როდესაც პატარას მხოლოდ დედა უნდა

გააზიარე:

დედა-შვილის მიჯაჭვულობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოციური კავშირია. ის ყველა პატარას დაბადებისთანავე უყალიბდება, რადგან დედა მისთვის კვების, სიმშვიდის, დაცულობის წყაროა. არა მხოლოდ ბუნებრივ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ხელოვნურ კვებაზე კვებაზე მყოფი ბავშვისთვისაც დედას კონკურენტი არ ჰყავს.

რა თქმა უნდა, ეს საოცარი გრძნობაა, მაგრამ ზოგჯერ მიჯაჭვულობა არაჯანსაღ ფორმას იღებს. პატარა წამითაც ვერ იტანს დედასთან განშორებას, არ ჩერდება არც მამასთან და არც ოჯახის რომელიმე სხვა წევრთან. მსგავს სიტუაციაში აღმოჩენა დედისთვის სტრესია, რადგან ის ფაქტობრივად საერთოდ ვეღარ იცლის საკუთარი თავისთვის.

რატომ უნდათ პატარებს მხოლოდ დედა და შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან არიდება? როგორ მოვიქცეთ, რომ უკვე ჩამოყალიბებული არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ნელ-ნელა გავაქროთ?

ვეძებთ მიზეზებს

დაბადებიდან მცირე ხნის განმავლობაში პატარები ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებენ, რომ დედისგან განცალკევებული არსებები არიან, ამიტომ სულ დედასთან სიახლოვე და მისი სითბოს შეგრძნება სურთ.

ძუძუთი კვება მიჯაჭვულობის ხელშემწყობი პირველი ფაქტორია. სიცოცხლის პირველ თვეებში კვება და ძილი ჩვილის ყოველდღიურობის ორი მთავარი მოვლენაა და ამ მოვლენებს ის სწორედ დედას უკავშირებს.

თუ მამა ბავშვთან ცოტა დროს ატარებს, არ არის ჩართული მისი მოვლის რუტინაში, არ ესაუბრება, არ ეფერება, არ უმღერის, არ ასეირნებს, ბავშვს მამის მიმართ არ უვითარდება ის მიჯაჭვულობა, რომელიც სწორედ მისი ამ ქმედებების შედეგად უნდა ჩამოუყალიბდეს. როდესაც მამა ბავშვის ყოველდღიურობაში არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს, მისთვის დედა რჩება სიყვარულისა და მზრუნველობის ერთადერთ წყაროდ.

ზოგჯერ მამა ყველანაირად ჩართულია შვილის ცხოვრებაში და საკმაო დროს ატარებს მასთან, მაგრამ პატარა მაინც დედას ამჯობინებს. ესეც სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. ასეთ დროს მამებს ხშირად გული სწყდებათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია, მამამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს. მთავარია სწორი ქცევა და მოთმინება.

შეარჩიეთ სწორი დრო

ბავშვთან კომუნიკაციისთვის შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც მას ყველაზე ნაკლებად აქვს დედის მოთხოვნილება, არ შია და არაფერი აწუხებს. თუ ხელოვნურ კვებაზეა, ეცადეთ, ხშირად კვებოთ ისეთ დროს, როდესაც დედა ოთახში არ იქნება. კვების დროს ესაუბრეთ, აგრძნობინეთ სითბო, რათა თქვენს ხმას მიეჩვიოს და კვებასთან გააიგივოს.

ჩაერთეთ მის ყოველდღიურ რუტინაში

ხშირად ასეირნეთ, აბანავეთ, დააძინეთ პატარა. ცოტა წამოზრდილს ეთამაშეთ, წაუკითხეთ.

თუ ბავშვს საყვარელი რბილი სათამაშო ან პლედი აქვს, ეცადეთ, ყოველთვის თან ჰქონდეს, როდესაც თქვენთან ერთად იქნება. ასე შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანს დედისგან მცირე ხნით მოწყვეტას.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას

დედისთვის ყველაზე ძნელი ასატანი შვილის ტირილია, მაგრამ თუ ყოველთვის, როდესაც პატარას მამა ან სხვა ადამიანი აიყვანს და ის ატირდება, დედა კი იმწამსვე მასთან გაჩნდება, ასე ის ვერასოდეს მიეჩვევა, რომ შესაძლოა, დედის გარდა სხვამაც დაამშვიდოს, სხვასთანაც იგრძნოს თავი კარგად.

დედამ ხშირად უნდა მისცეს ბავშვს საშუალება, მამასა და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გაატაროს დრო. თუნდაც ატირდეს – აცადეთ, მიეცით სხვა ადამიანს დრო და საშუალება, ბავშვი დაამშვიდოს. დროთა განმავლობაში ის მიეჩვევა, სხვებთანაც ჩამოუყალიბდება კავშირი და მიხვდებით, რომ ასე ცხოვრება თქვენც გაგიადვილდებათ და ბავშვსაც. უფრო ხშირად შეძლებთ მის დატოვებას და საკუთარი საქმის კეთებას, ისიც, რაკი მიჩვეული იქნება მამასა თუ ბებია-ბაბუასთან ყოფნას, ნაკლებს ინერვიულებს და ხალისით დარჩება მათთან.

ეს ნორმალურია

დედაზე ბავშვის ზედმეტი მიჯაჭვულობა არ არის იმის ბრალი, რომ მამა არასწორად იქცევა; უბრალოდ, ცხოვრების პირველ ეტაპზე დედას ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. ზრდასა და, რა თქმა, უნდა თქვენს ძალისხმევასთან ერთად ის ნელ-ნელა გააცნობიერებს, რომ მის ცხოვრებაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანია, რომლებსაც ძალიან უყვართ და მათთან ერთადაც სიამოვნებით გაატარებს დროს.

ჯერ ადრეა

თუ თქვენი და თქვენი ახლობლების ძალისხმევის მიუხედავად, არაფერი იცვლება, ბავშვი ძალიან განიცდის დედისგან მოშორებას და მხოლოდ მასთან პოვებს სიმშვიდეს, ალბათ მისთვის ჯერ ადრეა. ძალდატანებით შესაძლოა უარესი შედეგი მიიღოთ.

ერთი-ორი კვირა მოიცადეთ და ძალიან მშვიდად დაიწყეთ თავიდან. ჯერ ძალიან მცირე ხნით მამა დედასთან ერთად შევიდეს ოთახში და გაატაროს დრო ბავშვთან ერთად. ამის შემდეგ, როდესაც პატარა კარგ გუნებაზე იქნება, დედა სულ მცირე ხნით გავიდეს ოთახიდან და ბავშვი მამასთან დატოვოს. მამა ამ დროს უნდა ეცადოს, ბავშვმა ვერ შეამჩნიოს დედის არყოფნა, ხოლო თუ შეამჩნია, ყურადღება საყვარელ სათამაშოზე გადაატანინოს.

ამის შემდეგ უკვე შეიძლება ბავშვის სასეირნოდ გაშვება დედის გარეშე. ჰაერზე პატარები ისედაც მშვიდდებიან და უმეტესად კარგ გუნებაზე დგებიან, ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო, ისეირნეთ მასთან ერთად, გზაში ბევრი ესაუბრეთ, აცინეთ და ნელ-ნელა დაინახავთ, რომ მისი კეთილისმყოფელი ყველა ადამიანის მიმართ მასაც გაუჩნდება გრძნობები.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: