მშრალი ჰაერი სახლში

გააზიარე:

ყელის სიმშრალე, დახეთქილი კანი, ხველა, ვირუსებისადმი მგრძნობელობის მომატება მშრალი ჰაერით გამოწვეული უსიამოვნებების მხოლოდ ნაწილია. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ზამთარში, რადგან ჰაერის ტენიანობის ბუნებრივ კლებას გამათბობლის ეფექტიც ემატება.

როდის არის ჰაერი ზედმეტად მშრალი, რა გავლენას ახდენს მისი სიმშრალე ჩვენს ჯანმრთელობაზე და როგორ დავიცვათ თავი?

რა აშრობს ჰაერს

ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, სასიცოცხლოდ აუცილებელ ჟანგბადთან ერთად ტენსაც შეიცავს.

ჰაერში ტენის შემცველობას ფარდობითი ტენიანობა ეწოდება. როდესაც ფარდობითი ტენიანობა 100%-ია, ესე იგი, ჰაერი  მაქსიმალურად არის გაჟღენთილი წყლის ორთქლით.

ზამთარში ჰაერი ბუნებრივად უფრო მშრალია, ვიდრე ზაფხულში, რადგან ცივ ჰაერს ნაკლები წყლის ორთქლის შეკავება შეუძლია. გამათბობლებიც სრული დატვირთვით მუშაობს და ჰაერს უფრო მეტად აშრობს.

სხვათა შორის, შენობაში ჰაერი ზაფხულშიც შეიძლება გამოშრეს, რაც უკვე კონდიციონერების დამსახურებაა. თუ კონდიციონერი სუფთა ჰაერის გარედან შემოტანის ნაცვლად ოთახში არსებულ ჰაერს აგრილებს, ფარდობითი ტენიანობა კიდევ უფრო მცირდება.

ოპტიმალური ტენიანობა

ოპტიმალურად მიიჩნევა 50%-ის ტოლი ფარდობითი ტენიანობა, +`-10%. ასეთი ტენიანობის პირობებში ჩვენი სხეული ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა ამ იდეალური მაჩვენებლის შენარჩუნება ადვილი არ არის.

იმასაც გააჩნია, რას ვაკეთებთ კონკრეტულ სივრცეში: ვშრომობთ თუ გვძინავს. სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილ ოთახში ოპტიმალურია ფარდობითი ტენიანობის სხვადასხვა დონე.

იდეალური შიდა კლიმატი

* მისაღებსა და კაბინეტში სასურველია 40-60% ფარდობითი ტენიანობა. ჰაერი რომ არ გამოშრეს, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 22°ჩ-ს.

* სააბაზანოში ტენიანობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოთახებში, რადგან იქ წყლის ორთქლი ყველაზე მეტია. შესაბამისად, სააბაზანოსთვის ნორმალურია 70%-მდე ფარდობითი ტენიანობა. თუმცა, იმავდროულად, ტემპერატურაც ოდნავ მაღალი უნდა იყოს, მაგალითად, 23°ჩ-მდე, და ოთახი რეგულარულად ნიავდებოდეს, რათა ზედმეტმა ორთქლმა ობი არ გააჩინოს.

* ჰაერი სამზარეულოშიც ოდნავ უფრო ნოტიოა, რადგან კერძის მომზადების, ცხობისა თუ ჭურჭლის რეცხვის დროსაც ბევრი ორთქლი წარმოიქმნება. ამ ოთახისთვის ნორმალურია 50-65%-მდე ფარდობითი ტენიანობა.

* საძინებლისთვის საუკეთესოა 40-60%. თუ ფანჯრებდახურულ ოთახში გძინავთ, უმჯობესია, მაჩვენებელი ქვედა ზღვარზე იყოს, რადგან ტენიანობას სუნთქვისას გამოყოფილი ორთქლიც ზრდის. რაც უფრო მეტ ადამიანს სძინავს ოთახში და რაც უფრო პატარაა ის, მით მეტი ტენი გროვდება ჰაერში. ალბათ შეგიმჩნევიათ დილაობით ორთქლით დაბურული ფანჯრები – ეს იმას ნიშნავს, რომ ოთახში ტენიანობა მაღალია. საუკეთესო კლიმატისთვის საძინებელში უფრო დაბალი ტემპერატურა უნდა იყოს, ვიდრე დანარჩენ ოთახებში – დაახლოებით 18°C.

* სარდაფი სახლის ყველაზე ცივი ადგილია, ამიტომ იქ ხშირად გვიწევს ჭარბ ტენთან ბრძოლა. იდეალურად კი 65%-მდე ფარდობითი ტენიანობა ითვლება.

იმის დასადგენად, როგორია ფარდობითი ტენიანობა სახლში, არსებობს სპეციალური ხელსაწყო – ჰიგრომეტრი.

რითია მავნეა მშრალი ჰაერი

მშრალმა ჰაერმა (<40%)  შეიძლება გამოიწვიოს:

* ლორწოვანი გარსების (ცხვირი, ბრონქები, ხახა) გამოშრობა, შედეგად – მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა, ყელის, ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა;

* თვალების სიმშრალე, წვა, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება;

* კანის გამოშრობა, შედეგად – ქერტლის გაჩენა, ქავილი, ანთება;

* იმუნიტეტისა და რესპირატორული ინფექციებისადმი მედეგობის დაქვეითება;

* სუნთქვის გაძნელება;

* თავის ტკივილი და კონცენტრაციის გაუარესება.

ჰაერის დამატენიანებლები

ჰაერის დატენიანების მრავალი ხერხი არსებობს. ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია გამათბობელთან კარგად გაწურული პირსახოცის  დაფენა, ან გამათბობელზე წყლით სავსე ავზის დაკიდება, ან უბრალოდ ოთახში წყლით სავსე თასის დადგმა. ამ დროს წყალი ბუნებრივად ორთქლდება, რაც ჰაერის ტენიანობას ზრდის.

ამ მეთოდის გაუმჯობესებული ვარიანტია ჰაერის დამატენიანებლის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ცივად აორთქლების პრინციპზე მუშაობს.

ბაზარზე უმთავრესად სამი ტიპის დამატენიანებლებს შეხვდებით, რომლებსაც თავისი პლუსები და მინუსები აქვს.

ცივად აორთქლება

ამ ტიპის დამატენიანებელი, როგორც გითხარით, იმავე პრინციპით მუშაობს, რომელიც სარეცხის შრობისას მოქმედებს: სველ ზედაპირთან მშრალი ჰაერის კონტაქტისას წყლის მოლეკულები ჰაერში გადადის. აორთქლების პროცესი ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს.

მოწყობილობას აქვს ავზი, რომელშიც მუდმივად უნდა ესხას წყალი. ზოგიერთ მოდელში წყალს სპეციალური ბორბალი ატრიალებს, ზოგს კი აღჭურვილია მსხვილფოროვანი ფილტრით, რომელიც წყლით იჟღინთება. სველი ფილტრი ატენიანებს მასში გამავალ ჰაერს, რომელიც შემდეგ ოთახში ნაწილდება. ეფექტიანობის ასამაღლებლად ასეთი მოდელების უმეტესობას აქვს ვენტილატორი, რომელიც აპარატში მშრალი ჰაერის მუდმივ ნაკადს უზრუნველყოფს. რაც უფრო ინტენსიურია ჰაერის ცირკულაცია, მით უფრო ეფექტურია აორთქლების პროცესი.

ზოგიერთ მოდელში ჩამონტაჟებულია ჰიგრომეტრი, რისი წყალობითაც ხელსაწყო ავტომატურად აკონტროლებს ტენიანობას, თუმცა ექსპერტები ასეთი მოდელის შეძენას არ გვირჩევენ, რადგან ის ვერ მოგვაწვდის ზუსტ ინფორმაციას ოთახში ფარდობითი ტენიანობის შესახებ: მოწყობილობის ახლოს ჰაერი ყოველთვის უკეთ იქნება დატენიანებული, ვიდრე ოთახის სხვა ნაწილებში.

წყალი შესაძლოა მიკროორგანიზმებით დაბინძურდეს და არასასიამოვნო სუნი გაუჩნდეს, სადეზინფექციო საშუალებებმა კი ალერგია გამოიწვიოს.

ამ ტიპის დამატენიანებელში აორთქლების პროცესი ნელა მიმდინარეობს, თუმცა არც ელექტროენერგიის ხარჯია დიდი.

ცხელი ორთქლი

ცხელი ორთქლის დამატენიანებელი ადუღებს წყალს, წარმოქმნილი ორთქლი კი ზრდის ჰაერის ტენიანობას, თანაც გაცილებით სწრაფად, ვიდრე ცივად აორთქლებისას. ამ ტიპის დამატენიანებლის გამოყენებისას აუცილებელია ოთახში ტენიანობის ხშირი კონტროლი, რომ რეკომენდებულს არ გადააჭარბოს.

ასეთი მოდელები გაცილებით ეფექტურია დიდი ფართობისთვის. თუ მთელი სახლის დასატენიანებლად იყენებთ, ყურადღება მიაქციეთ ჰაერის ცირკულაციას. ოთახების კარი მუდმივად ღია უნდა იყოს, რომ ტენი ყველგან განაწილდეს. პროცესი გამარტივდება, თუ მოწყობილობა ვენტილატორით იქნება აღჭურვილი.

ცხელი ორთქლის დამატენიანებელი გაცილებით ხმაურიანია, ვიდრე ცივად აორთქლებისა, ამიტომ საძინებელში ამ უკანასკნელის დადგმა ჯობია. ცხელი ორთქლის აპარატთან დიდი სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით – თუ სახლში ბავშვები არიან. ცხელმა ორთქლმა შესაძლოა ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს, ამიტომ უმჯობესია, ხელსაწყო ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას დადგათ.

მიკრობები დუღილის დროს ნადგურდებიან, ასე რომ, ორთქლის დამატენიანებელი ერთგვარ დეზინფექციასაც ეწევა, თუმცა ის სხვა ტიპის დამატენიანებლებზე 10-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს და უფრო სწრაფად უჩნდება ნადები.

ულტრაბგერა

ულტრაბგერაზე მომუშავე დამატენიანებლები წყლის სასხურებლის პრინციპით მუშაობს: მოწყობილობაში ჩამონტაჟებული ტუმბოს საშუალებით წყლის უწვრილესი წვეთები ჰაერში იფრქვევა, წარმოიქმნება ე. წ. ნისლი, რომელიც ნელ-ნელა იშლება. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად კი მწარმოებლები ულტრაბგერას იყენებენ. ულტრაბგერის ზემოქმედებით წყალი იწყებს ვიბრაციას, რაც ხელს უწყობს ნისლის წარმოქმნას.

ფარდობითი ტენიანობის ხშირი კონტროლი ამ შემთხვევაშიც საჭიროა, რადგან აპარატი მაშინაც კი განაგრძობს ნისლის ამოფრქვევას, როცა ჰაერი ტენით არის გაჯერებული. შედეგად ჭარბი წყალი კონდენსირდება გრილ ზედაპირებზე – კედელზე, ფანჯრის მინებზე და ზრდის ობის გაჩენის რისკს.

ზედმეტი ტენის დაგროვების მიზეზი შესაძლოა ჰაერის არასაკმარისი ცირკულაციაც იყოს.

ასეთი დამატენიანებლის სიახლოვეს იოლად სველდება ავეჯი, ხშირმა დასველებამ კი ხეს შესაძლოა ობი და ნადები გაუჩინოს, ფორმა დააკარგვინოს.

გარდა ამისა, თუ წყალში მიკრობებმა დაიბუდეს, აუცილებლად ჰაერშიც მოხვდებიან.

არსებობს ისეთი დამატენიანებლებიც, რომლებიც არა მარტო ატენიანებს, არამედ წმენდს კიდეც ჰაერს და თუ არომატულ ზეთს დაამატებთ, სასიამოვნო სურნელსაც აფრქვევს.

ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ: რა ფართობისთვის არის გათვლილი მოდელი,  ძალიან ხომ არ ხმაურობს მუშაობისას, რამდენ ენერგიას ან წყალს მოიხმარს, სჭირდება თუ არა ფილტრის გამოცვლა, თუ კი – რამდენად ხშირად, როგორია დღე-ღამეში მისი მუშაობის ხანგრძლივობა, ადვილად იწმინდება თუ არა, ბოლოს კი აუცილებლად გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: