პიროვნული აშლილობა

გააზიარე:

ყოველდღე უამრავ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა, რაც ადვილი არ არის. ზოგი მოგვწონს, ზოგი – არა, ზოგს მოვწონვართ, ზოგსაც – არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ვეწყობით ერთმანეთს პიროვნული თვისებებით, ხასიათის თავისებურებებით. ამიტომაც არის, რომ ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთეულები იმკვიდრებენ ადგილს. ადამიანის ხასიათი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ურთიერთობის შემდგომ განვითარებას, სიღრმესა და ხანგრძლივობას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხასიათის პათოლოგიის მქონე ადამიანებსაც ხვდებით. მათთან შეხვედრის ალბათობა დიდია, რადგან ისინი საზოგადოების ყველა ფენაში არიან და პათოლოგიურად, კულტურული საზოგადოებისთვის მიუღებლად იქცევიან ყველგან – შინ, მეგობრებთან, სასწავლებელში, სამსახურსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ცოტამ თუ იცის, რომ ადამიანის ასეთ ქცევას პიროვნული აშლილობა ეწოდება.

ამ თემაზე გვესაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ბოკუჩავა.

 

რა არის პიროვნება

– პერსონოლოგიურ ანუ პიროვნულ აშლილობებზე საუბრისას აუცილებელია განვმარტოთ, რა არის პიროვნება. ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანის მყარ თვისებებსა და ქცევის მახასიათებლებს, რომლებსაც ინდივიდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ავლენს სხვადასხვა ვითარებაში. პერსონოლოგიური აშლილობები ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა მკვეთრად განსხვავდება სხვა ფსიქიკური აშლილობებისგან. სახელდობრ, იმით, რომ პიროვნული აშლილობა მოიცავს ქცევებს, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნებას მთელი ზრდასრული სიცოცხლის განმავლობაში და არ ჰგავს  იმ ქცევებს, რომლებსაც ავლენს პიროვნება სხვა ფსიქიკური აშლილობების დროს.

ყველა ინდივიდი მისთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევა. ამ თვისებათაგან ძირითადია: შფოთვიანობა, ენერგიულობა, მოქნილობა ანუ განსაზღვრულ სიტუაციებში ადაპტაციის უნარი, ეჭვიანობა ანუ მტრული დამოკიდებულება, იმპულსურობა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, გუნება-განწყობის ცვალებადობა, დისციპლინირებულობა და თავდაჯერებულობა.

 

დადებითი და უარყოფითი ანუ სად გადის ზღვარი

 

თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში გამოყოფენ ნორმალური პიროვნების დადებით და უარყოფით თვისებებს, რომლებიც ობსესიური და ისტერიული ნიშნებით გამოიხატება. როდესაც ეს ნიშნები მსუბუქია, შესაძლოა, დადებითად წარმოაჩინოს ადამიანი, ხოლო როცა მკვეთრად არის გამოხატული, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემადაც იქცეს. მაგალითად, ობსესიური ნიშნების მქონე პიროვნება სანდოა, შეუპოვარი, სიზუსტის მოყვარული, რაც მას დადებითად ახასიათებს, თუმცა ობსესიურ ნიშნებს აქვს ნეგატიური მხარეც: ამ ნიშნების მქონე ადამიანი ჯიუტები არიან, ყურადღებას უმნიშვნელო დეტალებზე ამახვილებენ, ახასიათებთ ფანატიზმი და არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა. რაც შეეხება ისტერიულ ნიშნებს, თუ ისინი მსუბუქად არის გამოხატული, ეს სოციალურად მოგებიანია, რადგან ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მარტივი, საინტერესო, ცოცხალი და მომხიბვლელია; მკვეთრად გამოხატული ნიშნები კი წაგებიანი ხდება, რადგან ასეთი ადამიანები ეწევიან სიტუაციის დრამატიზებას, გაზვიადებულად წარმოაჩენენ თავიანთ განცდებსა და გრძნობებს, რაც ართულებს ამ გრძნობათა ძალისა და სიღრმის შეფასებას.

 

რა არის პიროვნული აშლილობა

– პიროვნული აშლილობა – ეს არის პიროვნების პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება საზოგადოებისთვის კულტურულად მისაღები, ჩვეული ქცევის დარღვევით. ის შეიძლება იყოს კონსტიტუციურიც ანუ თანდაყოლილიც და ადრეულ ასაკში, ინდივიდის აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებულიც. შეიძლება ითქვას, რომ ეს პიროვნული დისჰარმონიაა, რომელიც ინდივიდის ხასიათში პათოლოგიური თვისებებით გამოვლინდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ხასიათის ანომალია, პათოლოგიური ხასიათი, რომელიც გამოვლინდება ადამიანის ემოციებითა და ქცევით. ამ შემთხვევაში ინტელექტი ინტაქტურია.

პერსონოლოგიურ ანუ პიროვნულ აშლილობას ძველად ფსიქოპათიას უწოდებდნენ. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ტერმინი ფსიქიკურ დაავადებასთან ასოცირდებოდა და ხდებოდა სტიგმატიზაცია, ამიტომ დღეს პიროვნულ აშლილობას ასე აღარ მოიხსენიებენ.

პერსონოლოგიური აშლილობის არსის შესანიშნავი განმარტება მოგვცა გერმანელმა ფსიქიატრმა კურტ შნაიდერმა, რომელმაც თქვა, რომ “ფსიქოპათი არის პიროვნება, რომელიც თავისი ანომალიური ქცევით ტანჯავს საკუთარ თავსაც და სხვებსაც’’.

 

აშლილობის მრავალი სახე

– განასხვავებენ პერსონოლოგიური აშლილობის რამდენიმე ტიპს: პარანოიდულს, შიზოიდურს, ანტისოციალურს, ემოციურად არასტაბილურს (მოსაზღვრეს), თეატრალიზებულს (ისტერიულს), ნარცისულს, შფოთვითს (აცილებადს), ანანკასტურს (ობსესიურ-კომპულსიურს), დამოკიდებულს.

პარანოიდული აშლილობის მთავარი ნიშანი ეჭვიანობაა. ასეთი აშლილობის მქონე ადამიანი ეჭვიანია და გამუდმებით დავობს. ის ძალზე მგრძნობიარეა და უნდობლობას იჩენს სხვების მიმართ. ახასიათებს შურიანობა და გულღვარძლიანობა. საკუთარი თავი მნიშვნელოვან პიროვნებად მიაჩნია და მიდრეკილება აქვს ზეღირებული იდეებისადმი, ანუ კონკრეტული აზრი, რომელიც რეალობის საფუძველზე წარმოიშობა, მის წარმოსახვაში დომინანტურ ხასიათს იძენს.

შიზოიდური აშლილობის მქონე ადამიანები ემოციურად ცივები და ინდიფერენტულები არიან, უჭირთ სიამოვნების მიღება, ახასიათებთ დისტანციურობა, ჩაკეტილობა, ნაკლებად კონტაქტურები არიან და  გარშემო მყოფებისგან შორს უჭირავთ თავი.

ანტისოციალური ტიპის აშლილობის მქონე ადამიანებს უჭირთ გარე სამყაროსთან ურთიერთობა, რადგან ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს არ ემორჩილებიან. არიან იმპულსურები, უპასუხისმგებლოები და ადვილად ღიზიანდებიან. ახასიათებთ სისატიკე და გულგრილობა. ასეთი ადამიანები ამყარებენ დროებით ურთიერთობებს, არ გააჩნიათ დანაშაულისა და სინანულის განცდა, უჭირთ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება.

ემოციურად არასტაბილური ტიპი ემოციურად არამდგრადია, მიდრეკილია ძალადობისა და ბრაზისკენ, ფეთქებადი და დისფორიულია. ხშირად ეცვლება განწყობა, უჭირს საკუთარ ქმედებათა კონტროლი. ახასიათებს საკუთარი იდენტობის დარღვევა, სიცარიელის, მიტოვებულობის მუდმივი განცდა. მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ, სუიციდისკენ.

ისტერიული პიროვნული აშლილობისთვის დამახასიათებელია ყველაფრის დრამატიზებისა და გაზვიადებისკენ მიდრეკილება, შთაგონებადობა, ზედაპირული ლაბილური (არამყარი) აფექტი. ასეთი ადამიანი გამუდმებით ცდილობს, ყურადღება მიიქციოს, ეძებს ამაღელვებელ სიტუაციებს, ცდილობს, მოხიბლოს გარშემო მყოფები, კეკლუცობს, ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავის გარეგნობას და ზედაპირული სქესობრივი განცდები აქვს. ახასიათებს ინფანტილურობა – ბავშვური ქცევა, სიჯიუტე, ჭირვეულობა და განწყობის ხშირი ცვლა.

ნარცისიზმი საკუთარი თავით ტკბობაა. ასეთი ადამიანები საკუთარ თავზე არიან შეყვარებულები, გაზვიადებულად აღიქვამენ საკუთარ შესაძლებლობებს, მოცული არიან ფანტაზიებით საკუთარი ძალის, წარმატებისა და სილამაზის შესახებ. მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებულები არიან და სხვებისგანაც მოითხოვენ ამის აღიარებას. არიან ქედმაღლები და პრეტენზიულები, არ გამოხატავენ ემპათიას (თანაგრძნობას), შურით არიან განწყობილი სხვების მიმართ და ჰგონიათ, რომ მათიც შურთ.

აცილებადი ტიპი შფოთვიანობით გამოირჩევა. ამ ტიპის აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ მუდმივი დაძაბულობის შეგრძნება, დაბალი თვითშფასება და ახასიათებთ საკუთარი არასრულფასოვნების განცდა. ეშინიათ შერცხვენის, დაცინვისა და გაკიცხვის, ამიტომ ერიდებიან რისკსა და სოციალურ აქტიურობას, რათა კრიტიკის ობიექტებად არ იქცნენ.

დამოკიდებულების პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი ზედმეტად დამყოლია. გრძნობს, რომ არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიხედოს საკუთარ თავს, ამიტომ ყველანაირად სხვებზეა დამოკიდებული. ნებას რთავს სხვებს, აიღონ პასუხისმგებლობა მასზე, თავად კი პასუხისმგებლობას იცილებენ. ეშინიათ, მარტო არ დარჩნენ და თავად არ მოუწიოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. დამოუკიდებლობის შეგრძნება არ გააჩნიათ, გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება სჭირდებათ.

ობსესიურ-კომპულსიური ტიპის აშლილობის მქონე ადამიანები ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ დეტალებსა და წესებს. ახასიათებთ პერფექციონიზმი (ყველაფრის იდეალურად კეთებისკენ მიდრეკილება). მათთვის პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი არ არსებობს – ყველაფერი ზედმიწევნით კარგად, სრულყოფილად უნდა იყოს გაკეთებული, რაც ხშირად პრობლემად ექცევათ, რადგან ყველაფრის იდეალურად კეთება შეუძლებელია. ასეთი დამოკიდებულება ხელს უშლის მათ მთავარზე კონცენტრირებაში და, შესაბამისად, წინსვლაშიც. სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ. არიან ზედმეტად კეთილსინდისიერები, მაგრამ, ამასთან, ხისტები და ჯიუტებიც. სურთ, სხვებიც ემორჩილებოდნენ მათ წესებს. ახასიათებთ პედანტურობა – დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საზოგადოებაში მიღებული ნორმების დაცვას. სჩვევიათ სიფრთხილე და ორჭოფობა, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.

 

რა იწვევს         

– პიროვნული აშლილობის ჩამოყალიბების ალბათობა უმთავრესად (60%-ით) გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ იმას, თუ რომელი ტიპი ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ემოციური ფაქტორები, აღზრდა და გარემო. მაგალითად, კონფლიქტი ოჯახში, უარყოფა, აგრესია, ძალადობა, განქორწინება, სიმკაცრე და ეკონომიკური სიდუხჭირე ზრდის აშლილობის განვითარების რისკს. სამშობიარო ტრავმამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს აშლილობის ზოგიერთ ტიპს (იმპულსურს, ანტისოციალურს). დადგენილია, რომ ანტისოციალური ტიპის აშლილობის გამომწვევია თავის ტვინის ორგანული დაზიანება. პარანოიდული ტიპის ეტიოლოგია უცნობია. ის უმთავრესად გვხვდება იმ ადამიანებთან, რომელთა პირველი რიგის ნათესავები (დედა, მამა, და-ძმა) შიზოფრენიით არიან დაავადებულნი. შიზოიდური და ემოციურად არასტაბილური ტიპის აშლილობები გენეტიკურად მჭიდროდ არ უკავშირდება შიზოფრენიას.

 

რამდენად ხშირია

– პიროვნული აშლილობის გავრცელება მსოფლიოში 6-15%-ია. ქალაქებში მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სოფლად. ქალებსა და მამაკაცებთან გავრცელების სიხშირე არ განსხვავდება. ასაკის მატებასთან ერთად აშლილობის ინტენსივობა იკლებს, საზოგადოდ, ახალგაზრდობაში ის უფრო მეტად არის გამოხატული, მაგრამ გადამწყვეტი მაინც აშლილობის ტიპია. მაგალითად, მამაკაცებს შორის უმეტესად ანტისოციალური და ნარცისისტული ტიპებია გავრცელებული, ხოლო ქალებს შორის – მოსაზღვრე და ისტერიული. ტერმინი “ისტერია” წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან “ჰისტერა” (Hystera), რაც საშვილოსნოს ნიშნავს, ამიტომაც მიიჩნევა, რომ ეს აშლილობა უმეტესად ქალებისთვის არის დამახასიათებელი. მსოფლიოს რვა დიდი ქვეყნის (აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი...) ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ყველაზე მეტად აშლილობის ისტერიული ტიპია გავრცელებული. მას მოსდევს ანტისოციალური, ობსესიურ-კომპულსიური, აცილებადი (შფოთვითი), პარანოიდული ტიპები, ხოლო უკანასკნელ ადგილს შიზოიდური იკავებს – შიზოიდური კონსტიტუციის ადამიანები უფრო ხშირად შიზოფრენიით არიან დაავადებულები.

 

როგორ ამოვიცნოთ

– რუსი ფსიქიატრი განუშკინი გამოყოფს პიროვნული აშლილობის სამ მთავარ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს:

* ხასიათის თავისებურებები ართულებს გარემოში პიროვნების ადაპტაციას;

* პათოლოგიურ გამოვლინებებს ახასიათებს ტოტალურობა, გლობალური ხასიათი პიროვნებასთან მიმართებით;

* ეს მდგომარეობები სტაბილური და შეუქცევადია.

მიუხედავად შეუქცევადობისა და სტაბილურობისა, ხასიათის თავისებურებები ასაკთან ერთად მაინც განიცდის ერთგვარ ცვლილებას. აშლილობის ტიპზეა დამოკიდებული, გაძლიერდება ის თუ შესუსტდება. მაგალითად, ისტერიული ტიპისთვის დამახასიათებელი თავისებურებები ასაკთან ერთად შესაძლოა შესუსტდეს, რადგან ისინი ბავშვურია, ინფანტილური, ხოლო, მაგალითად, შფოთვა და ეჭვიანობა გაძლიერდეს.

 

როდის ვლინდება

– ადამიანის ხასიათი ადრეულ ასაკშივე ვლინდება და 18 წლისთვის ყალიბდება. როგორიც იქნება ამ დროისთვის, ისეთივე დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. პიროვნული აშლილობა კი ზრდასრულთა დიაგნოზია და 18 წლამდე არ ისმება. შესაძლებელია პიროვნული აშლილობის ტიპის რამდენადმე შერბილება ფსიქოთერაპიული ზემოქმედებით, ზოგი ადამიანისთვის – ეკლესიური ცხოვრებითა და მოძღვართან ურთიერთობით.

 

შესაძლებელია თუ არა თავიდან აცილება

– როგორც აღვნიშნე, პიროვნულ აშლილობას უმთავრესად გენეტიკური განწყობა განაპირობებს, თუმცა მის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს აღზრდაც. მშობლების დამოკიდებულებას და, საზოგადოდ, გარემოს შეუძლია, შეარბილოს ან, პირიქით, გააძლიეროს, გაამძაფროს ბავშვის პათოლოგიური ხასიათი. მაგალითად, გათამამება, ზედმეტი ფუფუნება, ყველა სურვილის ასრულება ამკვეთრებს ხასიათის ისეთ შტრიხებს, როგორიცაა ისტერიულობა (როდესაც მშობლები ხშირად ეუბნებიან ბავშვს, რომ ძალიან ლამაზია, საუკეთესოა, უწოდებენ პრინცესას). ყველა ბავშვის აღზრდისას ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ბავშვს, რომელიც შფოთვიანია, მორცხვი, თავს დაჩაგრულად გრძნობს, საკუთარი თავისა არ სჯერა – სხვანაირი მოპყრობა სჭირდება: უნდა გავუღვივოთ თავდაჯერება, დავარწმუნოთ, რომ კარგია, ნიჭიერია, თუ მოინდომებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს და ა.შ., ხოლო თუ ბავშვი მეტისმეტად თამამია, ჯიუტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ქებითა და განებივრებით ამ წარმოდგენას უფრო მეტად გავუღვივებთ. ბავშვს ჩამოუყალიბდება ისტერიული ხასიათი, გახდება პრეტენზიული და მომთხოვნი. ასე რომ, ბავშვის აღზრდისას მშობლებს დიდი დაკვირვება და სიფრთხილე მართებთ.

 

მკურნალობა

– პიროვნული აშლილობის დროს უმთავრესად მკურნალობენ კომორბიდულ, თანმხლებ მდგომარეობებს – ნევროზულსა და დეპრესიულს, რომლებიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენებასა და სტრესულ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ფარმაკოთერაპიას, გამოიყენება ანტიფსიქოზური და ანტიდეპრესიული საშუალებები, განსაკუთრებით – მოსაზღვრე ტიპის სამკურნალოდ. ინიშნება გუნება-განწყობის სტაბილიზატორებიც. მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით. მკურნალობის აუცილებელი რგოლია ასეთი ადამიანების მხარდაჭერა, სტიგმატიზაციის შემცირება, პიროვნების დადებითი მხარეების ხაზგასმა და უარყოფითის ჩვენება. მაგალითად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანები კეთილსინდისიერები, მოწესრიგებულები და პასუხისმგებლობიანები არიან. ეს ძალიან კარგია. ცუდი ის არის, რომ იდეალურობისკენ სწრაფვის გამო ასეთ ადამიანებს უჭირთ ცხოვრებაში წინსვლა. მათ უნდა დავანახოთ, სად არის პრობლემა და მის გადაჭრაში დავეხმაროთ.

ამრიგად, სწორი აღზრდით, სამედიცინო დახმარებით და მორალური მხარდაჭერით ასეთი ადამიანები შეძლებენ ინტეგრაციას და თავის დამკვიდრებას ოჯახსა თუ საზოგადოებაში.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: