლიკლინიკაში მუშაობდა. შემდეგ, ვახტანგ ალადაშვილის რეკომენდაციით, ქალაქის სასწრაფო კლინიკურ საავადმყოფოში გადავიდა. ცხადია, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში თავის დამკვიდრება მისთვის ადვილი არ იქნებოდა, ვინაიდან აქ იყო თერაპიის კათედრა და მთელი პროფესურა, ქალაქის თითქმის ყველა სახელგანთქმული ექიმი, მის გვერდით მუშაობდა. მიუხედავად ამისა, მან უმოკლეს ხანში გაითქვა სახელი როგორც ზოგადმა თერაპევტმა და პირველმა ენდოკრინოლოგმა. განსაკუთრებით დიდი იყო მისი ავტორიტეტი ენდოკრინოლოგიაში. ცნობილი ენდოკრინოლოგი ვაჟა ივერიელი, თუ კლინიკაში საკონსულტაციოდ მიიწვევდნენ, იტყოდა ხოლმე: მე მანდ რა მინდა, როდესაც მაყვალა ალადაშვილი გყავთო.

მაყვალა ალადაშვილის პროფესიული და აკადემიური წინსვლა თვალში საცემი იყო, მის სიტყვას კი ყოველთვის დიდი წონა ჰქონდა კონსილიუმებსა და დილის კონფერენციებზე. მიუხედავად სტრესული, დატვირთული რეჟიმისა, კლინიკაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში.

1980 წელს ქალბატონი მაყვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიწვიეს მთავარი ექიმის მოადგილედ თერაპიული განყოფილების დარგში. წმინდა პროფესიულთან ერთად, მას ორგანიზატორის არნახული ალღოც აღმოაჩნდა. იმ დროს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოღვაწეობდნენ შინაგანი მედიცინის ნამდვილი კორიფეები – სპირიდონ ვირსალაძე, ბაადურ რაჭველიშვილი, ოქროპირ გოგიბერიძე, ნინო პეტრიაშვილი, ნინო ბარნაბიშვილი, ქეთო ანჯაფარიძე. მიუხედავად ამისა, მან მალე მოიპოვა ავტორიტეტი. ქალბატონ მაყვალას კვლავაც ხშირად იწვევდნენ ძველ სამუშაო ადგილას კონსულტაციისთვის რთული და იშვიათი შემთხვევების დროს. იყო საოცრად ტაქტიანი და თავდაჭერილი, კარგი დიპლომატი, ყოველგვარი კონფლიქტის უბადლო მომგვარებელი, ამასთან, საოცრად მტკიცე ხასიათის პატრონი, ნამდვილი მებრძოლი. უთანხმოებას თავად არასოდეს წამოიწყებდა, მაგრამ არაფერს დათმობდა. მისი დიპლომატია და გამბედაობა განსაკუთრებით 1992 წლის შემდეგ გახდა საჭირო, როცა ქვეყანას “მხედრიონი” და სხვა ბანდიტური დაჯგუფებები დაეპატრონნენ. სრული განუკითხაობა სუფევდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო საავადმყოფოში შევარდნა, სროლა, სამედიცინო პერსონალისთვის იარაღის მუქარით ნარკოტიკების გამოძალვა. თუ ჩვენთან რამე ასეთი მოხდებოდა, მაშინვე მაყვალა ალადაშვილს ეძახდნენ. ეს ტანმორჩილი ქალი უშიშრად მივიდოდა, გაესაუბრებოდა მოძალადეებს, ნარკოტიკის ნაცვლად ოლაცებოს – ფიზიოლოგიურ ხსნარს შეატყუებდა და კონფლიქტს ჩააქრობდა.

ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ ძალზე კოლორიტული გვარის ექიმი, საინტერესო, თუმცა, იმავდროულად, თავისებური პიროვნება. მოგეხსენებათ, იმხანად ბიუროკრატია ბატონობდა, საკავშირო სამინისტრო გაურკვეველი ხალხით იყო სავსე. სამინისტროს რომელიღაც “ჭკვიან” ჩინოვნიკს განკარგულება გაუცია, რომ პაციენტ ქალებს კლინიკაში წოლის დროს ქვედა საცვალი არ უნდა სცმოდათ, რათა ექიმს კარგად გაესინჯა. ამ განკარგულებას, ცხადია, სერიოზულად არავინ მოჰკიდებია, გარდა ჩვენი არაორდინარული განყოფილების ხელმძღვანელისა. ის თურმე ყოველ საღამოს შემოივლიდა პალატებს და ვაი იმ პაციენტის ბრალი, ვისაც ქვედა საცვალი ეცვა. ერთი ქალბატონი მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე აღმოჩენილა და ქმართან უჩივლია. განრისხებული ქმარიც მუქარით მივარდნილა კლინიკაში. სხვა გზა რომ აღარ დარჩა, დაუძახეს ქალბატონ მაყვალას, რომელიც იმ დროს უკვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაოდა. მან, როგორც სჩვეოდა, დაამშვიდა აღშფოთებული ცოლ-ქმარი, დაუყვავა და საქმე სამუდამოდ ჩაფარცხა.

ქალბატონი მაყვალა მარჯანიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა, კლინიკაში ფეხით დადიოდა. ქუჩაში ხშირად დახვედრიან ასეთი გზას აცდენილი ახალგაზრდები თავხედური მოთხოვნებით. ქალბატონი მაყვალა გაესაუბრებოდა, დაამშვიდებდა და ნაწყენს არ გაუშვებდა. გამოერეოდნენ თავზეხელაღებულებიც, რომლებიც იარაღით ცდილობდნენ მის დაშინებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ – ქალბატონი მაყვალა, “უშიში ვითარცა უხორცო”, მათ გაწბილებულსა და გაოცებულს ტოვებდა.

მაყვალა ალადაშვილი 1954 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლე, მიხეილ ღარიბაშვილი, ბიოლოგი გახლდათ, ზოოლოგიის სახელმძღვანელოს თანაავტორი ცნობილ ბიოლოგ არჩილ ჯანაშვილთან ერთად, დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების ავტორი და ჟურნალის რედაქტორი. სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის პრორექტორად მუშაობდა, 1990 წელს კი საკავშირო პროფესორის წოდება მიენიჭა.

და, იზა, ინჟინერი იყო, ძმა, ვაჟა – მეან-გინეკოლოგი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, სკლიფასოვსკის საავადმყოფოში, განყოფილების გამგედ. იქვე დაიცვა დისერტაცია. 1978 წელს სამშობლოს დაუბრუნდა და თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. მას ახასიათებდნენ როგორც უნიჭიერეს ახალგაზდა ექიმს.

“საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია...” სამწუხაროდ, არც ქალბატონი მაყვალას ცხოვრება ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ჯერ იყო და 1983 წელს ტრაგიკულად დაეღუპა 41 წლის ძმა. ეს ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ გაუძლო. ორიოდე წლის შემდეგ უმცროს ქალიშვილს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა და მალე გარდაიცვალა, 1995 წელს კი მისი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ კაბინეტში. სამი უახლოესი ადამიანის ასეთ მოკლე ხანში დაკარგვას უკვალოდ არ ჩაუვლია, მაგრამ ქალბატონმა მაყვალამ იპოვა საკუთარ თავში ძალა და ყველაფერი გადალახა.

ამ დროს გამოჩნდა მისი კიდევ ერთი, ძალზე დასაფასებელი თვისება: მიუხედავად დანაკარგისა, ქალბატონი მაყვალა თავის ტკივილს სხვას არ მოახვევდა თავს. ყველამ იცოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა ამ თავშეკავებული ადამიანის გულში. ხშირად იმეორებდა, სანამ ვმუშაობ, სისუსტის უფლება არ მაქვსო. მართლაც, მოხუცებულობამდე ემსახურა ქართულ მედიცინას. მისი გადარჩენილი და განკურნებული პაციენტები პენსიაზე გასულსაც არ ასვენებდნენ... ყველაფერთან ერთად, უზადო მასწავლებელიც გახლდათ. აღზარდა შესანიშნავი ექიმები: მაკა გვალია, ნაილი ბაქრაძე, იზო კობახიძე, მედიკო ტუღუში, ნათია სვანიძე, გიული სვანაძე, ციცო კონცელიძე, მედდა ნანა ხარებავა... აღზრდილები მას დედა მაყვალას ეძახდნენ.

ქალბატონი მაყვალა იყო მეზობლების, ნათესავებისა და მეგობრების პირველი და შეუცვლელი ექიმი. დღისით თუ ღამით ყველას დაუზარლად ეხმარებოდა. როცა გარდაიცვალა, ყველამ ისე განიცადა, თითქოს უახლოესი ადამიანი დაეკარგოთ – ის, ვინც მათ სატკივარს იზიარებდა და გონივრულ, თითქმის ყოველთვის შეუცდომელ რჩევებს აძლევდა. ისე ენდობოდნენ, მისი სიტყვაც კი მალამოდ ედებოდათ. სანამ მაყვალა ცოცხალია, რა მომკლავსო, ხშირად გაიგონებდით მისი ნათესავებისა და მეგობრებისგან.

მის მეგობრებს შორის იყო არაჩვეულებრივი პლეადა იმ თაობის ექიმებისა: ეთერ ფირცხალავა, გულიკო ჩაფიძე, რუსიკო ჭეიშვილი, ოფელია ქუთათელაძე, ნელი ფაღავა, დოდო უგულავა, მედიკო ნემსაძე... გულითადი მეგობრობა აკავშირებდა ლამარა აბრამიშვილთან, დონარა კვენეტაძესთან, ცნობილ ჟურნალისტ ნანა ღვენეფაძესთან.

მისი ქალიშვილი, მანანა ღარიბაშვილი, ლათინური და ბერძნული ენების ცნობილი სპეციალისტია, სიმონ ყაუხჩიშვილისა და რისმაგ გორდეზიანის მოწაფე, “საბას” ლაურეატი გაიუს ვალერიუს კატულუსის ლექსების კრებულის თარგმნისთვის. მანანას მეუღლეა უბადლო მთარგმნელი და შესანიშნავი პოეტი, “საბასა” და რუსთაველის პრემიის ლაურეატი დავით წერედიანი.

თავად ქალბატონი მაყვალაც საოცრად ნაკითხი პიროვნება და პოეზიის ტრფიალი გახლდათ. უყვარდა “ვეფხისტყაოსანი”, ვაჟა-ფშაველა და ქართული ხალხური პოეზია, განსაკუთრებით – მიხა ხელაშვილი.

79 წლისას რეფორმებმა მოუსწრო. გული აწუხებდა. ორი ინფარქტი გადაიტანა. გაუკეთეს სტენტირება, შემდეგ – აორტოკორონარული შუნტირება. ამასაც გაუძლო. ვაჟკაცურად იდგა, ასაკს არ ეპუებოდა. პენსიაზე გასულს, ყოფილი პაციენტები განუწყვეტლივ ურეკავდნენ, არც პატივისცემა აკლდა, მაგრამ მაინც კლინიკის ცხოვრებით ცხოვრობდა, სიზმრადაც კი მას ხედავდა. 81 წლისა იყო და სიბერის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. იდეალური მეხსიერება ჰქონდა. სილამაზეც მოხუცებულობამდე შეინარჩუნა. ახალგაზრდობაში ჯინა ლოლობრიჯიდას ადარებდნენ, კინომსახიობობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ. ბევრ ცნობილ რეჟისორს უთხოვია კიდეც თამაში, მაგრამ მისი გული და გონება მედიცინას ეკუთვნოდა. მუდამ აქტიური, ვერ შეეგუა მის გარეშე ცხოვრებას და ერთ წელიწადში ინფარქტით გარდაიცვალა. ცუდად რომ გახდა, სასწრაფო გამოუძახებია. სასწრაფოს ექიმი ახალგაზრდა და გამოუცდელი ყოფილა, დაბნეულა. ქალბატონ მაყვალას დაუმშვიდებია, ყველაფერი ზედმიწევნით აუხსნია, კარდიოგრამის წაკითხვა უსწავლებია, რჩევა-დარიგება მიუცია... სამწუხაროდ, უეცრად გულის ფიბრილაცია განუვითარდა და იმსხვერპლა კიდეც.

მისი ცხოვრების გზას ზედმიწევნით ესადაგება მისი საყვარელი სტრიქონები ქართული ხალხური პოეზიის საგანძურიდან:

“ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა,

გულს ჟანგი მაეკიდება,

ჯავრის მომყოლსა ვაჟკაცსა

რა კარგი წაეკიდება,

ჯანი და ღონე წაუვა,

გმირობა გაეყიდება,

ასადგომნელად აიწევს,

არგანზე დაეკიდება...”

თამარ არქანია

გააზიარე: