ემპათია
გააზიარე:
რა არის ემპათია
წინა კვირას კამათს შევესწარი. ერთი მხარე ამტკიცებდა, რომ ემპათია არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას, რომ შეუძლებელია, თავი ბოლომდე სხვის ადგილას წარმოვიდგინოთ, მეორე კი უხსნიდა, რომ სხვისი ტკივილი ისე სტკივა, მისგან დისტანცირებას ვერ ახერხებს.
სხვის ადგილას თავის წარმოდგენა, ერთი მხრივ, ემპათიურობაზე მიგვანიშნებს, მეორე მხრივ კი ადამიანებს შორის საზღვრების დაკარგვისა და სხვაში ათქვეფის საფრთხეს ქმნის.
კლასიკური განმარტებით, ემპათია ადამიანის უნარია, გაიგოს, რას გრძნობს სხვა, საკუთარი თავი მის ადგილას წარმოიდგინოს, მისი თვალით შეხედოს სამყაროს. ემპათიის მეშვეობით ჩვენ სხვა ადამიანების (მათ შორის – პერსონაჟების) აზრებსა და ემოციებს აღვიქვამთ, ვაცნობიერებთ და ვიზიარებთ. ემპათია სხვისი თვალით მოვლენების აღქმას, სხვისი პერსპექტივის დანახვას გულისხმობს.
ემპათიის მეშვეობით გარშემო მყოფებთან დადებით კავშირს ვამყარებთ. ჩვენს ახლობლებს უჩნდებათ განცდა, რომ მათი გვესმის, ამ გაგების შედეგად ჩვენში აღიძვრება საკუთარი ემოციური რეაქცია და ამგვარად მათ ემოციურ მდგომარეობას ვეპასუხებით.
არსებობს ემპათიის სამი სახე:
* აფექტური ემპათია – უნარი, დავინახოთ და გავიგოთ სხვა ადამიანის ემოციები და სათანადოდ ვუპასუხოთ მათ;
* სომატური ემპათია – სხვა ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის თანაგაზიარება. მაგალითად, როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაც უხერხულად გრძნობს თავს, შეიძლება, ჩვენც გავწითლდეთ;
* კოგნიტიური ემპათია – უნარი, გავიგოთ სხვისი მენტალური მდგომარეობა, მივხვდეთ, რას ფიქრობს ის განსაზღვრული სიტუაციის საპასუხოდ.
რა განსხვავებაა ემპათიასა და სიბრალულს შორის
ცნებებს ემპათია, სიბრალული და თანაგრძნობა სინონიმებად ვიყენებთ, თუმცა მათ შორის არის განსხვავება. სიბრალული გულისხმობს სხვა ადამიანის მდგომარეობის გარედან და ხშირად ზემოდან განხილვას, რადგან მიგვაჩნია, რომ მასზე აღმატებულ პოზიციაში ვიმყოფებით. მას კი არ ვეხმარებით, არამედ ქველმოქმედებას ვეწევით. მაგალითად, როდესაც გვებრალება ეტლით მოსარგებლე ადამიანი, ამით გამოვხატავთ, რომ, ჩვენი აზრით, ეტლით მოსარგებლე უფრო "საცოდავია", ვიდრე ფეხით მოსიარულე. ამ სიბრალულით ჩვენს პრივილეგირებულობას, "უკეთესობას" ვუსვამთ ხაზს. სინამდვილეში იქ, სადაც გარემო სათანადოდ ადაპტირებულია, ეტლით თუ ფეხით მოსიარულე ადამიანები თანაბარ პირობებში იმყოფებიან. ეტლით მოსარგებლე ადამიანი კი არ არის პრობლემა, არამედ გარემო, რომელიც მას ზღუდავს.
თანაგრძნობა გულისხმობს ემპათიურ გაგებას, რომელსაც თან ახლავს გარკვეული ალტრუიზმი. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანი, რომელსაც თანავუგრძნობთ, უკეთ იყოს, შესაძლოა, ამისთვის რამე ვიღონოთ კიდეც. მაგალითად, როდესაც ვიცით, რომ ჩვენს მეგობარს სტრესული პერიოდი აქვს, ვუსმენთ და ვურჩევთ, როგორ დაძლიოს სტრესი.
ემპათია კი სხვისი ემოციების გაზიარებაა. მაგალითად, როდესაც მეგობარი გვიყვება, როგორ უჭირს ახალ სამსახურთან შეგუება, ჩვენ გვახსენდება, თავად როგორ გვიჭირდა ახალ სამსახურში და თანამოსაუბრეს ვაგრძნობინებთ, რომ მისი გვესმის, რომ მასთან ერთად განვიცდით მსგავსს ემოციას.
რაში გვჭირდება ემპათია
ემპათიის უნარი გვეხმარება:
. დავამყაროთ მნიშვნელოვანი სოციალური კავშირები;
. უკეთ ვარეგულიროთ საკუთარი ემოციები;
. დავეხმაროთ სხვებს;
. მივიღოთ დახმარება.
ემპათია და საზღვრები
რამდენად შესაძლებელია სრული ემპათიის განცდა? შეუძლია თუ არა ადამიანს, მთელი არსებით წარმოიდგინოს თავი სხვის ადგილას?
ემოციების ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ ზოგიერთი ემოცია საბაზისო და უნივერსალურია, ანუ ყველა ადამიანისთვის საერთოა, განურჩევლად კულტურისა და აღზრდისა, ხოლო ზოგიერთი ინდივიდუალური გამოცდილების შედეგად ყალიბდება. შესაბამისად, ჩვენი ემოციური მდგომარეობის ის ნაწილი, რომელიც სუბიექტურ, ინდივიდუალურ განცდებზე დგას, ვერასოდეს შევა სხვის ინდივიდუალურ განცდებში. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ცხოველები და ვერ ვხვდები, რატომ ეშინია ზოგიერთს ძაღლების. ჩემი ინდივიდუალური გამოცდილება და ის, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ოჯახში ძაღლებს, მათ შესახებ მხოლოდ დადებით ემოციებს მკარნახობს. როგორ განვიცადო ემპათია ძაღლების ფობიის მქონე ადამიანების მიმართ?
უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელია კოგნიტიური ემპათიის გავარჯიშება, ანუ მე შესაძლოა ვერ მივხვდე, რატომ ან როგორ ეშინია სხვა ადამიანს ძაღლის, მაგრამ მოვუსმინო, როგორ აღწერს ის თავის მდგომარეობას და მივხვდე, რამდენად უსიამოვნო შეიძლება იყოს ამ შიშის განცდა (კანკალი, გულის აჩქარება, სუნთქვის უკმარისობა). აზროვნების მეშვეობით, მოსმენის შედეგად შემიძლია გავიაზრო სხვა ადამიანის დისკომფორტი.
თუმცა არსებობს სხვა სახის ემპათიაც – აფექტური ემპათია. შესაძლოა, ვერასოდეს გავიგო, რა არის ძაღლის შიში, მაგრამ ასევე არარაციონალურად მეშინოდეს მუხლუხოსი, შესაბამისად, შემიძლია გავიხსენო ჩემი ფობია, ემოციები, რომლებიც მუხლუხოს დანახვისას მეუფლება და ჩემი შიშის განცდით, ჩემს ემოციებთან დაკავშირების გზით დავინახო მეორე ადამიანის ემოციაც.
ადამიანების უმეტესობას გვახასიათებს არარაციონალური შიშები – აფექტური ემპათიისთვის არ არის აუცილებელი, ზუსტად იმავე რამის გვეშინოდეს. მთავარია, მზად ვიყოთ საკუთარი შიშის გახსენებისა და ხელახლა განცდისთვის სხვის უკეთ გასაგებად. ეს არის ის აფექტური გაზიარება, რომელიც ადამიანებს შორის ღრმა კავშირების გაბმას უზრუნველყოფს.
თუმცა ემპათია არ ნიშნავს სხვა ადამიანად გადაქცევის მცდელობას. როდესაც სხვის ტკივილს საკუთარივით განვიცდით, კი არ ვუკავშირდებით მას, არამედ ვკარგავთ. ვკარგავთ როგორც ჩვენგან განცალკევებით არსებულ, დამოუკიდებელ ერთეულს, რომელსაც რაღაცაში ვუგებთ, ხოლო რაღაცაში ვერასოდეს გავუგებთ, რაც ნორმალურია, რადგან ის სხვაა და საკუთარი, ჩვენთვის მიუწვდომელი ფსიქოლოგიური სივრცე აქვს. ამავე დროს, ჩვენს თავსაც ვკარგავთ, რადგან ერთმანეთისგან ვეღარ ვასხვავებთ ჩვენს სუბიექტურ ემოციურ მდგომარეობას და სხვის განცდებს.
აქ საქმე გვაქვს ცრუ კავშირთან, სადაც მეც ვიკარგები როგორც პიროვნება და ვერც მეორე პიროვნებას აღვიქვამ, თავისი ინდივიდუალური გამოცდილებითა და ემოციური ნიუანსებით. ნამდვილი ემპათია მოიცავს როგორც თანაგანცდას და გაზიარებას, ისე იმის გაცნობიერებასაც, რომ რასაც მე განვიცდი, ჩემია, ხოლო რასაც ის განიცდის – მისი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მუხლუხოს შიშის გახსენებისას მე ვხვდები, როგორია ძაღლის შიში, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს შიში მეორე ადამიანისთვის, რა როლი უკავია მის ცხოვრებაში, რამდენად ინტენსიურია, რაში უშლის ხელს და რაში ეხმარება. ამგვარად, ემპათია საზღვრების დაცვასა და სხვის თანაგანცდაზეა აგებული.
რამდენად ემპათიურები ვართ
ემპათიურ ადამიანს შემდეგი მახასიათებლებით ამოიცნობთ:
. მას ხშირად მიმართავენ სხვები თავიანთი პრობლემებით;
. ადვილად ხვდება სხვების განცდებს;
. ხშირად ფიქრობს სხვისი მდგომარეობის შესახებ;
. ტრაგიკული მოვლენების დროს განიცდის ემოციების მოზღვავებას;
. ცდილობს, დაეხმაროს სხვებს ან საქმდება დამხმარე პოზიციებზე;
. ადვილად ხვდება, როდესაც თანამოსაუბრე არ არის გულწრფელი;
. განიცდის სხვა ადამიანების ბედს;
. უჭირს უარის თქმა;
. უჭირს კონფლიქტში ყოფნა და სხვების წყენინება.
ემპათიის ბარიერები
რატომ ვკარგავთ ადამიანები ემპათიას – ამ მნიშვნელოვან უნარს?
აი, რამდენიმე სავარაუდო მიზეზი:
* კოგნიტიური შეცდომა – ხშირად სხვების პრობლემების სათავეს მათსავე ნაკლოვანებებში ვეძებთ, ხოლო ჩვენს პრობლემებს გარე ფაქტორებს ვაბრალებთ. შესაბამისად, ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენიანებად არ მიგვაჩნია, შეცდომების გამო მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.
* დეჰუმანიზაცია – ადამიანების უმეტესობა ებმება ამ ხაფანგში: სჯერათ, რომ მათგან განსხვავებული ადამიანები მათგან განსხვავებულად აზროვნებენ და განიცდიან. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება ადამიანების ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებიც ფიზიკურად შორს არიან ჩვენგან ან რომლებსაც განსაზღვრული ნიშან-თვისებებით გამოვყოფთ როგორც უცხოებს, სხვებს.
* მსხვერპლისთვის გადაბრალება – არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს თავს უბედურება დაატყდება. ბევრისგან გაიგონებთ, სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ასე არ მოხდებოდაო. ამ მიდგომას საფუძვლად უდევს მცდარი აზრი, რომ ყველა ადამიანი იღებს იმას, რასაც იმსახურებს.
როგორ გავხდეთ მეტად ემპათიურები
ემპათია უნარია, შესაბამისად, შესაძლებელია მისი გავარჯიშებაც. ამისთვის:
. ეცადეთ, ისე მოუსმინოთ თანამოსაუბრეს, რომ არ გააწყვეტინოთ.
. ყურადღება მიაქციეთ მისი სხეულის ენას.
. ეცადეთ გაიგოთ, რას ფიქრობს და განიცდის ადამიანი, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმებით.
. დაუსვით სხვებს მეტი ღია კითხვა მათ შესახებ.
. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით სხვის ადგილას.
. გაიხსენეთ, ხომ არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება.
დასკვნა
ახლა, როდესაც ამ სტატიას ვწერ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი თვეა გასული. ეს გარემოება ერთდროულად ორ ამოცანას გვიყენებს: არ დავკარგოთ ადამიანურობა, შევძლოთ თანაგრძნობა, თანადგომა, მაგრამ, ამავე დროს, არ მივცეთ ჩვენს ემოციებს საშუალება, წაგვლეკონ და ჩაგვძირონ. მნიშვნელოვანია, ემპათიის შედეგად ძალები კი არ დავკარგოთ, არამედ დახმარება გავუწიოთ ყველას, ვისაც სჭირდება, ისე, როგორც შეგვიძლია.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე